საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-739(კ-21) 22 თებერვალი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. დ-ი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იგ. დ-მა 2019 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის უკანონო მსჯავრდებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის 1500 ლარის (ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის, ხოლო სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გაწეული ხარჯის 500 ლარის) და მორალური ზიანის 14700 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე გ. დ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, ასევე უკანონო მსჯავრდების და აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის 1500 ლარის და მორალური ზიანის 8500 ლარის ოდენობით ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურა, ხოლო სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება გ. დ-ს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 1500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. დ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 1500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის 8500 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია ზიანი.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. დ-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 28 სექტემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 12 მაისიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენით გაუქმდა 2017 წლის 28 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, გ. დ-ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, მოსარჩელის პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 8500 ლარი არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების სახით 1000 ლარის საქართველოს პროკურატურისთვის დაკისრებას, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხელშეკრულებები, მაშინ როდესაც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე“. ამასთან, საქმეში არ ყოფილა წარდგენილი ადვოკატის მიერ აღნიშნული თანხების შემოსავალში ასახვისა და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული გ. დ-ის მიერ, ამდენად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერებაზე გასაჩივრებულ ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ გ. დ-ი დაკავებული იქნა 2016 წლის 12 მაისს და შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და მოსარჩელე გ. დ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ, გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა დარბაზიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით; კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ გ. დ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 8500 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში. მოცემულ საქმეში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის - 1000 ლარი მატერიალური ზიანის სახით მოპასუხეზე დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“).“
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ გ. დ-ს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს იცავდა ადვოკატი ვ. ა-ე. აღსანიშნავია, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის გასამრჯელო (ჰონორარი). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ. დ-ის მიერ საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა გამოიწვია პროკურატურის მიერ მის მიმართ ჩატარებულმა ღონისძიებებმა, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. დ-ისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურების წინაპირობები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა