საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-373(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - შპს „ჯ...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ო“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...ომ“ 2016 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №8/9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ჯ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №8/9 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო საკითხის განხილვისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შპს „...ოს“ არ წარუდგენია მტკიცებულება მრიცხველის გაუმართავად მუშაობის თაობაზე. ამდენად, ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომ მას არ მოუხმარია მრიცხველზე დაფიქსირებული მოცულობის წყალი.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უნდა გაეზიარებინათ მოწმის ჩვენება, რომელმაც ობიექტი დაათვალიერა, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, ასევე, ჩატარდა ერთი წლის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, შესაძლებელია, შპს „...ომ“ ამ ერთი წლის განმავლობაში გამოასწორა მის კუთვნილ ფართში არსებული მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაატარა ექსპერტიზა, თანაც იმ დროს, როდესაც ამოწურული იყო მრიცხველის ექსპლუატაციის ვადები. სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი იმ დროისათვის და იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომაზე შპს „...ოს“ წარმომადგენელს რამდენჯერმე ჰკითხეს მრიცხველის გამართულად მუშაობის შესახებ და მან მიუთითა, რომ მრიცხველი გამართულად მუშაობდა. შესაბამისად, სემეკში საკითხის განხილვისას შპს „...ომ“ ვერ დაასაბუთა მისი მრიცხველის ანათვალის უსწოროების ფაქტი. ამრიგად, მითითებული გარემოებები არ ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის განცხადების (რომელიც შეეხება შპს „...ოსთვის“ 2015 წლის ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის - 2723,74 ლარის გაუქმებას) დაკმაყოფილებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. მითითებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიწოდება ხორციელდება შესაბამისი წესის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც წყალმომმარაგებლისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, მათვე აკისრიათ ვალდებულებები, ერთი მხრივ, წყალმომმარაგებელ კომპანიას - მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი დასახელებული წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს - გადაიხადონ მიღებული სასმელი წყლის საფასური.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...ო“ (მისამართი: თბილისი, ვაკე, ..., შენ. ...) შპს ,,ჯ...ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია №... აბონენტად. შპს „...ოს“ მიერ 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის (6193 ოდენობით) გადასახდელმა თანხამ შეადგინა 2723.44 ლარის. შპს „...ოს“ დირექტორმა - ერმილე ნიკოლაიშვილმა 2015 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა 2015 წლის ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის - 2723.74 ლარის გაუქმება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №8/9 გადაწყვეტილებით წარდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან შპს „ჯ...ის“ მიერ სადავო თვეში მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებაზე, რომ შპს „...ოს“ საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე, ქალაქ თბილისში, ვაკეში, ..., შენობა ...-ში, სადავო პერიოდში არ ფუნქციონირებდა. იმავეს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომელი - გ. მ-ე თავის ახსნა-განმარტებაში, რომლის თანახმადაც, იგი თავად იმყოფებოდა შპს „...ოს“ საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელიც არ ფუნქციონირებდა. მომხმარებელს წყალი მიეწოდებოდა, თუმცა დატბორვისა და წყლის ჟონვის კვალი არ შეინიშნებოდა. ფართში განთავსებული იყო მოქმედი ხელსაბანი და უნიტაზი, ხოლო სხვა სახის წყლის მიმღები დანადგარი არ დაუფიქსირებია.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სადავო აქტის მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო აქტი ასეთ დასაბუთებას არ შეიცავს. ამგვარი მოცემულობა კი, ქმნის გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას გამოსაკვლევია, რამ განაპირობა 2015 წლის ივლისის თვეში შპს „...ოს“ მრიცხველის მაჩვენებლის მკვეთრი ცვლილება მაშინ, როცა ფართი არ ფუნქციონირებდა. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ შპს „ჯ...ის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ანათვალის მიხედვით, 2015 წლის ივნისის თვეში წყლის ხარჯი შეადგენდა 3მ3, საფასური კი - 13.20 ლარს, ხოლო ივლისის თვეში წყლის ხარჯი იყო 1344მ3, საფასური კი 2723.74 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ 2007 წლის 28 ნოემბრიდან - 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს „...ოს“ მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდება, ასევე არ ფიქსირედება 2015 წლის 26 მარტიდან - 2015 წლის 26 ოქტომბრამდე კომპანიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება. დასადგენია, ასევე, ადგილი ჰქონდა თუ არა წყლის ჟონვის ფაქტს, ხოლო ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესწავლილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასმელი წყლის მიმღები დანადგარების (ხელსაბანი და უნიტაზი) გამტარუნარიანობა. მოხმარებული წყლის ოდენობასთან დაკავშირებით კი, შესასწავლი და შესაფასებელია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №005440316 ექსპერტის დასკვნა და სსიპ „...ოს“ ...ი განყოფილების 2016 წლის 18 აგვისტოს №238 წყლის მრიცხველის დამოწმების ოქმი. ამდენად, მოპასუხემ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოება თუ მტკიცებულება და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დაასაბუთოს შპს „...ოს“ მხრიდან, 2015 წლის ივლისში, სასმელი წყლის დიდი ოდენობით მოხმარების ფაქტის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 2 ივლისს №75 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №20...2900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე