საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1075(კ-21) 7 მარტი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - მ. მ. მ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 19 ივნისს მ. მ. მ. ბ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 12 მაისს, მ. მ. მ. ბ-იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენი იყო დამატებითი დოკუმენტაცია: საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსათვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 13 მაისის N1000709351/7 გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 ივნისის N1000709351 გადაწყვეტილებით მ. მ. მ. ბ-ის განცხადება, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული რის გამოც მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 13 მაისის N1000709351/7 და 2020 წლის 11 ივნისის №1000709351 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მ. მ. მ. ბ-ის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ. მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ. მ. ბ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. მ. მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით); ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 12 მაისს მ. მ. მ. ბ-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელმა ჩაიბარა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციას გასცნობოდა ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge. აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - ,,ჩავიბარე, ვეთანხმები”. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადებაზე 2020 წლის 13 მაისის №1000709351/7 გადაწყვეტილებით დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს დაავალა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (ამავე დროს სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარდგენა. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების სააგენტოში უნდა წარედგინა 2020 წლის 11 ივნისამდე. განმცხადებელს, ასევე, განემარტა, რომ დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2020 წლის 6 ივლისის №01/111957 წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2020 წლის 06 ივლისის მდგომარეობით, მ. მ. მ. ბ-ის №1000709351 საქმეზე (სასწავლო ბინადრობის ნებართვა) ,,სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ“ ატვირთვისა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსების დრო დაფიქსირებულია 2020-05-13 11:21:00 საათი. ასევე დგინდება, რომ მ. მ. მ. ბ-ის ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტები სააგენტოსათვის, კანონით დადგენილ ვადაში, არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მ. მ. მ. ბ-ის განცხადების განუხილველად დატოვება მართლზომიერად მიიჩნია, ვინაიდან განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ. მ. ბ-იმ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასრულფასოვნად და არაობიქტურად შეაფასა მოსარჩელის მიმართ მოპასუხე ადმინისტრაციული ოგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლები და სრულიად დაუსაბუთებელ დასკვნებზე დამყარებული მსჯელობებით მიიჩნია სადავო აქტები კანონიერ დოკუმენტად. მ. მ. მ. ბ-ის განმარტებით, ითხოვს სასწავლო ბინადრობის ნებართვას, რაც დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან. კანონმდებლობით დადგენილი 40 დღიანი ვადა წარმოადგენს ზოგად წესს და მის მიმართ სასამართლოს განსხვავებულად უნდა ემსჯელა, რადგან არსებობდა საპატიო გარემოება - სწავლის დაწყება, რასაც წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით.
ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 12 მაისს მ. მ. მ. ბ-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 13 მაისის №1000709351/7 გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მ. მ. მ. ბ-ის დაევალა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (ამავე დროს სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენა. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზით დადგენილი დოკუმენტები სააგენტოში უნდა წარედგინა 2020 წლის 11 ივნისამდე. განმცხადებელს, ასევე, განემარტა, რომ დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე - www.sda.gov.ge-ზე განთავსება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2020 წლის 6 ივლისის №01/111957 წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2020 წლის 06 ივლისის მდგომარეობით, მ. მ. მ. ბ-ის №1000709351 საქმეზე (სასწავლო ბინადრობის ნებართვა) ,,სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ“ ატვირთვისა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსების დრო დაფიქსირებულია 2020-05-13 11:21:00 საათი. განმცხადებელს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა დაევალა 2020 წლის 11 ივნისამდე. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, განმცხადებელს - მ. მ. მ. ბ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, რის გამოც სააგენტოს არ გააჩნდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამგვარად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 13 მაისის N1000709351/7 და 2020 წლის 11 ივნისის №1000709351 გადაწყვეტილებების კანონიერებისა და სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იგი კანონიერად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განცხადების შეტანის დროს, რადგან დადგენილია, რომ მ. მ. მ. ბ-ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე, შესაბამისად მ. მ. მ. ბ-ი აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში. თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის მიხედვით, მ. მ. მ. ბ-ის სახელზე გაცემული თავშესაფრის მაძიებლი მოწმობა მოქმედი იყო 2019 წლის 6 თებერვლიდან 2020 წლის 6 თებერვლამდე. მ. მ. მ. ბ-ი ...ის ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა ...ის რექტორის 2020 წლის აპრილის №02-136 ბრძანების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ მ. მ. მ. ბ-იმ სააგენტოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით 2020 წლის 12 მაისს მიმართა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის მე-5 მუხლზე, როგორც საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელ საფუძველზე, რადგან აღნიშნული წესი მხოლოდ იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ ვრცელდებოდა, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2020 წლის 12 მაისის მდგომარეობით აღარ არსებობდა მ. მ. მ. ბ-ის საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის მიზნებისათვის, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად დაავალა კანონით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა, რომელიც განმცხადებლის მიერ არ იქნა შესრულებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. მ. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ი. ნ-ას მიერ (პ/ნ ...) 13.12.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ნ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება.
3. ი. ნ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. მ. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 13.12.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე