Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1160 (კ-21) 01 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-ემ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. ტ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით მ. ტ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარზე მის მიერ მითითებულ მისამართზე. (ქ. თბილისი, ...ის ქ. №152, ბინა 13) რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის წამომადგენლის - გ. ს-ის საადვოკატო ბიუროს მისამართს. შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით 2022 წლის 03 თებერვალს ჩაბარდა უფლებამოსილ პირს - ლ. გ-ას. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 04 თებერვალს და 2021 წლის 10 თებერვალს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებაზე, დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე