Facebook Twitter

№ბს-935(კ-20) 21 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 17 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის №62368 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 03 დეკემბრის №6-1533 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 მარტის №18394 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის №62368 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 03 დეკემბრის №6-1533 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „...ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 მარტის №18394 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და შპს „...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

2020 წლის 15 მაისს შპს „...მა“ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „...ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

2022 წლის 4 მარტის №21-04/19315 წერილით (საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსვლის თარიღი - 07.03.2022წ.) სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არ არსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

შუამდგომლობის ავტორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 იანვრის №125 განკარგულების საფუძველზე, შპს „...სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 25 თებერვალს გაფორმდა №ა113-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შეთანხმება სრულად შეეხო 2021 წლის 6 ნოემბრამდე დარიცხულ თანხებს (როგორც აღიარებულ, ისე სადავო დავალიანებას), განსახილველ საქმეში კი სადავოა 2013 წლის 3 დეკემბრის №6-1533 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის შემოსვლის თაობაზე (შუამდგომლობის შინაარსით) 2022 წლის 11 მარტს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა შპს „...ის" წარმომადგენელს ზ. გ-ას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და წარმოდგენილ შუამდგომლობას დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 03 დეკემბრის №62368 ბრძანების (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ), სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 03 დეკემბრის №6-1533 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 მარტის №18394 ბრძანებისა (შპს „...ის“ საჩივრის ნაწილობრივ დაკამყოფილების შესახებ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების (შპს „...ის“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის: ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით; ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. ამასთან, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის - საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობას თან ერთვის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 იანვრის №125 განკარგულება და 2022 წლის 25 თებერვლის №ა113-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა - 1 035 000.00 ლარით. ამასთან, ამავე საგადასახადო შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნითაც გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად.

ამდენად, იმ პირობებში როდესაც, საგადასახადო შეთანხმება შეეხო 2021 წლის 6 ნოემბრამდე არსებულ დავალიანებას, ცალსახაა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება შეეხო საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ პერიოდსაც (2013/2014 წლის აქტები - საგადასახადო მოთხოვნა/ბრძანება/გადაწყვეტილება, 2010-2011 წლებში განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებაში). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მხარეთა შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, აღარ არსებობს წინამდებარე საქმეში განსახილველი დავის საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან, აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. ჩ-ს 17/02/2021წ. საგადასახადო დავალება №0-ით საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ნახევარი - 4 000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ სარჩელზე, დავის საგნის არ არსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. დ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17/02/2021წ. საგადასახადო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის ნახევარი - 4000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა