საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-608(კ-20) 28 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - უ. მ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
უ. მ-მა 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულების, 2017 წლის 26 ივნისის N612 ოქმის მე-80 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ...აში, ...ის ჩიხში თვითნებურად დაკავებულ 41 კვ.მ. მიწის ფართზე (მდებარე ...-ით გათვალისწინებულ ნაკვეთზე) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით, უ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. მ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარების კომისიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, განაშენიანების პროექტი, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა ქ.თბილისში, ...აში, ...ის ჩიხის (ნაკვეთი ...) მიმდებარედ არსებულ 41 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რადგან 2000 წლის ბოლოს აღნიშნული ფართი თვითნებურად დაიკავა და მასზე ააშენა შენობა, რომელსაც დღემდე იყენებს როგორც საცხოვრებლად, ასევე ოფისად. მიუხედავად ამისა, აღიარებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო განმცხადებლის მიერ აშენებული და იგი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ასევე, არ დასტურდებოდა უ. მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა ...-ით საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს. მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, კერძოდ, თბილისში, ...აში, ...ის ჩიხის მიმდებარედ არსებული 9110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული), 2016 წლის 05 ივლისს სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო ქ. 2017 წლის 08 მაისს განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 9110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული) და N2 (არასაცხოვრებელი-აშენებული). სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის არსებობამ განაპირობა მოსარჩელის მიერ აშენებული შენობის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა. შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს მიერ რომ არ იყო აშენებული, დადასტურებულია აღნიშნულ ადგილას ასაშენებელი სასწავლო კომპლექსის სამშენებლო პროექტით. პროექტის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შენობის აშენება გათვალისწინებული არ არის, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის გარდა აღნიშნულ ნაგებობას სხვა პირი ვერ ააშენებდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არასწორად განმარტა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი და არასწორი განმარტების გამო დაასკვნა, რომ არსებობდა აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია იყო გაუქმებული. აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, არ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, მას არ მიეცა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღიარების კომისიის გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში, ამასთან უნდა დასტურდებოდეს, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა და რით არის განმცხადებლის მოთხოვნა უარყოფილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის24 ივლისის განჩინებით უ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (კანონის ახალი რედაქციის მიხედვით - სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა). ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს თვითნებურად დაკავებული იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას, მათ შორის, „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს როგორც ზემოაღნიშნული კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 15 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი N...-ა მოწმობის საფუძველზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ჩიხი (ნაკვეთი ...) დაზუსტებული ფართობი - 443 კვ.მ, ს.კ...., საკუთრების უფლებით 2005 წლის 29 ივნისიდან აღრიცხულია უ. მ-ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 05 ივლისს სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...აში, ...ის ჩიხის მიმდებარედ არსებული 9110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული), საკადასტრო კოდით N..., ხოლო 2017 წლის 08 მაისს N... გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 და N2 (არასაცხოვრებელი-აშენებული).
2016 წლის 12 დეკემბერს უ. მ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ 41 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართსა და მასზე აშენებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარება (ს.ფ. 28-30). გ. წ-ის, გ. რ-ის, ლ. ბ-ის 2017 წლის 13 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, დადგენილია, რომ უ. მ-მა 2000 წელს ...აში, ...ის ჩიხში საკუთრებაში შეიძინა 443 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, ს.კ. ... და მასთან მისასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, მესაკუთრის გარეშე არსებულ მიწის ფართზე, იმავე წლის ბოლომდე ააშენა 41 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც შესახლდა და მასში დღემდე ცხოვრობს. პარალელურად სარგებლობს მისი მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც არის დაახლოებით 635 კვ.მ. თუმცა არ არის გამიჯნული დანარჩენი ფართებისგან (ს.ფ.169-170). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულებით, უარი ეთქვა უ. მ-ს მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ა, ...ის ჩიხი (ნაკვეთი ...) მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო განმცხადებლის მიერ აშენებული და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ასევე არ დასტურდებოდა უ. მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის N07/1261-13 წერილის მიხედვით, ...ის ჩიხის მიმდებარედ 41 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო (ს-2) და სპეციალურ (სპეცზ) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა, ამდენად, გამოირიცხება მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც საკმარისი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მოსარჩლის მიერ აშენების ფაქტი, იგი წარმოადგენს არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობას და მოქცეულია სამრეწველო (ს-2) და სპეციალურ (სპეცზ) ზონაში, მხარის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება - ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად, რამდენადაც დადასტურებულია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოების არსებობა. ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - უ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 19.08.2020წ. №24094147 საგადახდო დავალებით ა. ქ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა