ბს-752(კს-21) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2021წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...იმ“ 03.06.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 14.05.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „ბ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2021წ. განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. პალატამ მიუთითა სსკ-ის 369.1, სასკ-ის მე-12, მე-13, სსკ-ის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეებს განემარტათ გასაჩივრების წესი და ვადა, შპს „...ის“ კანცელარიას 14.05.2021წ. ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 03.06.2021წ.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმის გარემოებები. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „...ის“ კანცელარიას ჩაბარდა 14.05.2021წ., შესაბამისად გასაჩივრების ბოლო დღე იყო 28.05.2021წ., სააპელაციო საჩივარი შპს-ს მიერ დადგენილი წესით მომზადდა და სასამართლოს ჩაბარდა კანონით განსაზღვრულ ვადაში - 25.05.2021წ.. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარი განათავსეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ სარჩელების/საჩივრების ყუთში. სპეციალურ ყუთში დოკუმენტაციის მოთავსების დროს არ გაიცემა დოკუმენტის ჩაბარების დასტური, მხარეებს აქვთ კანონიერი ნდობა იმისა, რომ სპეციალურ ყუთში მოთავსებული სარჩელების/საჩივრების რეგისტრაცია განხორციელდება განსაზღვრული პროცედურების მიხედვით. შესაბამისად, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელია სააპელაციო საჩივრის 25.05.2021წ. ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ყუთიდან საჩივრის მოგვიანებით ამოღების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სასამართლოს გადატვირთულობა, საქმეთა სიმრავლე და სხვ.. კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სამსახურის მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის 11.08.2021წ. წერილი, რომლის თანახმად შპს „...ის“ უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს შესასვლელთან დამონტაჟებული ვიდეო კამერების 25.05.2021წ. ჩანაწერების გადაცემაზე იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს შენობაში და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო კამერებით ჩაწერა ხორციელდება წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კამერების ჩანაწერი არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულ მასალას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით. სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2021წ. გადაწყვეტილება 14.05.2021წ. ჩაბარდა შპს „...ის“ კანცელარიას (ს.ფ. 346), აღნიშნულ გარემოებას წარმოდგენილ კერძო საჩივარში ადასტურებს აგრეთვე შპს „...ი“.
სსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა 15.05.2021წ. დაიწყო და 28.05.2021წ. დასრულდა. საქმის მასალებით, მათ შორის კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი შპს „...ის“ მიერ წარდგენილი იქნა უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, საჩივარი ფოსტის მეშვეობით არ გაგზავნილა. სააპელაციო საჩივარზე არსებული შტამპის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 03.06.2021წ. იქნა შეტანილი (ს.ფ. 348).
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი შედგა და სასამართლოს წარედგინა გასაჩივრების ვადაში 25.05.2021წ., თუმცა სააპელაციო საჩივარი მოთავსდა საჩივრების ყუთში და ყუთიდან დაგვიანებით ამოღების გამო საჩივარზე არსებულ შტამპზე მიეთითა არასწორი თარიღი - 03.06.2021წ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. N466 ბრძანებულებით) თანახმად, სასამართლოში შემოსული ყველა კორესპონდენციის მიღებას, პირველად დამუშავებას, საქმეებისა და სხვა დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გაგზავნას აწარმოებს კანცელარიის გამგე ან სპეციალისტი (33-ე მუხ.), რომელიც კორესპონდენციის პირველ გვერდზე, მარჯვენა კუთხეში სვამს შტამპს სარეგისტრაციო ნომრითა და შემოსვლის თარიღით (34.1 მუხ.), შემოსული დოკუმენტის რეგისტრაცია ხდება შემოსვლის დღესვე („საქმისწარმოების ერთიანი წესების” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 01.07.1999წ. N414 ბრძანებულების 38.2 მუხლის „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, კორესპონდენციაზე, მათ შორის წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ შტამპზე მიეთითება დოკუმენტის სასამართლოში შემოსვლის და არა რაიმე სხვა თარიღი. იმის მიუხედავად კორესპონდენცია უშუალოდ გადაეცა კანცელარიის სპეციალისტს, თუ მისი წარდგენა მოხდა კორესპონდენციებისთვის განკუთვნილი სპეციალური ყუთის მეშვეობით, დოკუმენტზე არსებულ შტამპზე მიეთითება დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის თარიღი. განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარზე ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ შტამპზე შემოსვლის თარიღად მითითებულია 03.06.2021წ., რაც ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრის სწორედ ამ თარიღში შესვლას. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. ის, რომ სააპელაციო საჩივრის შევსების თარიღად მითითებულია 25.05.2021წ., არ ადასტურებს სასამართლოში საჩივრის ამ თარიღში წარდგენას, რადგან ერთი მხრივ აღნიშნული თარიღი მიეთითება სააპელაციო საჩივრის შემდგენი პირის - მხარის მიერ და ობიექტურად დადასტურებად რაიმე ფაქტს არ ეფუძნება, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული თარიღი უთითებს სააპელაციო საჩივრის შევსების და არა სასამართლოში წარდგენის დროს.
რაც შეეხება შპს „...ისთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან ვიდეო-ჩანაწერების მიწოდებასთან დაკავშირებით უარს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩანაწერების წარმოდგენის შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი იმის დასაბუთება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს კონკრეტულ თარიღში ჩაბარდა, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „...ი“ იყო მხოლოდ განსახილველი დავის მხარე, საქმში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გამოირიცხება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხვა დავებში შპს-ს მონაწილეობა, მის მიერ არა სააპელაციო საჩივრის, არამედ სხვა კორესპონდენციის წარდგენის შესაძლებლობა. ამასთანავე, გაურკვეველია სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმდგენი კონკრეტული პირი, რის გამო არ იკვეთება ვიდეო ჩანაწერზე მისი ამოცნობის შესაძლებლობა,- სააპელაციო საჩვრის სპეციალურ ყუთში მოთავსება შეეძლო შპს „...ის“ ნებისმიერ თანამშრომელს ან შპს-ს მიერ უფლებამოსილ სხვა პირს, სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირი არ იყო ვალდებული პირადად შეეტანა საჩივარი საქალაქო სასამართლოში.
შპს „...ის“ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ყუთიდან საჩივრის ამოღება და მასზე შტამპის განთავსება განხორციელდა მოგვიანებით, ნაკლებსარწმუნოა ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ სააპელაციო საჩივარზე არსებულ შტამპზე მითითებულ თარიღს (03.06.2021წ.) და შპს „...ის“ მიერ სააპელაციო საჩივრის შევსების მითითებულ თარიღს შორის (25.05.2021წ.) ცხრადღიანი სხვაობაა, რომელიც მოიცავს 6 სამუშაო დღეს. ამასთანავე, შპს არ უთითებს, რომ მაგ.: ყუთი გაიხსნა და მხოლოდ მის საჩივარზე არ მოხდა შტამპის დროული დასმა, რის გამო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში მივიღებთ, რომ საქალაქო სასამართლოში არსებული სარჩელებისა და სხვა კორესპონდენციებისათვის, მათ შორის სააპელაციო საჩივრებისათვის განკუთვნილი სპეციალური ყუთი სულ მცირე 6 სამუშაო დღის განმავლობაში არ გახსნილა, შესაბამისად, ამ პერიოდის მანძილზე შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელების, განცხადებების, საჩივრების შედინება. მსგავსი მტკიცებულება სააპელაციო ან საკასაციო პალატისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შემავალ კორესპონდენციათა სიმრავლის და სპეციალური ყუთების მოცულობის გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ 6 სამუშაო დღის განმავლობაში შემავალი კორესპონდენციების რაოდენობა მოთავსებულიყო სპეციალურ ყუთში და ამ ხნის განმავლობაში არ დამდგარიყო მისი გახსნის საჭიროება.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შპს „...ის“ კანცელარიას 14.05.2021წ. ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 03.06.2021წ.,- სსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 63-ე, 73-ე, 369-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2021წ. განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი