Facebook Twitter

ბს-315(კ-19) 13 იანვარი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

22.01.2018წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ბ. ფ-ამ მოპასუხის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 22.11.2017წ. №162/განკ განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2018წ. გადაწყვეტილებით ბ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 22.11.2017წ. №162/განკ. განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თანამდებობის პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონებთან შეუსაბამო მონაცემის გამოვლენა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 20.09.2017წ. №530/სა ბრძანებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ბ. ფ-ას ქონებრივი მდგომარობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ბ. ფ-ას მიერ 14.04.2016წ. წარდგენილი ქონებივი მდგომარეობის დეკლარაცია. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ბ. ფ-ას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა ბ. ფ-ას მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „კ“ პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა. დადგენილია და მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, რომ 14.04.2016წ. წარდგენილი დეკლარაცია არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დეკლარაციაში არ იყო ასახული ბ. ფ-ასა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები სრულად, დეკლარაციაში ასახული შემოსავალი აღემატებოდა ბ. ფ-ას მიერ რეალურად მიღებულ შემოსავალს და დეკლარაციაში არ იყო ასახული ბ. ფ-ას შვილის მიერ მიღებული შემოსავალი - 1322.5 ლარი. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას გულისხმობს თუ არა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-181 მუხლის მე-12 პუნქტით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი - დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა დეკლარაციაში გამოვლენილი ნებისმიერ უზუსტობას, თუ მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის არასახვას ან/და არასრულად ასახვას, რომელიც არსებითი ხასიათისაა და წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზანთან. ნორმის განმარტება ემყარება ობიექტურობის, ერთიანობის და გენეტიკური განმარტების პრინციპებს. ამდენად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-181 მუხლის მე-12 პუნქტი უნდა განიმარტოს სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. საქართველოს მთავრობის 14.02.2017წ. №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის, უსწორობის ტექნიკური, მექანიკური ხასიათი, ასევე, უნდა დაადგინოს გამოვლენილი უსწორობის იმგვარი ფორმის არსებობა, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინტერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება, არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან. მართალია, ბ. ფ-ას მიერ 14.04.2016წ. წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული დარღვევა მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ბ. ფ-ას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების ძირითადი ნაწილი შეიცავს საქმის გარემოებების, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის აღწერას, ხოლო ბიუროს დასკვნები და შეფასებები, როგორიცაა ბიუროს მიერ გამოყენებული ნორმის სტრუქტურის შეფასება, სუბსუმციაში შეცდომის შემოწმების მეთოდის კვლევა, კანონმდებლის მიზნისა და განზრახულობის საფუძველზე ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება და სხვ., პასუხგაუცემელი დარჩა. როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლო სადავოდ არ ხდის ბიუროს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორისა და გამოყენებული ნორმების სწორად შერჩევის საკითხს და მათი შინაარსის სწორად გაგებას. დავის არსს ქმნის სამართლებრივი შედეგის კანონის მიზნებთან მიმართება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოვლენილი დარღვევები მიიჩნიეს არაარსებითი ხასიათის დარღვევებად, რაც საბოლოოდ გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ბ. ფ-ას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები კანონმდებლის მიზნის, მისი განზრახულობისა და დეკლარაციის შევსების მიზნის გათვალისწინებით არსებითი ხასიათის დარღვევებს წარმოადგენენ. დეკლარაციის მონიტორინგის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებში შესული ცვლილებებით განიმარტა არაარსებითი დარღვევის ცნება და დადგინდა შესაბამისი ზღვარი, რომელთა ფარგლებში დარღვევას აქვს არაარსებითი ხასიათი, ხოლო ის დარღვევები, რომლებიც სცილდებიან მითითებულ ზღვარს, ბუნებრივია, არსებითი ხასიათის დარღვევებს განეკუთვნებიან. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-181 მუხლის მე-131 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დარღვევას აქვს არარასებითი ხასიათი, თუკი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა. დეკლარაციაში არსებული დარღვევები წარმოადგენენ არსებითი ხასიათის დარღვევებს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშების მიუთითებლობა, დეკლარაციაში მითითებული შემოსავლის ნაწილში არსებული ცდომილება, ასევე მოსარჩელის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიერ მიღებული შემოსავლის არასახვის ნაწილში შეუსაბამობა ბევრად აღემატება დარღვევის არაარსებითად მიჩნევისათვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 500 ლარს. ნორმა, რომლითაც განისაზღვრა არაარსებითი ხასიათის დარღვევის იდენტიფიცირებისათვის შესაბამისი ცდომილებების ზღვარი, წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომელიც ასახავს კანონმდებლის მიდგომას კონკრეტული ქცევის მიზანსა და მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში ბ. ფ-ას მხრიდან სახეზეა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორი და არასრული მითითება. მონიტორინგის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გამოვლენილი არსებითი ხასიათის დარღვევების შედეგად ბიურო ვალდებული იყო გამოეტანა გადაწყვეტილება დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ, ამასთან, მონიტორინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბიურო ვალდებული იყო „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის 11 პუქნტის პუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირი დაეჯარიმებინა 1000 ლარის ოდენობით (2018 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში დაცული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 20.09.2017წ. №530/სა ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ბ. ფ-ას მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 21.11.2017წ. დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტები, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული დეკლარაციის უარყოფითად შეფასება და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 22.11.2017წ. ͏№162/განკ განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი ბ. ფ-ა, 14.04.2016წ. წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის გამო, დაჯარიმდა 1000 ლარით.

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე სზაკ-ის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს გადაწყვეტილებას თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ ან დარღვევის არსებობის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება (სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 181.1, 181.9, 181.11, 20.11 მუხ.). ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 21.11.2017წ. დასკვნის თანახმად, დეკლარაციის მიხედვით ბ. ფ-ას დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს სამი საბანკო ანგარიში, ხოლო არ არის დეკლარირებული მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების ექვსი საბანკო ანგარიში, ასევე, საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებით ბ. ფ-ას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული აქვს შემოსავალი 17 169,9 ლარის ოდენობით და ააიპ „მარნეულის კულტურის ცენტრიდან შემოსავალი - 14 833,3 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემებით 2015 წელს დეკლარანტს ხელფასის სახით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან მიღებული აქვს 9 293,3 ლარი და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებიდან ხელფასი - 7 000 ლარი, დეკლარაციაში არ არის დაფიქსირებული დეკლარანტის შვილის ლ. ფ-ას შემოსავალი, შპს „...ში“ ხელფასის სახით მიღებული 1 322,5 ლარი. კასატორი აღნიშნავს, რომ ბ. ფ-ას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები დეკლარაციის შევსების მიზნის გათვალისწინებით წარმოადგენენ არსებითი ხასიათის დარღვევებს. დეკლარაციის მონიტორინგის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებში შესული ცვლილებებით (04.05.2018წ.) დადგინდა არაარსებითი დარღვევის ცნება, დადგინდა ზღვარი, რომლის ფარგლებში დარღვევას აქვს არაარსებითი ხასიათი, ხოლო ის დარღვევები, რომლებიც სცილდებიან ამ ზღვარს, არსებითი ხასიათის დარღვევებს განეკუთვნებიან. კასატორმა მიუთითა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-181 მუხლის 132 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დარღვევას აქვს არაარსებითი ხასიათი, თუკი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტზე (ძველი რედაქციის 42.5 მუხ.), რომლის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს, ამასთან, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.1 მუხ.). აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილების შედეგად ხდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის გაუქმება ან პასუხისმგებლობის ზომის შემსუბუქება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. იგი არ გამოიყენება იმ ფაქტის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის გამოცემამდე და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლის საგარანტიო ფუნქცია ეხება არა მარტო ნორმაში მოცემული ქმედების შემადგენელობებს, არამედ ასევე ქმედების ჩადენისათვის დაწესებულ სამართლებრივ შედეგებს. ამდენად, კასატორის მოსაზრება დეკლარაციის შემოწმების და სანქციის შეფარდების შემდგომ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველ სამართალურთიერთობაზე გამოყენების თაობაზე (რითაც განისაზღვრა არსებითი/არაარსებითი დარღვევების მნიშვნელობა) ეწინააღმდგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.

განსახილველ შემთხვევაში დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის (ძველი რედაქცია) „ზ“ (საქართველოს ან სხვა ქვენის საბანკო ან/და სხვა საკრედიტორ დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, - ანგარიშის ან/და შენატანის განმაკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწსებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი)) და „კ“ (საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებაში სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა - სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიში პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოავალი) პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა. საქმეზე დადგენილია, რომ 14.04.2016წ. წარდგენილი დეკლარაცია არ შეესაბამებოდა აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, დეკლარაციაში არ იყო ასახული ბ. ფ-ას და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები სრულად, დეკლარაციაში ასახული შემოსავალი აღემატებოდა ბ. ფ-ას მიერ რეალურად მიღებულ შემოსავალს და დეკლარაციაში არ იყო ასახული ბ. ფ-ას შვილის მიერ მიღებული შემოსავალი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, დეკლარაციის შევსება მიზნად ისახავს კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას, ასევე საზოგადოების ნდობის ამაღლებას თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. საქართველოს მთავრობის 14.02.2017წ. ͏№81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინტრუქციის“ 2.2 მუხლით დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. ამდენად, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს კანონით დაცულ სიკეთესთან პირის ქმედების არსებითი წინააღმდეგობა, კერძოდ, საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამჭირვალობასთან, კორუფციული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის აღმოფხვრასა და პრევენციის კანონისმიერ მიზანთან. ამგვარი შეფასებით უნდა დადგინდეს უზუსტობის ხასიათის შესაბამისობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში დიფერენცირებულ ქმედებებთან. არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი, უსწორობის ტექნიკური, მექანიკური, ასევე გამოვლენილი უსწორობის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და პრევენციისათვის საფრთხის შემცველი ხასიათი. ნებისმიერი სახის უზუსტობის მიჩნევა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრულ და არასწორ მონაცემად და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება კანონის მიზანს სცდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ ბ. ფ-ას 17.10.2017წ. ბიუროში წარდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით დეკლარანტმა შეავსო არსებული ანგარიში და არა ანგარიშები, რაც მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა. რაც შეეხება მარნეულის კულტურის ცენტრში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიღებულ შემოსავალს, განმცხადებლის განმარტებით, დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა დროის მოცულობაში, რის გამოც მიეთითა უფრო მეტი ოდენობის შემოსავალი. შვილის, ლ. ფ-ას შემოსავალთან დაკავშირებით, განმცხადებელმა განმარტა, რომ მითითებულ პერიოდში მისი ყოფილი მეუღლისა და შვილის მონაცემების ასახვა დეკლარაციაში არის შეცდომა, ვინაიდან იმ დროისათვის მოსარჩელე მათთან ერთად არ ცხოვრობდა. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 181.12 მუხლის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად ბიუროს მიერ მიღებულ დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მონიტორინგისას დეკლარაციაში აღმოჩენილი არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა არა უპირობოდ ყოველი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, არამედ კანონმდებლის ძირითადი მიზნის შეუსაბამობის შემთხვევაში. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისას მონაცემების უზუსტობა ან რაიმე მონაცემის მიუთითებლობა (მაგ. შემოსავლისა არასწორად განსაზღვრა, დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანგარიშზე თანხის ცდომილება, ფაქტობრივად უმოქმედო ანგარიშის მიუთითებლობა და სხვ.) არ შეიძლება უპირობოდ შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ბ. ფ-ას მიერ 14.04.2016წ. წარდგენილი ქონებივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს არ ქმნიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2018წ. განჩინება;

3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/ნ 205047288) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.02.2019წ. №00321 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი