Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-976(კ-20) 28 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ბ. მ-ე, ც. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბ. მ-ემ და ც. ზ-ემ 2018 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №685 და 2018 წლის №683 განკარგულებების ბათილად ცნობა, ასევე- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების განცხადებაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის და ც. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №683 და №685 განკარგულება ბ. მ-ისა და ც. ზ-ის საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა, მოსარჩელეთა განცხადებებზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 13 დეკემბრის N3 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გასცა N0073 საკუთრების უფლების მოწმობა ბ. მ-ის სახელზე, რომლითაც საკუთრების უფლება აღიარებული იქნა ...ში მდებარე 2300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მოგვიანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 26 მარტის N11 საოქმო გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ საოქმო გადაწყვეტილებაში - ბათილად იქნა ცნობილი N0073 საკუთრების უფლების მოწმობა და მის ნაცვლად 2017 წლის 01 აპრილს გაიცა N112 საკუთრების უფლების მოწმობა 1275,0 კვ.მ. მიწის ნაკვთზე. 2010 წლის 9 ნოემბრის 36 საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ...ს თემში რიგ მოქალაქეებზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების და შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. წარმოების მიმდინარეობისას კომისიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განსახილველი საკუთრების უფლების მოწმობები უსაფუძვლოდ და კანონშეუსაბამოდ იქნა გამოცემული. შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, სრულიად კანონიერად 2010 წლის 13 დეკემბრის N39 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ადმინისტრაციული წარმოებით შესწავლილი მოწმობები, მათ შორის, მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და მისი გაცემის საფუძვლად არსებული კომისიის საოქმო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, მოცემულ საქმეზე არსებობდა სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთრებაში აღიარებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთათვის ამ უფლების გაუქმებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის ხელახლა განხილვის დავალების კანონიერება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 იანვრის №3 საოქმო გადაწყვეტილებით, თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარებული იქნა ც. ზ-ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ 2560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე 2008 წლის 15 იანვარს გაიცა №4843 საკუთრების უფლების მოწმობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 26 მარტის N11 საოქმო გადაწყვეტილებით, თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარებული იქნა ბ. მ-ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 1275 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე 2010 წლის 1 აპრილს გაიცა №112 საკუთრების უფლების მოწმობა. 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით, იმავე კომისიამ ბათილად ცნო, რამდენიმე ათეული პირის, მათ შორის მოსარჩელეებისთვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გამოცემული თავისივე საოქმო გადაწყვეტილებები, საკუთრების მოწმობები და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები. საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებული იქნა ის პირები, ვის მიმართაც აღდგენილი იქნა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე ის პირები, ვისი საკუთრების უფლება არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილება რამოდენიმე ფიზიკური პირის, მათ შორის ბ. მ-ისა და ც. ზ-ის მიერ გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და საქმეზე 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა ნაწილში, ამასთან, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების გადასინჯვასთან დაკავშირებით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებული №683 და №685 განკარგულებით, ბ. მ-ის და ც. ზ-ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება და მათ უარი ეთქვათ საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ...ს ...ის ფიზიკური დაცვის არეალში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისისა და 1-ლი ივლისის წერილებისა და თანდართული ელექტრონული საკადასტრო რუკების (სიტუაციური ნახაზების) საფუძველზე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთები დაშორებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ...ს ...დან, არანაკლებ 70 მეტრისა. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 17 ივნისის N177 განკარგულებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბ. მ-ისა და ც. ზ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 03 დეკემბრის N39 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, სადაც მხარეებად მოწვეული იქნენ ბ. მ-ე, ც. ზ-ე და მათი წარმომადგენლები. ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და ინდივიდუალურ განხილვას უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უფლება ჰქონდათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები სრულყოფილი, სწორი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. თავის მხრივ, ფაქტების დადგენა დაკავშირებულია დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულებასთან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია დაიცვას აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც კონკრეტული ფაქტებითა და საქმის გარემოებებით განისაზღვრება გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი. ამასთან, აქტის დასაბუთების ვალდებულება განაპირობებს როგორც კანონიერი აქტის გამოცემას, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ეფექტურობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება უკავშირდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესს, რაც გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით აქტის გამოცემას, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება მოიცავს აქტის შინაარსს, კერძოდ, მასში ასახული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ საფუძვლებს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოება, კერძოდ, სადავო ქონების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ...ს ...ის ფიზიკური დაცვის არეალში მდებარეობა არ დადგინდა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №685 და 2018 წლის №683 განკარგულებების საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; შესაბამისად, დასტურდება მოპასუხის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რაც თავის მხრივ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა