Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-725(კ-21) 01 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზ. ბ-ემ 2019 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №SSVA 00021123 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ზ. ბ-ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №SSVA 00021123 გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ზ. ბ-ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ზ. ბ-ეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილედ მიჩნევისათვის აუცილებელია პირის ჩარიცხვა რომელიმე სამხედრო ფორმირებაში და ასევე მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელეს დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის იურიდიული ფაქტი, თუმცა არ გაითვალისწინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ასევე დადგენილი იქნა იურიდიული ფაქტი ზ. ბ-ის შესახებ, როგორც რკინიგზელზე, რომელსაც გადაჰქონდა ტვირთები და სამხედრო ტექნიკა. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ დასჭირდა მოსარჩელეს ომის მონაწილესთან გათანაბრების ფაქტის დადასტურება, თუკი იგი უკვე ომის მონაწილედ იყო მიჩნეული. კასატორი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევისთვის გამოყენებული უნდა იქნეს კანონის ანალოგია და ორი გადაწყვეტილების კოლიზიიდან გამომდინარე უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო ახალ 2002 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელე მიჩნეულ იქნა ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირად.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ 2001 წლის 25 მაისის ცნობა არარად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იგი არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ იქნა მიღებული. ამ უკანასკნელის არგუმენტად უთითებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის N632 ბრძანებულებაზე, რომლის მიხედვითაც, 2001 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული ამგვარი შეღავათების დამადასტურებელი მოწმობები. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 142-ე მუხლებზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხთან მიმართებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად განსაზღვრავს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, „ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს“. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები. ამავე კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ჩამონათვალი, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ვეტერანების სოციალური დაცვა გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლით და მოიცავს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N2-ის პირველი მუხლის თანახმად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების გაცემა ხორციელდება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 28 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ვეტერანის სტატუსის მოსაპოვებლად, მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაცია, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად; ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განისაზღვრა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ვეტერანის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები. ამდენად, დგინდება, რომ ვეტერანის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მკაცრად შეზღუდული და სხვა შესაძლო დოკუმენტებში კანონმდებელი მოიაზრებს ნებისმიერ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს ვეტერანის სტატუსის მაძიებლის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, ასეთი შესაძლოა იყოს ადგილზე დათვალიერებისა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე მოსარჩელეთა გამოკითხვა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ერთ - ერთ უტყუარ მტკიცებულებად, მსგავსი კატეგორიის დავებზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ვეტერანი სტატუსის დადგენას (შესაბამისად, ვეტერანის მოწმობის გაცემას), ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. როგორც აღინიშნა, მოხალისეთა მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა დადგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციითა და სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ს 2016 წლის 28 აგვისტოს N281 ბრძანებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 სექტემბერს, ზ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მიუთითა, რომ არის 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე და მოითხოვა შესაბამისი მოწმობის გაცემა სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2019 წლის 2 ოქტომბრის №SSVA 00021123 გადაწყვეტილებით ზ. ბ-ეს უარი უთხრა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა სარკინიგზო დაწესებულების თანამშრომლის ვეტერანთან გათანაბრების შესაძლებლობას, ამოღებული იქნა 2006 წლის 9 ივნისიდან, ხოლო ზ. ბ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ცნობილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად, როგორც რკინიგზელი.

მოცემულ საქმეზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დადასტურდა იურიდიული ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ე აფხაზეთში, 1992 წელს მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2001 წლის 25 მაისის ცნობით, მოსარჩელე ზ. ბ-ე აფხაზეთში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მოსარჩელე ზ. ბ-ეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსი და მასზე გაცემული იყო შესაბამისი მოწმობა, რომელიც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაუუქმდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებების ურთერთგამომრიცხავი შინაარსთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით მითითებული გადაწყვეტილებები მათი განსხვავებული საფუძვლების მიუხედავად, ცალსახად ადასტურებს ზ. ბ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს, შესაბამისად, ზ. ბ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის რეგულაციის გაუქმების მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებდა სარკინიგზო დაწესებულების თანამშრომლის ვეტერანთან გათანაბრების შესაძლებლობას, მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ამდენად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ზ. ბ-ის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, ვეტერანის სტატუსი და სტატუსიდან გამომდინარე სოციალური უზრუნველყოფა წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა