საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-843(გ-21) 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის შპს "..."-ს სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 18 აგვისტოს, შპს ,,...“-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის გასაჩივრების ვადის აღდგენის და შპს ,,...“-ს საჩივრის განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...“-ს სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მისამართია - ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16 და ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მისამართს წარმოადგენს, როგორც თბილისი, ასევე, ქუთაისი. საქმის მასალებით, ასევე, დასტურდება, რომ შპს ,,...“-ს ძირითადი მისამართია - ...ს რაიონი, სოფელი ...ა, 27-ე ქუჩა №4. თბილისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას (საქმე №ბს-301-297 (გ-14)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულება. ორი მისამართის მითითება განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების ადგილს, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში თბილისს, ხოლო, დასავლეთ საქართველოში - ქუთაისს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ორი ადგილსამყოფელის განსაზღვრა თავისთავად დაკავშირებულია თავად მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ადგილთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია როგორც საგადასახადო დავების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ასევე, მათი დედაქალაქში თავმოყრის შესუსტების ტენდენციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ შპს ,,...“-ს ტერიტორიული ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლო მიიჩნია. სასამართლოს მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას. ასევე, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს განჩინებით შპს "..."-ს სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, იმ მოტივით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მისამართია ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ითხოვს დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გასაჩივრების ვადის აღდგენა და შპს ,,...“-ს საჩივრის განხილვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში მოპასუხე მხარეს სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოადგენს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს "..."-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ დავაზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის გასაჩივრების ვადის აღდგენის და შპს ,,...“-ს საჩივრის განხილვის დავალებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს "..." დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2020 წლის N028-20 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის N 165 ბრძანება. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის N 165 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარეობას. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 გადაწყვეტილება. მოსარჩელე ასევე ითხოვს, ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოსათვის საჩივრის განხილვის დავალებას. შპს "...", ამ ეტაპზე, სასამართლოში არ ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2020 წლის N028-20 საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის N 165 ბრძანებას. 2021 წლის 23 ივლისის №13809/2/2021 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, რომლის მისამართია ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N 16. საგადასახადო კოდექსის 297.1 მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები). ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო. საგადასახადო კოდექსის 305.1 მუხლით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. აღნიშნული ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხედ მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქმის განსჯადობით გადაგზავნამდე, უნდა განესაზღვრა ვისკენ იყო მიმართული სასარჩელო მოთხოვნა და სსსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად დაედგინა განსჯადი სასამართლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სადავო აქტი არ გამოუცია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად და არ შეუმოწმებია გასაჩივრებული აქტების გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ (დავების განხილვის საბჭო) განუხილველად დატოვა საჩივარი. ამასთან, მოსარჩელე, გარდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა, ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის გასაჩივრების ვადის აღდგენის და საჩივრის განხილვის დავალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს "..."-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს "..."-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე