საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-817(კ-21) 17 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ტ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, ლ. ხ-ე, თ. ხ-ე
თავდაპირველი მოსარჩელეები - ლ. ტ-ი, ა. ტ-ი, ე. ტ-ი, გ. თ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ., ლ., ე. და ა. ტ-იებმა 2018 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, ლ. ხ-ეისა და თ. ხ-ეის მიმართ და მოითხოვეს №2/684-16 სააღსრულებო ფურცლისა და №... განკარგულების ბათილად ცნობა, რის საფუძველზედაც გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოპასუხე ლ. ხ-ეის სახელზე. 2018 წლის 27 ივლისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით ზემოაღნიშნულ მოსარჩელეებთან ერთად მოსარჩელეებად ასევე დასახელდნენ გ. თ-ი და ფ. ტ-იი, ხოლო მესამე პირებად - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ტ-ის, ლ. ტ-იის, ა. ტ-ის, გ. თ-ის და მ. ტ-ის სარჩელი - ლ. ხ-ეის, თ. ხ-ეის, მესამე პირების - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ., ლ., ე. და ა. ტ-იებმა და გ. თ-იმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი, რაც მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით გ. თ-ის, ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ის და ლ. ტ-იის კერძოს საჩივარი გ. თ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მ., ე., ლ. და ა. ტ-იების ნაწილში დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება მ., ელ., ლ. და ა. ტ-იების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მ., ელ., ლ. და ა. ტ-იების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ე. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით ლ. და ა. ტ-იების სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ტ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორს - მ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2021 წლის 26 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა ი. მ-ემ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, ამასთან იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი 300 (სამასი) ლარის გადახდის გადავადება მარწმუნებლის სომხეთში ყოფნისა და მასთან კომუნიკაციის არარსებობის საფუძვლით ან საპროცესო ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მ. ტ-ის შაუმდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით;
2021 წლის 3 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა ი. მ-ემ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და მარწმუნებლის საზღვარგარეთ ყოფნისა და მასთან კომუნიკაციის არარსებობის გამო, მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება გონივრული ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით კასატორის - მ. ტ-ის წარმომადგენლის ი. მ-ეის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) კალენდარული დღით;
აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - მ. ტ-ის წარმომადგენელს და საქმეში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 30 დეკემბერს ჩაჰბარდა პირადად ი. მ-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 – 9 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ კასატორს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა, კერძოდ, 2021 წლის 5 ნოემბრისა და 13 დეკემბრის განჩინებებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება, რომლითაც კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა და დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, კასატორის წარმომადგენელს - ი. მ-ეს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ... ქ. მე-2 შეს. კორპ. 6, ბინა N13. საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშნული ხელმოწერის მიხედვით, მითითებული გზავნილი 2021 წლის 30 დეკემბერს ჩაჰბარდა ადრესატს პირადად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 6 იანვარს 24 საათზე (ხუთშაბათი). იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა დაემთხვა უქმე დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61- ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვადის დამთავრების დღედ მიიჩნევა მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 2022 წლის 10 იანვარი. თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ 7-დღიან ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა