ბს-674(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ. რ-ამ 10.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.04.2019წ. N1000662735 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სააგენტომ ნორმატიულად დადგენილი წესის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ. რ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 17.04.2019 წ. წერილით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მ. მ. რ-ასთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელად იქნა მიჩნეული. სააგენტოს სადავო აქტი დაეფუძნა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას. პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საქართველოში კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორრგანოს, შესაბამისად, მისი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას. ამასთანავე, სასამართლო გაეცნო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ, დასკვნის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას და მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ დაცული იქნა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები, გასაჩივრებული აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ. რ-ას მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა გასაჩივრებული აქტის გამოცემის ფორმალური წესების დაცულობა, თუმცა უგულებელყო ბინადრობის ნებართვის გაცემის სპეციფიკურობა. სადავო აქტი გამოიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საიდუმლო ინფორმაციას. ამასთანავე, მითითებულ საიდუმლო ინფორმაციას სააგენტო არ გაცნობია, ეს ინფორმაცია არც მხარისთვის არის ხელმისაწვდომი, რის გამო იგი მოკლებულია ინფორმაციაში მითითებული ფაქტების გაქარწყლების შესაძლებლობას. უსაფრთხოების სამსახურის ამგავრი უფლებამოსილება მას ფაქტობრივად ერთპიროვნულ ძალაუფლებას ანიჭებს ბინადრობის ნებართვის გაცემის სახკითხის გადაწყვეტისას. ამასთანავე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უარყოფითი დასკვნა გასცა სააგენტოს მიმართვიდან ერთი დღის ვადაში, რაც საეჭვოს ხდის მის დასაბუთებას. მ. მ. რ-ა არ არის ნასამართლევი, აქვს უცხო ქვეყნის - საუდის არაბეთის ბინადრობის მოწმობაც. მოსარჩელემ ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარადგინა კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 17.04.2019წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მ. მ. რ-ასთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 12.01.2022წ. Nბს-674(კ-20) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ. მ. რ-ასთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არის დასაბუთებული, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, რადგან დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში კონკრეტული დოკუმენტაცის წარდგენა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ. რ-ას სახელზე საქართველოში მდებარ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტის მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Leander v. Sweden, 26.03.1987). ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება (სზაკ-ის 99-ე მუხ.), საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, მ. მ. რ-ას არ მოუთხოვია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იცნობს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს მ. მ. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ. მ. რ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინება;
3.დ. ჭ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 10.12.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი