საქმე №ბს-548(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 24 ივლისს შ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ა. ლ-ის, ნ. მ-ის და ლ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის №03/210 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ლ-ე, ნ. მ-ი, ლ. ხ-ე და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით დადგინდა უფლებამონაცვლეობა და მოპასუხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნაცვლად მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაერთო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით შ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანება ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე ნებართვის თაობაზე, გამოცემულია საქმის განხილვაში დაინტერესებული პირების ჩართვისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ბორჯომში, ...ას №29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ამავე ქუჩაზე მცხოვრები პირების პრეტენზიებთან დაკავშირებით, თუმცა 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანების მიღებამდე, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი პირების ინფორმირების, მათი საქმეში ჩართვის, ან/და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მათი პრეტენზიების გამოკვლევის შესახებ გარემოებები არ დგინდება. ასევე, არ ირკვევა, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანების მიღებამდე საქმის განმხილველმა ორგანომ გამოიკვლია შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებულ დავებთან (№3/110-16 და №2/578-15 საქმეებზე განჩინებები) დაკავშირებული მდგომარეობა და შეაფასა მისი მნიშვნელობა განსახილველი საკითხისადმი. არ ირკვევა, რომ გამოიკვლია სანებართვო სამუშაოებზე წარდგენილი პროექტი და მისი შესაბამისობა საპროექტო ობიექტზე არსებულ მდგომარეობასთან. აღნიშნულზე მეტყველებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის №006968817 დასკვნა, რომლითაც შეფასებულია ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (იგივე საცხოვრებელი სახლი მოქცეულია ...ას №29-შიც, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებებით (2018 წლის 11 აპრილისა და 21 მაისის ოქმები) და №2/578-15 საქმეზე 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების მონაცემებით) მდგომარეობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით: 1. ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია გაფართოების პროექტი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს; 2. ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში წარმოებული მშენებლობა არ შეესაბამება მისი მშენებლობისთვის გაცემულ პროექტს; 3. ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში პროექტის გვერდის ავლით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია და შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.
იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანება ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე ნებართვის თაობაზე გამოცემულია საქმის განხილვაში დაინტერესებული პირების ჩართვისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების გაანალიზების პირობებში, სადავო აქტის შემოწმებისას სწორად შეაფასა მასთან წარდგენილი საჩივარი და გადაწყვიტა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. მ-ი, ა. ლ-ე და ლ. ხ-ე არ წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, რამდენადაც მათ კანონიერ ინტერესზე მოსარჩელის მიმართ გამოცემულ მშენებლობის ნებართვას პირდაპირი და უშუალო გავლენა არ მოუხდენია, ასევე, მითითებას, რომ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანებისა და ამავე სამსახურის №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობის მიმართ, ვინაიდან შ. ვ-ის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, გარკვეული სახის სამუშაოები, გაწეული იქნა შესაბამისი ხარჯები და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მას მიადგენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომელიც ავალდებულებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას და მათზე ზრუნვას. მოქალაქეთა ვალდებულებაში მოიაზრება ამ მიზნით ადმინისტრაციული საჩივრის თუ სასარჩელო განცხადების წარდგენით ასეთი ობიექტების დაცვა და მათზე ზრუნვა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებებზე და განმარტა, რომ ნ. მ-ის და ა. ლ-ის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რის საფუძველზეც შ. ვ-ეს, კ. ვ-ეს, ე. თ-ს და ბ. გ-ს ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში და ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება აეკრძალათ, გარდა სახურავის შეკეთების სამუშაოების წარმოებისა. პალატის მითითებით, ამ განჩინებებითაც დასტურდება, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მიმართ და ამასთან, სწორედ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამორიცხავს კანონიერი ნდობის არსებობას, რამდენადაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სასამართლოს განჩინებების თაობაზე.
ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი აკრძალვა ეხებოდა მხოლოდ უნებართვო მშენებლობას, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და ნებართვის გარეშე სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაუშვებელია სასამართლოს აკრძალვის არსებობის/არ არსებობის მიუხედავად. რაც შეეხება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებას, აღნიშნული გასათვალისწინებელი იყო როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირისათვის, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის და სწორედ აღნიშნული განჩინების გაუთვალისწინებლობა გახდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მესამე პირებს არ გააჩნდათ იურიდიული ინტერესი მის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობასთან მიმართებით. ამას გარდა, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. მ-ი, ა. ლ-ე და ლ. ხ-ე არ წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, არ არსებობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება მშენებლობის ნებართვით მინიჭებული სამშენებლო სამუშაოებით მათ კანონიერ ინტერესზე/უფლებებზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მესამე პირების საკუთრებაში არსებული შენობები არ წარმოადგენდა იმ უძრავი ქონების მომიჯნავეს, სადაც დადგენილია რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოები. შესაბამისად, ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებთან და არსებული სამუშაოები გავლენას არ ახდენს მათ კონსტრუქციულ მზიდუნარიანობაზე.
კასატორის განმარტებით, მას გააჩნდა კანონიერი ნდობა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებისა და ამავე სამსახურის სანებართვო მოწმობის მიმართ, ვინაიდან მის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, განხორციელდა არსებითი სამუშაოები, გაწეულ იქნა სოლიდური ფინანსური ხარჯები და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მას მიადგენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
კასატორის მითითებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ №2/578-15 სამოქალაქო საქმეზე ნ. მ-ისა და ა. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთა მიმართ უკანონოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა და უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟი, რაც დასტურდება თავად 2015 წლის 8 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინებით. შესაბამისად, აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება ეხება შ. ვ-ისთვის მხოლოდ უძრავ ქონებაზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოების აკრძალვას და არა ნებართვის ფარგლებში განხორციელებულ/განსახორციელებელ სამუშაოებს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც შეეხება ბორჯომში, ...ის ქ №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას კავშირი არ აქვს შ. ვ-ის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან და არ უნდა ჩათვლილიყო წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამავე კანონის 22-ე მუხლი ადგენს, რომ ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. მითითებული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 22 მაისის №2/104 ბრძანებით ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების განხორციელების ნებართვის მიღების მოთხოვნით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შ. ვ-ემ 2015 წლის 10 აგვისტოს №2367 წერილით მიმართა, რომელსაც შესაბამისი საპროექტო დოკუმენტები ერთვოდა. საკითხის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე განხილვის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ არსებობდა პროექტის გადამუშავებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის საჭიროება. კერძოდ, განმცხადებელს განემარტა, რომ რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი იყო გადასამუშავებელი სახელოვნებათმცოდნეო კვლევის რეკომენდაციებისა და შენობის ავთენტური ელემენტების და კვანძების შენარჩუნებით, არ იყო წარდგენილი არსებული შენობის მეორე სართულის გეგმა-ანაზომი, არსებული ფასადის ანაზომი, არსებული შენობის ჭრილი 1-1, ასევე, თანამესაკუთრეებისა და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების თაობაზე. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2015 წლის 6 ოქტომბრის და 17 ნოემბრის სხდომაზე განხილვის შედეგად ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტზე სანებართვო მოწმობის გაცემას უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ არ იყო გათვალისწინებული წინამორბედი საბჭოს შენიშვნები.
ქალაქ ბორჯომის, ...ას ქუჩის მაცხოვრებლებისა და მათი წარმომადგენლების განცხადებებით 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აზიანებდა მათ საკუთრებასა და საცხოვრებელ პირობებს. განმცხადებლებმა ზედამხედველობის სამსახურის დაუყონებლივ რეაგირება, მშენებლობის წარმოების შეჩერება, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი და ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების ჩართვა მოითხოვეს. აღნიშნული შინაარსის წერილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც წარედგინა.
სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ის და ა. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შ. ვ-ეს, კ. ვ-ეს, ე. თ-ს და ბ. გ-ს ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში და ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება აეკრძალათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით ბ. გ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. ვ-ეს, კ. ვ-ეს, ე. თ-ს და ბ. გ-ს ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში და ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება აეკრძალათ გარდა სახურავის შეკეთების სამუშაოების წარმოებისა.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანებით შ. ვ-ის და ბ. გ-ის 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადების საფუძველზე ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების ნებართვა და №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობა გაიცა 2016 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედების ვადით.
2016 წლის 25 აგვისტოს ნ. მ-მა და ა. ლ-ემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს, რომლითაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის №02839 გადაწყვეტილების და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ. მ-ის და ა. ლ-ის სარჩელზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება იმაზე მითითებით, რომ არ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
სადავო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის №03/210 ბრძანებით ა. ლ-ის, ნ. მ-ის და ლ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ბრძანების თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების მოქმედების პირობებში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობის საფუძველზე დაინტერესებული მხარეების - შ. ვ-ისა და ბ. გ-ის მიერ ქალაქ ბორჯომში, ...ას ქუჩა №29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების განხორციელება არათუ შეუძლებელი იყო, არამედ მისი შესრულება გამოიწვევდა სამართალდარღვევას (გარდა სახურავის შეკეთების სამუშაოებისა).
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის №006968817 დასკვნით შეფასებულია ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (იგივე საცხოვრებელი სახლი მოქცეულია ...ას 29-შიც, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებებით (2018 წლის 11 აპრილისა და 21 მაისის ოქმები) და №2/578-15 საქმეზე 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების მონაცემებით) მდგომარეობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით: 1. ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს; 2. ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში წარმოებული მშენებლობა არ შეესაბამება მისი მშენებლობისთვის გაცემულ პროექტს; 3. ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა №2-ში პროექტის გვერდის ავლით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია და შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.
ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ბორჯომში, ...ას №29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ამავე ქუჩაზე მცხოვრები პირების პრეტენზიების თაობაზე, თუმცა 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანების მიღებამდე, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი პირების ინფორმირების, მათი საქმეში ჩართვის, ან/და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მათი პრეტენზიების გამოკვლევის შესახებ გარემოებები არ დგინდება. ასევე, არ ირკვევა, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანების მიღებამდე საქმის განმხილველმა ორგანომ გამოიკვლია შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებულ დავებთან (№3/110-16 და №2/578-15 საქმეებზე განჩინებები) დაკავშირებული მდგომარეობა და შეაფასა მისი მნიშვნელობა განსახილველი საკითხისადმი. არ ირკვევა, რომ გამოიკვლია სანებართვო სამუშაოებზე წარდგენილი პროექტი და მისი შესაბამისობა საპროექტო ობიექტზე არსებულ მდგომარეობასთან, რაზეც მიუთითებდა წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის №006968817 დასკვნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების გაანალიზების პირობებში, სადავო აქტის შემოწმებისას სწორად შეაფასა მასთან წარდგენილი საჩივარი და გადაწყვიტა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა შ. ვ-ის მითითებები მასზედ, რომ ნ. მ-ი, ა. ლ-ე და ლ. ხ-ე არ წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, ხოლო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანებისა და ამავე სამსახურის №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა და მართებულად მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც ავალდებულებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას და მათზე ზრუნვას. მოქალაქეთა ვალდებულებაში მოიაზრება ამ მიზნით ადმინისტრაციული საჩივრის თუ სასარჩელო განცხადების წარდგენით ასეთი ობიექტების დაცვა და მათზე ზრუნვა. მხარის აღნიშნულ პრეტენზიებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებებზე, რაც დამატებით გამორიცხავდა შ. ვ-ის კანონიერი ნდობის არსებობას, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო სასამართლოს განჩინებების თაობაზე. რაც შეეხება თავად სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინებას, სწორედ აღნიშნული განჩინების გაუთვალისწინებლობა გახდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე დ. მ-ეს 22.07.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შ. ვ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. შ. ვ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. მ-ის მიერ 22.07.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა