Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1072(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ე

მესამე პირი - შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-ემ 2019 წლის 28 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №SP180400940/525741 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე ამავე ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, მ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის №SP180400940/525741 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის №SP180400940/525741 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე რესპოდენტის ინფორმირება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. დასახელებული კანონის 917.10 მუხლის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპოდენტს ჩაბარდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. კასატორი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-74-ე მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩათვლის მიზნით, უნდა არსებობდეს მისი შესაბამის მისამართზე მიტანისა და ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის წევრისათვის ჩაბარების პირობები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სადავო ბრძანების გაუქმების ძირითად სააფუძვლად მიიჩნია ადრესატის მეუღლის - თ. შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები და იგი არ მიიჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ სუბიექტად, რომელსაც შეიძლებოდა ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის თაობაზე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების უნარით ემოქმედა. საქმის მასალებით კი, არ დასტურდება სასამართლოს მიერ თ. შ-ის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობის ფაქტი, სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, შეტყობინების მიმღების ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, რაც არ არის დადგენილი და განმტკიცებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამრიგად, კასატორი აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ძალაში დატოვებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერების შეფასება, გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევის საფუძვლით, რასაც მოცემულ შემთხვევაში, არაუფლებამოსილი პირისთვის უწყების ჩაბარება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის ვალდებულებას შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. დასახელებული კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ივნისის წერილობითი შეტყობინებით რესპოდენტ მ. გ-ეს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძველი გახდა აპლიკანტის - შპს „...ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია მ. გ-ისთვის დავალიანების 4150.08, ასევე სააპლიკაციო საფასურის -100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მ. გ-ეს (მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №10), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა სათანადო რეაგირებისათვის. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 21 სექტემბერს ჩაიბარა მ. გ-ის მეუღლემ - თ. შ-მა. ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაერთხელ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მ. გ-ეს, თუმცა მათი ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 26 დეკემბერს გამოსცა ბრძანება №SP180400940/525741 დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც მ. გ-ეს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4250.08 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა), რომლითაც მ. გ-ის მეუღლის - თ. შ-ის მიმართ დადგენილია დიაგნოზი: დემენციური სინდრომი F1. ამავე დოკუმენტში განმარტებულია, რომ პაციენტი უჩივის არტერიული წნევის მერყეობას, მახსოვრობის მკვეთრად დაქვეითებას, უძილობას. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 3 აგვისტოს №229/ო ბრძანებით დამტკიცებული გაიდლაინის თანახმად, დადგენილია, რომ დემენცია წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმის, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული. კოგნიტური ფუნქციის მოშლა ხშირად თან სდევს ან, დროდადრო, წინ უსწრებს ემოციური კონტროლის, სოციალური ქცევისა და მოტივაციის დაქვეითებას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, შეტყობინება გაგზავნილია ადრესატის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებებით დადასტურდა, რომ გზავნილი ჩაბარდა პირს, რომელსაც შესაძლებელია მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეცნობებინა მ. გ-ისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება სასამართლოს გზავნილის მიმღები პირის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველის არსებობა, რის გამოც გზავნილი მ. გ-ეს ჩაბარებულად ვერ ჩაეთვლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების ფორმა არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეული ვერ იქნება გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად, რაც არ შეიძლება გახდეს მ. გ-ის კანონიერი ინტერესის ან/და უფლების არამართლზომიერი შეზღუდვის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. გ-ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევას და ამ დარღვევის გათვალისწინებით, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ205263873) დაუბრუნდეს 2019 წლის 17 დეკემბერს №21052 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე