Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-83 (კს-22) 14 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. გ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, N3ბ/960-16 ადმინისტრაციულ საქმეზე მესამე პირის ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით ბ. გ-ის კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მოთხოვნას. გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მითითებული პუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრისათვის შეადგენს 50 ლარს. ამდენად, მხარეს დაევალა ხარვეზის შევსება, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, 2022 წლის 10 თებერვალს ბ. გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ეს 7 (შვიდი) დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

2022 წლის 24 თებერვალს ბ. გ-ემ წარმოადგინა განცხადება და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის პირველი მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. გ-ის შუამდგომლობა - მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით.

2022 წლის 11 მარტს ბ. გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გადახდისუუნარობის საფუძვლით, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისი ხელზე ასაღები სახელფასო თანხა შეადგენს 252 ლარს. აღნიშნულის გარდა, მას სხვა შემოსავალი არ გააჩნია. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული აღარ არის, თუმცა სასამართლოში მიმდინარეობს დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ მის სახელზე რიცხული ქონება დაყადაღებულია, სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამასთანავე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო. ცხოვრობს ქირით (კერძო საჩივრის ავტორს გირაოს შეფარდების დამადასტურებლად წარმოდგენილი აქვს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის ოქმიდან 2017 წლის 15 მაისის ამონაწერი, ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების დამადასტურებლად - 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება. ასევე წარმოდგენილი აქვს სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ბ. გ-ე ნამდვილად მუშაობს სკოლაში დამლაგებლად და მისი ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასის თანხა შეადგენს 252 ლარს).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის (სარჩელის) წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1. მუხლის (სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების) დარღვევას და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ამასთანავე, კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მხარის მიერ მტკიცებულებათა წარდგენისა და სასამართლოს მიერ მათი სათანადოდ შეფასების შემთხვევაში. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თუმცა მხარის ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების წარმოდგენა, კერძო საჩივრის ავტორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების აუცილებლობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ადგენს შესაძლებლობას, გაგრძელდეს სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის) მიზნით, კერძო საჩივრის ავტორს არაერთგზის გაუგრძელდა საპროცესო ვადა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის, 2022 წლის 14 თებერვლის, 2022 წლის პირველი მარტის განჩინებები). ამასთანავე, 2022 წლის 11 მარტის განცხადებას, თანდართული დოკუმენტებით, საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს ხარვეზის შევსების ფაქტობრივ საფუძვლად.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოსთვის არაერთგზის წარმოდგენილი განცხადებებით საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნა, დადგენილ ვადაში სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობა და ხარვეზის შეუვსებლობა, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, რის გამოც, მიზანშეუწონელია, ხარვეზის შევსების მიზნით, მისთვის საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება. ამდენად, ვინაიდან წარმოდგენილ კერძო საჩივარზე არ არის აღმოფხვრილი საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ამასთანავე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია მხარისათვის საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება ხარვეზის შესავსებად, ბ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 64-ე, 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე