ბს-1113 (კ-19) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ნ-იმა 03.01.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 14.12.2017წ. ბრძანების, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.09.2017წ., 25.09.2017წ., 17.11.2017წ. ცნობების, ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 08.09.2017წ., 08.11.2017წ. ცნობების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და თ. ნ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დავალება, მიუღებელი შემწეობის სახით 2018 წლის იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2018წ. განჩინებით თ. ნ-ის სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმისწარმოება ნაწილობრივ შეწყდა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.09.2017წ., 08.10.2017წ., 17.11.2017წ. ცნობებისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერტორიული ორგანოს რწმუნებულის 08.09.2017წ. და 08.11.2017წ. ცნობების ბათილად ცნობის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2018წ. განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხედ მითითებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2019წ. გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობისა და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. დროის განსაზღვრულ მონაკვეთს პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (სუს 01.02.2012წ. განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 13.09.2017წ. თ. ნ-ისათვის ჩატრებული გასაუბრების თანახმად, მოსარჩელე დაიბადა და დაქორწინდა ახალგორში. მისი შვილები დაიბადნენ ქ. თბილისში, მოსარჩელისა და მისი მეუღლის სამუშაო ადგილი დღემდე მდებარეობს ქ. თბილისში. საქმეში დაცული ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ცნობების თანახმად, მოსარჩელე თ. ნ-ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ...ს მუდმივი მაცხოვრებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფუძველს იყო მოკლებული თ. ნ-ის ახალგორის რაიონის, სოფელ ...ში ოჯახისგან განცალკევებით მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს 21.09.2017წ. ცნობით ადმინისტრაციულმა ორგანომ გააქარწყლა მის მიერ 12.04.2013წ. გაცემული ცნობა რომლის თანახმად, მოსარჩელე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე იყო ახალგორის რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი. საქმეში დაცულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 06.10.2017წ. ცნობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ცნობა არ ადარტურებს მოსარჩელის 2008 წლამდე ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტს, მაგრამ არც სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტზე შეიცავდა ცნობებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა თ. ნ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე, სადავო აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-იმა.
კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში არ არის დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, რომელიც გასაჩივრებული აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს, აღნიშნული კი ადასტურებს სადავო აქტის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებას. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილ ცნობებს, ხოლო სხვა მტკიცებულებათა წარდგენის ტვირთის, სახელდობრ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე თ. ნ-ის ახალგორის რაიონ, სოფელ ...ში მუდმივი ცხოვრების დამამტკიცებელი ცნობის კასატორისთვის დაკისრება ადასტურებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას. სკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებისა და სასკ-ის მე-17 მუხლიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე უფლებამოსილი ორგანოებიდან ცნობების წარმოდგენის ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.
კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია სზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ აცნობა დაინტერესებულ მხარეს და არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთანავე, კასატორი არ უარყოფს, რომ მისი ოჯახი 2008 წლამდე და დღემდე მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, მაგრამ აღნიშნული არ ეხება სადავო საკითხს, ვინაიდან მისი ოჯახი არ ითხოვს დევნილის სტატუსს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაზე, რომლის თანახმად 2008 წლის აგვისტომდე თ. ნ-ის საცხოვრებელი ადგილი არ იყო თბილისი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ცნობების თანახმად, არც სოფელი ... ყოფილა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მიუხედავად ამისა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასახელა თუ რა მტკიცებულებები დაედო საფუძვლად გადაწყვეტილებას, რომლითაც თ. ნ-ის დევნილი სტატუსის მინიჭებაზე უთხრეს უარი, მით უფრო მაშინ, როდესაც არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა კასატორის სხვაგან ცხოვრების ფაქტს, გარდა ახალგორის რაიონის სოფელ ...სა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისთვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე, მაგრამ მხოლოდ საცხოვრებელ სადგომზე პირის საკუთრების უფლება იმთავითვე არ ადასტურებს აღნიშნულ ადგილზე მის მუდმივ ცხოვრებას. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი ვლინდება აღნიშნულ ადგილას ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს სახელდობრ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას არის მუდმივი მაცხოვრებელი. საქმეში დაცული ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ცნობების თანახმად, კასატორი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე არ ყოფილა ახალგორის რაიონის, სოფელი ...ს მუდმივი მაცხოვრებელი, არამედ იგი ხშირად ჩადიოდა და ეწეოდა მეურნეობას სეზონურად. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 06.10.2017წ. წერილით დგინდება, რომ თ. ნ-ი 2008 წლის აგვისტომდე არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის 1 შესახ. №...-ში, აღნიშნული ცნობა არ შეიცავს იმგვარ ინფორმაციას, რომ კასატორი 2008 წლის აგვისტომდე საერთოდ არ იყო ქ. თბილისის მაცხოვრებელი. ამდენად სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე არ ყოფილა ინფორმირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან საქმის წარმოების პროცედურულ დარღვევას. მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული პირი ჩაერთო ადმინისტრაციულ წარმოებაში და მიეცა მისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს წარმოების სახის დარღვევას. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ხარვეზი არ ქმნის სადავო აქტის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სხვა შედეგის დადგომის შესაძლებლობა.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების შესახებ, ვინაიდან სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სასკ-ის მე-4 მუხ.; სსკ-ის მე-4 მუხ.). თითოეულმა მხარემ შესაბამისი მკტიცებულებებით უნდა დაასაბუთოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის სარჩელსა თუ შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.; სასკ-ის 17.1 მუხ.). ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (სსკ-ის 102.2 მუხ.). საქმეში დაცული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ. ნ-ი 2008 წლის აგვისტომდე არ იყო სოფელ ...ს მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი