Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-179(კ-21) 18 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 20 თებერვალს დ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დ. ს-ი და მისი სამი შვილი არიან ცხინვალიდან დევნილები. 2019 წლის 1 ნოემბერს დ. ს-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის №04/54546 წერილით დ. ს-ის ეცნობა, რომ ის და მისი შვილები არსებული მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით არ ყოფილან უზრუნველყოფილნი. 2019 წლის 6 დეკემბერს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა დ. ს-ის წარმომადგენელმა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის 2019 წლის 10 დეკემბრის N01/20555 წერილით ადმინისტრაციული საჩივარი გადაეგზავნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, 2020 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით, დ. ს-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 5 თებერვლის N03/2280 გადაწყვეტილების - მოსარჩელე დ. ს-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დ. ს-ისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 5 თებერვლის N03/2280 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. ს-ის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ. ს-იმა, როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირმა - დევნილმა მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის და მისი შვილებისათვის (3 შვილი, აქედან 2 არასრულწლოვანია) ფართით უზრუნველყოფისთვის.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე დევნილთა ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, დევნილთა ოჯახის წევრთა რიცხვნობა, რომელიც შედგენს 3-4 მოსახლეს საცხოვრებელი ფართი განსაზღვრულია - 2 ოთახიანის ოდენობით, 45-60 მ2, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის N39 სხდომის ოქმის თანახმად, 143 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით განხორციელდა 168 განაცხადის მონიტორინგი, რომლითაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათა 8,5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომლის თანახმად, მონიტორინგს დაექვემდებარენ მხოლოდ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 8,5 და მეტი ქულა, შესაბამისად, ის ოჯახები, რომელთაც უფრო ნაკლები ქულა ჰქონდათ, მათი საკითხი კომისიაზე არ განხილულა, რასაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ მოსარჩელის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რამდენადაც ქულათა რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განაცხადის წარდგენისას და არა მონიტორინგის ჩატარებისას, საქალაქო სასამართლოს დავალება მონიტორინგის პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და დადგენის თვალსაზრისით, არ გამომდინარეობს ფაქტობრივი მოცემულობიდან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა განხილვა არ იქნება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება, რამდენადაც დ. ს-ის მიერ წარდგენილი განაცხადით მოთხოვნილი ფართის ოდენობა და დადგენილი ქულებრივი შეფასება უფლებამოსილებას არ აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, მონიტორინგის სამსახურს დაუქვემდებაროს ქულათა შეფასების საკითხი, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელის მხრიდან ქულათა ოდენობა სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, ვინაიდან არსებული ქულათა რაოდენობა არ იყო საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიამ კანონიერად არ განიხილა მოსარჩელის საკითხი.

რაც შეეხება სასამართლოს დასკვნას არასრულწლოვანთა უფლებების გაუთვალისწინებლობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში სრულად გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სასამართლოს დავალებით განსაზღვრული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულია ქულათა შეფასებისას, რაც გამორიცხავს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანთა ინტერესები არ იყო გათვალისწინებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-იმა.

კასატორის განმარტებით, დ. ს-ი 1992 წლიდან არის დევნილი და დღემდე სახელმწიფომ არ უზრუნველყო შესაბამისი საცხოვრებელი ფართით. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა კანონქვემდებარე აქტით მაშინ როცა საქართველოს უზენაესი კანონით -კონსტიტუციის დებულებით განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და ზრუნავს მოქალაქეებზე. ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენცია და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი ადგენს, რომ სასამართლომ, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იმოქმედონ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ორ არასრულწლოვან ბავშვს, რომლებიც არ არიან სახლით უზრუნველყოფილები, სასამართლო არ მსჯელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ბავშვთა უფლებათა კოდექსით და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ამყარებს კანონქვემდებარე აქტზე. სასამართლომ უხეშად დაარღვია ბავშვის უფლებები, რადგან საქმე ეხებოდა მათი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას ამასთან, ბავშვთა კოდექსიდან გამომდინარე, მათი უფლებები დაცული უნდა ყოფილიყო წარმომადგენლისა და ადვოკატის დანიშვნით, რაზეც საერთოდ არ იმსჯელა მოსამართლემ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებისა და უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე, ხოლო მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რადგან დღემდე ქირით ცხოვრობენ.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციით არის გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ, დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მესამე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვების მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველეს ყოვლისა ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისთვის ამისათვის კი იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ხოლო მერვე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავის ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისთვის.

კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს და მის ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. დ. ს-ის ჰყავს სამი შვილი, საიდანაც ორი არასრულწლოვანია. შესაბამისად, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ ქირით, სახელწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილ უნდა იქნენ საცხოვრებელი ფართით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 5 თებერვლის N03/2280 გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელე დ. ს-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

კონკრეტულ საქმეში სადავოა დ. ს-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ დ. ს-ის განაცხადს მინიჭებული აქვს 4 ქულა, აღნიშნული ქულა კი არ არის საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ. ს-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ჰყავს 3 შვილი, მათ შორის 2 - არასრულწლოვანი. დ. ს-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. დ. ს-იმა 2013 წლის 23 ოქტომბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. დ. ს-იმა 2019 წლის 3 აპრილის განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 4,00 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ნაქირავები) - 1.5.ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 2,5 ქულა. ხოლო 2020 წლის 24 იანვრის განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 5.0 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ნაქირავები) - 1.5.ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 2,5 ქულა და 18 წლამდე ასაკის 2 წევრი - 1 ქულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის შესაბამისად კი, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 8,5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონიტორინგს დაექვემდებარნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 8,5 და მეტი ქულა. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა 4 ქულა, შესაბამისად, დ. ს-ის საკითხი კომისიაზე ვერ განიხილებოდა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან მიმართებაში, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია ბავშვთა უფლებები და გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანთა ინტერესები არ იყო გათვალისწინებული, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი 7) განსაზღვრულია სოციალური კრიტერიუმები, რომლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი: 2 არასრულწლოვანზე მიენიჭება ერთი ქულა, 3 არასრულწლოვანზე - 2 ქულა, 4 არასრულწლოვანზე - 3 ქულა, 5 არასრულწლოვანზე - 4 ქულა, ყოველ დამატებით ბაშვზე - 0,5 ქულა. საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც თავად კასატორი უარყოფს, რომ დ. ს-ის განაცხადის დამუშავების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ იმის გამო, რომ მას ჰყავდა 2 არასრულწლოვანი შვილი, მიანიჭა 1 ქულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დ. ს-ის განაცხადის დამუშავებისას ადგილი არ ჰქონია არასრულწლოვანთა უფლებებისა და ინტერესების დარღვევას და გადაწყვეტილების მიღებისას დაცულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქულათა რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განაცხადის წარდგენისას და არა მონიტორინგის ჩატარებისას. დ. ს-ის მიერ ქულათა ოდენობა სადავო არ გამხდარა. ვინაიდან არსებული ქულათა რაოდენობა არ იყო საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიამ კანონმდებლობის შესაბამისად არ განიხილა მოსარჩელის საკითხი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე