გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹151-აპ 8 იანვარი, 2002 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
თ. ლალიაშვილი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებული ა. ფ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც ა. ფ-ძე ამჟამად ქ.ბათუმის ¹3 საპყრობილის პატიმარი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის სსკ) და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. გ. ჭ-ძესა და ჯ. ა-ბას მათ მიმართ დადგენილი განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმი საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ა. ფ-ძე მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის: ა. ფ-ძე 2001 წლის 5 ივნისს იმყოფებოდა ბათუმში სტუმრად თავის დასთან. იმავე დღეს, დაახლოებით ღამის 01 საათიდან დილის 04 საათამდე დროის მონაკვეთში, მან გ. ჭ-ძესთან და ჯ. ა-ბასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, შეუღწევია ქ.ბათუმში, ... მდებარე ხ. ფ-იდის საცხოვრებელ სახლში, საიდინაც ფარულად გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი 180 ბოთლი შამპანური “ბაგრატიონი”, ერთი ბოთლის ღირებულება 4 ლ. სულ 720 ლარის, 60 ბოთლი შამპანური “სავეტსკოე შამპანსკოე”, ერთი ბოთლის ღირებულება 4 ლ. და 30 თეთრი, სულ 258 ლარის, 12 ბოთლი არაყი “ასლანოვი”, ერთი ბოთლის ღირებულება 5 ლ., სულ 60 ლარის, ავტომანქანის ნასოსი ღირებული 50 ლ., სულ 1088 ლარის საერთო ღირებულების საქონელი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაზარალებულს.
ა. ფ-ძის ინტერესების დამცველი ადვკოატი ა. ქ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის განაჩენის ა. ფ-ძის სასარგებლოდ შეცვლას, მისი ქმედების დაკვალიფირებას სსკ-ის 375-ე მუხლით და ამავე მუხლით ისეთი სახის სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
კასატორის განმარტებით, ა. ფ-ძე არ მონაწილეობდა ქურდობის ჩადენაში, რაც სასამართლო გამოძიების დროს დაადასტურეს მსჯავრდებულებმა ჯ. ა-ბამ და გ. ჭ-ძემ. კასატორის მითითებით, ფაქტი იმისა, რომ ა. ფ-ძეს ქურდობა არ ჩაუდენია, დადგენილია მოწმის ს. ფ-ძის და თვით ა. ფ-ძის სასამართლო გამოძიებისას მოცესმული ჩვენებებით, ხოლო ის გარემოება, რომ ა. ფ-ძისათვის ამ დანაშაულის ჩადენის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა მოპარული ნივთები მისი დის სახლში შესანახად მიიტანეს გ. ჭ-ძემ და ჯ. ა-ბამ.
პროკურორმა გ. მიქაძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ გ.მ-ძეს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. ფ-ძემ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაქურდალი ნივთები შეინახეს მისი დის ბინაში.
ა. ფ-ძის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილია თვით ა. ფ-ძის წინასწარ გამოძიებაში მოცემული აღიარებითი ჩვენებით, სადაც მან დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ გ. ჭ-ძესთან და ჯ. ა-ბასთან შეთანხმების საფუძველზე ჩაიდინა ქურდობა სხვისი ქონების ფარულად დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით.
წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ა. ფ-ძემ არ უარყო, რომ გ. ჭ-ძემ შესთავაზა მას იქვე, მეზობლად არსებული კერძო სახლის გაქურდვა, რომლის პირველ სართულზეც დიდი რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი ინახებოდა. მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქურდობის დროს იგი იმყოფებოდა ღობის გარეთა მხარეს, საიდანაც ჯ. ა-ბას მიერ მიწოდებული შამპანურის ყუთები ქუჩის მეორე მხარეს გადაჰქონდა. მეორე დღეს კი ჯ. ა-ბამ და გ. ჭ-ძემ, მისივე თანხმობით, ნაქურდალი თავისი დის ბინაში მიიტანეს შესანახად.
ა. ფ-ძის მიერ დანაშაულის ჩადენა ასევე დადგენილია გ. ჭ-ძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა მისი ა. ფ-ძესთან მისვლის და ამ უკანასკნელისათვის ბინის გაქურდვის შეთავაზების შესახებ, იმავე ღამეს ა. ფ-ძესთან და ჯ. ა-ბასთან ერთად ქ.ბათუმში, ... მდებარე ბინაში შეღწევის, ამ ბინიდან ყუთებით შამპანურის წამოღებისა და ა. ფ-ძის დის სახლში შენახვის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა სასამართლო გამოძიებისას ა. ფ-ძის მიერ მოცემული ჩვენება იმის თაობაზე, რომ მას არ მიუღია ქურდობაში მონაწილეობა. ასევე სწორად არ იქნა გაზიარებული მისი განმარტება იმის შესახებ, რომ ყუთებით შამპანურის მოპარვის თაობაზე მან მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ეს ყუთები ჯ. ა-ბამ და გ. ჭ-ძემ ა. ფ-ძის დის სახლში მიიტანეს, ხოლო იმის შესახებ, თუ ვის მოპარეს და როდის, მან არაფერი იცოდა.
სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზირა გ. ჭ-ძის სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც მან უარყო ა. ფ-ძის ქურდობაში მონაწილეობა. აღნიშნულ ჩვენებათა არარეალურობა და ა. ფ-ძის და გ. ჭ-ძის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებათა სარწმუნოობა დადგენილია საქმეში არსებული სხვა ერთობლივი მასალებით, კერძოდ კი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საიდანაც დგინდება, რომ გაღებულია ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც ქურდებმა შეაღწიეს ოთახში, სადაც შამპანურის ყუთები ინახებოდა; ა. ფ-ძის დის სახლის დათვალიერების ოქმით, საიდანაც ამოღებულ იქნა ალკოჰოლური სასმელის ყუთები, რომელთა სახელწოდება და მარკა დაზარალებულ ხ. ფ-იდის სახლიდან წაღებული ალკოჰოლური სასმელების იდენტურია; აგრეთვე დაზარალებულის დაკითხვის ოქმით, სადაც იგი ადასტურებს მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტს, რომელშიც ქურდმა ფანჯრიდან შეაღწია.
ამასთან საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ა. ფ-ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მის პიროვნებას, კერძოდ იმას, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. ხასიათდება დადებითად, დანაშაულს მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, ზიანი ანაზღაურებულია ნაწილობრივ; მითითებულ გარემოებათა გათვალდისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ა. ფ-ძის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი და შეფარდებული სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცპირდეს ერთი წლით და საბოლოოდ განესაზღვროს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
მართალია, გ. ჭ-ძისა და ჯ. ა-ბას არ გაუსაჩივრებიათ მათ მიმართ დადგენილი განაჩენი, მაგრამ საკასაციო პალატამ სსსკ-ის 567-ე მუხლის საფუძველზე, არევიზიო წესით, შეამოწმა მათ მიმართ დადგენლი განაჩენის კანონიერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, განაჩენი უნდა შეიცვალოს მათ სასარგებლოდ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ჯ. ა-ბა წარსულში არ არის ნასამართლევი, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მის მიმართ არ არსებობს და მიაჩნია, რომ ჯ. ა-ბას მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი. მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნიწილის “გ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთით უნდა შეუმცირდეს ერთი წლით, ამ მუხლით განესაზღვროს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად. სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ჯ. ა-ს, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით საბოლოოდ უნდა შეეფარდოს სამი წლით თავისუფელბის აღკვეთა.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გ. ჭ-ძე არასრულწლოვანია, პირველადაა სამართალში, დანაშაულს მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია და მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი და შეფარდებული სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი წლით და საბოლოოდ განესაზღვროს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქარვთელოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით 562-ე, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ფ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს: ა. ფ-ძეს, ჯ. ა-ბას და გ. ჭ-ძეს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროთ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ ა. ფ-ძეს და გ. ჭ-ძეს სასჯელის ზომად განესაზღვროთ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯ. ა-ას სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.