Facebook Twitter

საქმე #ბს-537(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 11 ოქტომბერს ა. ა. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2019 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. მან განცხადებას დაურთო ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა სარჩელის შეტანის მომენტისთვის განცხადებაზე პასუხი არ მიუღია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან რამდენჯერმე მიმართა სააგენტოს, სადაც განუმარტეს, რომ განცხადება იყო უხარვეზო და უნდა დალოდებოდა სააგენტოს გადაწყვეტილებას. ამასთან, ისინი არ ასახელებდნენ განცხადების განხილვის ვადას, თუმცა თავადაც აღიარებდნენ, რომ დარღვეული იყო განცხადების განხილვის კანონით დადგენილი ვადები.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არის სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მშობლების კმაყოფაზე, ბინადრობის ნებართვის არქონის პირობებში კი მისთვის გართულებულია მშობლებისაგან თანხის მიღების საკითხი, რაც პრობლემას უქმნის საცხოვრებლის, მგზავრობისა და საკვებისათვის შესაბამისი თანხის თავმოყრის კუთხით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, უნივერსიტეტში მას ყოველდღე სთხოვენ, რომ წარადგინოს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა მოსარჩელეს უარი ეთქვას სწავლის გაგრძელებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მოსარჩელე ა. ა. ვ-ეს მიერ 2019 წლის 28 ივნისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ #1000673408 განცხადებაზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ა. ვ-ეს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე ა. ა. ვ-ეს 2019 წლის 28 ივნისის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ #1000673408 განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა. ა. ვ-ემ 2019 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს „...ის“ მიერ გაცემული ცნობა და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა. ა. ვ-ეს 2019 წლის 28 ივნისის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განცხადების ხარვეზზე დატოვების, განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ყველა მტკიცებულება იმისათვის, რათა განიხილოს და დადებითად გადაწყვიტოს საქმე, ან უარი უთხრას განმცხადებელს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც კასატორის მოსაზრებით, მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა, რათა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ა. ა. ვ-ეს მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2021 წლის 4 მარტს წარდგენილი #29141 და #29191 განცხადებების საფუძველზე, სააგენტოს 2021 წლის 4 მარტის #1000673408 გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება ა. ა. ვ-ეს 2019 წლის 28 ივნისის #1000673408 განცხადებაზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რამდენადაც განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია თავად განმცხადებლის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მოსარჩელე ა. ა. ვ-ეს მიერ 2019 წლის 28 ივნისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ #1000673408 განცხადებაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები კი განსაზღვრავს, რომ თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა. ა. ვ-ემ 2019 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს „...ის“ მიერ გაცემული ცნობა და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ა. ა. ვ-ის 2019 წლის 28 ივნისის განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი - #1000673408 და განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, სადაც მიეთითა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა 210 ლარს. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა. ა. ვ-ეს 2019 წლის 28 ივნისის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განცხადების ხარვეზზე დატოვების, განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილი ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის უფლებებსა და კანონიერ ინტერესს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა, რათა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში კასატორს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნულის შესახებ მხარისთვისაც ეცნობებინა. საქმის მასალებით კი არ დასტურდება სააგენტოს მიერ აღნიშნული მოქმედების განხორციელება, ამასთან, სააგენტოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საერთო 3-თვიანი ვადაც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა წარმოადგინა ა. ა. ვ-ეს მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2021 წლის 4 მარტს წარდგენილი #29141 და #29191 განცხადებების ასლები, რომლის საფუძველზეც სააგენტოს 2021 წლის 4 მარტის #1000673408 გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება ა. ა. ვ-ეს 2019 წლის 28 ივნისის #1000673408 განცხადებაზე. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რადგან რეალურად განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია თავად განმცხადებლის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნავს, რომ ა. ა. ვ-ეს 2021 წლის 23 სექტემბერს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის წერილით, საკასაციო პალატამ მოსარჩელეს მოსთხოვა საკასაციო საჩივარზე თანდართულ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენა ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების გაგრძელების ინტერესის არსებობის თაობაზე შეტყობინების განხორციელება, აღნიშნულის განსახორციელებლად კი მას 2021 წლის 15 ოქტომბრამდე განესაზღვრა ვადა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის წერილის შემცველი გზავნილი ა. ა. ვ-ეს 2021 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია ცნობა, რომელშიც დაფიქსირებული იქნებოდა, ჰქონდა თუ არა მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების გაგრძელების ინტერესი. ამდენად, საკასაციო სასამართლოში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებები. აქედან გამომდინარე, იმ პირობებშიც კი, როდესაც ა. ა. ვ-ემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა განცხადებები, სადაც მიუთითა, რომ აღარ ჰქონდა საქმის წარმოების ინტერესი და სააგენტოს 2021 წლის 4 მარტის #1000673408 გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება ა. ა. ვ-ეს 2019 წლის 28 ივნისის #1000673408 განცხადებაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ა. ა. ვ-ეს სარჩელზე შეწყვიტოს საქმის წარმოება ან განუხილველად დატოვოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 22.03.2021წ. #04087 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.2021წ. #04087 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა