საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-1170(კ-21) 24 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური).
2016 წლის 24 ნოემბერს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 მაისის #011-474 ბრძანებისა და 2016 წლის 4 ნოემბრის #30637 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „...ა-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორს – შპს „...ას“ ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა 10 დღით; კასატორს – შპს „...ას“ ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ა. ს-ეს და 2022 წლის 4 თებერვალს ჩაბარდა მას პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე ა. ს-ის ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს - ა. ს-ეს ჩაბარდა 2022 წლის 4 თებერვალს, თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დადგენილი და 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით გაგრძელებული ხარვეზი. კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა - ა. ს-ემ 2022 წლის 8 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა #ბ-199-22 განცხადება (რომელსაც თან დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 იანვრის #011-140 ბრძანების ასლი, რომლითაც გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 მაისის #011-174 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და შპს „...ს“ ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად) და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამასთან საგულისხმოა, რომ კასატორის წარმომადგენელის - ა. ს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ მხარემ მოცემული დავის მიმართ ინტერესი დაკარგა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა