საქმე №ბს-663(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 19 ოქტომბერს ი/მ ხ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1/1-2156 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ი/მ ხ. წ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, გადაეგზავნა განსჯად ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
სარჩელის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ხ. წ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის №1907 განკარგულებით ი/მ ხ. წ-ეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ. წ-ეს შორის 2015 წლის 7 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ი/მ ხ. წ-ემ ძირითადად შეასრულა მითითებული მთავრობის განკარგულებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები: გადაიხადა საპრივატიზებო თანხა 4000 ლარის ოდენობით, საგარანტიო თანხა 30000 ლარის ოდენობით, განახორციელა 254174,35 ლარის სამშენებლო სამუშაოები, შეიძინა ფერმისათვის პირუტყვი, რაშიც გადაიხადა 300 000 ლარი. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 18.09.2018 წლის №1/1-2156 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ი/მ ხ. წ-ესთან 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1/1-2156 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ხ. წ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის №1907 განკარგულებით ი/მ ხ. წ-ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ამავე პირობებით 2015 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ. წ-ეს შორის დაიდო ნასყიდობის (პრივატიზების) ხელშეკრულება, რომლის 3.1.1. მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით უზრუნველეყო - მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ქონებაზე არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირება; არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა. ამასთან, ამ ვალდებულების შესასრულებლად განეხორციელებინა 300 000 ლარის ინვესტიცია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული 2015 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ზემოაღნიშნულ ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში, კერძოდ, 6.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ასევე 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.4 მუხლი). გარდა ამისა, ხელშეკრულების 6.9 მუხლის შესაბამისად, 5.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო საბანკო გარანტიის შესავსები თანხის 0,1% -ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 იანვრის დასკვნის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ხ. წ-ის მიერ 2015 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებული იქნა, კერძოდ, უდავოა, რომ ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 300 000 ლარის ინვესტიციის ნაცვლად მის მიერ გაწეული იქნა გაცილებით მეტი 489 806.35 ლარის ოდენობით დანახარჯები, ხოლო 3.1.1 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილ შესრულების შესაბამის ეტაპებზე ჯეროვნად შესრულებული არ ყოფილა (200 სული პირუტყვისათვის გათვლილი მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა დადგენილ ვადაში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა მეცხოველეობის ფერმა მხოლოდ 140 პირუტყვზე, ამასთან, 200 ერთეულის ნაცვლად შეძენილი იყო 197 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი), თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდებოდა შემდგომ პერიოდში რამდენად სრულყოფილად შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოს ინტერესი არ დაუკარგავს, რასაც ადასტურებდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულების გამოცემა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ხ. წ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის №1907 განკარგულებაში შეტანილი იქნა ცვლილება და დადგინდა, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2019 წლის 29 სექტემბრისა, ი/მ ხ. წ-ეს უნდა უზრუნველეყო მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ქონებაზე არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირება; არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა და ამ ვალდებულების შესასრულებლად განეხორციელებინა არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია. ამავე განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ი/მ ხ. წ-ეს დაევალა ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც მოქმედი იქნებოდა არანაკლებ 2020 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო აღნიშნული პირობის შესრულების შემთხვევაში ი/მ ხ. წ-ე გათავისუფლდებოდა 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან. სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულების საფუძველზე, მხარეთა შორის ცვლილების ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულების დამოუკიდებლად არსებობა არასაკმარისია, ვინაიდან პრივატიზება დასრულებულ სახეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ქონების მმართველსა (სააგენტო) და მყიდველს შორის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების (ან ცვლილების ხელშეკრულების) გაფორმებისას იძენს. პალატამ მიიჩნია, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, რასაც განსახილველ შემთხვევეში საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულებასთან მიმართებით ადგილი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში მართალია, სახეზეა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულება, მის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რომელიც დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, თუმცა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა ის გარემოება, თუ რა გახდა ცვლილების თაობაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობის საფუძველი, მით უფრო, რომ აღნიშნული მოსარჩელისთვის ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებდა. ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია ი/მ ხ. წ-ის მიერ, მისთვის საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში წარდგენილი 2018 წლის 12 ივნისის განცხადება, როგორც ცვლილების ხელშეკრულების დადებისთვის ნების გამოვლენა, კერძოდ, მითითებული განცხადებით, ი/მ ხ. წ-ე გამოხატავს ნებას ფერმის დასასრულებლად დამატებით დახარჯოს თანხა 80 000 ლარის ოდენობით, ასევე მიუთითებს, რომ მის მიერ 2017 წლის ნოემბრის თვეში (ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ) დამატებით შეძენილია 5 სული პირუტყვი, ხოლო მშენებლობის დასრულების ვადებზე, მისი განმარტებით, გავლენა მოახდინა რთულმა კლიმატურმა პირობებმა. აღნიშნული განცხადებით ი/მ ხ. წ-ე მოითხოვს დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას და აღნიშნავს, რომ წარადგენს საბანკო გარანტიას, რომელიც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება მოთხოვნილი იყო საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული განცხადების პასუხად, რაც ამავდროულად სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა, საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის №4/50289 წერილი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის №1907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის და ი/მ ხ. წ-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის №537 განკარგულებამ, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველის (ანუ მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო ძალა დაკარგა, რის გამოც საბოლოოდ სააგენტომ მიიღო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის მიერ 2018 წლის 12 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების მიზეზებთან დაკავშირებით (რთული კლიმატური პირობები, ხარჯების გაუთვალისწინებელი ზრდა და სხვ.), ასევე ვადაგადაცილებით, თუმცა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების შესახებ (დამატებით შეძენილი 5 პირუტყვის გათვალისწინებით მის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც დაუშვებელი იყო დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტა, რამდენადაც სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ცალმხრივი ნების გამოვლენა. კასატორის მითითებით, მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ და არც სააგენტოს მიერ მხარისათვის არაერთხელ მიცემულ დამატებით ვადაში, რის გამოც ცალმხრივად შეწყდა მასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1/1-2156 ბრძანების კანონიერება, რომლითაც შეწყდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ. წ-ეს შორის 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის (პრივატიზების შესახებ) ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნების ცალმხრივი გამოვლენის საფუძველზე.
დადგენილია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ხ. წ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის №1907 განკარგულებით ი/მ ხ. წ-ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ამავე პირობებით 2015 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ. წ-ეს შორის დაიდო ნასყიდობის (პრივატიზების) ხელშეკრულება, რომლის 3.1.1. მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით უზრუნველეყო - მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ქონებაზე არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირება; არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა. ამასთან, ამ ვალდებულების შესასრულებლად განეხორციელებინა 300 000 ლარის ინვესტიცია.
საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ი/მ ხ. წ-ის მიერ 2015 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე 2017 წლის 16 იანვრის მდგომარეობით მშენებლობა განხორციელებულია 200 სული პირუტყვისათვის გათვლილი მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით. თუმცა, იმ ეტაპზე შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა მეცხოველეობის ფერმა 140 პირუტყვზე. ამასთან, ი/მ ხ. წ-ის მიერ შეძენილი იყო 197 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო რაც შეეხება დანახარჯს, ინვესტიციის სახით მის მიერ გაწეული ხარჯი დღგ-ს გარეშე შეადგენდა 489 806.35 ლარს.
ამდენად, დადგენილია, რომ ი/მ ხ. წ-ის მიერ 2015 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებული იქნა, კერძოდ, უდავოა, რომ ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 300 000 ლარის ინვესტიციის ნაცვლად მის მიერ გაწეული იქნა გაცილებით მეტი 489 806.35 ლარის ოდენობით დანახარჯები, ხოლო 3.1.1 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილ შესრულების შესაბამის ეტაპებზე ჯეროვნად შესრულებული არ ყოფილა (200 სული პირუტყვისათვის გათვლილი მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა დადგენილ ვადაში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა მეცხოველეობის ფერმა მხოლოდ 140 პირუტყვზე, ამასთან, 200 ერთეულის ნაცვლად შეძენილი იყო 197 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი).
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულების თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ხ. წ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის №1907 განკარგულებაში შეტანილი იქნა ცვლილება და დადგინდა, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2019 წლის 29 სექტემბრისა, ი/მ ხ. წ-ეს უნდა უზრუნველეყო მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ქონებაზე არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირება; არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა და ამ ვალდებულების შესასრულებლად განეხორციელებინა არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია. ამავე განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ი/მ ხ. წ-ეს დაევალა ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც მოქმედი იქნებოდა არანაკლებ 2020 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო აღნიშნული პირობის შესრულების შემთხვევაში ი/მ ხ. წ-ე გათავისუფლდებოდა 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.
მოცემულ შემთხვევაში მართალია, სახეზეა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულება, მის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რომელიც დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა ის გარემოება, თუ რა გახდა ცვლილების თაობაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობის საფუძველი, მით უფრო, რომ აღნიშნული მოსარჩელისთვის ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებდა. ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია ი/მ ხ. წ-ის მიერ, მისთვის საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში წარდგენილი 2018 წლის 12 ივნისის განცხადება, როგორც ცვლილების ხელშეკრულების დადებისთვის ნების გამოვლენა, კერძოდ, მითითებული განცხადებით, ი/მ ხ. წ-ე გამოხატავს ნებას ფერმის დასასრულებლად დამატებით დახარჯოს თანხა 80 000 ლარის ოდენობით, ასევე მიუთითებს, რომ მის მიერ 2017 წლის ნოემბრის თვეში (ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ) დამატებით შეძენილია 5 სული პირუტყვი, ხოლო მშენებლობის დასრულების ვადებზე, მისი განმარტებით, გავლენა მოახდინა რთულმა კლიმატურმა პირობებმა. აღნიშნული განცხადებით ი/მ ხ. წ-ე მოითხოვს დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას და აღნიშნავს, რომ წარადგენს საბანკო გარანტიას, რომელიც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება მოთხოვნილი იყო საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №537 განკარგულებით.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის მიერ 2018 წლის 12 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების მიზეზებთან დაკავშირებით (რთული კლიმატური პირობები, ხარჯების გაუთვალისწინებელი ზრდა და სხვ.), ასევე ვადაგადაცილებით, თუმცა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების შესახებ (დამატებით შეძენილი 5 პირუტყვის გათვალისწინებით მის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა). მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასათანადოდ, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც მოსარჩელე აღნიშნავდა მოცემულ საქმეზე და მოტივი, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს საქმეზე არსებული გარემოებები, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების უმეტესი ნაწილის შესრულების პირობებში დაუსაბუთებელია ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის საფუძვლები, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა შეილახოს მოსარჩელე ი/მ ხ. წ-ის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა