Facebook Twitter

საქმე #ბს-683(2კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 22 სექტემბერს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა 2015 წლის 2 ოქტომბერს განახორციელეს ტექნიკური ინსპექტირება შპს „...ას“ კუთვნილ აირსავსებ სადგურებზე, რა დროსაც შედგენილ იქნა ტექნიკური ინსპექტირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა თანახმადაც, დარღვეულად იქნა მიჩნეული ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები: 1) გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) საპროექტო დოკუმენტაცია არ არის დამუშავებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი); 2) გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენი არ არის გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე (რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი); 3) გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჩატარებია კომპლექსური მოსინჯვა (რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი); 4) ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა აღემატება გაზსავსები სვეტისათვის დადგენილ წნევას (რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი). შედეგად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა სსიპ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილებები, რომლებითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 800-800 ლარით.

მოსარჩელე არ ეთანხმება სადავო აქტებს „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისათვის დაჯარიმების ნაწილში. შპს „...ა“ განმარტავს, რომ გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენები გამოცდილია სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე და გაზსავსები საკომპრესორო სადგურების მთელ ტექნოლოგიურ სისტემებს ჩატარებული აქვს კომპლექსური მოსინჯვა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული დასტურდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2016 წლის 25 იანვარს დაზუსტებულ ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად წარდგენილი შესაბამისი აქტებით. რაც შეეხება ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევის აღმატებას გაზსავსები სვეტისათვის დადგენილ წნევაზე, მოსარჩელის მოსაზრებით, არ არის გასაგები, როგორ მოხდა მითითებული ფაქტის დადგენა, რამეთუ ინსპექტირების ოქმებში გაკეთებულია მხოლოდ ზოგადი მითითება და არ არის აღნიშნული ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (საკონტროლო გაზომვა, რაიმე ხელსაწყოთი შემოწმება, ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.), ასევე, არ ჩანს რამდენ ატმოსფეროზე იყო დატუმბული აირბალონი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი ფოტოსურათი კი, რომლის მიმართებაც შპს „...ასთან“ არ დასტურდება, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ნაწილში შპს „...ას“ დაჯარიმების თაობაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-182/06, #დად-183/06, #დად-184/06 დადგენილებების მათ საფუძვლებთან ერთად, კერძოდ, 02.10.2015წ. ტექნიკური ინსპექტირების #03/59, #03/60, #03/61 ოქმებთან და 02.10.2015წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #03-37, #03-38, #03-39 ოქმებთან ერთად ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე, შპს „...ას“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აგვისტოს #1-1/422 ბრძანების მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად დაასახელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო აქტებს ასაჩივრებდა მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ნაწილში შპს „...ას“ დაჯარიმების თაობაზე და ითხოვდა დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „...ას“ მიერ აღძრულ სარჩელზე სსიპ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის ტექნიკური ინსპექტირების #03/60, #03/61 და #03/59 ოქმებისა და სსიპ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის #03-38, #03-39 და #03-37 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ნაწილში შპს „...ას“ დაჯარიმების თაობაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-182/06, #დად-183/06, #დად-184/06 დადგენილებების ბათილად ცნობა და ამავე დადგენილებებით გათვალისწინებული ჯარიმების შემცირება, ასევე, შპს „...ას“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აგვისტოს #1-1/422 ბრძანების მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-182/06 დადგენილება, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-183/06 დადგენილება და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-184/06 დადგენილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აგვისტოს #1-1/422 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ერთი და იმავე დარღვევისათვის პასუხისმგებლობის რამდენჯერმე დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და არღვევს პირის კანონით გარანტირებულ უფლებებს. ამასთან, აღნიშნული პრინციპი ვლინდება მაშინ, როდესაც პირი ჩადის გადაცდომის ერთ ფაქტს, რაზეც ნაცვლად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის ერთხელ გამოყენებისა, ხდება სანქციის რამდენჯერმე დაკისრება ან სხვადასხვა პასუხისმგებლობის გამოყენება, რაც არ უნდა იქნას გაგებული როგორც ერთსა და იმავე დროს გამოვლენილი, მაგრამ სხვადასხვა შემადგენლობის მქონე დარღვევათა დამოუკიდებლად განხილვისა და შესაბამისი სანქციის გამოყენების ან კანონის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რამდენიმე ზომის გამოყენების დაუშვებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადასტურა შპს „...ას“ სამივე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე ოთხი სახის I ხარისხის არსებითი შეუსაბამობის დაფიქსირების ფაქტი, თუმცა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე მუხლის საფუძველზე შედგენილი სამი დამოუკიდებელი დადგენილებით რეგლამენტის თითოეული პუნქტის დარღვევაზე ცალ-ცალკე დაჯარიმდა და მოხდა სანქციათა ოდენობის შეკრება. ამდენად, განსახილველი საქმის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ადმინისტრაციული სანქციის განსაზღვრის პრინციპი, რომელიც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეუსაბამობაში იყო ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა საფუძველზე, სანქციის განსაზღვრის წესი. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები, მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 36-ე მუხლზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლები განსაზღვრავენ სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული არ იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის, გაფართოების, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ხელახალი ტექნიკური აღჭურვისას უნდა დამუშავდეს საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. ამავე რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად კი, ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელმაც მიიჩნია, რომ გამოვლენილი დარღვევები განეკუთვნებოდა ერთი და იმავე დარღვევას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა გამოეყენებინა სანქციათა შეკრების პრინციპი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამინისტრო მიიჩნევს, რომ რამდენადაც ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის პირველი ხარისხის დარღვევას, თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ჯარიმის სახით დადგენილი სანქცია.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოხმობილი განმარტებების სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენება სათანადო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი შპს „...ას“ დაჯარიმებისას არ იარსებებდა სპეციალური კანონმდებლობა. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლი, რომლითაც დადგენილია ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები. აღნიშნული მუხლის მე-17 ნაწილის მიხედვით, ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, ხოლო ამავე მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით (ამ შემთხვევაში #81 დადგენილება). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სააგენტო არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს; კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი, გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს, რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში, აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ტექნიკური რეგლამენტის 27-ე, 28-ე და 29-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი ხარისხის შეუსაბამობას განეკუთვნებიან რეგლამენტის შესაბამისი მუხლების, პუნქტების, ქვეპუნქტების დარღვევა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ თუ ობიექტზე ადგილი ექნება ტექნიკური რეგლამენტის სხვადასხვა მუხლის დარღვევას, რომლებიც ამავე რეგლამენტის მიხედვით მიეკუთვნებიან შესაბამისი ხარისხის არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობებს, დაჯარიმება უნდა მოხდეს თითოეული შეუსაბამობისათვის ცალ-ცალკე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნების არაერთგზის დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ნაწილში შპს „...ას“ დაჯარიმების თაობაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-182/06, #დად-183/06, #დად-184/06 დადგენილებების ბათილად ცნობა და ამავე დადგენილებებით გათვალისწინებული ჯარიმების შემცირება, ასევე, შპს „...ას“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აგვისტოს #1-1/422 ბრძანების მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ას“ ქ. თბილისში გააჩნია სამი გაზსავსები საკომპრესორო სადგური, რომელიც გადამოწმებულ იქნა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. სსიპ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2015 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული შპს „...ას“ აირსავსები სადგურების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად, შედგენილ იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის ტექნიკური ინსპექტირების #03/60, #03/61 და #03/59 ოქმები და სსიპ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის #03-38, #03-39 და #03-37 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. თითოეულ ოქმში აღნიშნულია, რომ შპს „...ას“ მიერ დარღვეულია ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები: 1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) საპროექტო დოკუმენტაცია არ არის დამუშავებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. (მე-4 მუხლის პირველი პუნქტი); 2. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენი არ არის გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი); 3. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჩატარებია კომპლექსური მოსინჯვა (მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი); 4. ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა აღემატება გაზსავსები სვეტისათვის დადგენილ წნევას (მე-19 მუხლის პირველი პუნქტი).

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, ზემოაღნიშნული წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ოქმების გათვალისწინებით, თითოეულ შემოწმებულ ობიექტთან მიმართებით გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #დად-182/06, #დად-183/06 და #დად-184/06 დადგენილებები, რომლებითაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს „...ა“ დაჯარიმდა 800 (რვაასი) ლარით, რეგლამენტით გათვალისწინებული ოთხი დარღვევის ნაწილში ცალ-ცალკე, 200-200 ლარის ჯარიმის შეკრების შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადასტურებულია შპს „...ას“ სამივე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე ოთხი სახის I ხარისხის არსებითი შეუსაბამობის დაფიქსირების ფაქტი, თუმცა საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე მუხლის საფუძველზე შედგენილი სამი დამოუკიდებელი დადგენილებით რეგლამენტის თითოეული პუნქტის დარღვევაზე ცალ-ცალკე დაჯარიმდა და მოხდა სანქციათა ოდენობის შეკრება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სანქციის განსაზღვრის პრინციპი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის, გაფართოების, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ხელახალი ტექნიკური აღჭურვისას უნდა დამუშავდეს საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას. ამავე რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს. ტექნიკური რეგლამენტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ერთი და იმავე დარღვევისათვის პირისათვის პასუხისმგებლობის რამდენჯერმე დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და არღვევს პირის კანონით გარანტირებულ უფლებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა საფუძველზე, სანქციის განსაზღვრის წესი. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ (იხ. მაგალითად, საქმე #ბს-327-323(კ-14), 02.12.2014 წ; საქმე #ბს-177-170(კ-13), 26.12.2013წ.) სპეციალური კანონმდებლობით სამართალდარღვევის გათვალისწინება არ გამორიცხავს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განხილვას, შესაბამისად, მსგავსი სამართალდარღვევების მიმართ, კანონში სპეციალური წესის არარსებობისას, უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „პირის მიერ ერთდროულად ერთი მუხლით (მუხლის ერთი ნაწილით/პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დამრღვევს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი დაედება. ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით ან პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, სამართალდამრღვევს უნდა დაედოს ერთი სახდელი, იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის საქმეები ერთდროულად ან/და ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ არ განიხილება, ადმინისტრაციული სახდელი დამრღვევ პირს დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დეკემბრის #ბს-177-170(კ-13) განჩინება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად კი, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლები განსაზღვრავენ სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ უნდა იმსჯელოს გამოყენებული სანქციის ოდენობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (ს/კ 202466991) საკასაციო საჩივარზე 25.05.2021წ. #00968 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (ს/კ 202466991) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება;

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (ს/კ 202466991) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.05.2021წ. #00968 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა