Facebook Twitter

№ბს-578(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 24 ივნისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - „...-ის“ მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...-ისათვის“ მის სასარგებლოდ 33 239.57 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...-ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ - 33 239.57 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს „...-მა“ დაარღვია 2007 წლის 17 ივლისის №7/5-1847 და 2013 წლის 18 ივნისის №1/3087 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, მოსარჩელეს არ აუნაზღაურდა გაწეული მომსახურეობის ღირებულება, შესაბამისად სახეზე იყო „დაცვის“ მომსახურების ღირებულების - სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობა, რის საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რა პირობებშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხე შპს „...“-ს - 33 239.57 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა დავალიანების არსებობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ძირითადად მოთხოვნილი იყო იმ საფუძვლით, რომ ინკასოს პირობებში არსებობდა საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც ითხოვდა დაკისრებული თანხის განაწილებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით რეგულირებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების საკითხს, რაც წარმოადგენდა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის გახანგრძლივებისა და გარკვეული ვადით გადადების საპროცესო მექანიზმს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“.

კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვა უარი დავალიანების დაფარვის იმგვარ ფორმაზე, რომელიც მან შესთავაზა მეორე მხარესა და სასამართლოს. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა გამოწვეულია კომპანიის ფინანსური მდგომარეობით. შპს „...-ის“ განმარტებით, სადავო არ არის, რომ იგი სსიპ შემოსავლების სამსახურის ინკასოს გამო ვერ ახერხებს საბანკო ან/და ფინანსური ოპერაციების შესრულებას და შესაბამისად, წინამდებარე დავალიანების გადახდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სსსკ-ის 120-ე მუხლის თანახმად, სახეზეა გარემოება, რომელიც მოსარჩელეს თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ აძლევს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით შპს „...-ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „...-სა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2007 წლის 17 ივლისსა და 2013 წლის 18 ივნისს გაფორმდა №7/5-1847 და №1/3087 ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო შპს „...-ის“ ობიექტების დაცვა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ შპს „...-ს“ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და გაწეული მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია. აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კასატორი არ უარყოფს ვალდებულების შეუსრულებლობას, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უსწორობას, არამედ საკასაციო საჩივარი აგებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ შპს „...-ს“ ინკასოს გამო არ აქვს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს აღსრულების საშუალება და წესი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 263-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ - აღსრულების ეტაპზე. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნით კასატორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1662 ლარის 30%-ის - 498.60 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება;

3. შპს „...-ს“ (ს/კ ...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1662 ლარის 30%-ის - 498.60 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი