Facebook Twitter

ბს-1299 (კ-19) 13 იანვარი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ს-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2019წ. გადაწყვეტილებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. დამატებით გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-ემ 27.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 04.08.2017წ. N16/9737 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ მოსარჩელის წარმომადგენლის 27.07.2017წ. განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 28.07.2017წ. N11192/16) მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა (1928 წლიდან 1941 წლამდე პერიოდში რომელი ნოტარიუსის/ნოტარიუსების სამკვიდრო უბანში შედიოდა ქ. თბილისში ...ის (ამჟამინდელი ...ს ქუჩა) ჩიხი N... და სად შეიძლება ამ ნოტარიუსის/ნოტარიუსების არქივის მოძიება).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 04.08.2017წ. N16/9737 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 27.07.2017წ. განცხადებასთან (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 28.07.2017წ. N11192/16) დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 2.1 მუხლის „მ“ ქვეპუქტზე, ასევე ამავე კოდექსის 10.1, 28.1, 37.1 და 50-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ყველა პირს აქვს უფლება მოითხოვოს და გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, რასაც უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ამასთან ინფორმაციის გაცემისას გასათვალისწინებელია რამდენად არის ის საჯარო და ხომ არ შეიცავს მოთხოვნილი ინფორმაცია სახელმწიფო, სხვა პირის პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდეს ასეთი ინფორმაცია. კანონმდებლობა ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსგან საჯარო ინფორმაციის მიღება გულისხმობს ასეთ ორგანოში არსებული (მიღებული, დამუშავებული, გაგზავნილი, გამოქვეყნებული) ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას და არ უკავშირებს აღნიშნულს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებისმიერი, მასთან არარსებული საჯარო ინფორმაციის მოძიებისა და გაცემის ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ლ. ს-ე ითხოვს საჯარო ინფორმაციის გაცემას, თუმცა ასეთი ინფორმაცია აპელანტს არ გააჩნია. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას არ შეიცავს ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი 1928-1941 წლებში თბილისში ნოტარიუსების დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების ასლები. შესაბამისად, აპელანტი არ ფლობს და მასთან არ არის დაცული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ნოტარიუსის სამოქმედო უბანში შედიოდა თბილისში, ...ის (ამჟამად ...ს ქ.) ჩიხი N..., რაც შეუძლებელს ხდის ლ. ს-ეის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. დამატებითი გადაწყვეტილებით ლ. ს-ეს დაეკისრა აპელანტის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2019წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ემ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ლ. ს-ეის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებების უარყოფის დასაბუთებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ გამოკვლევის და შეფასების გარეშე დატოვა აპელანტის 27.11.2018წ. N16/16214 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს, რომ აპელანტის და მესამე პირის არქივში დაცულია 1928-1931 წლების ნოტარიუსების დანიშვნის, განთავისუფლებისა და საყვედურების შესახებ ბრძანებები. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 1924 წლის ნოტარიატის დებულება, რომელიც 04.12.2009წ. საკანონმდებლო ცვლილებამდე არსებული წესის ანალოგიურად ადგენდა ნოტარიუსების მიერ სამემკვიდრეო საქმეების წარმოებას ნოტარიუსებისათვის გამოყოფილი სამკვიდრო უბნების ფარგლებში. მოსამართლემ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნოტარიუსთა პალატის 27.11.2018წ. წერილის დანართად წარმოდგენილი 26.05.1928წ. N388 ბრძანება პირდაპირ ადასტურებს ქ. თბილისში 1928 წელს ხუთი სანოტარო კანტორის მოქმედებას. კასატორმა მიუთითა, რომ აპელანტის 27.11.2018წ. წერილით წარმოდგენილი 13.08.1928წ. N828, N829 და N830 ბრძანებები ეხება სანოტარო კანტორის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლასა და განთავისუფლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ასევე გამოცემული უნდა ყოფილიყო ნოტარიუსების დანიშვნის ბრძანებები, რამეთუ ისინი მკაცრი და სამუდამო შენახვის დოკუმენტებია, ხოლო ამ ბრძანებების მოძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.02.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულება ესაჭიროებოდა. საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ აპელანტისა და მესამე პირის არქივში დაცულია სანოტარო კანტორის თანამშრომლებისათვის გამოცხადებული საყვედურების ბრძანებები. აღნიშნული ხასიათის ფაქტების დამდგენი დოკუმენტები არ არის მუდმივი შენახვის და მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე ინახება მოწინააღმდეგე მხარის არქივში. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ აპელანტის და მესამე პირის ახსნა-განმარტებების შეფასების შემდეგ, თავის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ნოტარიუსების დანიშვნის შესახებ მუდმივ შენახვას დაქვემდებარებული დოკუმენტები ნოტარიუსთა პალატაში და იუსტიციის სამინისტროში არ არის დაცული. მოსამართლემ შერჩევითი სახით იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, არ გაითვალისწინა ლ. ს-ეის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ლ. ს-ეის განმარტება, რომ მოპასუხის და მესამე პირის არქივში აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული ის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც 27.07.2017წ. განცხადებით ითხოვდა მოპასუხისაგან.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მისი მარწმუნებლის მიერ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში აღმოჩენილი დოკუმენტები ადასტურებს მოპასუხისა და მესამე პირის არქივში იმ ინფორმაცის არსებობას, რომლის გაცემაზეც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. კასატორი მიუთითებს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 16.07.2019წ. N02-3/82141 წერილზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სახალხო კომისარიატის ფონდი N1554-ის 1-ლი ანაწერის N15 და N47 საქმეებში დაცულია ლ. ს-ეის 27.07.2017წ. განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. კასატორმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება მოპოვებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების და მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ლ. ს-ეის წარმომადგენელმა ზ. ი-იმა 27.07.2017წ. განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი-28.07.2017წ. N11192/16) მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ნოტარიუსის/ნოტარიუსების სამკვიდრო უბანში შედიოდა 1928 წლიდან 1941 წლამდე პერიოდში ქ. თბილისში, ...ის (ამჟამად ...ს ქ.) ჩიხი N... და სად შეიძლება ამ ნოტარიუსის/ნოტარიუსების არქივის მოძიება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 04.08.2017წ. N16/9737 წერილით ზ. ი-ის ეცნობა, რომ ნოტარიუსთა პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 1928-1941 წლებში თბილისში მდებარე ...ის (ამჟამად, ...ს ქ.) ქუჩის ნოტარიუსის სამუშაო უბნის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინიტროს არქივში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ინახება. შესაბამისად, მხარეს განემარტა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია მხარისათვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოსგან საჯარო ინფორმაციის მიღება გულისხმობს ასეთ ორგანოში არსებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას და არ უკავშირდება ნებისმიერი, ადმინისტრაციული ორგანოში არარსებული საჯარო ინფორმაციის მოძიებისა და გაცემის ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ლ. ს-ეის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოპასუხე მხარეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას არ გააჩნია, მასთან არ არის დაცული, უფრო მეტიც, ასეთ ინფორმაციას არ ფლობს საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა 1928-1941 წლებში, თბილისში მოქმედი ნოტარიუსების დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ დაარქივებული ბრძანებებისა და ნოტარიუსების სამოქმედო ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოდგენილ იქნა სამინისტროს არქივში დაცული, 1928-1941 წლებში თბილისში ნოტარიუსების დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე არსებული ბრძანებების ასლები. აღნიშნული ბრძანებები არ შეიცავენ ლ. ს-ეის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ნოტარიუსების სამოქმედო უბნის საზღვრებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლემ სათანადოდ არ შეაფასა მესამე პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კასატორის ლ. ს-ეის მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ საქართველოს ეროვნული არქივის 16.07.2019წ. წერილს, რომლის საფუძველზე იგი ითხოვს საქმის სააპელაციო ინსტანციისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წერილის მიხედვით, ეროვნულ არქივში იძებნება ინფორმაცია 1928-1931 წლებში თბილისში მოქმედი ნოტარიუსების შესახებ, თუმცა წერილში არ არის მითითებული კასატორის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაციის ეროვნულ არქივში არსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 1928-1941 წლებში, თბილისში მოქმედი ნოტარიუსების დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ დაარქივებული ბრძანებების ასლები სასამართლოსთვის წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაც, თუმცა ზემოაღნიშნული ბრძანებები არ შეიცავდნენ ლ. ს-ეის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია კონკრეტული ინფორმაციის ნოტარიუსთა პალატისაგან გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, შესაბამისად გასაჩივრებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო საქართველოს ეროვნული არქივიდან კონკრეტული ინფორმაციის მოძიება/გაცემა არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს, და იგი რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

ამასთანავე, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე რაიმე სახის დასაბუთებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილებით, სსკ-ის 53.1 მუხლზე მითითებით სწორად განსაზღვრა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2019წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. დამატებითი გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი