№ბს-67(კ-19) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ი, გ. ბ-ეე, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია ,,...“ (სბს ,,...“ უფლებამონაცვლე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, მოპასუხეების - ა. დ-ის, გ. ბ-ეის და რუსეთის კომერციული ბანკის „...“-ს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხეთათვის 6 800 000 აშშ დოლარის (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, განსახორციელებელი ინვესტიციის 10 000 000 აშშ დოლარის 0.1 %-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და 2 516 000 ლარის (საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით საჯარიმო თანხა) დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სარჩელი გ. ბურჭულაძის, ა. დ-ის და რუსეთის კომერციული ბანკის „სბს-...“-სათვის 6 800 000 აშშ დოლარისა და 2 516 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ მონაწილე მხარე - რუსეთის კომერციული ბანკი „სბს ...“ შეიცვალა უფლებამონაცვლით - რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „...“-თი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი, მოპასუხეების - ა. დ-ის, გ. ბ-ეის, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია ,,...ს“ (სბს,,...“ უფლებამონაცვლე) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ (იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა) საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება მყიდველზე გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ. იმავე მუხლის თანახმად, ,,მყიდველსა" და ,,გამყიდველს" შორის იდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 31 აგვისტოს №1- 3N578 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, იურიდიულ სამმართველოს დაევალა თანხის სრულად დაფარვისა და აქციათა განაწილების რეგისტრის წარმოდგენის შემდეგ, მყიდველთა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2000 წლის 27 ოქტომბერს, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 1998-2000 წლებში ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდა და ინვესტიციის განხორციელება
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ძირითად პირობა იყო მყიდველების მიერ ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „მყიდველები ვალდებულნი არიან განახორციელონ მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სრულად“. ხელშეკრულების ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, „შეძენილი ქონების გამოყენებისას დაიცვან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე 2000 წლის ბოლომდე ინფორმაცია წარუდგინონ გამყიდველს“. თავის მხრივ, მყიდველების მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულების შემდგომ გამყიდველი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სანქციების გამოყენების წესს.
დასახელებული ბიზნეს-გეგმის თანახმად, გათვალისწინებულ იქნა 1998-2000 წლებში ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდა 7.9 მლნ ლარიდან 11.6 მლნ ლარამდე. მათ შორის ფულადი ფორმით - 3.1 მლნ ლარიდან 6 მლნ ლარამდე, ასევე უნდა განხორციელებულიყო ინსვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. დასახელებული ბიზნეს-გეგმა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, შესაბამისად მის შესრულებაზე ვალდებულება აიღეს ხელშეკრულების მხარეებმა. ამდენად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან, ხელშეკრულების დადებით მხარეებისათვის რაიმე უფლებები და ვალდებულებები არ წარმოშობილა და ხელშეკრულების დადებას შესაბამისი იურიდიული შედეგები არ მოჰყოლია.
ასევე სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ არ არის შესრულებული 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის თაობაზე ვალდებულება. 1998 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ საგადასახადო დავალებაში მითითებულია, რომ თანხა (15.8 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენდა სუბორდინაციულ კრედიტს, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლებოდა მყიდველის მიერ განხორციელებულ ინვესტიციად. ამდენად, ის გარემოება, რომ სს ,,......ის" მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის ყველა პუნქტი შესრულებული იყო, არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულ მდგომარეობას.
2002 წლის 10 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერს სს ,,......ის" პრეზიდენტი ა. დ-ი, აღნიშნულია, რომ ბანკის საწედებო კაპიტალი შეადგენს 5.4 მლნ ლარს, რაც ამავე წერილის თანახმად, 600 000 ლარით ნაკლებია 2000 წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ხოლო 2002 წლის 20 ივნისის წერილის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა მნიშვნელოვნად განსხავებული ოდენობა - 10 მლნ ლარი. აღნიშნულ ინფორმაციას არ ახლავს ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა საწესდებო კაპიტალის 10 მლნ ლარამდე გაზრდაც ვერ აკმაყოფილებს ხელშეკრულებისა და თანდართული ბიზნეს-გეგმის მოთხოვნებს, სადაც განსაზღვრული იყო 2000 წლის ბოლომდე საწესდებო კაპიტალის გაზრდა 11.6 მლნ ლარამდე. ასევე არ არის შესრულებული 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის თაობაზე ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით, (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ივლისის №424 ბრძანებულებით მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინადადება და ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოება ,,......ის“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სააქციო საზოგადოება ,,......ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების (643297 ცალი, საწესდებო კაპიტალის 28,59%) პირდაპირი შესყიდვის უფლება მიეცა სააქციო საზოგადოება ,,......ის“ თანამშრომლებსა და რუსეთის კომერციულ ბანკს ...-ს. აქციათა პირდაპირი მიყიდვის საინვესტიციო პირობად განისაზღვრა სააქციო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის განხორციელება.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 31 აგვისტოს №1-3/578 ბრძანებით სააქციო საზოგადოება ,,......ის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 643297 ცალი აქცია (საწესდებო კაპიტალის 28,59%) მიეყიდა სს „......ის“ თანამშრომლებსა და რუსეთის კომერციულ ბანკ ...-ს. სს „......ის“ 643297 ცალი აქციის გასაყიდი ფასი განისაზღვრა 321648,5 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ იურიდიულ სამმართველოს (გ. ნ-ე) თანხის სრულად დაფარვისა და აქციების განაწილების რეგისტრის წარმოდგენის შემდგომ, უნდა გაეფორმებინა მყიდველთა უფლებამოსილ წარმომადგენელთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელების პირობით.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 20 ნოემბრის №07/113 წერილით ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორს შპს ,,...ს’’ ეცნობა, რომ სააქციო საზოგადოება ,,......ის’’ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები - 643297 ცალი ჩვეულებრივი აქცია გამოსყიდული იქნა რუსეთის კომერციული ბანკი „სბს-...ს“ (ქ. მოსკოვი, ...ას ქ. №70) მიერ - 73637 ცალი აქცია, ა. დ-ის (მც. ...ის ქ. №6ა, მ.პ.მ ა№...)) მიერ - 377615 ცალი აქცია, გ. მ-ის (მცხ. ...ს ქ. №46/50, მ.პ.მ ბ.№...) მიერ - 192045 ცალი აქცია. საქმეში წარმოდგენილი-შპს ,,...ის’’ 2005 წლის 3 ივნისის №02-08/029 წერილით ირკვეოდა, რომ სააქციო საზოგადოება ,,...ის’’ (ყოფილი ,,......ი’’) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები გადაფორმებულ იქნა მოპასუხეებზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 20 ნოემბრის №07/113 წერილის საფუძველზე.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 26 ოქტომბრის №1-3/702 ბრძანებით ირკვეოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ივნისის №424 განკარგულების, სამინისტროს 1998 წლის 31 აგვისტოს №1- 3/578 ბრძანების, ფინანსების ანალიზისა და ანგარიშგების დეპარტამენტის 16.11.98წ. №პ-559/5-8 მოხსენებითი ბარათისა და იურიდიული დეპარტამენტის 25.10.2000წ. №871/7-0 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სააქციო საზოგადოება ,,......ის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 643297 ცალი აქცია (საწესდებო კაპიტალის 28,59%) მიეყიდა სს ,,......ის“ თანამშრომლებსა და რუსეთის კომერციულ ბანკ სბს ,,...ს“. ცნობად იქნა მიღებული ფინანსების ანალიზისა და ანგარიშგების დეპარტამენტის 16.11.98 წ. №პ-559/5-8 მოხსენებითი ბარათი, იმის თაობაზე, რომ მყიდველის მიერ გადახდილი იყო ქონების სრული ღირებულება - 321649 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ 2000 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და სს ,,......ის“ თანამშრომლებს (ბ-ნ ა. დ-ის სახით) და რუსეთის კომერციული ბანკ ,,სბს ...“-ს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, 2003 წლამდე ვადით. ხელშეკრულების თანახმად, ,,გამყიდველი“ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემდა, ხოლო ,,მყიდველები“ იღებდნენ პირობადებულ საკუთრებაში სს ,,......ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 643297 ცალ აქციას (საწესდებო კაპიტალის 28,59%) (შემდგომში ქონება). ხელშეკრულების 1.2 პუნქტით ირკვეოდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის დაფარული იყო ქონების მთლიანი ღირებულება - 321648,5 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (დანართი) წარმოადგენდა მყიდველების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ,,მყიდველები“ ვალდებულნი იყვნენ შეძენილი ქონების გამოყენებისას დაეცვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე 2000 წლის ბოლომდე ინფორმაცია წარედგინათ ,,გამყიდველისთვის“. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველები იღებდნენ გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდებოდნენ დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად, 1998 წელს გადახდილი იქნა აქციების ფასი და აქციები გადაცემულ იქნა მყიდველთათვის, 2000 წლის 27 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოცემული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (დანართს) წარმოადგენდა 1998-2000 წლების ბიზნეს-გეგმა.
მითითებული 1998-2000 წლების ბიზნეს-გეგმის დასკვნით დგინდებოდა, რომ - სს ,,......ის“ არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მხრივ ბანკის შემდგომი ფუნქციონირების აუცილებლობაზე მხარდამჭერითა და ბანკის განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, შეიძლებოდა გაკეთებულიყო დასკვნა: ბანკი მთლიანად გაწმენდილი იყო პრობლემური სესხებისგან; კაპიტალის მოცულობა დადებითი სიდიდე იყო და პერსპექტიული განვითარების გეგმით შესრულდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივები ფულადი ფორმით მისი შევსების ასპექტში. საქართველოს პარლამენტის 1998 წლის 12 ივნისის სხდომაზე დადებითად გადაწყდა ,,......ისთვის“ ბიუჯეტიდან 3.1 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი სამთავრობო დავალებების საფუძველზე გაცემული სასესხო დავალიანებებისა და მასზე დარიცხული სარგებლის დასაფარავად. სბს ,,...ს“ განზრახული ჰქონდა 10 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელება, ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდა ორჯერ და მეტად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული 1998-2000 წლების ბიზნეს-გეგმა არსებითად შეეხებოდა აქციათა მიყიდვის შესახებ 2000 წლის 27 ოქტომბერის ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდს. ბიზნეს-გეგმაში აღწერილი იყო 1998 წლამდე ბანკში არსებული ფინანსური მდგომარეობა და 1998-2000 წლებში, ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2000 წლის 27 ოქტომბერს აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მოხდა მხოლოდ გამყიდველის მხრიდან მყიდველთა მიერ 2000 წლამდე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დადასტურება და არა ახალი ვალდებულებების წარმოშობა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის შეფასებას მოწინააღმდეგე მხარეების (მოპასუხეები) მიერ აქციათა ნასყიდობის ფარგლებში აღებული ვადლებულებების დარღვევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელის მითითებით, აქციების შემძენმა კომერციულმა ბანკმა „სბს ...მ“ სს „......ში“ სუბორდინაციული სესხის სახით გადარიცხა და ანგარიშზე განათავსა 15.8 მილიონი აშშ დოლარი.
საკასაციო სასამართლო, სუბორდინირებული სესხისა და კომერციული ბანკის კაპიტალის ურთიერთმიმართების შეფასების მიზნით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის 1994 წლის 25 მაისის №12 ბრძანების №2 დანართზე (ბანკის უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების ლიმიტები გენრალური ლიცენზიისათვის) (ძალადაკარგულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №83/01, 2010 წლის 2 ივნისი), რომლის თანახმად ბანკის საკუთარ სახსრებად იგულისხმება შევსებული საწესდებო ფონდი, მოგებიდან წარმოქმნილი საერთო და სხვა რეზერვები და ფონდები /სპეციალური სადაზღვევო რეზერვების გარდა გამოვლენილი უიმედო ან საეჭვო დავალიანებები/, აგრეთვე სუბორდინირებული ნასესხები თანხები.
საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 3 დეკემბრის №118 ბრძანებით (ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის ბრძანება №95 - სსმ III, №36, 17.04.2001 წ.,მუხ.291) დამტკიცებული კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, "მეორადი კაპიტალი" შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: დ) სუბორდინირებული სესხი, იმ პირობით, თუ იგი მიღებულია მინიმუმ 5 წლის სარგებლობის ვადით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და სესხის გამოყენებაზე შეზღუდვების გარეშე, ამასთანავთე თუ კრედიტორს არა აქვს სუბორდინირებული სესხის პირობების შეცვლის უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტების თანახმად (BASEL III), სუბორდინირებული სესხი, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაითვალისწინება საზედამხედველო კაპიტალში (Basel Committee on Banking Supervision, CAP Definition of capital).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა