Facebook Twitter

ბს-1238 (კ-19) 13 იანვარი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 15.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 166019 ლარისა და 70 თეთრის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2015წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2893 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. გადაწყვეტილებით გასაჩივრებულ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2017წ. გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 17 904 ლარის და 70 თეთრის გადახდის ვალდებულება, დანარჩენ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის ფარგლებში კლინიკა მიიღებდა დაფინანსებას, უკეთუ მას ეყოლებოდა პალიატიური ზრუნვის მიწოდებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პროფილისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ გავლილი გადამზადება პალიატიურ მზრუნველობაში, ახორციელებს მომსახურებას „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. N157/ნ ბრძანებით განსაზღვრული პირობებისა და მოცულობის დაცვით, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ. N136/ნ ბრძანებაზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში/სპეციალობებში და სუბსპეციალობის მოწმობა პირს აძლევს უფლებას განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში. ამდენად, ვინაიდან შპს „...ში“ მკურნალობას ახორციელებდნენ ექიმები, რომლებიც არ ფლობდნენ შესაბამის სუბსპეციალობის მოწმობას - „ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა“, კლინიკას დაეკისრა დაფინანსებით მიღებული თანხის 10%-ის, კერძოდ 17464.70 ლარის გადახდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შებყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სიმსივნით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, მკურნალობას ექვემდებარება მხოლოდ მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტები (და არა მე-2 და მე-3 სტადიაში მყოფი პაციენტებიც) და ისიც მხოლოდ იმ პირობებში, თუ ისინი აკმაყოფილებენ მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ არასწორად მოხდა იმ პაციენტთა მკურნალობა (მე-2 და მე-3 სტადიაში მყოფი სიმსივნით დაავადებული პაციენტები), რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ნორმის მოქმედება და შესაბამისად, ამ ნორმის ფარგლებში არ ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო პროგრამის მიხედვით დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების მიხედვით ერთი ვიზიტის ანაზღაურება შეადგენს 11 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არასწორად იქნა ჩატარებული 40 ვიზიტი, ამიტომ შპს „...ს“ გადასახდელად დაეკისრა 440 ლარი. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი დანარჩენ ნაწილში მოპასუხის მიერ არასწორი მკურნალობის ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს „...ში“ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის (ამბულატორიული კომპონენტი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2013 წლის 01 აპრილამდე შესრულებული მომსახურების ინსპექტირება. 27.05.2013წ. გამოიცა შემოწმების აქტი. კასატორმა შემოწმების აქტით გამოვლენილ დარღვევებზე მითითებით აღნიშნა, რომ „ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის“ კომპონენტის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას არ არის გათვალისწინებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების მე-11 დანართის 6.1 მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შებყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის 2.5 მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტისა და 2.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ. N136/ნ ბრძანების მოთხოვნები. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, 17904.70 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის ანაზღაურებაზე უარის მიზეზად დაასახელა არასწორი მკურნალობის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორი მკურნალობა მითითებული დავის საგანს არ წარმოადგენს, ასევე გაუგებარი და დაუსაბუთებელია, მოთხოვნის რომელი ნაწილებიდან გამოიყო მითითებული თანხა და სააგენტოს მიერ მითითებული რომელი სამართლებრივი საფუძველი მიიჩნია სასამართლომ უსაფუძვლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2022წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განახორციელა შპს „...ის“ მიერ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის (ამბულატორიული კომპონენტი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურების ინსპექტირება. ინსპექტირების პერიოდი მოიცავდა 2011 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2013 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდს. შემოწმების აქტის მიხედვით გამოვლინდა „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების მე-11 დანართის 6.1 მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შებყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის 2.5 მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტისა და 2.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ. N136/ნ ბრძანების მოთხოვნების დარღვევები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 17904.70 ლარის გადახდა, თუმცა კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია მოთხოვნის რომელი ნაწილიდან გამოიყო აღნიშნული თანხა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განხილულია შემოწმების აქტით დადგენილი კონკრეტული დარღვევები, შეფასებულია სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობა, რის საფუძველზეც სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შპს „...ისათვის“ განსაზღვრული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, სარეზოლუციო ნაწილში აისახება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი მსჯელობის შედეგი. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის წარმოშობის საფუძველი, რამეთუ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დეტალურად მსჯელობს შპს „...ის“ მიერ, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესრულებული მომსახურების დროს გამოვლენილ დარღვევებზე და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფარგლებზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან შპს „...ში“ მკურნალობას ახორციელებდნენ ექიმები, რომლებიც არ ფლობდნენ შესაბამის სუბსპეციალობის მოწმობას - „ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა“, კლინიკას დაეკისრა დაფინანსებით მიღებული თანხის 10%-ის, 17464.70 ლარის გადახდა, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის 2.5 მუხლით გათვალისწინებული დანაწესის დარღვევისთვის შპს „...ს“ გადასახდელად დაეკისრა 440 ლარი. რაც შეეხება მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი შეიცავს ზოგად მითითებებს, ხოლო კასატორს არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიცია არ წამოუდგენია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.11.2019წ. N49574 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი