საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-88(კ-21) 21 დეკემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 ივნისს მ. ა-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2018 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №1000642291 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №1000642291 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-იმ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლოს არგუმენტაცია ემყარება იმ დათქმას, რომ მოპასუხე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა მ. ა-ისთვის საქართველოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ, საკმარისი საფუძველი იყო ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარის სათქმელად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები. იმისათვის, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ამგვარი უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმები. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამავე კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად კი ,,უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ". აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოში აქვს უძრავი ქონება, მას შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი ბინადრობის უფლება. ამგვარი პირობის დადგენის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვა. კანონი ასევე უშვებს შესაძლებლობას, რომ პირს უარი ეთქვას მოკლევადიანი ბინადრობის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.
კასატორის მითითებით, აღსანიშნავია, რომ კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი ,,დისკრეციული უფლებამოსილება", თუმცა იგი გამოიხატება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა - ადმინისტრაციულ ორგანოს ,,შეუძლია", ,,უფლება აქვს", ,,უფლებამოსილია". ამდენად, ,,უარყოფითი დასკვნა" ყოველთვის არ ქმნის მოკლევადიანი ბინადრობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელმა სააგენტოს მიანიჭა უფლება, თავად გადაწყვიტოს პირისათვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების საკითხი უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებშიც. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება კი წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას, როდესაც მან უნდა შეაფასოს ბალანსი პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებულ ზიანსა და იმ სიკეთეს შორის, რომლის დასაცავადაც შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება (ზაკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი).
კასატორის განმარტებით, მ. ა-ის საქართველოში აქვს კერძო საკუთრება, რომლის ღირებულება აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმით მოსარჩელე რჩება რეალური შესაძლებლობის გარეშე განკარგოს საკუთარი ქონება. უარის თქმა წარმოადგენს ერთგვარ გაძევებას ქვეყნიდან. იმ პირობებში, როცა მას ერთხელ უკვე მიეცა ბინადრობის ნებართვა და, შესაბამისად, გარკვეული სამართლებრივი გარანტიები, მან განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია და გადაწყვიტა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მიეღო ბინადრობის ნებართვა, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას, არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს.
ამასთან, 2018 წლის 15 ნოემბრის, ირანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული N1511/103 ცნობით დასტურდება, რომ მ. ა-ი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება ბინადრობის უფლება, იგი დაექვემდებარება საქართველოდან გაძევებას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მისთვის მოკლევადიანი ბინადრობის უფლებაზე უარის თქმა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ არსებობს ე.წ. ,,უარყოფითი დასკვნა“. კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ, 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის სარჩელი, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლეს კონტრდაზვერვის სამსახურის წერილი გაცნობის შემდეგ, სულ მცირე, გაუჩნდა ეჭვი, სააგენტოს უარის საფუძვლიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ მიიღო ისე, რომ არ შეუფასებია საჯარო და კერძო ინტერესები. სააგენტო, ფაქტობრივად, უარს ამბობს დისკრეციული უფლების გამოყენებაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ა-ი (დაბადებული ... წლის ... ...ს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. მ. ა-ი 2018 წლის 27 ივნისიდან არის უძრავი ქონების მესაკუთრე. ...-ს უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 45000 აშშ დოლარს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2018 წლის 15 ნოემბრის №1511/1033 ცნობის თანახმად, მ. ა-ი არ არის ნასამართლევი ცნობის გაცემის თარიღამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1000642291 გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მ. ა-ის უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ა-იმ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1000642291 გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ა-ის განცხადებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №01/149777 წერილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მთავარ სამმართველოს განმეორებით გაეგზავნა მ. ა-ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით ბინადრობის ნებართვის საქმის მასალები და ეთხოვა, ეცნობებინათ არსებობდა თუ არა აღნიშნული პირისათვის უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 1 ივნისის № SSG 7 19 00097103 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ. ა-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ. 56). აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №1000642291 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის 2018 წლის 6 დეკემბრის განცხადება №1000642291 და მ. ა-ის უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 14).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 1 ივნისის № SSG 7 19 00097103 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ 2021 წლის 20 სექტემბრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას. არ იზიარებს კასატორის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ამჯერად საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 15.03.2021წ. საგადახდო დავალებით №184981 გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ა-ის (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. მ. ა-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.03.2021წ. საგადახდო დავალებით №184981 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე