საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-875(კ-21) 18 იანვარი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 9 დეკემბერს მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის 003-2626/ო ბრძანებით, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რადგან იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. კასატორის მითითებით, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მეუღლესთან განქორწინების შემდგომ (2014 წლის 23 სექტემბერი), ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მუდმივად ცხოვრობს ქალაქ ცაგერში, მისამართი: ...ის ქ. N..., ბინა N.... არის სოციალურად დაუცველი და არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი. აღნიშნული დასტურდება ქალაქ ცაგერის ერთეულში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით, ...ას სრული ამონაწერით, აგრეთვე, მეზობლების ხელმოწერით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელის ოჯახი მუდმივად ცხოვრობს ქალაქ ცაგერში, მისამართი: ...ის ქ. N... ბინა N...-ში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N03-2626/ო ბრძანების - მ. ჩ-ეის ოჯახისათვის ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე მ. ჩ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2626/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ჩ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უტყუარად დადგინდეს ფაქტი - მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა ქ. ცაგერში, ...ის ქ. N...-ში მდებარე სასტუმრო ,,...ში" არსებულ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში გამოთავისუფლების დროისათვის. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.
როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, მოსარჩელის მეუღლის სახელზე ფიქსირდება საკუთრება მისამართზე: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი .... (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). გარდა ამისა მოსარჩელის ძმის გ. ჩ-ეის სახელზე ფიქსირდება საკუთრება ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა N..., ბინა N29, რომელიც 2018 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ძმას მ. ჩ-ეს (იხ. ამონაწერების საჯარო რეესტრიდან). მოსარჩელის მშობლები სახელმწიფოს მიერ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ქ. ქუთაისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ფლობს როგორც თავისი შვილების მამის საკუთრებას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, მომავალში მემკვიდრეობით გადაეცემა შვილებს, ასევე ფლობს მშობლების საკუთრებას.
კასატორის განმარტებით, მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ფაქტობრივად სასტუმრო ,,...ში", რომელიც 2020 წელს დაიხურა, როგორც ნგრევადი ობიექტი და მოხდა იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას და მოსარჩელე მხარის მიერ არაუფლებამოსილი ორგანოებიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან არ არის კავშირში და არარელევანტურია. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ფართით უზრუნველყოს დევნილები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა საფრთხე, რაც ნგრევად შენობაში მცხოვრებ პირებს ყოველდღიურად იქ ცხოვრებით ემუქრებათ, ამართლებს სახელმწიფოს ქმედებას, პრიორიტეტი მიანიჭოს მათ სხვა დევნილებთან შედარებით. მსგავს შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნგრევად შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. ვინაიდან შეუძლებელია პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებოდეს რამე შენობის ავარიულობისა და დაზიანების გამო, თუკი იგი იქ არ ცხოვრობს და მუდმივად არაა ფართთან დაკავშირებული. იმ შემთხვევაში თუკი პირი სხვა მისამართზე ცხოვრობს, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე არ ადგება, სახელმწიფოს მხრიდან მისთვის პრიორიტეტის მინიჭება, დაჩქარებული წესით კრიტერიუმების გარეშე მისი განაცხადის განხილვა იქნებოდა გაუმართლებელი უთანასწორო მოპყრობა იმ დევნილების მიმართ, ვისაც უდგინდებათ კრიტერიუმების გათვალისწინებით შესაბამისი ქულები და სხვა დევნილებთან კონკურენციის პირობებში, დიდხანს უწევთ საცხოვრებელი ფართის მისაღებად ლოდინი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის თანახმად: მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამდენად, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მ. ჩ-ეის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება კრიტერიუმების გარეშე, რადგან მოსარჩელე რეალურად არ ცხოვრობს ქ. ცაგერში, ...ის ქ. N...-ში მდებარე შენობაში, რომელიც გახლავთ ნგრევადი ობიექტი და რომელიც დახურულ იქნა 2020 წელს და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N03-2626/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მ. ჩ-ეის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჩ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და მისი ოჯახი შედგება სამი წევრისგან, თავად მოსარჩელე და მისი შვილები: 2012 წელს დაბადებული ნ. ტ-ი და 2014 წელს დაბადებული ქ. ტ-ი. მოსარჩელის რეგისტრირებული მისამართია: რაჭა-...ი-ქვემო სვანეთი, ცაგერი, შ. ...ის ქ. N..., სასტუმრო ,,...ი“. ასევე დადგენილია და საქმეში სხვა საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომ მოსარჩელე მ. ჩ-ე შვილებთან: ნ. ტ-ითან და ქ. ტ-ითან ერთად ცხოვრობს ცაგერში სახელმწიფოს მიერ ნგრევად ობიექტთა სიაში შეყვანილ სასტუმრო ,,...ში“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3 - მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უნდა დასტურდებოდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილი აღწერის ფორმა, რომლის შესაბამისად, აღწერა განხორციელდა ცაგერში, დევნილთა დროებით საცხოვრებელ შენობაში - სასტუმრო „...ში“. რა დროსაც დევნილი ოჯახის წევრები მ. ჩ-ე, ნ. ტ-ი და ქ. ტ-ი ადგილზე არ დახვდნენ და მოვიდნენ შემდგომ. ადგილზე იყვნენ მ. ჩ-ეის მშობლები, რომლებსაც ბინა აქვთ მიღებული. დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ: ყოფილი მეუღლე ალუდა ტვილდიანი ცხოვრობს ლენტეხში, სოფელ ...ში დედასთან ერთად. მოსარჩელის მშობლები: ე. ჩ-ე და ნ. ჩ-ე ცხოვრობენ ძმასთან გ. ჩ-ეესთან, რომელთაც მიიღეს ბინა ქუთაისში. ამდენად, დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, მოსარჩელე მ. ჩ-ე შვილებთან ნ. და ქ. ტ-იებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა თუ არა ცაგერში, დევნილთა დროებით საცხოვრებელი შენობაში სასტუმრო „...ში“. ის გარემოება, რომ ცაგერში მდებარე სასტუმრო ,,...ი“ სახელმწიფოს მიერ შეყვანილია ნგრევად ობიექტთა სიაში, სადავო არ არის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა და მოგვიანებით მივიდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრის 2020 წლის 24 ნოემბრის N51 ცნობის მიხედვით, მ. ჩ-ე მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე ...ო დაწესებულების ...ის ...ის დაქვემდებარებაში მყოფი ცაგერის N... ს...ო ...ში ...ის ...ედ. სსიპ ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის 2020 წლის 24 ნოემბრის N34 ცნობის მიხედვით ქ. ტ-ი სწავლობს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის ... კლასში. ცაგერის ... სახელობის გიმნაზიის 2020 წლის 24 ნოემბრის N15 ცნობის მიხედვით, ნ. ტ-ი 2018 წლიდან სწავლობს ა(ა)იპ ...ის სახელობის გიმნაზიაში. ამასთან, მოსარჩელე დევნილად დამისამართებულია რაჭა-...ი-ქვემო სვანეთში, ცაგერში, შ. ...ის ქ. N..., სასტუმრო "...ი". ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 ნოემბრის N237 ცნობის მიხედვით, მ. ჩ-ე ცხოვრობს ქალაქ ცაგერში, ...ის ქუჩა N62-ში, ყოფილ სასტუმრო ,,...ში.“ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მ. ჩ-ეის ოჯახი იღებს შემწეობას, რეგისტრირებულია ცაგერი, ...ის ქ.N...-ში. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელის სახელზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებებს, რომ მოსარჩელის მშობლებსა და ძმას, ასევე მეუღლეს, რომელთანაც მოსარჩელე განქორწინებულია 2014 წლის 23 სექტემბერს, აქვთ უძრავი ქონება და შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს აქვს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებზე ხელმისაწვდომობა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ნათესავთა საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ნათესავი არის ვალდებული, ამ უკანასკნელთ დაუთმოს მისი საცხოვრისი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, უზრუნველყოს მოსარჩელის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც, ოჯახი ცხოვრობს ნგრევად საშიშ შენობაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N03-2626/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე