Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1255(2კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ს-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ს-ემ 2018 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2017 წლის 15 სექტემბრის №02619 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივლისის №292 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 15 სექტემბრის №02619 დადგენილება და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივლისის №292 ბრძანება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე, 74-ე მუხლებსა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის დანაწესებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის კვალიფიკაციისთვის სახეზე უნდა იყოს მშენებლობა, რომელიც განხორციელებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში არსებული დაკვალვის აქტით დასტურდება, რომ უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, არ მოიპოვება სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რაც შეეხება სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, კასატორის მოსაზრებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევის არსებობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება იყოს დამრღვევი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მისაჩნევად, შეფასებული უნდა იქნეს მხარის ინტერესი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მიმართ, რაც სასამართლოს მიერ ყურადღების მიღმა იქნა დარჩენილი, გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ იმსჯელა ზ. ს-ის 2017 წლის 8 ივნისის №... განცხადებაზე, რომლითაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელზეც განთავსებულია სამართალდარღვევის ობიექტი. საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 14 ივნისს შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2017 წლის 24 ივლისს კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევა, თუმცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ორგანოს არ დაავალა საკითხის შესწავლა, რაც არასწორია. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღინიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ყოფილა გაანალიზებული, რომ სახელმწიფო ტერიტორიაზე განხორციელებული მშენებლობისთვის მხოლოდ მწარმოებელი პირი უნდა დაჯარიმდეს და არა მოსარგებლე იმ ვითარებაშიც კი, როდესაც სამართალდამრღვევი ადასტურებდა შენობით სარგებლობის ფაქტს. სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ისე მატერიალური ნორმების დარღვევით მაშინ, როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობად განხილვისა და მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი) მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე) გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.

დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კონკრეტული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის კი, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები: სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ქმედების ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაუფრთხილებლობით) და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამრიგად, ზ. ს-ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და ამავდროულად სახეზე უნდა იყოს დამრღვევის ბრალეულობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ივნისს ზ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ი №34-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე ზ. ს-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ივნისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზ. ს-ის მიმართ შედგა №002619 მითითება, რომლის თანახმად, ზ. ს-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ი №34-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, რაც გამოიხატა კაპიტალური შენობის აშენებაში. ამავე აქტით ზ. ს-იეს განესაზღვრა 15 დღე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ზ. ს-ემ დაადასტურა რომ შენობა-ნაგებობა არ იყო მის საკუთრებაში და არც მისი აშენებული, არამედ წარმოადგენდა შენობის მოსარგებლეს და ჰქონდა მისი დაკანონების ინტერესი. აქედან გამომდინარე, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. მიუხედავად ამისა, მითითების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით ზ. ს-ე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობის მშენებლობისთვის დაჯარიმდა 10000 ლარით. ამავე დადგენილებით, მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის დემონტაჟი. გარდა ამისა, არ დაკმაყოფილდა მითითებულ დადგენილებაზე ზ. ს-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.

საკასაციო სასამართლო დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება, ქალაქ თბილისში, ...ის №34-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის ზ. ს-ის მიერ აშენების ფაქტი. მხოლოდ საჯარო რეესტრისადმი მიმართვა, იმ პირობებში, როცა რეესტრმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე, ვერ ჩაითვლება აღნიშნულ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი 2005 წლის ორთოფოტოც ადასტურებს, რომ შენობა-ნაგებობა აშენებული იყო წლების წინ, ზ. ს-ეს კი მასზე არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ სახელმწიფო კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უშუალოდ მშენებლობის მწარმოებელ პირს, მშენებლობის დამკვეთს ან სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უფლების მქონე პირს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების მიხედვით, არ დასტურდება ქალაქ თბილისში, ...ის №34-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ შენობა-ნაგებობის ზ. ს-ის მიერ აშენების ან მასზე რაიმე უფლების არსებობის ფაქტი. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 15 სექტემბრის №002619 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობა ზ. ს-ეს საამისო სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით დაეკისრა, რის გამოც აღნიშნული დადგენილება ექვემდებარება ბათილად ცნობას. ამასთანავე, სადავო დადგენილების ბათილად ცნობის პირებებში, სახეზეა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივლისის №292 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე