Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1(კ-21) 18 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჰ. ნ-შ

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 1 აპრილს ჰ. ნ-შმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრებაში აქვს ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №464 და 2012 წლის 23 ივლისის №02/358 ბრძანებებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და გაცემულ იქნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის 10.0-მდე გაზრდის მიზნით. ასევე, მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის კოეფიციენტი განისაზღვრა 0.2-მდე სიზუსტით.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №544 ბრძანებით ჰ. ნ-შის განცხადება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მითითებული იყო, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან გასული იყო 5 წელზე მეტი; მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქმშენებლობითი პირობები, რის გამოც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გამოცხადდა ძალადაკარგულად და მის მფლობელს შესთავაზეს სათანადო ცვლილებების განხორციელება.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან 2012 წლიდან არაერთხელ მიმართა ჰ. ნ-შმა ქ. ბათუმის მერიას, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 2019 წლის 4 იანვარს მიმართა განაცხადით (ახალი ელექტრონული საქმის წარმოების წესის შესაბამისად) და წარადგინა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მე-2 ეტაპის სრულყოფილი დოკუმენტაცია, რაც სრულად შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს, ხოლო ქალაქმშენებლობითი პირობები მოსარჩელის სასარგებლოდ იყო შეცვლილი. მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს ძალადაკარგულად არ გამოუცხადებია 2012 წლის 26 ივლისის №464 და 2012 წლის 23 ივლისის N02/358 ბრძანებები და არ მომხდარა შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №544 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ჰ. ნ-შის 2019 წლის 4 იანვრის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჰ. ნ-შის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 მარტის №544 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა), რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია ნებართვის გაცემის პროცედურის სტადიები, თითოეული სტადიის ვადები, თითოეულ სტადიაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, მათი შინაარსი, ასევე ის ორგანოები, რომლებიც მონაწილეობენ ნებართვის გაცემის პროცედურაში. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა განსაკუთრებული იერარქიის ნებართვაა და როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია — არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობების, მათი სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილების განსახორციელებლად.

კასატორი არ იზიარეს სასამართლოების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, განმცხადებლის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვინაიდან სადავო ზონაში კ-2 კოეფიციენტი 2.2-დან გაიზარდა 3.0-მდე და აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ 2012 წლის 26 ივლისის მდგომარებით, სადავო ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობა და გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს არსებული მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია, შესაბამისად, აღნიშნულ ზონაში კ-2 კოეფიციენტის 2.2-დან 3.0-მდე გაზრდა არათუ აუმჯობესებს განმცხადებლის მდგომარეობას, არამედ ზღუდავს მას და უწესებს მაქსიმალურ ზღვარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №544 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის“ (ძალადაკარგულია 02.03.20წ. №139 საქართველოს მთავრობის დადგენილებით) მე-3 მუხლის 43-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა წარმოადგენდა განსაკუთრებული იერარქიის ნებართვას, რომელიც, როგორც წესი, იყოფოდა 3 ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გავლილ იქნა მშენებლობის ნებართვის მისაღებად დადგენილი I სტადია, კერძოდ, მისი მოთხოვნის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ ...) მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №464 და 2012 წლის 23 ივლისის №02/358 ბრძანებებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და გაცემულ იქნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის 10.0-მდე გაზრდის მიზნით, მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის კოეფიციენტი განისაზღვრა 0.2-მდე სიზუსტით.

ჰ. ნ-შმა 2019 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №544 ბრძანებით ჰ. ნ-შის განცხადება არ დაკმაყოფილდა. იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან გასულია 5 წელზე მეტი და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული ქალაქმშენებლობითი პირობების ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.

აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ნორმატიული მოწესრიგება მოითხოვს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას, კერძოდ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს მისი მოქმედების 5-წლიანი ვადის გასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში: 1. თუ არ გაგრძელებულა სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება; 2. ასევე, თუ მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, ნორმა პირდაპირ ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ადრესატის ინფორმირებას და მისთვის სათანადო ცვლილებების განხორციელების შეთავაზებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2012 წლიდან ჰ. ნ-შმა არაერთხელ მიმართა ქ. ბათუმის მერიას, მაგრამ არ უპასუხეს. ასევე, ჰ. ნ-შმა 2019 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, წარადგინა კანონმდებლობით განსაზღვრული მე-2 ეტაპის სრულყოფილი დოკუმენტაცია და მოითხოვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტს ძალადაკარგულად არ გამოუცხადებია მის მიერ მიღებული 2012 წლის 26 ივლისის №464 და 2012 წლის 23 ივლისის №02/358 ბრძანებები და ჰ. ნ-შს არ შესთავაზა შესაბამისი ცვლილებები. ამ პირობის არ არსებობის გარეშე კანონმდებელი არ უშვებს უკვე დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გამოუყენებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე