Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით


საქმე Nბს-930(2კ-20) 12 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე), მ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ბ-მა 2017 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №04/30270 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. ბ-ის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 2014 წლის საარსებო შემწეობის დანაკლისის - 478 ლარის, ასევე 2015 წლის იანვრის, თებერვლის და მაისის საარსებო შემწეობის - 417 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 მაისის №04/30270 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; მ. ბ-ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საარსებო შემწეობის დანაკლისის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ, ასევე მ. ბ-მა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორის, სსიპ - სოციალური მსახურების სააგენტოს განმარტებით, 2017 წლის 2 მაისს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა მოსარჩელემ N45018 განცხადებით. პასუხად, ეცნობა, რომ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის N04/102874 გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, ოჯახისათვის ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის ჩარიცხვა განხორციელდა 2015 წლის იანვარში. მ. ბ-ის ოჯახს, 2013 წლის 20 მარტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული ჰქონდა 53320 სარეიტინგო ქულა, ოჯახი იყო სამწევრიანი და „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, ოჯახის ყოველთვიურად მისაღები საარსებო შემწეობის თანხა შეადგენდა 156 ლარს. ვინაიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, „ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა,“ 2015 წლის იანვარში, შემწეობის გაცემა განისაზღვრა 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით და თანხა შეადგენდა 1872 ლარს. ამასთან, გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს, მ. რ-ს 2014 წელს მიღებული ჰქონდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა და ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა (საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტი და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი), არ ითვალისწინებს ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობისა დევნილთა ყოველთვიური შემწეობის ერთდროულად გაცემას, მ. ბ-ის ოჯახისათვის მისაღებ საარებო შემწეობის თანხას, 1872 ლარს, გამოაკლდა მ. რ-ის მიერ 2014 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით მიღებული დევნილთა ყოველთვიური შემწეობა 478 ლარი და ოჯახს, 2015 წლის იანვარში, საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა 1394 ლარი. 2015 წლის 11 თებერვალს, ოჯახის წევრმა, მ. რ-მა მიმართა სააგენტოს N12713 განცხადებით, სადაც აღნიშნავდა, რომ აღარ ცხოვრობდა „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულ მისამართზე და არ იყო ოჯახის წევრი. მ. რ-ის განცხადების საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახს 2015 წლის თებერვალში შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა და განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს 2015 წლის 11 თებერვლის 04/8951 წერილით. 2015 წლის 26 თებერვალს, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური აგენტის მიერ, ოჯახში შეივსო წერილობით აქტი და ოჯახს 2015 წლის მარტსა და აპრილში ჩაერიცხა მიმდინარე პერიოდის 156-156 ლარი. კასატორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის მარტში, ოჯახმა მიიღო მხოლოდ მიმდინარე თვის საარსებო შემწეობა და არ ჩაერიცხა 2015 წლის თებერვლის თანხა, ვინაიდან 2015 წლის თებერვალში, ოჯახის წევრს, მ. რ-ს ჩაერიცხა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა და ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები, კერძოდ საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება, არ ითვალისწინებდა ამ ორი გასაცემლის ერთდროულად გაცემას. რაც შეეხება 2015 წლის მაისის საარსებო შემწეობას, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია შეუწყდა 2015 წლის 15 მაისიდან, შესაბამისად, შემწეობა აღარ ჩარიცხვია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება კანონიერია, ამდენად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მ. ბ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მ. ბ-ის ოჯახს 2014 წლის 1 იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (საარსებო შემწეობის) მიღება, რომელიც სრულად აღდგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის 04/102874 გადაწყვეტილებით და უფლებამოსილ პირს დაევალა ერთი წლის საარსებო შემწეობის - 1872 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა 2015 წლის 22 იანვარს და მ. ბ-ის ოჯახს ჩაერიცხა 1394 ლარი. დარჩენილ 478 ლარზე კი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ იყო ოჯახის ერთ-ერთი წევრის - რ. მ-ის მიერ 2014 წლის განმავლობაში აღებული დევნილის შემწეობის ჯამი და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ ჰქონდათ ჩარიცხვის ვალდებულება. სს „...იდან“ ამონაწერით დასტურდება, რომ რ. მ-ს, მართლაც 2014 წლის განმავლობაში აღებული აქვს დევნილის შემწეობა ჯამში - 500 ლარის ოდენობით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს 225/6 ბრძანებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთდროულად არ გაიცემა ორი სახელმწიფო სოციალური გასაცემელი. თუმცა, არცერთი საკანონმდებლო აქტით არ არის დარეგულირებული, თუ რა საფუძვლით უნდა ეთქვა უარი რ. მ-ს დევნილის შემწეობის მიღებაზე მაშინ, როდესაც ოჯახს შეწყვეტილი ჰქონდა საარსებო შემწეობა. აღნიშნულ შემთხვევაში, რ. მ-ს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი რომელი შემწეობით ესარგებლა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხეს ოჯახისთვის სრულად უნდა აენაზღაურებინა საარსებო შემწეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს როგორც 2017 წლის 15 მაისის №04/30270 გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე შეწყვეტილი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. მითითებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას. რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას, მას ეზღუდება დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება. ამრიგად, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ ითვალისწინებს ერთდროულად ორი სახის გასაცემლის მიღების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის №04/102874 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობით, მ. ბ-ის სამსულიანი ოჯახის ყოველთვიურად მისაღები სოციალური დახმარების თანხა შეადგენდა 156 ლარს, რომელიც ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 17 დეკემბრის ოქმის საფუძველზე შეუწყდა, თუმცა აღნიშნული ოქმის გასაჩივრების შედეგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის №04/102874 გადაწყვეტილებით მ. ბ-ის ოჯახისათვის 2014 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილი დახმარება მიჩნეულ იქნა შეჩერებულად და გადაწყდა მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება მისი შეჩერების დღიდან (01.01.2014წ.) ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან 2015 წლის 22 იანვარს ჩაერიცხა არა 1872 (156*12), არამედ 1394 ლარი, 2015 წლის 21 მარტსა და 21 აპრილს ასევე ჩაერიცხა 156 - 156 ლარი, როგორც მიმდინარე პერიოდის თანხა.
მ. ბ-მა 2017 წლის 14 თებერვალს მიმართა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა კუთვნილი მიუღებელი საარსებო შემწეობის დანაკლისი (1872-1394) 478 ლარისა და ასევე, 2015 წლის იანვრის, თებერვლისა და მაისის თვეების საარსებო შემწეობის - 468 ლარის ანაზღაურება. გასაჩივრებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №04/30270 გადაწყვეტილებით მ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის იანვარში შემწეობის გაცემა განისაზღვრა 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით და თანხა შეადგენდა 1872 ლარის. ამასთან, ვინაიდან მ. ბ-ის ოჯახის წევრს - მ. რ-ს 2014 წელს მიღებული ჰქონდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა, ოჯახისათვის მისაღებ საარსებო შემწეობის თანხას - 1872 ლარს გამოაკლდა მ. რ-ის მიერ 2014 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით მიღებული დევნილთა ყოველთვიური შემწეობა 478 ლარი და ოჯახს, 2015 წლის იანვარში, საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა 1394 ლარი. მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, 2015 წლის 11 თებერვალს, მ. ბ-ის ოჯახის წევრმა მ. რ-მა მიმართა სააგენტოს და აცნობა, რომ იგი აღარ ცხოვრობდა „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულ მისამართზე და არ იყო ოჯახის წევრი. შესაბამისად, მ. ბ-ის ოჯახს 2015 წლის თებერვალში შეუჩერდა საარსებო შემწეობის მიღება. ამავე განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 26 თებერვალს, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა აგენტმა შეავსო წერილობითი აქტი და ოჯახს 2015 წლის მარტსა და აპრილში ჩაერიცხა მიმდინარე პერიოდის 156-156 ლარი. რაც შეეხება თებერვლის საარსებო შემწეობას, იგი ოჯახს არ ჩაერიცხა, ვინაიდან ოჯახის წევრს მ. რ-ს 2015 წლის თებერვალში ჩაერიცხა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა. ამავე დროს, 2015 წლის მაისში საარსებო შემწეობა ოჯახს არ ჩაერიცხა 2015 წლის 15 მაისს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის“ შეწყვეტის გამო.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება; კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დატოვა რ. მ-ის 2015 წლის 11 თებერვლის განცხადებაში მითითებული გარემოება მისი და მოსარჩელის ცალ-ცალკე ოჯახად ცხოვრებასთან დაკავშირებით და მ. ბ-ს 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მისაღებ საარსებო შემწეობის თანხას 1872 ლარს დააკლო რ. მ-ის მიერ დევნილის ყოველთვიური შემწეობის სახით მიღებული 478 ლარი ისე, რომ არ დაუდგენია იყო თუ არა რ. მ-ი მ. ბ-ის ოჯახის წევრი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, როდიდან აღარ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს ორი სახის სახელმწიფო გასაცემლის მიღების შესაძლებლობას, არსებითია ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდეს რომელი გასაცემლის მიღების უფლებით სარგებლობს ოჯახი. აღნიშნული გარემოება სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროებდა სათანადო გამოკვლევას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
რაც შეეხება მ. ბ-ისთვის 2015 წლის იანვრის, თებერვლისა და მაისის თვეში მისაღები საარსებო შემწეობის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა 2014 წლის 25 დეკემბრის №04/102874 გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა მ. ბ-ის ოჯახისთვის საარსებო შემწეობის ასანაზღაურებელი პერიოდი - 2014 წლის 1 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ამდენად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საარსებო შემწეობის დაანგარიშება 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებულ აქტში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლითაც მ. ბ-ს განემარტა, რომ 2015 წლის მარტსა და აპრილში ჩარიცხული საარსებო შემწეობა - 156-156 ლარი არის მიმდინარე პერიოდის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა საფუძველი მ. ბ-ისთვის 2014 წლის საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხიდან დაეკლო 478 ლარი იმის გამო, რომ რ. მ-ს მიღებული ჰქონდა დევნილის შემწეობა, გაურკვეველია რა ფაქტობრივმა გარემოებამ განაპირობა მ. ბ-ის ოჯახისთვის მარტსა და აპრილში ისევ 156 ლარის გაცემა, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და 2014 წლის 25 დეკემბრის №04/102874 გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, 2015 წლის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, მათ შორის იმის დადგენას, იღებდა თუ არა რ. მ-ი რაიმე სახის შემწეობას როგორც მოსარჩელის ოჯახის წევრი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ არსებობს კონკრეტული თანხის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შესაბამისად, მისი ხელახლა გადაანგარიშების დავალების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება, უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს ოჯახის შემადგენლობა, მათ მიერ საარსებო შემწეობისა თუ სხვა სოციალური გასაცემლის მიღების ფაქტი და მისი მიღების პერიოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კი, მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრულყოფილ შესწავლაზე, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ემყარება სათანადოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების გათვალისწინებით, მართალია, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული პრინციპი გულისხმობს არა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შეთავსებას, არამედ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა არა ადმინისტრაციული წარმოებისას დაშვებული ხარვეზი, არამედ დასადგენია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დადგენის გარეშეც შეუძლებელია კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



ნ. ქადაგიძე



ბ. სტურუა