გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 5-აპ 21 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის განაჩენში. კერძოდ, თ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილის (1960 წლის სსკ) და მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ თ. შ-ძეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ თ. შ-ძის დაზარალებულ ი. ს-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 52100 აშშ დოლარის გადახდა, დაზარალებულ ჯ. ლ-შვილის სასარგებლოდ _ 1200 აშშ დოლარის გადახდა, დაზარალებულ გ-ურის სასარგებლოდ _ 1500 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ შპს “მედინ სერვისის” ნაწილში სამოქალაქო სარჩელი ღიად იქნა დატოვებული.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით თ. შ-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მოქალაქეთა პირადი ქონების თაღლითური გზით მიღების მიზნით, 1996 წლის ივნისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ისარგებლა რა გ. გ-ურის ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოს საზღვარგარეთის ორგანიზაციის მიერ ამ უკანასკნელისათვის კრედიტის სახით ფულადი თანხების გამოყოფისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენის მოტივით, მისგან ქ. თბილისში თაღლითური გზით მიიღო 1500 აშშ დოლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
მანვე განმეორებით _ 1996 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ისარგებლა რა ჯ. ლ-შვილის ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოს საზღვარგარეთის ორგანიზაციის მიერ მისთვის კრედიტის სახით ფულადი თანხების გამოყოფისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენის მოტივით, მისგან თაღლითური გზით მიიღო 1500 აშშ დოლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
მანვე განმეორებით, სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების მიზნით, ისარგებლა რა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახაზინო კომპანია “მედინ სერვისის” კომერციული განყოფილების უფროსის ვ. პ-შვილის ნდობის ბოროტად გამოყენებით, 1997 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისში აღნიშნული კომპანიიდან თაღლითური გზით მიიღო და მიითვისა 5943 ლარისა და 67 თეთრის ღირებულების სამედიცინო პრეპარატები.
მანვე განმეორებით, ისარგებლა რა ი. ს-შვილის ნდობის ბოროტად გამოყენებით, საზღვარგარეთიდან კრედიტის გამოყოფის მიზნით აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენის მოტივით, 1997 წლის მაისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ი. ს-შვილისაგან თაღლითური გზით მიიღო ჯერ 7700 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 12300 აშშ დოლარი, იმავე წლის 11 სექტემბერს კრედიტის გამოყოფის დაჩქარებისათვის ს-შვილისაგან მიიღო 22100 აშშ დოლარი, რომელიც მიითვისა და რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. შ-ძე ითხოვს მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას, მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და თვითონაც არის დაზარალებული.
პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულ თ. შ-ძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. რ-ძემ ცვლილებით დაუჭირა მხარი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.
მსჯავრდებულმა თ. შ-ძემ მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას, იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ. მან აღნიშნა, რომ დამატებითი გამოძიების დროს დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.
დაზარალებულმა ი. ს-შვილმა კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ა. ს-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ თ. შ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემული საქმე აღიძრა საქართველოს შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ 1998 წლის 8 მარტს თაღლითობის მხოლოდ ერთ ეპიზოდში, სახაზინო კომპანია “მედინ სერვისიდან” პირთა ჯგუფის მიერ თაღლითური გზით 5943 ლარისა და 67 თეთრის ღირებულების სამედიცინო პრეპარატების გატაცების ფაქტზე. საქმე აღძრულ იქნა სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით. იმავე წლის 7 მაისს ამ ეპიზოდსა და დაზარალებულ ლ-შვილის თანხის გატაცების ეპიზოდში საქმე წარმოებით შეჩერებულ იქნა ბრალდებულ თ. შ-ძის ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო. იმავე წლის 15 ივნისს საქმეზე წინასწარი გამოძიება განახლდა და ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდებში თ. შ-ძეს წარედგინა ბრალდება. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ აღნიშნული დღიდან ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. გამოძიების შემდგომ ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულმა თ. შ-ძემ სხვადასხვა პირების (გ. გ-ური და ი. ს-შვილი) თანხები თაღლითურად მიითვისა. მოქალაქეებმა ს-შვილმა და გ-ურმა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ მიმართეს საგამოძიებო ორგანოს მათი თანხების მითვისების ფაქტებზე. აღნიშნულ ფაქტებზე კი სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა აღძრული, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება არ ჩაბარებია ბრალდებელს, ფაქტობრივად, აღნიშნულ ორ ეპიზოდში გამოძიება წარმოებდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე. ამით კი უხეშად იქნა დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კანონი იმის თაობაზე, რომ საქმეზე გამოძიება უნდა წარმოებდეს მხოლოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული დარღვევა, სსსკ-ის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას, რაც იწვევს სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გაუქმებას. აღნიშნული დარღვევა დამატებითი გამოძიების გზით უნდა იქნეს გამოსწორებული.
პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო დაეყრდნენ დაზარალებულების ჩვენებას, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ თანხა კრედიტის გამოყოფისათვის გადასცეს მსჯავრდებულ თ. შ-ძეს, რასაც ეს უკანასკნელიც, ფაქტობრივად, არ უარყოფდა. ამასთან, წინასწარი გამოძიების მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული მსჯავრდებულის ვერსია იმის თაობაზე, რომ დაზარალებულებისაგან მიღებული თანხა უკლებლივ გადასცა მ. ჭ-ძეს, რომელიც თავს ასაღებდა შპს “ლენდემის” წარმომადგენლად და მას უნდა უზრუნველეყო კრედიტის გამოყოფა. პალატა თვლის, რომ ამ საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია თ. შ-ძის და სხვათა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა.
ეს საკითხიც დამატებითი გამოძიებით უნდა შემოწმდეს და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, გამოკვლეულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს თ. შ-ძის და სხვათა ბრალდების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ნოემბრის განაჩენი თ. შ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატრებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა _ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.