საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-476(კ-21) 21 დეკემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 17 ოქტომბერს ი. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის თავმჯდომარის 2016 წლის 9 აგვისტოს №პ/79 ბრძანების თანახმად, საქართველოს ...ის თავმჯდომარის მოადგილე - ი. ლ-ი 2016 წლის 9 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს (საქმე №3/5972-16) გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 15 ივლისის №151 ბრძანება ი. ლ-ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 29 ივლისის №პ/71 ბრძანება, ი. ლ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 9 აგვისტოს №პ/79 ბრძანება ი. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ლ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ი. ლ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 9 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ი. ლ-ის მოთხოვნა - გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; ი. ლ-ის სარჩელი - დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის - 5 000 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის (საქმე №3ბ/2537-17) გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 9 აგვისტოს №პ/79 ბრძანება ი. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის თავმჯდომარის 2019 წლის 5 აგვისტოს №236 ბრძანების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის №3ბ/2537-17 გადაწყვეტილების მიხედვით ი. ლ-ის თანამდებობად განისაზღვრა ...ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს ...ის თავმჯდომარის 2019 წლის 6 აგვისტოს №პ/86 ბრძანების მიხედვით, პირადი განცხადების საფუძველზე, ი. ლ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან 2019 წლის 6 აგვისტოდან.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 19 აგვისტოს განცხადებით მიმართა ...ს და მოითხოვა 2016 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 5 აგვისტომდე, გათავისუფლებიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში განაცდური ხელფასის ანაზღაურება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2019 წლის 16 სექტემბრის №2-07/12786 წერილით უარი ეთქვა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) 2016 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 5 აგვისტომდე - 201 338.41 ლარის ანაზღაურების დაკისრება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2019 წლის 16 სექტემბრის №2-07/12786 წერილის, რომლითაც უარი ეთქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს მოსარჩელის - ი. ლ-ის სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება დარიცხული სახით - 201 338.41 ლარის ოდენობით. მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 400 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავის საგანთან დაკავშირებით განმარტა, რომ დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ისათვის მოსარჩელე - ი. ლ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, განსახილველი სარჩელი აღძრული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე (სარჩელის ქმედების განხორციელების თაობაზე) და არა ამავე კოდექსის 22-ე მუხლის (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2019 წლის 16 სექტემბრის №2-07/12786 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, წარმოადგენს ქმედების განხორციელებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარს და განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო მსჯელობს ქმედების განხორციელებაზე უარის მართლზომიერებაზე და არა აქტის კანონიერებაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, აპელანტის მითითება, რომ აღნიშნული წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნა წარმოადგენდა დამოუკიდებელ მოთხოვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...მა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რაც განსახილველი დავის ფარგლებში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ცნობით, საჯარო სამსახურში შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, სამართლებრივი ძალა არ აქვს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და არა აღნიშნული აქტების საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
მოქმედი 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო მოსამსახურე არის პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის პირველი მოადგილე/მოადგილე. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება საჯარო მოსამსახურის ცნება, რომელიც არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისზეც არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, განსაზღვრავს, კანონის რომელი მუხლების მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე. კერძოდ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ვრცელდება მოქმედი 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის (მოხელისათვის დადგენილი მოთხოვნები) მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე მუხლი (მოხელის სამსახურებრივი მივლინება), 55-ე მუხლის პირველი პუნქტი (მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება), მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე (მოხელის შვებულება), 64-ე (მოხელის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო), 66-ე (მოხელისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება) და 124-ე (სამსახურის სტაჟი) მუხლები, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, 2017 წლის 1 ივლისიდან, როდესაც ამოქმედდა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების სტატუსი განისაზღვრა ახლებურად, კერძოდ, დეპარტამენტის, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავმჯდომარის მოადგილეები განისაზღვრნენ სახელმწიფო მოსამსახურეებად და მათზე აღარ ვრცელდება მოქმედი 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმებისა (რომლებიც არ არეგულირებენ სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის აღდგენის საკითხს). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმ ნორმებზე, რომლებიც არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე.
სასამართლო განჩინების 4.18 პუნქტში (გვ. 23) მიუთითებს, რომ მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელიც არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე) 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საყურადღებოა, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილითაც დადგენილი იქნებოდა მოსარჩელის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და დოკუმენტი ან/და დეპარტამენტის განმარტება, რომლითაც დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მოსარჩელე დეპარტამენტის მიერ სამუშაოდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. ხოლო, მეორე მხრივ არ არსებობს დოკუმენტი დეპარტამენტის მიერ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. დეპარტამენტი მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულებისას (სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ფარგლებში) დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკითხის განხილვა ვერ მოხდება, ვერ დადგინდებოდა უკანონოდ განთავისუფლების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელე აღადგინეს მითითებულ თანამდებობაზე არამართებულია, ვინაიდან მოსარჩელე აღდგენილი არ ყოფილა აღნიშნულ თანამდებობაზე. დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 5 აგვისტოს №236 ბრძანების შესაბამისად, ი. ლ-ის თანამდებობად განისაზღვრა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ მოხდა ი. ლ-ის აღდგენა მითითებულ თანამდებობაზე, ვინაიდან 2017 წლის 1 ივლისიდან, როდესაც ამოქმედდა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების სტატუსი განისაზღვრა ახლებურად, კერძოდ, დეპარტამენტის, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, თავმჯდომარის მოადგილეები განისაზღვრნენ სახელმწიფო მოსამსახურეებად და მათზე აღარ ვრცელდება მოქმედი 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმებისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც მოსარჩელის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და არც მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ფაქტი. სასამართლო კი, თავად განმარტავს, რომ ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდება.
კასატორის განმარტებით, ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის წარმომადგენლების შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოქალაქე ი. ლ-ის მიერ 2016 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში მიღებული შემოსავლების შესახებ. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 23 დეკემბრის №21-11/138592 წერილის შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნულ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი - 469 830.65 ლარის ოდენობით (დარიცხული 587 288.31 ლარი), ანუ მოსარჩელეს მითითებულ პერიოდში მიღებული აქვს ბევრად მეტი შემოსავალი ვიდრე იგი მიიღებდა თანამდებობრივი სარგოს სახით. აღნიშნულ შემოსავალს (469 830.65 ლარს) ი. ლ-ი ცალსახად ვერ მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა დეპარტამენტში დასაქმებული, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონდა სხვა შემოსავლის მიღების უფლება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია (სამეცნიერო საქმიანობა)). კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის „თანამდებობის პირში“ იგულისხმება საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირს, უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირი, ვალდებულია თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. ანუ კანონის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, თანამდებობის პირს გარდა მისი თანამდებობისათვის განსაზღვრული ხელფასისა (თანამდებობრივი სარგო, დანამატი), უფლება არ აქვს ჰქონდეს სხვა შემოსავალი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, რაც ნიშნავს, რომ მოცემულ პერიოდში აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ მიიღებდა 469 830.65 ლარს, რაც ბევრად აღემატება თანამდებობრივი სარგოს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ მოსარჩელეს არ მიდგომია ზიანი, ვინაიდან არა თუ არ მიუღია დანაკლისი, არამედ მიღებული აქვს ბევრად მეტი შემოსავალი, შესაბამისად მოსარჩელეს აქტივები არ შემცირებია.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელის კერძო სექტორში მუშაობიდან გამომდინარე, შემოსავლის მიღების შემთხვევაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექნებოდა თანამდებობრივი სარგო, დანამატის მიღების უფლება და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.
სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ იზიარებს დეპარტამენტის განმარტებას, რომ დანამატის გაცემას სჭირდებოდა კანონისმიერი საფუძველი, რომელიც დამოკიდებული იყო პირის მიერ გარკვეული ფუნქციის შესრულებაზე და ამასთან დანამატის ოდენობა წინასწარ არ იყო დადგენილი, დეპარტამენტს შეუძლებლად მიაჩნდა იმის დადგენა, თუ რა ოდენობის დანამატს მიიღებდა მოსარჩელე ან მიიღებდა თუ არა საერთოდ ზემოაღნიშნულ პერიოდში.
კასატორმა აგრეთვე მიუთითა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საკითხზე და სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციის გარეშე, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრული იყო ქმედების განხორციელების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს (საქმე №3/5972-16) გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 15 ივლისის №151 ბრძანება ი. ლ-ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 29 ივლისის №პ/71 ბრძანება ი. ლ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 9 აგვისტოს №პ/79 ბრძანება ი. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ლ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ი. ლ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 9 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ი. ლ-ის მოთხოვნა - გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; ი. ლ-ის სარჩელი - დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის - 5 000 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის (საქმე №3ბ/2537-17) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს (საქმე №3/5972-16) გადაწყვეტილება; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 9 აგვისტოს №პ/79 ბრძანება ი. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის №ბს-618-618(2კ-18) გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ისა და ი. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოცემული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის თავმჯდომარის 2019 წლის 5 აგვისტოს №236
ბრძანების თანახმად, ი. ლ-ის თანამდებობად განისაზღვრა - ...ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს ...ის თავმჯდომარის 2019 წლის 6 აგვისტოს №პ/86 ბრძანების მიხედვით, პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ...ის თავმჯდომარის მოადგილე - ი. ლ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან 2019 წლის 6 აგვისტოდან.
2019 წლის 19 აგვისტოს, ი. ლ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის თავმჯდომარეს და მოითხოვა გათავისუფლებიდან (2016 წლის 9 აგვისტოდან) თანამდებობაზე აღდგენამდე (2019 წლის 5 აგვისტომდე) პერიოდში განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება, რაზედაც ეთქვა უარი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ძალადაკარგულად გამოცხადდა და 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არსებითად და პრინციპების დონეზე განსხვავებული ცნებებითა და ინსტიტუტებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი. ლ-ი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...იდან გათავისუფლდა 2016 წლის 9 აგვისტოს, მაშინ როცა ჯერ კიდევ მოქმედებდა 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ". შესაბამისად, დავა უნდა გადაწყდეს სადავო სამართალურთიერთობების წარმოშობის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო სივრცის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს სამინისტროებში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის 2016 წლის 9 აგვისტოს №პ/79 ბრძანება ი. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის თავმჯდომარის 2019 წლის 5 აგვისტოს №236 ბრძანების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის №3ბ/2537-17 გადაწყვეტილების მიხედვით ი. ლ-ის თანამდებობად განისაზღვრა - ...ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ იძულებითი განაცდური უდავოდ წარმოადგენს ზიანს, რომელიც სუბიექტმა განიცადა მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით უარი უნდა ეთქვას განაცდურის ანაზღაურებაზე საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და სააპელაციო სასამართლოს მსგავსად განმარტავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი შემოსავალი, თავისი არსით, მატერიალური ზიანია, რომელსაც მოხელე განიცდის მისი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო. შესაბამისად, მხარის მიერ სხვა შემოსავლის მიღება არ გამორიცხავს მიუღებელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნას. ,,პირს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ენიჭება იმისდა მიუხედავად, სასამართლოსთვის მიმართვის ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ის ფაქტობრივად დასაქმებულია თუ არა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლებული პირი მოგვიანებით დამსაქმებლის ინიციტივით აღდგენილი ან დანიშნული იქნება სხვა თანამდებობაზე, აღნიშნული არ ართმევს პირს უფლებას, მოითხოვოს უკანონოდ გათავისუფლებით მისთვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, ისევე როგორც პირის სხვა სამსახურში (მათ შორის კერძო სექტორში) დასაქმება, ვერ გაათავისუფლებს სახელმწიფოს უკანონოდ გათავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუმცა შესაძლებელია, განსხვავებული იყოს ასანაზღაურებელი ზარალის კონკრეტული ოდენობა.“ (საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილება თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
საკასაციო სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება საქმეზე ბს-733(კს-20)).
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არ იმსჯელეს საქართველოს ...ის 2019 წლის 16 სექტემბრის N02-07/12786 წერილის ბათილად ცნობაზე, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 4.23 პუნქტში, მოცემულია სასამართლოს მსჯელობა დავის საგანთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე) და არა ამავე კოდექსის 22-ე მუხლის (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) საფუძველზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა განსახილველ დავას და აღნიშნა, რომ სადავო წერილი, წარმოადგენდა არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ქმედების განხორციელებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული წერილის ბათილად ცნობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე