Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-187(კ-21) 14 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ვ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ზიანის ანაზღაურების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ვ-მა 2019 წლის 17 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №04/34135 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს №04/44586 წერილობითი მიმართვების ბათილად ცნობა, ასევე, მ. ვ-ისათვის 2007 წლის დეკემბრამდე, მისი ოჯახის წევრებისათვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება და მოსარჩელის სასარგებლოდ, 2007 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით 22000 ლარის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მ. ვ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №04/34135 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №04/44586 წერილობითი მიმართვები; მოპასუხეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ. ვ-თან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცილ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, ლ. ვ-სა და მის მეუღლეს - დ. ვ-ს მარჩენალი შვილის დაკარგვის გამო პენსია დაენიშნათ 1997 წლის 1 იანვრიდან. პენსიის გაანგარიშება განხორციელდა დასახელებული კანონის 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგოების (ხელფასის) 50% ოდენობით (თანამდებობრივი სარგო 24,78 ლარი, წოდების სარგო 2,21 ლარი და კვების კომპენსაცია - 59 ლარი). პენსიის დანიშვნა განხორციელდა ოჯახის ორ წევრზე (ერთ წევრზე - 42,99 ლარი) 85,99 ლარის ოდენობით, და სახელმწიფო გასაცემლის მიმღებად, პირადი განცხადების საფუძველზე, დაფიქსირდა ლ. ვ-ი. 1999 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №04-02-15/4353 მითითების საფუძველზე, მოხდა პენსიების გადაანგარიშება (შეიცვალა თანამდებობრივი და წოდების სარგოს კოეფიციენტები), რის შემდეგაც მშობლების პენსიის ოდენობამ ოჯახის ორ წევრზე შეადგინა 101,09 (ერთ წევრზე 50,54 ლარი) ლარი (თანამდებობრივი სარგო - 38,59 ლარი, წოდების სარგო - 3,50 ლარი და კვების კომპენსაცია - 59 ლარი). 2005 წლის 1 იანვრიდან „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის (ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობა განისაზღვრა 28 ლარით) და ამავე კანონის 35-ე და მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დ. ვ-ის პენსიას (50,54 ლარი) დაემატა დანამატი (პენსიონერებს, რომლებიც არიან პირველი ჯგუფის ინვალიდები ან საპენსიო ასაკს მიაღწიეს საქართველოში დადგენილი ასაკის გამო, მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით) 18,67 ლარი და ორ წევრზე გასაცემი პენსიის ოდენობამ შეადგინა 119,75 ლარი (50,54+18,67+50,54=119,75).

კასატორის მითითებით, ლ. ვ-ს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპულის დედას, მარჩენალდაკარგულის პენსიის პარალელურად, ასევე დანიშნული ჰქონდა ასაკის გამო სახელმწიფო პენსია. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონები, რომელთა მე-6 მუხლების თანახმად, აღარ არსებობდა ორი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონების ამოქმედებამდე უკვე მოპოვებული ჰქონდათ ორი სხვადასხვა სახის პენსიის მიღების უფლება, შეუნარჩუნდათ დანიშნული თანხის მიღება ჯამურად ერთი გასაცემლის (კომპენსაციის) სახით. შესაბამისად, ორი გასაცემლის გაერთიანების შემდეგ ოჯახის ორ წევრზე დანიშნული კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 147,75 (119,75+28=147,75) ლარი. 2006 წლის მარტიდან მოხდა ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის მატება 5 ლარით, ხოლო იმავე წლის 1 სექტემბრიდან კიდევ 5 ლარით, მაგრამ აღნიშნული მატება არ უნდა შეხებოდა პენსიონერთა იმ კატეგორიას, რომლებსაც ერთდროულად დანიშნული ჰქონდათ ორი სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია). ვინაიდან ლ. ვ-ის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო პენსიის ერთ გასაცემლად გაერთიანება მოხდა 2007 წლის 1 აგვისტოდან, შესაბამისად 2006 წლის 1 მარტიდან - 2007 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით წარმოიშვა ვალი 140 ლარის ოდენობით, რომლის დაკავება განხორციელდა ბენეფიციარის კომპენსაციიდან ეტაპობრივად.

2007 წლის ნოემბერში ლ. ვ-ის მეუღლე - დ. ვ-ი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა გარდაცვლილად (გარდაც. თარიღი: 03.10.2005), რის გამოც ლ. ვ-ს 2007 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა კომპენსაციის (133,75ლარი) და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის (44 ლარი) ჩარიცხვა. შესაბამისად, ზედმეტად (უკანონოდ) მიღებულმა თანხამ შეადგინა 1730,25 ლარი. ლ. ვ-ისთვის შეჩერებული სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის აღდგენა განხორციელდა მისი განცხადების საფუძველზე (№17/27845, 18.12.2007 წელი) 2007 წლის 1 დეკემბრიდან (მისი შეჩერების დღიდან) და პარალელურად მისი კომპენსაციიდან (ლ. ვ-ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე) დაიწყო ზემოთ აღნიშნული თანხის (წარმოშობილი ვალი 1730,25 ლარი) დაკავება დანიშნული კომპენსაციის (78,54 ლარი) 20%-ის (15,70 ლარი) ოდენობით ზედმეტად მიღებული თანხის სრულ დაფარვამდე.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ„ საქართველოს კანონის 381 მუხლში შესული ცვლილების შესაბამისად, 2011 წლის 1 დეკემბრიდან მოხდა ლ. ვ-ის ვალის ლეგალიზაცია, შესაბამისად, შეჩერდა ვალის დაკავება და მისი გასაცემლის ოდენობამ შეადგინა 78,54 ლარი. აქედან გამომდინარე, ლ. ვ-ის კომპენსაციით უზრუნველყოფა 2016 წლის 1 მარტამდე ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით. ამასთან, ამავე კანონის 28–ე მუხლის თანახმად, 2013 წლის 1 აპრილიდან კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშებას დაექვემდებარა რიგი ბენეფიციარები, მათ შორის, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები. მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის მიმღებთათვის კომპენსაციის გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო აღნიშნულზე განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე–ჩუღურეთის ცენტრს 2016 წლის 7 მარტს №18791 განცხადებით მიმართა, მ. ვ-მა, როგორც ლ. ვ-ის მინდობით აღჭურვილმა პირმა, ლ. ვ-ის კომპენსაციის გადაანგარიშება მოხდა 2016 წლის 1 აპრილიდან და დანიშნული კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 195 ლარი, ხოლო გადაანგარიშებული თანხა ჩაერიცხა 2016 წლის მაისში (აპრილის თვის სხვაობა 116,46 და მაისის თვის 195 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ლ. ვ-ის გასაცემლის ოდენობა გაანგარიშებული იყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ვ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების ერთ-ერთი საფუძველია მარჩენალის გარდაცვალება. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით. ზემოაღნიშნული კანონის 1996-1997 წლებში მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მიხედვით, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი დაღუპული (გარდაცვლილი) მარჩენალის ოჯახის წევრებს, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ და ოჯახის შრომისუუნარო წევრებად ითვლებოდნენ დედა, მამა, ცოლი, ქმარი, თუ მათ შეუსრულდათ საპენსიო ასაკი: ქალებს 60 წელი, მამაკაცებს - 65 წელი ან იყვნენ ინვალიდები. მითითებული კანონის იმავე რედაქციის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად, თუ მეორე მსოფლიო ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, დაღუპულთა (გარდაცვლილთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს ჰქონდათ სხვადასხვა ორგანოებიდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებოდათ ორივე. მარჩენალის დაკარგვის გამო დადგენილი იყო შემდეგი ოდენობის პენსია: ა) ამ კანონის მე-19 მუხლის „ა“ მუხლის „ა“ პუნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად დაღუპულ (გარდაცვლილ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტში და 26-ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრზე - 50 პროცენტი ფულადი სარგოსი, რომელიც დადგენილი იყო „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით. ამავე ოდენობით მიეცემოდათ პენსია დედ-მამით ობოლ ბავშვებს. ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად დაღუპულთა (გარდაცვლილთა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტში და 26-ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა ოჯახის ყოველ შრომიუუნარო წევრზე - 40 პროცენტი ფულადი სარგოსი, რომელიც დადგენილი იყო იმავე კანონის მე-10 მუხლით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მ. ვ-ის მშობლებს - ლ. ვ-ს და დ. ვ-ს, მარჩენალი შვილის დაკარგვის გამო, 1997 წლის 1 იანვრიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაენიშნათ სახელმწიფო პენსია ოჯახის თითოეულ წევრზე. 2006 წლის 1 მარტიდან, ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის ოდენობა გაიზარდა 5 ლარით, ხოლო იმავე წლის 1 სექტემბრიდან კიდევ 5 ლარით, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე მ. ვ-ის ოჯახის წევრთა სახელმწიფო კომპენსაციის და ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის გაერთიანება ერთ გასაცემლად განხორციელდა 2007 წლის 1 აგვისტოდან და სახელმწიფო პენსიის აღნიშნული მატება არ უნდა ასახულიყო იმ პირებზე, რომელთაც ერთდროულად ჰქონდათ დანიშნული ორი სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია), შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 1 მარტიდან, 2007 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელე მ. ვ-ის ოჯახის წევრთა მიერ მიღებული გაზრდილი სახელმწიფო პენსია, ჯამში 140 ლარის ოდენობით, ზედმეტად იყო ჩარიცხული, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის, ეტაპობრივად, სახელმწიფო კომპენსაციიდან დაკავების თაობაზე.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ვ-ის მამის - დ. ვ-ის გარდაცვალების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, სსიპ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ცნობილი გახდა 2007 წლის ნოემბერში, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ვ-ის დედას - ლ. ვ-ს 2007 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელე მ. ვ-ის მამის - დ. ვ-ის გარდაცვალების თარიღად ფიქსირდებოდა 2005 წლის 3 ოქტომბერი, ხოლო მისმა მეუღლემ - ლ. ვ-მა ამის თაობაზე არ განაცხადა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად ჩარიცხული თანხა - 1730.25 ლარი დაკავებულ იქნა მოსარჩელე მ. ვ-ის დედის - ლ. ვ-ის სახელმწიფო კომპენსაციიდან, მის სრულ დაფარვამდე. ამასთან, 2007 წლის 1 დეკემბრიდან, მას აღუდგა სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება. 2011 წლის 1 დეკემბრიდან კი, განხორციელდა ზედმეტად ჩარიცხული თანხების ლეგალიზაცია, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლში შესული ცვლილების შესაბამისად, შეწყვიტა მოსარჩელე მ. ვ-ის დედისთვის - ლ. ვ-ისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხების დაკავება და მისი სახელმწიფო კომპენსაციის ყოველთვიურმა ოდენობამ შეადგინა 78.54 ლარი.

ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციები, 2013 წლის 1 აპრილიდან დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ხოლო მ. ვ-მა, როგორც მისი დედის - ლ. ვ-ის მინდობით აღჭურვილმა პირმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა 2016 წლის 7 მარტს, მისი ოჯახის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდა 2016 წლის 1 აპრილიდან და მის ოჯახს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 195 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვას და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სადავო აქტების მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო აქტები ამგვარ დასაბუთებას არ შეიცავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას გამოსაკვლევია, ზემოთდასახელებულ კანონებში შეტანილი ცვლილებებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების პირობებში, რომელი პერიოდის სახელმწიფო გასაცემელი დაერიცხა არასწორად მოსარჩელის ოჯახს და რა პერიოდი გადაანგარიშდა კანონის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, გაურკვეველია სასარჩელო მოთხოვნის 2016 წლის მაისიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო გასაცემლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ასევე, ზიანის სახით ადმინისტრაციული ორგანოსთვის 22 000 ლარის ოდენობით დაანგარიშების კანონიერება. ამდენად, აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ადმინისტრაცულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისა და მისთვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე