საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-819(კ-21) 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ზ. ნ-ას სარჩელზე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ზ. ნ-ას სარჩელზე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ნ-ამ 2018 წლის 8 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 20 000 ლარის, მატერიალური ზიანის სახით - სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში გაუცემელი თანამდებობრივი სარგოს - ყოველთვიური 1650 ლარის, სამუშაოზე აღდგენამდე ანაზღაურების დაკისრება, ასევე, ა(ა)იპ ...ოს ...ის, ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას ზ. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 1000 (ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 91 695 ლარის (ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი) ოდენობით (სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს სახით, 2013 წლის 11 ივნისიდან, 2018 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდის (4 წელი, 7 თვე და 17 დღე) დასაბეგრი ხელფასის (ანუ, დაბეგრვის თანხის გამოკლებით) ოდენობით); სარჩელი ა(ა)იპ ...ოს ...ის თანამდებობაზე ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე ზ. ნ-ას აღდგენის ნაწილში გამოეყო საქმეს და განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით ზ. ნ-ას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. დასახელებული განჩინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
კასატორი, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად პირს ზიანი უნდა მიადგეს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის უკანონო და ბრალეული ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მიხედვით, დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე. განსახილველ შემთხვევაში, ზ. ნ-ა 2013 წლის 30 მაისს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით და ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით კი, ზ. ნ-ა გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მისთვის არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.
კასატორი ასევე არ ეთანხმება მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების პერიოდს და ოდენობას, რამეთუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 16 სექტემბრის №554 ბრძანებით, ა(ა)იპ ...ოს ...ად დაინიშნა გ. ჩ-ე, შესაბამისად, ზ. ნ-ა გათავისუფლდა ...ის თანამდებობიდან. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე საქმიანობის შეჩერებიდან - 2013 წლის 11 ივნისიდან, სააგენტოს ლიკვიდაციამდე - 2018 წლის 1 თებერვლამდე, არასწორია, რადგან ზ. ნ-ას გათავისუფლება დამსაქმებელმა განახორციელა, არა 2013 წლის 11 ივნისს, არამედ 2014 წლის 16 სექტემბერს ახალი ...ის დანიშვნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩიარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: 1. სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; 2. პირისთვის ზიანის მიყენება; 3. მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის მაისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ზ. ნ-ას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით და ყადაღა დაედო მის უძრავ ქონებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით, ზ. ნ-ა იმავე წლის 11 ივნისის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით გადაყენებული იქნა ა(ა)იპ ...ოს ...ის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. შრომითი ურთიერთობების დროებითი შეჩერების პერიოდში, ზ. ნ-ა ჩამოშორებულ იქნა ა(ა)იპ ...ოს საქმიანობისაგან და სააგენტოს ...ის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ...ის ...ეს - ნ. ც-ეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 16 სექტემბრის №554 ბრძანებით, ა(ა)იპ ...ოს ...ის თანამდებობაზე დაინიშნა - გ. ჩ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №1-684/13 განაჩენით, ბრალდებული ზ. ნ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ზ. ნ-ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ ზ. ნ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №3, ბინა №19-ის 10 000 ლარის ღირებულების წილს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. ამდენად, დადასტურებულია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისად, პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ქმედების უკანონობა, რაც ქმნის მოსარჩელისთვის როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა, მისი დამნაშავედ ცნობა, ცალსახად იწვევს პირის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლებიდან გამომდინარე, ასევე, წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანგრძლივობას და წარდგენილი ბრალდების არსს, ნეგატიურ განცდებსა და სტრესს, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდა გონივრულ ფარგლებში.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო მსჯავრდებით გამოწვეული მატერიალური ზიანი, თუკი მხარე დაადასტურებს, რომ ვერ მიიღო სარგებელი სწორედ უკანონო ბრლადებიდან გამომდინარე ან ვერ განახორციელა კონკრეტული ქმედებები, რამაც მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სამუშაოს დაკარგვითა და სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით, რაც მისი ა(ა)იპ ...ოს ...ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით იქნა გამოწვეული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ფაქტობრივად არსებული ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. ამასთან, „მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“... მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინება საქმეზე №ას-945-895-2015; 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-307-291-2011).
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ. ნ-ა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროს მუშაობდა, ა(ა)იპ ...ოს ...ის თანამდებობაზე, მისი თვიური გასამრჯელო კი შეადგენდა 1650 ლარს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით, ზ. ნ-ა მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლით 2013 წლის 11 ივნისიდან გადაყენებული იქნა ა(ა)იპ ...ოს ...ის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ზ. ნ-ა ჩამოშორებულ იქნა ა(ა)იპ ...ოს ...ის საქმიანობისგან და შეუწყდა გასამრჯელოც. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 იანვრის №289 ბრძანებით, 2018 წლის პირველი თებერვლიდან დაიწყო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ...ოს ლიკვიდაციის პროცესი (წარმოება) და დაინიშნა ლიკვიდატორი. ამრიგად, დადასტურებულია მოსარჩელის მუშაობა ა(ა)იპ ...ოს ...ის პოზიციაზე და ამ თანამდებობიდან მისი გადაყენება 2013 წლის 11 ივნისიდან სისხლის სამართლებრივი დევნიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, უსაფუძვლოა კასატორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის ოდენობასა და პერიოდთან მიმართებით, რომ მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი 2013 წლის 11 ივნისიდან, ვინაიდან სწორედ ამ თარიღიდან სისხლისსამართლებრივი დევნა გახდა ზ. ნ-ას მიერ ა(ა)იპ ...ოს ...ად მუშაობის გაგრძელების შეუძლებლობისა და შესაბამისი ანაზღაურების მიუღებლობის მიზეზი.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი გასამრჯელოს ოდენობას, საკასაციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით ყურადღებას მიქცევს ა(ა)იპ ...ოს ლიკვიდაციის პროცესს (წარმოებას), რამდენადაც, ზ. ნ-ას დაკავებული პოზიციიდან გადაუყენებლობის შემთხვევაშიც, საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების პროცესი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიწვევდა, მის გათავისუფლებას და ლიკვიდატორის დანიშვნას. ამდენად, ა(ა)იპ ...ოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ზ. ნ-ას მიმართ ზიანი ვეღარ დადგებოდა, მის მიმართ არსებული უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო, მით უმეტეს, ამ დროისათვის უკვე დამდგარი იყო ზ. ნ-ას გამამართლებელი, 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი. აქედან გამომდინარე, ზ. ნ-ას ა(ა)იპ ...ოს ...ის საქმიანობისაგან ჩამოშორებისა და გასამრჯელოს მიღების შეწყვეტიდან - 2013 წლის 11 ივნისისიდან, ა(ა)იპ ...ოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან - ანუ 2018 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდი შეადგენს 4 წელს, 7 თვეს და 20 დღეს, იმ გაანგარიშებით, რომ ა(ა)იპ ...ოს ...ის ყოველთვიური ხელფასი წარმოადგენდა 1650 ლარს, მითითებული პერიოდის მიუღებელი ხელფასის ოდენობა კი შეადგენდა 91695 (ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსასოთხმოცდათხუთმეტი) ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ას სარჩელი მატერიალური ზიანის, კერძოდ, მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მითითებული პირიოდისა და ოდენობის გათვალისწინებით, საფუძვლიანი იყო და ქმნიდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე