საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-337(კ-20) 30 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ნ. ჟ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 აპრილს ს. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 2 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია ს. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქ. №8 (ს.კ. ...). 2016 წლის 2 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას ...ში, ...ის ქ. №15-ში გაუგზავნა წერილი N..., რომლითაც აცნობა, რომ 2016 წლის 2 სექტემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და ასევე დაევალა საკადასტრო აზომვითი ნახაზების წარდგენა. აღნიშნული წერილი ადრესატამდე არ მისულა.
2016 წლის 8 დეკემბერს ... საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი კანონით დადგენილ ვადაში დამატებითი დოკუმენტები. მოსარჩელის განმარტებით, მან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმების და ახალი სარეგისტრაციო წარმოების დაწყების შესახებ არ იცოდა. მის საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო დაზუსტებული ფართით, ხოლო ნ. ჟ-ეზე დაუზუსტებელი ფართით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომ დაინტერესებული პირისათვის აღნიშნულის შესახებ არ უცნობებია, უფრო მეტიც, საქმეში არსებული ყალბი წერილით დგინდება, რომ მოსარჩელეს თითქოს შეატყობინეს რეგისტრაციის წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო ნ. ჟ-ეს არა თუ შეატყობინეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, არამედ მონაწილეობაც კი მიიღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელის მოსაზრებით, საეჭვოა ნ. ჟ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებიც მთლიანად ფარავენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და სავალ გაზასაც კი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქ. N8 (ს.კ. ...). აღნიშნულმა რეგისტრაციამ მთლიანად დაფარა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ. ...) და მოსარჩელეს დარჩა მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ მის საკუთრებაშია 625 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართით), მდებარე: თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქ. N 8, ს.კ. .... რეალურად კი მას ქონება აღარ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით, იგი აღნიშნულის შესახებ ვერაფერს გაიგებდა, რომ არა ნ. ჟ-ის წერილი, რომლითაც მოსარჩელეს შეატყობინა, რომ გამოეთავისუფლებინა სადავო მიწის ნაკვეთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ჟ-ე.
2017 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. ჟ-ის საკუთრებად დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ...ი, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ს. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე ნ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, ნ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა.
კასატორის განმარტებით, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანია ზედმიწევნით დეტალური და ღრმა გამოკვლევის საფუძველზე შეფასდეს ვის აქვს უკეთესი ფლობის სამართლებრივი საფუძვლები, ამ გარემოების შეფასების შედეგად უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება და არა უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ბათილად ცნობის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მართალია, გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა კასატორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია, მაგრამ, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, რაც არ განუხორციელებია. ზემოთ აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რითაც გაუქმდა კასატორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის მიერ ხელახალი გადაწყვეტილების მისაღებად უპირატესობა არ ქონდა მინიჭებული არც კასატორს და არც მესამე პირს - ნ. ჟ-ეს, სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ თითქოს გადაწყვეტილება ანიჭებდა უპირატესობას მესამე პირს - ნ. ჟ-ეს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც საჯარო რეესტრმა სწორად გაითვალისწინა და დაურეგისტრირა უძრავი ქონება საკუთრებაში ნ. ჟ-ეს.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტებიდან და სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა და უდავოა, რომ 2003 წლის 16 ოქტომბერს, გ. ქ-სა და მ. ხ-ს შორის, სადავო მიწის ნაკვეთზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე მიწის ნაკვეთზე, 2004 წლის 14 მაისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ხ-სა და ა. გ-ს შორის, ხოლო ზ. ქ-სა და ნ. ჟ-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 5 იანვარს. თუ სასამართლომ ნ. ჟ-ეს უპირატესობა მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მიანიჭა ე.ი სასამართლოს აზრით, უფრო ადრე გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ნ. ჟ-ე, ამ გარემოებას აქარწყლებს ის, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია გ. ქ-ი ანუ პირი, რომელზედაც თავდაპირველად აღირიცხა კასატორის (მოსარჩელის) მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება კასატორსა და მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის რიგითობას, აშკარა უპირატესობა კასატორის მხარეს არის, რადგან მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით უძრავი ქონება ზ. ქ-ის სახელზე აღირიცხა 2005 წლის 29 დეკემბერს, ხოლო გ. ქ-ის სახელზე - 2003 წლის 23 მაისს. შესაბამისად, სააღრიცხვო ბარათის მიხედვით გ. ქ-ის სახელზე უძრავი ქონება აღირიცხა უფრო ადრე, ვიდრე ზ. ქ-ის სახელზე. ამასთან, გ. ქ-სა (გამყიდველი) და მ. ხ-ს (მყიდველს) შორის 2003 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 0,125 ჰა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: სოფელი ...ი. ამავე სააღრიცხვო ბარათის და N... სანოტარო აქტის მიხედვით, იმავე მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ხ-მა გაასხვისა ა. გ-ზე. უძრავი ქონების დაზუსტებული ფართობის რეგისტრაციის შემდეგ ა. გ-მა დაყო უძრავი ქონება ორ ნაწილად, საკადასტრო კოდები: ... და ..., საიდანაც მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., 2016 წლის 7 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ს. გ-ზე; ხოლო ზ. ქ-სა და ნ. ჟ-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 5 იანვარს.
კასატორის მითითებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2013 წლის 19 იანვარს ა. გ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2014 წლის 13 ივნისს ნ. ჟ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება (გადაფარვა). ა. გ-მა მიმართა საჯარო რეესტრს 2013 წლის 19 იანვარს, ხოლო ნ. ჟ-ემ 2014 წლის 13 ივნისს ანუ ა. გ-მა რეგისტრაცია განახორციელა უფრო ადრე ვიდრე ნ. ჟ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, რეგისტრაციის რიგითობით ნ. ჟ-ეს უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი რეგისტრაცია ა. გ-ის სახელზე განხორციელდა უფრო ადრე.
კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა ასევე 2018 წლის პირველი მარტის ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც მითითებულია, რომ ს. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ ... (რომელიც წარმოშობილია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად) განთავსებული უნდა იყოს ისე, როგორც დღეის მდგომარეობით არის რეგისტრირებული, იმ მცირედი განსხვავებით, რომ ნაკვეთი უნდა გადაადგილდეს სამხრეთის მიმართულებით, თუმცა აღნიშნული გავლენას არ ახდენს მოსაზღვრე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N... გადაწყვეტილების, რომლითაც გაუქმდა ს. გ-ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემები, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქუჩა N8 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილების, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ჟ-ის 2016 წლის 12 სექტემბრის განცხადება და განხორციელდა ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. გადაწყვეტილების შესრულება კი გულისხმობს მის ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით აღსრულებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 16 ივლისის N... გადაწყვეტილება აზა ქობულაშვილისთვის ქ. თბილისში, ს. ...ში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 ივნისის N... გადაწყვეტილება ა. გ-ისთვის ქ. თბილისში, ...ში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ჟ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად ედო ზ. ქ-ზე 1992 წლის 6 ოქტომბერს მცხეთის რაიონის, სოფელი ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული №25 მიღება-ჩაბარების აქტი და 2006 წლის 5 იანვარს ზ. ქ-სა და ნ. ჟ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ა. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად ედო გ. ქ-ის სახელზე სოფელი ...ის საკრებულოს მიერ გაცემული 2003 წლის 22 მაისის №793 ცნობა, 2003 წლის 16 ოქტომბერს გ. ქ-სა და მ. ხ-ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2004 წლის 14 მაისს მ. ხ-სა და ა. გ-ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის 2016 წლის 21 იანვრის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქ. N8.
2016 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქ. N8, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 625 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 6 ნოემბრიდან აღირიცხა ა. გ-ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 7 მარტს ა. გ-სა (მჩუქებელი) და ს. გ-ს (დასაჩუქრებული) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დასაჩუქრებულმა ს. გ-მა მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქ. N8, დაზუსტებული ფართობი 625 კვ.მ, ს.კ. .... ხელშეკრულების თანახმად, დასაჩუქრებულს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა ამ ხელშეკრულების საფუძველზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების საგანი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქ. 8, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 625.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 25 მარტიდან აღირიცხა ს. გ-ის სახელზე.
საქმის მასლებით დადგენილია, რომ სწორედ ბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციით, ს. გ-ის სახელზე რეგისტრირებული დაზუსტებული მიწის ნაკვეთი გახდა დაუზუსტებელი. როგორც უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ ს. გ-ის წინამორბედი იყო ა. გ-ი, რომელმაც 2013 წლის 24 ივნისს განახორციელა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, ხოლო 2016 წლის 26 თებერვალს 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად, რომლებსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი: ... და .... საქმის მასალებით პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მარტის N... გადაწყვეტილებით სწორედ რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდა მოსარჩელე ს. გ-ი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლით დადგენილია რეგისტრაციის გაუქმების, კერძოდ, რეგისტრაციის ძალადაკარგულად, ბათილად და არარად გამოცხადების წესი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში. მარეგისტრირებელმა ორგანომ მასთან დაცული და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთები იყო იდენტური და სახეზე იყო ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა მიანიჭა ნ. ჟ-ის რეგისტრაციას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად ედო 1992 წლის 06 ოქტომბერის მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული №25 მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 2016 წლის 2 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ჟ-ის 2016 წლის 16 აგვისტოს განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველზე მოახდინა ნ. ჟ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპეციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. დავის საგანი არ გამხდარა ნასყიდობის ხელშეკრულება. მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის უკანონობაზე მითითება კი არ ქმნის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს, რამდენადაც აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია არა ნ. ჟ-ის სახელზე, არამედ ზ. ქ-ის სახელზე. უფრო მეტიც, 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას მხარე ითხოვს ზ. ქ-ის სახელზე უფლების რეგისტრაციის დამდგენი დოკუმენტის კანონიერების შემოწმების გზით. ზ. ქ-ის სახელზე რეგისტრაცია კი, არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. ნ. ჟ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება ვერ შემოწმდება ზ. ქ-ის რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერების შემოწმების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 24 ნოემბრის N... გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. გ-ის საკასაციო საჩივარზე 01.07.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინება;
3. ს. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.07.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე