Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-312(კ-21) 7 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 19 ივლისს კ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA 7 19 01453199 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის, მოსარჩელის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ...ის სამმართველოს, პოლიციის ... განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენისა და კ. ე-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის მისი განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე ანაზღაურების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA 7 19 01453199 ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე კ. ე-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს, პოლიციის ... განყოფილებაში (...ა) გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე დაევალა კ. ე-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. ე-ისათვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე შტატების ოდენობა არათუ შემცირდა, არამედ სრულად გაუქმდა. აღნიშნულს უტყუარად ადასტურებს საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებები. ამასთან, კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ გამომძიებლის სამსახურისა და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობები ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია. კასატორის მითითებით, სრულიად დაუსაბუთებელია თუ რა კრიტერიუმით განსაზღვრა სასამართლომ მოსარჩელის ფუნქციის გარდაქმნა გამომძიებლის შტატზე. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე და აღნიშნავს, ბრძანების თანახმად, გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ხოლო მოსარჩელე კ. ე-ს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს. აღნიშნული ნორმატიული დანაწესი კი ხელს შეუშლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსარჩელის დათხოვნის შესახებ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

სადავო პერიოდში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ზემოხსენებული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

საქართველოს შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №289378 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება), ამავე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების (...ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი კ. ე-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA 7 19 01453199 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლისა (სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ყოფილი უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი კ. ე-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166649 ბრძანების მიხედვით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში (...ა) განსაზღვრული იყო სულ 14 საშტატო ერთეული, მათ შორის, განყოფილების უფროსის - 1, განყოფილების უფროსის მოადგილის - 1, დეტექტივ-გამომძიებლის - 1, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის - 2, უბნის უფროსი ინსპექტორი - გამომძიებლის - 3 (რომელთაგან ერთ-ერთზე დანიშნული იყო მოსარჩელე კ. ე-ი) და უბნის ინსპექტორი-გამომძიებლის - 6 საშტატო ერთეული. ამასთან, ამავე განყოფილების საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფში გათვალისწინებული იყო წამყვანი სპეციალისტის - 1 თანამდებობა.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №MIA 7 19 00287735 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166649 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, კერძოდ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში (...ა) განისაზღვრა 20 საშტატო ერთეული, მათ შორის, განყოფილების უფროსის - 1, განყოფილების უფროსის მოადგილის - 1, უფროსი გამომძიებლის - 1, გამომძიებლის - 3, უფროსი დეტექტივის - 2, დეტექტივის -1, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - 1, მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის - 2, მართლწესრიგის ოფიცრის - 3, ინსპექტორის - 3 და წამყვანი სპეციალისტის - 1 საშტატო ერთეული. გამომდინარე აქედან, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების (...ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი კ. ე-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ თანამდებობათა უფლება-მოვალეობებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებისა და უბნის ინსპექტორების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №153 ბრძანების მიხედვით, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი (პოზიცია, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა) იყო სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებდა თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ამასთან, ამავე ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ძირითად უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირება, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა, პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება. გარდა ამისა, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის კომპეტენცია იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, მათი რეგისტრაცია და განხილვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით.

პალატა მიიჩნევს, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესით“ გათვალისწინებული გამომძიებლის სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად იმავე შინაარსის მატარებელია, რაც რეორგანიზაციამდე არსებული უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა, კერძოდ, დასახელებული წესის მე-5 მუხლის მიხედვით, გამომძიებლის ფუნქციებია: დანაშაულის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება (გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა); კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა; პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება; უფლებამოსილი პირებისთვის წინადადებების მიწოდება პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ ადასტურებს მის გაუქმებას. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება №ბს-449-442(კ-15)).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის განთავისუფლება უნდა განხორციელდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმპერატიულ ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს/მოიძიოს/შეარჩიოს კონკრეტული თანამდებობა კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის და მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ სამინისტრო დაადგენს, რომ არ არსებობს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შესაფერისი თანამდებობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, დაითხოვოს კადრების განკარგულებაში მყოფი პირი სამინისტროდან.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სახელშეცვლილი სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესით“ გათვალისწინებული გამომძიებლის სამსახურის ფუნქციების იდენტურია, ცალკეულ შემთხვევაში ჩამოყალიბებული განსხვავებული სიტყვათა წყობით. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა, არ გაუქმებულა, არამედ შეეცვალა მხოლოდ სახელწოდება.

განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და ამავდროულად, სამინისტროს 2019 წლის 4 თებერვლის №MIA 7 19 00287735 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების განხორციელების პირობებში, მოსარჩელე კ. ე-ი ისე იქნა დათხოვნილი სამსახურიდან, რომ დამსაქმებლის მხრიდან არ მომხდარა მისთვის მოსარჩელის მიერ ცვლილებამდე დაკავებული პოზიციის (უბნის უფროსი ინსპექტორი-გამომძიებელი) შესაბამისი/შესაფერისი შტატის შეთავაზება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კ. ე-ის დათხოვნის შესახებ სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სამინისტროს მართებულად დაევალა მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს, პოლიციის ... განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამდენად, მოსარჩელე კ. ე-ის სამსახურში აღდგენის პირობებში, სამინისტროს მართლებულად დაევალა მოსარჩელისათვის განაცდური მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. მოპასუხეს ასევე მართებულად დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მორიგი წოდების მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე