Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-N1277(კ-19) 26 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ნ. ნ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ე. ი-ი

მესამე პირები - გ. მ-ი, თ. ი-ი, ნ. ქ-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ე. ი-მა 2015 წლის 1 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის №... გადაწყვეტილების, უძრავი ქონების დაყოფის თაობაზე 2015 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილების, 2015 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილების, 2013 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება (ს/კ ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციისა და თ. ი-ისა და ნ. ქ- მიერ მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შ. ნ-ე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. მ-ი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ი-ი და ნ. ქ-.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, მესამე პირის შ. ნ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ნ. ნ-ე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის №..., 2015 წლის 12 მარტის №..., 2015 წლის 16 მარტის №..., 2013 წლის 30 აგვისტოს №..., 2013 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ემსჯელა 2015 წლის 16 მარტის N... ადმინისტრაციულ საჩივარზე და გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ი-ისა და ნ. ქ- მიერ მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე და ე. ი-ის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ნ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

2019 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა მე-4, მე-5 და მე-6 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა, აღნიშნული გადაწყვეტილებების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრით ერთჯერადად გაუსაჩივრებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის №..., 2015 წლის 12 მარტის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ემსჯელა 2015 წლის 16 მარტის N... ადმინისტრაციულ საჩივარზე და გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით; ე. ი-ის სასარჩელო მოთხოვნებზე, კერძოდ: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 აგვისტოს №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, კერძოდ 1994 წლის 22 დეკემბერს გაცემულ N229 მიწის მიღება - ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ დაარეგისტრირა შ. ნ-ის საკუთრების უფლება, ამავე დროს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შ. ნ-ემ წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ინფორმაციით და მიენიჭა საკადასტრო კოდი ... მოცემული რეგისტრაციის განხორციელებისას საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, სხვა შემთხვევაში საჯარო რეესტრი რეგისტრაციას ვერ მოახდენდა. მეტიც, შ. ნ-ის მოთხოვნის საფუძველზე ნაკვეთის გაყოფის თაობაზე საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (12.03.2015) გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი გაიყო ორ ნაწილად საკადასტრო კოდით: N... და N.... გაყოფის პროცესში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოება არ გამოვლენილა, თუმცა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული საკითხი დატოვებულია სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი შეფასების გარეშე. ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაშია და ამ დრომდე მისი კანონიერება არ არის სადავო, ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და მოპასუხეს დაავალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა კონკრეტულად რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, რაც კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის წინაპირობაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სასამართლოს მსჯელობის საგანია ნ. ნ-ის მამკვიდრებლის - შ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება და აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, 2008 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (ტომი 1, ს.ფ 14-16) საფუძველზე შეისყიდა მოსარჩელე ე. ი-მა და 2008 წლის 23 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 800.00 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, 1994 წლის 22 დეკემბრის №229 მიწის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2015 წლის 2 თებერვლის №AA2015006434-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე უძრავი ქონება დარეგისტრირდა შ. ნ-ის საკუთრებად. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება დაიყო ორ ერთეულ მიწის ნაკვეთად და მიენიჭა ... და ... საკადასტრო კოდები. უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ №... (12.03.2015) გადაწყვეტილება მოსარჩელე ე. ი-ის მიერ 2015 წლის 16 მარტის N... ადმინისტრაციული საჩივრით (ტომი 1, ს.ფ. 135-136) გასაჩივრდა მისსა და შ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გადაფარვის გამო. 2015 წლის 18 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, იმის გამო, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდებოდა სასამართლო წესით და რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ N... გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ 149-150).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა კი, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ ე. ი-ის სახელზე 2008 წლის 23 დეკემბრის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაზუსტებული სახით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტი 2015 წლის 6 თებერვალს, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა შოთა ნიკოლაძის სახელზე, რა დროსაც მარეგისტრირებელმა ორგანომ შ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებამდე, არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა სარეგისტრაციო წარმოების დამაბრკოლებელი გარემოება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2015 წელს 6 თებერვალს შ. ნ-ის სარეგისტრაციო განცხადებების წარდგენისას, ე. ი-ი წარმოადგენდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს, ხოლო საკითხი ე. ი-ის საკუთრების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს (იხ. სუსგ. 02.07.2015 №ბს-30-30(2კ-15), ამდენად, დგინდება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ე. ი-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების არსებობა სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას.

რაც შეეხება რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული ნორმა, მართალია, ადგენს გასაჩივრების განსაკუთრებულ წესს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ პრაქტიკაზე და (სუს 25.05.2011წ. Nბს-1695-1651(კ-10), 26.09.2019წ. N1588(2კ-18) გადაწყვეტილებები; 14.07.2015წ. Nბს-408-403(2კ-14) განჩინება და სხვ.) მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში სასამართლოს კომპეტენციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესის მიუხედავად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ერთი მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას როგორც უშუალოდ, ისე თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილების მინიჭება, ადასტურებს ასევე მის უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან მიმართებაშიც. სააგენტოს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, გააჩნია უფლებამოსილება, შეამოწმოს მისი ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოცემული აქტების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობაზე.

რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასა და საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის საკითხს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელსაც სააპელაციო პალატამ დაავალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევა, თუმცა საკასაციო პრეტენზია აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის - ნ. ნ-ის მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ საქმეში ამგვარად ჩაბმული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. განსახილველ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასაციის არარსებობა, გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირის ნ. ნ-ის უფლებაზე - სრულფასოვნად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რამდენადაც საკითხი მის კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას შეეხება.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე. აღნიშნული მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მომზადება, მიღება, გამოცემა რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის შ. ნ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოების კანონიერების შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა, ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ. ნ-ის მიერ სადავო ფართის რეგისტრაციისას უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში 2008 წლის 23 დეკემბრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ე. ი-ის საკუთრების უფლება და აღნიშნული ჩანაწერის საწინააღმდეგოდ საჩივარი შეტანილი არ ყოფილა. ამასთან, საგულისხმოა, რომ შ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 1994 წლის 22 დეკემბერს გაცემული N229 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. ამასთანავე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი სახელდება საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს შორის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაითვალისწინოს ე. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობის ფაქტი და ამის შემდეგ, წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი სარეგისტრაციო მასალების არსებითი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც ემსახურება დაცვის ღირსი უფლების გამოვლენასა და ამ სახის უფლების რეალიზაციისათვის უპირატესობის მინიჭებას. მითითებული გარემოებების დადგენისა და შეფასების გარეშე სასამართლო მოკლებულია სადავო აქტების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ ჩაუტარებია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და საკითხის ხელახალი გამოკვლევისთვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ნ. ნ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 03.10.2019წ. №1 საგადასახადო დავალებით რ. კ-ას (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა