№ბს-3(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ხ-ა, ე. ქ-ი, ბ. ხ-ა, ა. ხ-ა, მ. ხ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ხ-ამ 2020 წლის 7 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1069/ო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ი. ხ-ასა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2021 წლის 27 მაისს სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე, კერძოდ, ი. ხ-ასთან ერთად მოსარჩელეებად განისაზღვრა ე. ქ-ი, ბ. ხ-ა, ა. ხ-ა და მ. ხ-ა.
სარჩელის თანახმად, ი. ხ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ჰყავს დევნილის სტატუსის არ მქონე მეუღლე - ე. ქ-ი და სამი არასრულწლოვანი შვილი: ბ., ა. და მ. ხ-ები. 1993 წლიდან 2012 წლამდე ცხოვრობდა ქირით სხვადასხვა მისამართზე. 2013 წელს ოჯახის შექმნისთანავე დროებით საცხოვრებლად გადავიდა დის, ე. ხ-ას და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინაში. 2018 წელს დის ოჯახს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც გადაწყვიტეს აღნიშნული ბინის გასხვისება და მიღებული თანხით საოჯახო პრობლემების გადაჭრა. მოსარჩელეს 2020 წლის 31 აგვისტოს ჩაჰბარდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს ბრძანება, რომლითაც ი. ხ-ასა და მისი ოჯახის წევრებს, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის მითითებით აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ას, ე. ქ-ის, ბ. ხ-ას, ა. ხ-ასა და მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-ამ, ე. ქ-მა, ბ. ხ-ამ, ა. ხ-ამ და მ. ხ-ამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ას, ე. ქ-ის, ბ. ხ-ას, ა. ხ-ას და მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ხ-ას, ე. ქ-ის, ბ. ხ-ას, ა. ხ-ას და მ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1069/ო ბრძანება მოსარჩელის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი. ხ-ას ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზე იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისა და ი. ხ-ას ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებელი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას დის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების გამო. პალატამ განმარტა, რომ არსებული მდგომარეობით მოსარჩელეების ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ...ის I მ/რ, კორპუსი №13, ბინა №19 (აპელანტების განმარტებით, ამავე მისამართზე ცხოვრობენ ქირით), რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო აქტის გამოცემისას საკუთრებაში გააჩნდა ი. ხ-ას დას - ე. ხ-ას. ი. ხ-ას და მის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 1.5 ქულა (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე). ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ-ას ოჯახს არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, იგი სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის I მ/რ, კორპუსი №13, ბინა №19-ში სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავდა დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე ყოფილიყო დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო სადავო საკითხის გადაწყვეტისას გასცდა პრიორიტეტის მინიჭებისთვის დადგენილ ფარგლებს და კრიტერიუმების გათვალისწინებით დაჯამებულ ქულათა გათვალისწინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომლის თანახმად განმცხადებლის მიერ უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა ფორმალურად (მოსარჩელე ე. ქ-მა 2015 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ფართი გურჯაანის რაიონის სოფელ ...ეში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წელს გაასხვისა ვ. უ-აზე), ვერ იქნებოდა სასამართლოს მიერ გაზიარებული, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი.
პალატამ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“ და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი.
პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილება ძირითადად იმ გარემოებას დააფუძნა, რომ მოსარჩელე სხვის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ქულათა საკმარისი ოდენობა ჰქონდა და არ გააჩნდა რეგისტრირებული საკუთრება, არ უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის საკუთრებად ფიქსირდებოდა უძრავი ქონება, ასევე მოსარჩელის ოჯახს მიმდინარე ეტაპზე ახლო ნათესავების საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობაც გააჩნდა, რაც გამორიცხავდა განსახლების გადაუდებელ საჭიროებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის განაცხადი 2015 წელს აქვს შევსებული, სადაც ფაქტობრივ მისამართად მიუთითა შემდეგი: თბილისი, ...ის ქ. №9. 2015 წლის მდგომარეობით მოსარჩელეს მიენიჭა 1 ქულა ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში. მოსარჩელის დედას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, დას - ე. ხ-ას უძრავი ქონება უფიქსირდება თბილისში, ...ის ქუჩა №1-ში (ბინა 45). 2018 წლის მდგომარეობით მოსარჩელეს გაუნულდა მინიჭებული 1 ქულა, გაკეთდა კომენტარი იმის თაობაზე, რომ მეუღლეს გურჯაანის რაიონის სოფელ ...ეში მიწა ჰქონდა შენობა-ნაგებობით. 2015 წლიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით მოსარჩელეს 0 ქულა მიენიჭა, მის ფაქტობრივ მისამართს კი კვლავ დედის კუთვნილი უძრავი ქონება წარმოადგენდა. 2020 წლის იანვრის მდგომარეობით მოსარჩელეს 3.5 ქულა მიენიჭა, აქედან ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში 1.50 ქულა, ხოლო 3 არასრულწლოვანი შვილის კრიტერიუმში 2 ქულა. დამატებით გაკეთდა მითითება იმის თაობაზე, რომ მეუღლეს საკუთრებაში ჰქონდა ...ეში მდებარე ბინა, რომელიც გაასხვისა უ-აზე. მოსარჩელის დედას კი ...ის №9-ში გააჩნდა ბინა საკუთრებაში. 2020 წლის თებერვალში იცვლება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც დის კუთვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს მდებარე მისამართზე: ...ის 1-ლი მ/რ, ბინა №19. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან დის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად არ შეესაბამება სიმართლეს. დამ ბინის გასხვისება გადაწყვიტა 2020 წლის სექტემბერს მას მერე, რაც კომისიამ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ცნობა ი. ხ-ას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მისამართად მოსარჩელეს ქ. რუსთავი, ...ას ქ. №6, ბინა №21 (მშობლების საცხოვრებელი) აქვს მითითებული. დევნილის მოწმობების მიხედვით, მოსარჩელისა და მისი შვილების საცხოვრებელ ადგილს მოსარჩელის დედის საკუთრება წარმოადგენს მდებარე შემდეგ მისამართზე ...ის ქ. №9. ...ეში მოსარჩელის მეუღლის საკუთრება 2019 წლის ივნისში გასხვისდა უ-აზე; მოსარჩელის დედის - მ. ხ-ას საკუთრება რეგისტრირებულია ...ის ქუჩა №9-ში; დის - ე. ხ-ას საკუთრება რეგისტრირებულია ვაკის რაიონში, ...ის ქ. №1-ში, ბინა №45 და იმავე მისამართზე მდებარე ავტოსადგომზე. მონიტორინგის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ...ში დის ბინაში 2018 წლიდან ცხოვრობს, ხოლო სარჩელში 2013 წლიდან აღნიშნულ ბინაში ცხოვრებაზე აპელირებს. დასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ რუსეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, დედა იმყოფება პეტერბურგში ქალიშვილთან, მისი საკუთრება კი დაკეტილი აქვს.
ი. ხ-ას მეუღლის მშობლები რუსთავში ცხოვრობენ. ე. ქ-ს ჰყავს დები, რომლებიც დაოჯახებულნი არიან და ცხოვრობენ მშობლებისაგან დამოუკიდებლად. მოსარჩელის მეუღლის მშობლების საკუთრებაშია რუსთავში მდებარე ბინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეებს ქუჩაში დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ.
2020 წელს განხორციელებული მონიტორინგის დროს ...ეში მდებარე გასხვისებულ ბინაში მონიტორინგის თანამშრომლებს მოსარჩელის სიმამრი დახვდა, რომელმაც განმარტა, რომ სახლი უ-აზე არის გასხვისებული, რომელსაც არც იცნობს და საერთოდ არ იცის ვინ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ე. ქ-ის მიერ ქონების გასხვისებას ფორმალური ხასიათი აქვს და გარიგება მოსაჩვენებლად არის დადებული, მამამისი აღნიშნულ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2019 წლის ივნისში, მონიტორინგი კი განხორციელდა რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.
კასატორი მიიჩნევს, რომ ე. ხ-ას მიერ ბინის გაყიდვის რეალური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს დედის ბინაში შეეძლო ცხოვრება. შესაბამისად, ი. ხ-ას ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას და მოსარჩელეებს სათანადო პირობებით ღირსეულად ცხოვრების საშუალება ჰქონდათ. სწორედ აღნიშნულის გამო, სააგენტომ პრიორიტეტულობის გათვალისწინებით იმ დევნილთა მოთხოვნები დააკმაყოფილა, ვინც გაცილებით სავალალო მდგომარეობაში იყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია 08.04.2021, №01-30/ნ). აღნიშნული წესის დანართი N1-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.
ზემოაღნიშნული 09.08.2013წ. №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
საქმეში წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები, რომლითაც დგინდება, რომ ი. ხ-ა, ა. ხ-ა, ბ. ხ-ა და მ. ხ-ა წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილებს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ე. ქ-ი და ი. ხ-ა დაქორწინდნენ 2012 წლის 21 იანვარს. ა. ხ-ა, ბ. ხ-ა და მ. ხ-ა არიან ი. ხ-ასა და ე. ქ-ის არასრულწლოვანი შვილები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი. ხ-ას განცხადების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3.50 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა და 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2 ქულა).
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2020 წლის 11 აგვისტოს მიღებულ იქნა №03-1069/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, (ოქმი №36) ი. ხ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) აღნიშნულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მოსარჩელის დის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისისა და 22 ივლისის ცნობებით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ი. ხ-ასა და ე. ქ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
2013 წლის 15 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ე. ხ-ას საკუთრებაში ირიცხებოდა ქალაქ თბილისში, ...ი, მ/რ I, კორპუსი №13 (ნაკვეთი ...), ბინა №19-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...). აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით აღრიცხული იყო ნონა გუნიას საკუთრებაში. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აგრძელებს აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას ქირის გადახდის სანაცვლოდ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მეუღლის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა გურჯაანის რაიონის სოფელ ...ეში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისებასთან დაკავშირებით.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე