Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 23-შ 25 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა საქართველოს სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად მსჯავრდებულ ვ. (ლ.) ქ-იას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ვ. ქ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 65-ე მუხლით _ თხუთმეტი წლით, 78-ე მუხლით _ თხუთმეტი წლით, 112-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ერთი წლით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით _ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა _ ვ. ქ-იას შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით ვ. ქ-იას სხვა პირებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 38846051 ლარის, ხოლო პირადად _ 156218 ლარის გადახდა.

იმავე განაჩენით მსჯავრდებული არიან ჯ. ბ-ავა, ზ. ძ-ური და ნ. მ-შვილი. ისინი განაჩენს არ ასაჩივრებენ.

ვ. ქ-ია სასჯელს იხდიდა 1994 წლის 6 ივლისიდან. 2000 წლის 30 სექტემბრის ღამეს სხვა, თერთმეტ პატიმართან ერთად, გვირაბის გათხრის გზით, ის გაიქცა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ვ. ქ-ია რამდენიმე სხვა გაქცეულ მსჯავრდებულთან ერთად დაკავებულ იქნა 2000 წლის 12 ოქტომბერს ამბროლაურის რაიონის სოფ. ფუტიეთში. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ამ უკანასკნელი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" პუნქტით მას მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2000 წლის 12 ოქტომბრიდან.

საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 აგვისტოს განაჩენი უცვლელად არის დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინებით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად არის ცნობილი შემდეგი:

ვ. ქ-ია 1991 წლის სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით.

ჯ. ბ-ავა 1992 წლის თებერვლიდან ჩაირიცხა ექსპრეზიდენტ ზ. გამსახურდიას მომხრე გვარდიაში და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ შეიარაღებულ შენაერთს. შემდეგ დაინიშნა ზუგდიდის კომენდატის მოადგილედ და სექტემბრის თვეში _ ე.წ. ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ ოპერატიულ დარგში.

ზ. ძ-ური 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად და 1991 წლის 4 თებერვლიდან დაინიშნა სამტრედიის რაიონის პრეფექტად.

ნ. მ-შვილი 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად, 1990 წლის 22 ნოემბერს კი _ უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ.

ნ. მ-შვილი 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სარდაფში, ე.წ. “ბუნკერში" ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის 1992 წლის 21 მაისს დააპატიმრეს ქ. სოხუმში. მას წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით.

ნ. მ-შვილს ბრალი ედებოდა შემდეგში: რომ მას ეკავა რა პასუხსაგები თანამდებობა, განზრახ, ძალადობის გამოყენებით სჩადიოდა დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხმყოფელ მოქმედებებს, სისტემატურად სცემდა მათ და იყენებდა მათ მიმართ წამების ხასიათის სხვაგვარ ძალადობას, სახელდობრ: იგი, იყო რა სიძულვილით გამსჭვალული რესპუბლიკის პრეზიდენტის და საქართველოს უზენაესი საბჭოს ოპოზიციურად განწყობილი ძალებისა და პირების მიმართ, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ კურსს საშინაო და საგარეო პოლიტიკის დარგში, აღნიშნული მოტივით, 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, ქ. თბილისში სამხედრო დაპირისპირების დღეებში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის სარდაფში, ე.წ. “ბუნკერში" პრეზიდენტის მომხრეთა მიერ უკანონოდ დაკავებულ და თავისუფლებააღკვეთილ პირებს სისტემატურად მიმართავდა პირადი ღირსების შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ძალადობის გამოყენებით, ხელისა და ფეხის დარტყმით, ასევე სპეციალურად წამებისათვის დამონტაჟებული საველე სატელეფონო აპარატით, ელექტროშოკის გატარებებით, სისტემატურად მონაწილეობდა მათ ცემასა და წამების ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს მანიფესტის საფუძველზე ნ. მ-შვილი პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნა 4 აგვისტოს, 9 აგვისტოს კი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა წარმოებით.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო".

1990 წლის 14 ნოემბერს ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესი საბჭოს მიერ და 1991 წლის 26 მაისს საყოველთაო არჩევნებით _ რესპუბლიკის პრეზიდენტად.

ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ზ. გამსახურდიამ, უზენაესმა საბჭომ და მთავრობამ თავი ვერ გაართვეს მათ წინაშე მდგომ ამოცანებს. ჩაიდინეს მძიმე დანაშაულებანი, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა სახელმწიფოსა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში შეიქმნა დაუსჯელობისა და არეულობის ვითარება. განსაკუთრებით უარყოფითი შედეგები გამოიწვია 1991 წლის აპრილის ბრძანებულებით გამოცხადებულმა “მრგვალი მაგიდის" ინიციატივამ საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ. ამ უკანონო ბრძანებულებამ რეპსუბლიკაში სარკინიგზო ტრანსპორტისა და მსხვილი საწარმოების მუშაობის შეწყვეტა განაპირობა, რამაც მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა საქართველოს რესპუბლიკის მეურნეობას.

“მრგვალი მაგიდის" წევრები განზრახ აღვივებდნენ შუღლსა და მტრობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელთა შორის, საჯაროდ მოუწოდებდნენ ურთიერთდაპირისპირებისა და შეიარაღებული თავდასხმებისაკენ. განსაკუთრებით გამწვავდა კრიმინოგენური ვითარება. ყველა, ვინც გამოდიოდა ხელისუფლების კრიტიკით, იმსახურებდა სამშობლოს მოღალატისა და უცხო სახელმწიფოს აგენტის იარლიყს.

აღნიშნულმა გარემოებებმა და გამეფებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განაპირობა საზოგადოების დიდი ნაწილის სერიოზული უკმაყოფილება, მიტინგები და გამოსვლები.

1991 წლის 19 აგვისტოს ზ. გამსახურდიამ ქ. მოსკოვში ჩამოყალიბებული უკანონო განსაკუთრებული მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის წინადადებით, საქართველოს კონსტიტუციის 104-ე და 1214-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად მოახდინა საქართველოს ეროვნული გვარდიის რეორგანიზაცია, რომელმაც განაპირობა ეროვნული გვარდიის ნაწილების დაუმორჩილებლობა, რესპუბლიკაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დესტაბილიზაცია.

უზენაესი საბჭოს დეპუტატების ნაწილი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამო, რისთვისაც მათ რიგ შემთხვევებში უზენაესი საბჭოს სხდომებზე არ უშვებდნენ, ამ მიზნით სპეციალურად დაიქირავეს და გაწვრთნეს პროვოკატორები, ე.წ. “კარვის ქალები", რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.

1991 წლის დეკემბრის დასაწყისში ხელისუფლებამ დიალოგის, სადავო საკითხების განხილვისა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, შეწყვიტა მშვიდობიანი ურთიერთობა ოპონენტებთან. სატრანსპორტო და სამშენებლო ბარიკადებით გადაკეტა უზენაესი საბჭოს წინა მოედანი და თვით შენობაში განათავსა საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი პოლიციის, გვარდიის ნაწილები და ხელისუფლების მხარდამჭერი შეიარაღებული პირები.

1991 წლის 21 დეკემბერს, საღამოს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიღწეული მორიგებით, უზენაესი საბჭოს წინა მოედანი და რუსთაველის გამზირი გაწმინდეს სამშენებლო, სატრანსპორტო ბარიკადებისაგან და აღდგენილ იქნა ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა.

ასევე, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 22 დეკემბერს, ნაშუადღევს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი იყო ერთობლივი მიტინგის ჩატარება. ამ მიზნით ოპოზიციონერების მცირერიცხოვანი ჯგუფი 22 დეკემბრის გამთენიიდან შეიკრიბა უზენაესი საბჭოს პირდაპირ მდებარე ქაშვეთის ეკლესიის შენობასთან.

დაახლოებით 08 საათზე საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა ვ. ქ-იამ მის დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ ხელქვეითებს უბრძანა ცეცხლის გახსნა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის მიმართულებით და, ამასთან, პირადად დაიწყო მის ხელთ არსებული ტყვიამფრქვევიდან სროლა.

ვ. ქ-იას ამ უკანონო მოქმედებამ გამოიწვია ხელისუფლების დამცველ რაზმებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული შეტაკება და საბრძოლო მოქმედება.

ვ. ქ-იას და მის დაქვემდებარებაში მყოფი გვარდიელების მიერ წარმოებული სროლების დროს 22 დეკემბერს, დილით, უზენაესი საბჭოს წინა მოედანზე დაიჭრნენ და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რ. გ-ძემ, დ. ლ-შვილმა, ზ. ჩ-მ და გ. ბ-შვილმა; ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებანი _ თ. გ-ძემ და თ. მ-ძემ; მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით _ ი. ს-ძემ.

1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე წარმოებული ბრძოლისას, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაინგრა და დაიწვა უზენაესი საბჭოსა და მთავრობის სახლი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე პირველი საშუალო სკოლა, მხატვრის სახლი, სასტუმრო “თბილისი", კავშირგაბმულობის სამინისტროს და სხვა უწყებათა შენობები, მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და მათი ქონება, დაიწვა და განადგურდა ისტორიისა და კულტურის ძეგლები და სხვა საგანძურები, დაიღუპა და დაიჭრა ასეული მოქალაქე.

1991 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. ¹8-ში, მთავრობის სახლის წინ, შეიარაღებული შეტაკებისას თვით ვ. ქ-იაც მძიმედ დაიჭრა, მას აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში, 24 დეკემბერს გადაყვანილ იქნა საქართველოს შსს საავადმყოფოში, ხოლო 30 დეკემბერს ახლობლების მიერ საავადმყოფოდან გადაყვანილ და გადამალულ იქნა ზუგდიდში.

1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის კონფლიქტის გამწვავებისა და შეიარაღებული შეტაკების პროცესში, 6 იანვარს, დილით, ზვიად გამსახურდია, ხელისუფლებისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაიქცა სომხეთის რესპუბლიკის ქ. იჯევანში, შემდეგ კი გადავიდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში. ზვიად გამსახურდია და მისი თანამზრახველების საქართველოდან გაქცევის შემდეგ შეიქმნა ხელისუფლების ვაკუუმი, რის გამოც მართვა-გამგეობა ხელში აიღო ჯერ სამხედრო, შემდეგ კი _ სახელმწიფო საბჭომ, ხოლო 1992 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო და თანასწორუფლებიანი საარჩევნო პრინციპების დაცვით აირჩია საქართველოს პარლამენტი და შეიქმნა ლეგიტიმური ხელისუფლება.

ქ. გროზნოში გაქცევის შემდეგ ზ. გამსახურდიამ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ორგანიზება გაუკეთა, დაგეგმა და განახორციელა განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულებანი. მან ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად შევიდნენ ვ. ქ-ია, ჯ. ბ-ავა, ზ. ძ-ური, ნ. მ-შვილი, რომლებმაც თავის თანამზრახველებთან ერთად დაიწყეს აქტიური ბრძოლა. ზ. გამსახურდიას განკარგულებით აღნიშნულმა პირებმა და მათმა თანამზრახველებმა 1992 წლის იანვრის შუა რიცხვებში ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ე.წ. “დაუმორჩილებლობის კომიტეტი", ვ. შ-იას თავმჯდომარეობით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედების ჩადენის გზით, რესპუბლიკაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის ვითარების შექმნა.

ბრძოლის აღნიშნული მეთოდებით ისინი აშკარად დაუპირისპირდნენ საქართველოს სახელმწიფოსა და მის ხალხს.

ქ. გროზნოში მყოფ ზ. გამსახურდიას უშუალო განკარგულებით, 1992 წლის 24 ივნისს, ვ. შ-იას მეთაურობით, შეიარაღებული პირები ქ. თბილისში თავს დაესხნენ ერთდროულად საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ¹2052 ოპერატიულ პოლკს, განაიარაღეს დაცვა, გაიტაცეს 241 ცალი “კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი მჭიდებით და საბრძოლო მასალით, ხელის ტყვიამფრქვევი ტყვია-წამლით, ერთი საბრძოლო ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი სატვირთო ავტომანქანა “კამაზი" და ერთი “ზილ-131". ავტომატური იარაღით დაცხრილეს ფუნიკულიორის პლატოზე მდებარე ტელეანძა, დაჭრეს ანძის შენობის დამცველი პოლიციელი, განახორციელეს ბანდიტური თავდასხმა და დაიკავეს “საქტელერადიოდეპარტამენტის" შენობა, საიდანაც 1992 წლის 24 ივნისს დილით, დაახლოებით 6-დან 8 საათამდე, გავიდნენ ეთერში და გადასცემდნენ ზ. გამსახურდიას მიმართვის ტექსტს.

ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა შედეგად, თავდამსხმელები დააკავეს. მათ შორის დაპატიმრებულ იქნა ვ. შ-ია.

საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა რა ქვეყანაში შექმნილი რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება, შერიგების, სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის მიზნით, 1993 წლის 3 აგვისტოს გამოსცა მანიფესტი, რომლის საფუძველზეც ვ. შ-ია და მისი თანამზრახველები გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

იმის გამო, რომ ვ. შ-იამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი გადააყენეს “დაუმორჩილებლობის კომიტეტის" თავმჯდომარეობიდან და თავმჯდომარედ აირჩიეს ზ. ქ-ია.

აღნიშნული კომიტეტის ძირითადი ფუნქცია იყო ქ. გროზნოდან ზ. გამსახურდიასაგან მიღებული მითითებების პრაქტიკულად განხორციელების უზრუნველყოფა, კერძოდ, საქართველოში ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კრახის მიღწევით ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ამ ღონისძიებების გატარებისათვის კომიტეტს ორგანიზებული ჰქონდა იდეოლოგიური, საფინანსო, ბანდფორმირებების შექმნის, წვრთნისა და მოქმედების სამსახურები.

ბანდფორმირებების ორგანიზებას და ბანდიტურ თავდასხმებს მეთაურობდა ვ. (ლ.) ქ-ია, ე.წ. საფინანსო და სამეურნეო სამსახურს _ ს. ლ-ავა, ოპერატიულ სამსახურს _ ჯ. ბ-ავა, შეთქმულთა ცალკეულ მრავალრიცხოვან ბანდებს ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა პირები, ხოლო ამ ბანდების ყველა დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ _ ზ. ძ-ური, ნ. მ-შვილი და სხვა მათი თანამზრახველები.

ამ ბანდების იდეოლოგიური ხელმძღვანელი იყო ზ. ქ-ია.

ზემოხსენებულმა პირებმა თანამზრახველებთან ერთად ქ. ზუგდიდში დააარსეს გაზეთი “აღდგომა", შექმნეს სატელევიზიო სტუდია, რომელთა საშუალებითაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის წინაამღდეგ საშიშ დანაშაულობებს ნიღბავდნენ ფაქტების განზრახ დამახინჯებით, მოვლენათა არაობიექტური შეფასებით, ცილისწამებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, სისტემატურად და მეთოდურად, იდეოლოგიურად წამლავდნენ მოსახლეობას, მოუწოდებდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ერთმანეთს უპირისპირებდნენ საქართველოს მოსახლეობას, რითაც განზრახ და გეგმაზომიერად არღვევდნენ ქვეყნის ეთნიკურ მთლიანობას და ეროვნულ ცნობიერებას, ფაქტობრივად, გახდნენ აფხაზეთის მეამბოხე სეპარატისტთა სტრატეგიული მოკავშირენი.

ზ. გამსახურდიას მითითების საფუძველზე მხოლოდ “დაუმორჩილებლობის კომიტეტის" ორგანიზაციით და კონკრეტული გეგმების მიხედვით ვ. ქ-ია უფლებამოსილი იყო და იგი ახორციელებდა კიდეც ბანდიტურ თავდასხმებს, რომელთა შედეგადაც მოპოვებულ ქონებას, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მეშვეობით, განკარგავდა “დაუმორჩილებლობის კომიტეტი".

ვ. ქ-იამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა, ჯ. ბ-ავამ და მათმა თანამზრახველებმა 1992 წლის ზაფხულში სახელმწიფო და სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზება გაუკეთეს შეიარაღებულ ბანდებს, რომლებიც აღჭურვეს სახელმწიფო ძალისმიერი სტრუქტურების ქვედანაყოფებზე სისტემატური თავდასხმების, ასევე უკანონოდ დამზადებისა და შეძენის გზით მოპოვებული სამხედრო მძიმე ტექნიკით, ავტომატური, ადამიანთა მასობრივი განადგურებისათვის გამიზნული სხვა იარაღებით, საბრძოლო მასალებით, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებებით. ისინი 1992-93 წლებში სისტემატურად აწყობდნენ ბანდიტურ თავდასხმებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივ საწარმოებზე, დაწესებულებებზე. ცალკეულ პირებზე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე, იტაცებდნენ სხვადასხვა სახის ტვირთს, სტრატეგიულ ნედლეულსა და შეიარაღებას. მწყობრიდან გამოჰყავდათ მაღალი ძაბვის ანძები, სარკინიგზო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციები, აფეთქებდნენ სარკინიგზო და საავტომობილო გზებს, ხიდებს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მიზნით, იტაცებდნენ მაღალი რანგის თანამდებობისა და სხვა პირებს, ხელყოფდნენ ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის გატარებულ ღონისძიებათა საწინააღმდეგოდ და მმართველობითი სტრუქტურების პარალიზების მიზნით, 1993 წლის 9 მარტს ვ. ქ-იამ, სამშობლოს მოღალატე სხვა შეთქმულებთან შეთანხმებით, სამეგრელოს ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ბანდფორმირებათა მეთაურებს დაავალა რეგიონში ყველა შესასვლელის გადაკეტვა, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის სრულ მზადყოფნაში მოყვანა, ხოლო 1993 წლის 24 მარტის ერთობლივი “დადგენილებით" ზ. და ვ. ქ-იებმა გამოაცხადეს შეთქმულთა დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ბანდების საბრძოლო მზადყოფნა და დამატებით 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია და მათი სამხედრო აღჭურვა. საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ უნდობლობა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, რაც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა და ნ. მ-შვილმა, შეთქმულთა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 1993 წელს ქ. გროზნოსა და ზუგდიდში, ხოლო იმავე წლის 2 სექტემბერს ქ. ზუგდიდში უკანონოდ ჩაატარეს საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს სესიები და ბოლო სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში პრეზიდენტის რანგში ზვიად გამსახურდიას დაბრუნების შესახებ, ბ. გ-შვილს კი დაავალეს ყოფილი მინისტრთა კაბინეტის ფაქტობრივი ფუნქციონირების დაწყება საქართველოში, საწყის ეტაპზე კი _ სამეგრელოს რეგიონში. ვ. ქ-იასა და მისი თანამზრახველების აღნიშნული ქმედებანი მიზნად ისახავდა მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო დანაშაულის აღსასრულებლად ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას, აფხაზ სეპარატისტთა მიერ თავსმოხვეული ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ზურგში პროვოკაციების მოწყობას, სამთავრობო ჯარების განაიარაღებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ისინი ითვალისწინებდნენ, რომ მათ ასეთ ქმედებებს შედეგად მოჰყვებოდა საკუთარი ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების დანგრევა-დაზიანება, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, მათი პირადი ქონებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა განადგურება და შეგნებულად უშვებდნენ ამ მძიმე შედეგის დადგომას. ისინი ხელმძღვანელობდნენ ზ. გამსახურდიას 1992 წლის 17 აპრილის “აფხაზეთის ქართველი მოსახლეობისადმი მიმართვის" მოთხოვნებით საქართველოს ხელისუფლების დასამხობად გაერთიანებისა და აფხაზეთის სეპარატისტებთან ერთად სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის გაჩაღების შესახებ.

1992 წლის აგვისტოდან აფხაზი სეპარატისტების მიერ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ პროვოცირებული საომარი მოქმედებების პერიოდში, განსაკუთრებული აქტიურობით კი 1993 წლის ზაფხულში, შემდგომ სეპარატისტთა მიერ 16 სექტემბრის სამშვიდობო ხელშეკრულებების დარღვევის, საომარი მოქმედებების განახლებისა და 1993 წლის 24 სექტემბერს ზ. გამსახურდიას საქართველოში, კერძოდ, ქ. ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ, ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და შეთქმულებაში მონაწილე სხვა პირებმა, თავიანთი ბანდების მეშვეობით, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მძიმე ტექნიკით, სარაკეტო დანადგარებით, ავტომატური და სხვა საბრძოლო იარაღით, შეიარაღებული პიკეტების მოწყობით, სამტრედია-ზუგდიდის და სხვა მონაკვეთზე ჩაკეტეს მოძრაობა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებზე, რითაც გადაადგილებისა და მანევრირების საშუალება მოუსპეს თბილისიდან, ქუთაისიდან და აღმოსავლეთ საქართველოდან სოხუმის დამცველ სამთავრობო ჯარების დასახმარებლად გაგზავნილ სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალითა და სურსათით დატვირთულ ტრანსპორტს, სისტემატურად იტაცებდნენ იარაღს და მნიშვნელოვან ტვირთებს, რითაც შეგნებულად შეასუსტეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროება და თავდაცვისუნარიანობა, რამაც ხელი შეუწყო აფხაზ სეპარატისტთა მიერ პროვოცირებულ ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებას. ვ. ქ-იასა და მისი თანამონაწილეების დავალებით, ბანდები ატყვევებდნენ მაღალი ჩინის ოფიცრებსა და რიგით მეომრებს, ახდენდნენ მებრძოლთა განიარაღებას, ართმევდნენ მძიმე ტექნიკას, რაც შემდგომში გამოიყენეს ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ავანტურისტული მიზნების განხორციელებისას.

ვ. ქ-ია და მისი თანამზრახველები ბანდიტური ფორმირებების შექმნის მიზნით დაბანაკდნენ ქ. ზუგდიდში. ჯერ კიდევ 1992 წლის გაზაფხულიდან ქ. ზუგდიდი დ მისი მიმდებარე ტერიტორია დაუქვემდებარეს თავიანთ კონტროლს. ისინი ზუგდიდის სარემონტო-მექანიკურ კომბინატში, ამავე კომბინატის თანამშრომლებს მუქარისა და ძალადობის გზით აიძულებდნენ, დაემზადებინათ სხვადასხვა საბრძოლო იარაღი “გრადის" ტიპის დანადგარებისა და საბრძოლო ჯავშანმანქანების სახით, ხოლო ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიაში დაიკავეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, ცალკეულ სამინისტროთა და ორგანიზაციების კუთვნილი დასასვენებლი სახლები და შექმნეს ბანდფორმირებათა საწვრთნელი ბაზა. შეთქმულებმა შეიძინეს საბრძოლო მძიმე ტექნიკა, კავშირგაბმულობის სამხედრო წარმოების რადიოაპარატურა, რომლის მეშვეობითაც სისტემატურ კავშირს ამყარებდნენ ქ. გროზნოში ზ. გამსახურდიასთან, იღებდნენ მისგან კონკრეტულ დავალებებს, ბრძანებებსა და მითითებებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობის გზით დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბანდიტური თავდასხმებისათვის. 1992 წლის ზაფხულიდან 1993 წლის 7 ნოემბრამდე შეთქმულებმა ქ. ზუგდიდში უკანონოდ აღადგინეს ადრე გაუქმებული საგამოძიებო იზოლატორი, სადაც სისტემატურად, უკანონოდ თავისუფლებას უღკვეთავდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების მათთვის არასასურველ წარმომადგენლებს.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა შეთქმულებმა, დანაშაულებრივი განზრახვის _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქ. ზუგდიდში დაგეგმეს და 1993 წლის ივნისიდან 6 ნოემბრამდე განახორციელეს ბანდიტური თავდასხმები: ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის რაიონებზე, ქალაქებზე: სამტრედიაზე, ფოთზე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე და წყალტუბოს ზონაზე, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა. კერძოდ: აღნიშნულ ტერიტორიებზე მმართველობის ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების დაშლა, თანამდებობის პირთა დევნა-ტერორი სახელმწიფო წარმოება-დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მშვიდობიანი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევა, ხანძრის გაჩენა, სარკინიგზო მაგისტრალებისა და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების განადგურება, მოსახლეობის დარბევა-აწიოკება, დახვრეტა, განზრახ მკვლელობები, მოქალაქეთა ჰუმანური დახმარების მიზნით სხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი ტვირთის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო ფირმების ქონების გატაცება, ბანკების ძარცვა-დარბევა.

აღნიშნული ტერიტორიების დაკავებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შეთქმულებმა მიზნად დაისახეს, დაეკავებინათ საქართველოს დანარჩენი ტერიტორია და დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება.

დადგენილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სამეგრელოს რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ოპერატიული ვითარების სტაბილიზაციისათვის, 1992 წლის 4 აგვისტოს მანიფესტით გათვალისწინებული მოტივებისა და შერიგების ღონისძიებათა განხორციელებისათვის, სარკინიგზო და ავტომაგისტრალების დაცვისა და ჯერ კიდევ ადრე მოტაცებული და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ა. კ-ძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩათვალა მშვიდობიანი გზა და ვ. ქ-იასა და სხვებთან ეწარმოებინა მოლაპარაკება.

ამ მიზნით, 1992 წლის 11 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, ქ. ზუგდიდში მივლინებულ იქნა სამეგრელოს რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ოპერატიული ვითარების სტაბილიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რ. გ-ძე, შტაბის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში დ. ს-ძე, შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ. რ-ვა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსის მოადგილე ტ. მ-შვილი და სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელი თ. გ-ნი.

ამავე დღეს ქ. ზუგდიდში მათ შეუერთდნენ ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგებელი, სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ზ. ხ-ია, საქართველოს შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე მ. ჩ-ვა, ქ. ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის შს სამმართველოს უფროსი მ. რ-ვა, ინფორმაციისა და დაზვერვის სამსხურის თანამშრომელი მ. ა-ია.

1992 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე, ზემოჩამოთვლილი პირები მივიდნენ ქ. ზუგდიდში, ... მცხოვრებ გ. ქ-იას სახლში, სადაც შეთანხმებისამებრ, ზემოთ მითითებულ საკითხებზე მოლაპარაკების გამო, უკვე ელოდებოდნენ ჯ. ქ-ია, ვ. შ-ია, ხოლო ვ. ქ-ია იგვიანებდა.

ამ პერიოდში ვ. ქ-ია, ჯ. ბ-ავა, თავიანთ თანამონაწილეებთან ერთად, საზოგადოების თვალში ხელისუფლებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობის დემონსტრირების, რესპუბლიკაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით, შეთანხმდნენ, რომ გ. ქ-იას სახლში თითქოსდა მოსალაპარაკებლად ვ. ქ-იას მისვლის მომენტში, ბანდის 150 წევრი გ. ბ-იას, რ. კ-ძის, ზ. ლ-ძისა და სხვათა მონაწილეობით თავს დაესხმოდნენ გ. ქ-იას სახლს, დაატყვევებდნენ ხელისუფლების წარმომადგნლებს, მოიტაცებდნენ მათ და უკანონოდ აღუკვეთავდნენ თავისუფლებას.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1992 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ვ. ქ-ია მივიდა გ. ქ-იას სახლში და მოიბოდიშა დაგვიანებისათვის.

რამდენიმე წუთის შემდეგ, დაახლოებით 17 საათზე, შეთანხმებისამებრ, რ. კ-ძის, ზ. ლ-ძისა და გ. ბ-იას ხელმძღვანელობით, ბანდის წევრები თავს დაესხნენ გ. ქ-იას საცხოვრებელ სახლს. იქ მყოფი სამშვიდობო მოლაპარაკების უიარაღო წევრები მოაქციეს ალყაში, ფსიქიკური ზემოქმედებისათვის სახლის ირგვლივ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რის შემდეგაც რ. გ-ძე, დ. ს-ძე, ვ. რ-ვა, ზ. ხ-ია, ტ. მ--შვილი და მ. ა-ია დაატყვევეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაადეს ხელბორკილები, მოათავსეს ავტომანქანებში, მოიტაცეს და წაიყვანეს გალის რაიონის სოფ. აჩიგვარაში. მათ სხვადასხვა ვადით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება გალისა და ზუგდიდის რაიონის სოფელში მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახებში მოთავსებით.

საქართველოს ხელისუფლების აქტიური ჩარევის შედეგად, ზ. და ვ. ქ-იები იძულებული გახდნენ, რომ რ. გ-ძე გაეთავისუფლებინათ 1992 წლის 14 აგვისტოს, ვ. რ-ვა, ტ. მ-შვილი, მ. ა-ია _ 17 აგვისტოს, დ. ს-ძე _ 4 სექტემბერს, ხოლო ზ. ხ-ია _ 5 სექტემბერს.

1992-1993 წლებში ვ. ქ-იას, ჯ. ბ-ავას, ზ. ძ-ურის, ნ. მ-შვილის, ბ. ზ-იას, ი. ბ-უას, გ. ე-ძისა და მათი თანამონაწილეების შეიარაღებული ბანდები სისტემატურად ახდენდნენ ბანდიტურ თავდასხმებს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო და საზოგადოებრივ საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ცალკეულ პირებზე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე, იტაცებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო ქონებას, ტვირთებს, სტრატეგიულ ნედლეულსა და შეიარაღებას.

ბანდფორმირების შემორიგების, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიტევების, შემდგომში ქვეყანაში სტაბილიზაციის დამყარების და სარკინიგზო მაგისტრალებზე ბანდიტური თავდასხმების, ტვირთების გატაცებისა და სხვა დანაშაულებათა აღკვეთის მიზნით, საქართველოს შს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება ვ. ქ-იას შეიარაღებული ფორმირებებისათვის მიენდოთ საქართველოს რკინიგზის ინგირის სადგურზე ყველა სახის მატარებლების ტვირთის მოძრაობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

ამ მიზნით, 1992 წლის 27 დეკემბერს ქ. ზუგდიდში, ვ. ქ-იასთან შეთანხმებით, მასთან შემავალი გალის ¹6 ბატალიონის და საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარ სამმართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მითითებულმა ბატალიონმა იკისრა პასუხისმგებლობა ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, მდ. ენგურის რკინიგზის ხიდის ჩათვლით, სადგურ ცაცხვამდე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის სრულ უსაფრთხოებასა და მოცემულ მონაკვეთზე რკინიგზის მაგისტრალებისა და ხიდების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვაზე.

სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ აიღო ვალდებულება ზემოთ აღნიშნულ სარკინიგზო მაგისტრალებზე საგუშაგოების მოწყობისა და გაწეული შრომის ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

ხელშეკრულება მოიშლებოდა და გალის ¹6 ბატალიონს ხელფასები აღარ დაერიცხებოდა, თუკი ისინი თავს აარიდებდნენ ან ვერ უზრუნველყოფდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

სატრანსპორტო პოლიციამ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება: სადგურ ცაცხვსა და ინგირში, მდინარე ენგურისა და ჯუმის რკინიგზის ხიდებთან, დადგეს ვაგონები და კონტეინერები სათანადო გათბობით და განათებით, სადაც პატრულირება უნდა განეხორციელებინათ გალის ¹6 ბატალიონის წევრებს. ამასთანავე, ზუგდიდის “აგრომრეწვბანკში" გახსნილ ¹713 ანგარიშზე ამ სამუშაოს შემსრულებელი 109 პირისათვის ჩარიცხულ იქნა სამი თვის ხელფასი _ 261600 რუსული მანეთი.

თავის მხრივ, ვ. ქ-იამ და მისმა თანამონაწილეებმა აღნიშნული ხელშეკრულება გამოიყენეს თავიანთი დანაშაულებრივი ზრახვების განსახორციელებლად. ამ მიზნით, მათ შანტაჟითა და მუქარით ტერორის ქვეშ მოაქციეს სადგურ “ინგირის" პოლიციის ქვეგანყოფილების მუშაკები, ისინი განდევნეს და, ფაქტობრივად, მოუსპეს საშუალება, შეესრულებინათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობანი, ხოლო რკინიგზის ინგირის, ზუგდიდისა და ცაცხვის სადგურის მუშაკებს აიძულებდნენ ჩაედინათ უკანონო მოქმედებები, სახელდობრ _ ვაგონების ჩახსნა და ბანდიტების სასურველ ადგილზე გადაადგილება.

მათვე მკაცრი კონტროლი დააწესეს რკინიგზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ შემადგენლობებზე. უკანონოდ, ნებისმიერ ადგილზე აჩერებდნენ და აყოვნებდნენ მათ მოძრაობას, ჩხრეკდნენ მატარებლების შემადგენლობებს, მათთვის სასურველი ქონებით დატვირთულ ვაგონებს ხსნიდნენ შემადგენლობიდან და გადაჰყავდათ დანაშაულის ჩადენის გაადვილებისათვის ხელსაყრელ ლიანდაგებსა და ჩიხებში. მობილიზაციას უკეთებდნენ სათანადო ტრანსპორტს და მათი საშუალებით ბანდიტური თავდასხმის შედეგად გატაცებული ტვირთი გადაჰქონდათ მათთვის საიმედო ადგილებში.

შეთქმულებაში მონაწილეებთან წინასწარი შეთანხმებით, ვ. ქ-იას უშუალო დავალებით, რკინიგზის “ინგირის" სადგურში ტვირთების გატაცება 1992 წლის 27 დეკემბრიდან 1993 წლის 15 აპრილამდე ჩაიდინა ბანდამ ი. ბ-უას მეთაურობით; 1993 წლის 15 აპრილიდან 17 მაისამდე _ გ. ე-ძის, 17 მაისიდან 22 ივნისამდე _ ა. ჩ-ძის, 22 ივნისიდან ამავე თვის ბოლომდე _ გ. ნ-იას, ივლისის დასაწყისიდან 17 აგვისტომდე _ თ. ბ-იას, იგივე “კიროკის", ხოლო 1993 წლის 17 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე _ ბ. ზ-იას ბანდებმა.

1993 წლის პერიოდში ზემოაღნიშულმა ბანდებმა, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, საქართველოს რკინიგზის “ინგირის" სადგურში, სატვირთო და სამგზავრო მატარებლებზე ბანდიტური თავდასხმების შედეგად, გაიტაცეს 718026კგ. ნავთობპროდუქტები ბენზინის, დიზელის, საწვავის, ტრანსფორმატორის ზეთისა და საწვავი მაზუთის სახით, 18500კგ. მაკარონის ნაწარმი, 20000კგ. კვერცხი და ხახვი, 54525 ლიტრი ღვინო “ვაზისუბანი", 18600კგ. სხვადასხვა დანიშნულების დეტალები, 1800 ცალი 30000კგ. ტოლი, ტანსაცმლის 400 ცალი საკიდი, სატვირთო ავტომანქანის 38 ცალი საბურავი, 8 ყუთი ფანჯრის საკეტი, 400 ცალი კედლის საათი, 12080 ცალი ქამჩა, 7 რულონი ცელოფანი _ 7600კგ. მინის ჭურჭელი, 18000კგ. ხის ტარა, 256200კგ. სასუქი, 25000კგ. მარილი, 661298კგ. შაქრის ფხვნილი, 2076650კგ. ხორბალი, ერთი ვაგონი საბრძოლო მასალა “გრადის" ტიპის ჭურვები, ორი ვაგონი სხვადასხვა საბრძოლო მასალა, მძიმე საბრძოლო ტექნიკა, 2 ერთეული “ბმპ" და ერთი ტანკი.

გარდა აღნიშნულისა, იმავე პერიოდში სატვირთო და საფოსტო ვაგონებიდან გაიტაცეს საოჯახო ავეჯის კომპლექტები, მაცივრები, ავტომანქანა “ვაზ-2106"-ის საბურავები და სხვა ტვირთები, რითაც საქართველოს სახელმწიფოს მიაყენეს სულ 5632048 ლარის მატერიალური ზარალი.

საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტებისა და მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის 1992 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით ტ. ქ-ია დაინიშნა ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატის დირექტორის თანამდებობაზე.

ამავე პერიოდში შეთქმულები, მათ მიერ ორგანიზებული ბანდებით, ვ. ქ-იას ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, აკონტროლებდნენ რა ქ. ზუგდიდსა და მის რაიონს, განაწყენდნენ იმით, რომ ტ. ქ-ია მათ გარეშე დაინიშნა დასახელებულ თანამდებობაზე, ამიტომ ძალის დემონსტრირებისა და თავიანთი ნების აღსასრულებლად, ვ. ქ-იამ, თანამონაწილეებთან შეთანხმებით, ქ. ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატის ადმინისტრაციულ შენობაზე მოაწყო შეიარაღებული თავდასხმა, გამოაძევა ტ. ქ-ია და მის ნაცვლად პურპროდუქტების კომბინატის დირექტორის მოვალეობის შესრულება დააკისრა ნდობით აღჭურვილ პირს _ ბ. ხ-ავას.

ვინაიდან ბ. ხ-ავა უკანონოდ ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, სახელმწიფო კორპორაცია, ფაქტობრივად, აღარ ასაქონლებდა ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატს.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ ვ. ქ-ია იძულებული გახდა და ტ. ქ-ია დააბრუნა პურპროდუქტების კომბინატის დირექტორის თანამდებობაზე, ამასთან, დაემუქრა ქ-იას დახვრეტით, თუკი კომბინატის დირექცია არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მოთხოვნებს ბანდფორმირებების კვებისა და სხვა მიზნებისათვის პურპროდუქტების გამოყოფის შესახებ.

ასეთ პირობებში ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატის დირექცია ცდილობდა ბანდფორმირებების მიერ გატაცებული ფქვილისა და ქატოს რაოდენობაზე შეედგინა სათანადო დოკუმენტები. თავის მხრივ, ვ. ქ-ია და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბანდის წევრები უარს არ ამბობდნენ დოკუმენტების გაფორმებაზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი პურპროდუქტების კომბინატიდან პროდუქციას იტაცებდნენ ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

ამ წესით ვ. ქ-იამ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა და ნ. მ-შვილმა, თავიანთი ბანდების მეშვეობით, 1993 წლის პერიოდში ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატიდან გაიტაცეს 10370 ლარად ღირებული 230150კგ. პურის ფქვილი და ქატო.

ვ. ქ-ია და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები აკონტროლებდნენ რა ქ. ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონს, დანაშაულებრივი ზრახვების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების დაუფლების მიზნით, 1993 წლის 16 თებერვალს ორგანიზება გაუკეთეს და ბანდის წევრების მეშვეობით, თავს დაესხნენ ქ. ზუგდიდში, ... მცხოვრებ, ქ. ზუგდიდის ეთერზეთების კომბინატის დირექტორს ა. შ-იას და გაიტაცეს ამავე კომბინატის კუთვნილი ავტომანქანა “გაზ-24", რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 1225 ლარს. გატაცების შემდეგ ბანდიტური ჯგუფის წევრები ზემოაღნიშნულ ავტომანქანას იყენებდნენ სხვადსხვა დანაშაულთა ჩადენის დროს.

ვ. ქ-ია, მის მიერ ორგანიზებული ბანდის წევრებისაგან დამოუკიდებლად, 1993 წლის 2 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში თავს დაესხა ამავე რაიონის სამეურნებათაშორისო საცხენოსნო სპორტულ კომპლექსს, საიდანაც გაიტაცა და მიითვისა ორი სპორტული ცხენი “ბრასლეტი" და “კუსტიკი", რომელთა საბალანსო ღირებულება ამავე პერიოდისათვის შეადგენდა 33056 ლარს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1994 წლის ივლისში, სპორტული ცხენი “ბრასლეტი" დაუბრუნდა საცხენოსნო კლუბს, რის შემდეგაც საცხენოსნო კომპლექსისადმი მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 16528 ლარი.

1993 წლის ზაფხულში ვ. ქ-იამ, ბანდის წევრებისაგან დამოუკიდებლად, დანაშაულებრივი ზრახვების განხორციელების დაფინანსების მიზნით, ორგანიზება გაუკეთა ქ. ზუგდიდის ჩაის კომბინატ “ოდიშიდან" 60ტ. ჩაის მზა პროდუქციის გატაცებას.

ამ მიზნით ვ. ქ-იამ ჩაის კომბინატ “ოდიშის" ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოსთხოვა ე.წ. “საქართველოს ეროვნული გვარდიისათვის" გამოეყოთ 60ტ. ჩაი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ანგარიშსწორებით. მუქარით შეშინებულმა კომბინატის ხელმძღვანელობამ ვ. ქ-იას სთხოვა ამ ოპერაციასთან დაკავშირებით გაფორმებულიყო სათანადო დოკუმენტები, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

1993 წლის 14 ივლისს ვ. ქ-იამ, როგორც ე.წ. ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსმა, ჩაის კომბინატის ხელმძღვანელობა აიძულა, მასთან დაედო ფიქტიური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომბინატი კისრულობდა 60,5ტ. ჩაის მიწოდებას, ხოლო გვარდიის სამმართველო ჩაის საფასურს გადაიხდიდა პროდუქციის მიღებიდან მხოლოდ 20 დღის შემდეგ.

1993 წლის 28 ივლისს სამი სატვირთო ავტომანქანით ჩაის კომბინატიდან გატანილ იქნა 138465 ლარად ღირებული 60 ტ. ჩაის მზა პროუქცია, რაც გაიტაცა ვ. ქ-იამ.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა შეთქმულებმა მიაღწიეს თავიანთი დანაშაულებრივი გეგმის აღსრულებას, საქართველოს ხელისუფლების სამხედრო კრახს აფხაზ სეპარატისტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს ქ. სოხუმი. საქართველოს ხელისუფლების ჯარები იძულებით სტოვებდნენ აფხაზეთს და ბრუნდებოდნენ დისლოკაციის ადგილებზე. ასეთ ვითარებაში ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა თავიანთი დანაშაულებრივი მიზნების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დაიწყეს აქტიური მოქმედება. თავიანთი ბანდფორმირებების მეშვეობით ქ. სოხუმიდან ქ. ზუგდიდამდე გადაკეტეს სტრატეგიული მნიშვნელობის მონაკვეთები და გზაჯვარედინებზე, საავტომობილო გზებზე, ხიდებსა და დასახლებულ პუნქტებში თავს ესხმოდნენ უკან დახეულ სამთავრობო ჯარებს, ლტოლვილებს, ართმევდნენ მათ ყველა სახის იარაღს, ქონებას და იტაცებდნენ, ატყვევებდნენ, მძევლად იყვანდნენ და უკანონოდ თავისუფლებას უღკვეთავდნენ ქ. ზუგდიდის იზოლატორში მოთავსებით, რიგით მერძოლებსა და მაღალი ჩინის ოფიცრებს, მათი გადაბირებისა და შემდგომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებისათვის.

ასეთ ვითარებაში, 1993 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მინისტრის მოადგილე გ. გ-ამ თავის თანამშრომლებთან ერთად დატოვა ქ. სოხუმი და ფეხით ჩავიდა ქ. ოჩამჩირეში.

გ. გ-ს მოთხოვნითა და საჰაერო დეპარტამენტის უფროსის _ ზ. ჭ-ძის განკარგულებით, “მი-8" ტიპის ვერტმფრენი ¹.., შ. დ-შვილის მეთაურობით, 1993 წლის 30 სექტემბერს, ნაშუადღევს, ქუთაისიდან ჩაფრინდა ოჩამჩირის სტადიონზე გ. გ-სა და მისი მებრძოლების ქ. თბილისში გადმოსაყვანად.

აღნიშნული ცნობილი გახდა რა ვ. ქ-იასა და შეთქმულებაში მონაწილე სხვა პირებისათვის, წინასწარ შეიმუშავეს გეგმა გ. გ-ს მოტაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ, შემდგომში მისი გადაბირების მიზნით.

გეგმის განსახორციელებლად შეთქმულებმა გადაწყვიტეს, გ. გ-ა და სხვა ოფიცრები დაეტოვებინათ ვერტმფრენის გარეშე, იძულებული გაეხადათ ისინი ზუგდიდის გავლით ავტომანქანებით გაეგრძლებინათ გზა თბილისისაკენ და გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯში მდინარე ენგურის ხიდთან მოწყობილ შეიარაღებულ პიკეტზე დაეკავებინათ გ. გ-ა.

ამ მიზნით ვ. ქ-იამ და მისმა ბანდის წევრებმა, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა, ქ. ოჩამჩირის სტადიონზე დააკავეს გ. გ-სა და სხვათა გადასაყვანად ჩაფრენილი ვერტმფრენი, აიძულეს ეკიპაჟი, რომ ვ. ქ-ია, ბანდის სხვა წევრებთან ერთად, წაეყვანა ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად პოზიციებისა და შეიარაღებული პიკეტების დასათვალიერებლად ქალაქებში _ ხობში, ზუგდიდსა და სენაკში, საიდანაც 30 სექტემბრის 17 საათზე კვლავ ჩამოფრინდნენ ქ. ოჩამჩირის სტადიონზე, რის შემდეგაც შ. დ-შვილის ეკიპაჟი მუქარითYაიძულეს, გ. გ-სა და მის თანმხლებ პირთა გარეშე გაფრენილიყვნენ უკან, ქ. ქუთაისში.

გ. გ-ა დარჩა რა ვერტმფრენის გარეშე, იძულებული გახდა, თანმხლებ პირებთან ერთად ავტობუსით გაეგრძლებინა გზა. იმავე ღამეს გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯში, მდინარე ენგურის ხიდთან მოწყობილ პიკეტზე, ვ. ქ-იას განკარგულებით გ. გ-ა განაიარაღეს და მოიტაცეს. იგი წაიყვანეს და მოათავსეს ქ. ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორში, ¹5 საკანში, სადაც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 1993 წლის 26 ოქტომბრის 22 საათამდე.

1993 წლის 30 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე, ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორის ¹5 საკანში, გენერალ გ. გ-სთან ერთად უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილნი იყვნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის ოფიცრები: ვიცე-პოლკოვნიკი გ. დ-ძე და მაიორი რ. ჟ-ა, რომლებიც ბანდფორმირებათა წევრებმა მოიტაცეს 1993 წლის 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში, მდინარე ენგურის ხიდთან მოწყობილ შეიარაღებულ პიკეტზე და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილნი იყვნენ 26 ოქტომბრის ჩათვლით.

ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორში, ¹5 საკანში, გ. გ-ას სისტემატურად აკითხავდნენ ვ. ქ-ია, ნ. მ-შვილი და სხვები, რომლებიც შანტაჟითა და მუქარით ცდილობდნენ გ. გ-ს ექპრეზიდენტის მხარეზე გადაბირებას, რასაც ვერ მიაღწიეს.

1993 წლის 26 ოქტომბრის ღამეს გ. გ-მ მოახერხა ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორის საკნიდან გაქცევა, ხოლო იმავე საკანში მოათავსეს და ჩაკეტეს იზოლატორის მორიგე პერსონალი _ ზ. თ-ია, მ. ს-ავა, გ. მ-ია და ა. გ-ია.

გ. გ-ს საგამოძიებო იზოლატორიდან გაქცევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, 1993 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე, ვ. ქ-ია, ჯ. ბ-ავასთან და სხვებთან ერთად, სასწრაფოდ მივიდა საგამოძიებო იზოლატორში, გაბრაზებულმა, შურისძიების მოტივით, მის ხელთ არსებული “სტეჩკინის" სისტემის პისტოლეტიდან მრავალი გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენა ა. გ-იას, მ. ს-ავასა და რ. ჟ-იას, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოშლით _ გ. დ-ძეს, გ. მ-იას და ზ. თ-იას. ჯ. ბ-ავამ კი ავტომატის ლულა ჩაარტყა თავში მ-იას. როდესაც ექვსივე დაჭრილი იატაკზე დაეცა, ვ. ქ-იას თანმხლებმა პირებმა ჭრილობებში დაუწყეს მათ ფეხების დარტყმა. ვ. ქ-იას წასვლის შემდეგ ზუგდიდის პოლიციის თანამშროლებმა გ. დ-ძე, რ. ჟ-ია, ა. გ-ია, მ. ს-ავა, გ. მ-ია და ზ. თ-ია გადაიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

1993 წლის 2 ოქტომბერს ვ. ქ-იას, ჯ. ბ-ავას და მათთან შეთქმულებაში მონაწილე პირების ორგანიზაციით, შეთქმულთა ბანდებმა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიკავეს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითEსტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი _ ფოთი.

იმავე დღეებში ვ. ქ-იასა და დანაშაულებრივი ბანდის სხვა წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ქ. ფოთის ¹3487 განყოფილებაში ინახებოდა 35117 ამერიკული დოლარი, რომელიც წარმოადგენდა უცხოეთში გამსვლელი მოქალაქეებისაგან მიღებულ, ერთჯერადი საბაჟო გადასახდებიდან დარჩენილ რესპუბლიკის ბიუჯეტის კუთვნილ თანხას. სახელმწიფო კომერციული აგროსამრეწველო ბანკის ქ. ფოთის განყოფილებაში ინახებოდა ფოთის საბაჟოს ანგარიშზე რიცხული 73429 ამერიკული დოლარი და ფოთის საფინანსო განყოფილების ანგარიშზე არსებული 19884 ამერიკული დოლარი, ე.ი. ორივე ბანკში ინახებოდა სულ 127830 ამერიკული დოლარი. შეთქმულებმა გადაწყვიტეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გატაცება, რაც განახორციელეს შემდეგ გარემოებებში:

ვ. ქ-იასთან, გ. ა-ძესთან, ტ. გ-იასთან და სხვა შეთქმულებთან შეთანხმებით, ბ. გ-შვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით ქ. ზუგდიდში 1993 წლის 4 ოქტომბერს უკანონოდ გამოიტანა დადგენილება ¹20 ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილებაში და “აგრობანკის" ზუგდიდის განყოფილებაში სავალუტო ანგარიშის გახსნის შესახებ, რის შემდეგ ფოთის “აგრობანკსა" და შემნახველი ბანკის განყოფილებაში არსებული, რესპუბლიკის ბიუჯეტის კუთვნილი 127830 ამერიკული დოლარის სახით არსებული ვალუტის ნაშთი ინკასირებული უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილებაში.

ამავე განკარგულებით, მისი შესრულება დაევალა ზუგდიდის დასახელებული ბანკის მმართველებს _ ბ. კ-ავასა და მ. კ-იას.

მითითებული განკარგულების შესრულების მიზნით, 1993 წლის 4 ოქტომბერს, გ. ა-ძე, ბანდის რამდენიმე წევრთან ერთად, ქ. ზუგდიდიდან ჩავიდა ქ. ფოთში. მისივე დავალებით, იმავე დღეს ქ. ფოთში ჩავიდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილების მმართველი ბ. კ-ავა და სახელმწიფო კომერციული აგროსამრეწველო ბანკის ზუგდიდის განყოფილების მმართველი მ. კ-ია.

გ. ა-ძემ ქ. ფოთის მერიაში გამოიძახა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ქ. ფოთის ¹3487 განყოფილების მმართველი მ. კ-ავა და საქართველოს სახელმწიფო კომერციული აგროსამრეწველო ბანკის მმართველი ვ. თ-უა, რომელთაც მისცა წინადადება, ბანკებში არსებული ვალუტა _ 127-830 ამერიკული დოლარი _ გადაეცათ ზუგდიდის დასახელებული ბანკების მმართველებისათვის, წინააღდეგ შემთხვევაში დაემუქრა მათ, რომ თანხებს წაიღებდა ძალის გამოყენებით, მათ კი სამაგალითოდ დასჯიდა.

მ. კ-ავა და ვ. თ-უა დათანხმდნენ გ. ა-ძის წინადადებას, თუკი აღნიშნულთან დაკავშირებით, გაფორმდებოდა სათანადო საბანკო ოპერაციები.

დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე გ. ა-ძემ, ბანდის შეიარაღებული წევრების მეშვეობით, სახლებიდან გამოიყვანა მ. კ-ავა, ვ. თ-უა, ამავე ბანკის თანამშრომლები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეესრულებინათ მისი ბრძანება.

ქ. ფოთის შემნახველი ბანკის თანამშროლებმა გააღეს ბანკი, გააფორმეს გარკვეული დოკუმენტები და აღწერილობისა და მინდობილობის თანხლებით, საკუჭნაოდან გამოიტანეს 35117 ამერიკული დოლარი და ჩააბარეს ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილების მმართველს ბ. კ-ავას.

იმავე დღეს ქ. ფოთის აგრომრეწვბანკიდან ვალუტის გატანა ვერ მოხერხდა, რადგან ბანკის დაცვის მუშაკებმა ზემოაღნიშნული პირები ბანკში არ შეუშვა.

მეორე დღეს, ე.ი. 5 ოქტომბერს, ქ. ფოთის აგრომრეწვბანკის მმართველმა ვ. თ-უამ, აღწერილობისა და მინდობილობის გაფორმების შემდეგ, ბ. კ-ავას გადასცა 92713 ამერიკული დოლარი.

ბ. კ-ავამ ბანკებიდან მიღებული 127830 ამერიკული დოლარი ჩამოიტანა ქ. ზუგდიდში და გ. ა-ძის დავალებით შეინახა ბანკის ზუგდიდის განყოფილებაში.

განზრახვის, ე.ი. 127830 ამერიკული დოლარის გატაცების სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. ა-ძემ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის სახელით 1993 წლის 20 ოქტომბერს უკანონოდ გამოსცა დადგენილება ¹230 აგრომრეწვბანკის ზუგდიდის განყოფილებაში საქართველოს რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სავალუტო და მიმდინარე ანგარიშის გახსნისა და ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილებაში რიცხული ვალუტის ნაშთის მინისტრთა კაბინეტის სავალუტო ანგარიშზე გადატანის შესახებ.

მითითებული უკანონო დადგენილების საფუძველზე აგრომრეწვბანკის ზუგდიდის განყოფილებაში გაიხსნა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სავალუტო ანგარიში ¹07001 და გ. ა-ძის დავალებით, ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილებიდან 1993 წლის 26 ოქტომბრის გასავლის ორდერით ¹07001 ანგარიშზე ჩაირიცხა 127830 ამერიკული დოლარი.

იმავე დღეს გ. ა-ძემ, კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, უშუალოდ ბანკის მმართველ მ. კ-იასაგან მიიღო 127830 ამერიკული დოლარი, რაც გაიტაცა და მიითვისა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად.

1993 წლის 25 აგვისტოს სენაკის რაიონის სასამართლომ ქ. ზუგდიდის საგამოძიებიო იზოლატორში განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცილების წესით შემოსული სისხლის სამართლის საქმე ¹6492118 შეთქმულთა ბანდის წევრების _ ა. ჯ-იას, ე. ც-იას და ფ. ბ-იას მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე ნაწილებით და 243-ე მუხლის მესამე ნაწილით.

იმავე დღეს სენაკის რაიონის სასამართლომ განჩინებით სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიებისათვის ხობის რაიონის პროკურატურას დაუბრუნა სენაკის რაიონის პროკურატურის მეშვეობით, ხოლო დასახელებული განსასჯელების მიმართ _ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა _ დატოვა უცვლელად.

1993 წლის 1 სექტემბერს სენაკის რაიონის სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე გადაუგზავნა პროკურატურას.

1993 წლის 2 სექტემბერს სენაკის რაიონის პროკურატურამ, ხსენებული საქმე სათანადო წერილით, საფოსტო გზავნილის სახით ჩააბარა კავშირგაბმულობის განყოფილებას, ხობის რაიონის პროკურატრურაშიUგადასაგზავნად, პატიმრების იმავე რაიონის პროკურატურაზე ჩარიცხვით.

იმის გამო, რომ ვ. ქ-იასა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ბანდებს ჯერ კიდევ 1993 წლის 28 აგვისტოდან ბანდიტური თავდასხმის შედეგად დაკავებული ჰქონდათ და აკონტროლებდნენ ხობს, სენაკს, აბაშასა და სხვა რაიონებს და გრძელდებოდა საბრძოლო მოქმედებები საქართველოს სამთავრობო ჯარებთან, სენაკის საფოსტო განყოფილებამ ვერ უზრუნველყო სისხლის სამართლის საქმის ქ. ხობში გაგზავნა და იგი გზავნილის სახით ინახებოდა დახარისხების საამქროში.

1993 წლის 13 სექტემბერს აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა ვ. ქ-იასათვის და განიზრახა, მისი ბანდის წევრების, პატიმრების: ა. ჯ-იას, ე. ც-იას და ფ. ბ-იას პატიმრობიდან გათავისუფლება ისე, რომ მათ შემდგომში ასცდენოდათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მან გადაწყვიტა, ნებისმიერი ხერხით გაეტაცებინა და გაენადგურებინა დასახელებულ პირთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 13 სექტემბერს ვ. ქ-იას დავალებით ბანდის რამდენიმე შეიარაღებული წევრი გამოცხადდა კავშირგაბმულობის სენაკის რაიკვანძში და ოპერატორ ე. თ-იას მოსთხოვეს სისხლის სამართლის საქმის მათზე გადაცემა, თითქოსდა ხობის პროკურატურაში წაღების მიზნით. ვინაიდან ამ პირებს არ აღმოაჩნდათ ხობის პროკურატურიდან რაიმე დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის მიღებაზე, ე. თ-იამ მათ საქმე არ მისცა.

მეორე დღეს, ე.ი. 14 სექტემბერს, დაახლოებით 11.00 საათზე, ვ. ქ-იამ, ბანდის შეიარაღებული წევრების მეშვეობით, ე. თ-ია სისხლის სამართლის საქმით იძულებით მიიყვანა თავისთან, სენაკის გამგეობის შენობაში და შეიარაღებული ბანდის წევრების თანდასწრებით, მუქარისა და ძალის დემონსტრირებით ე. თ-იას წაართვა სისხლის სამართლის საქმე, ე. თ-ია კი გაუშვა.

ამის შემდეგ ვ. ქ-იამ სისხლის სამართლის საქმე გაანადგურა, ხოლო ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებული ა. ჯ-ია, ე. ც-ია და ფ. ბ-ია უკანონოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან, რომლებიც გაიქცნენ და მიიმალნენ.

ვ. ქ-იას, ჯ. ბ-ავას, ზ. ძ-ურის, ნ. მ-შვილის და მათთან დანაშაულებრივ კავშირში შეთქმულთა მიერ ორგანიზებულმა ბანდებმა თავდასხმების გზით დაიკავეს რა ხობის, სენაკის, აბაშის, სამტრედიისა და სხვა რაიონების ტერიტორიები, განდევნეს ადგილობრივი კანონიერი ხელისუფლება და ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. ამის შემდეგ მიზნად დაისახეს ქ. ქუთაისისა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების დაკავება, რათა დაემხოთ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება.

განზრახვის სისრულეში მოყვანისა და თავიანთი ბანდფორმირებების გაძლიერების მიზნით ვ. ქ-ია, ჯ. ბ-ავა და სხვა შეთქმულები, რომლებიც ჯერ კიდევ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წარმოებული ომის დროს, საქართველოს ხელისუფლების საწინააღდმეგოდ, დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდნენ აფხაზ სეპარატისტებთან, 1993 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში უშუალოდ ზვიად გამსახურდიას, ვ. ქ-იას, გ. ა-ძისა და სხვათა მეშვეობით დაუკავშირდნენ აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლებს, ტყვარჩელის ე.წ. ფრონტის სარდალს მ. ქ--ას და სხვებს და შეუთანხმდნენ, რომ სეპარატისტები ცოცხალი ძალით, სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით აქტიურად დაეხმარებოდნენ შეთქმულებაში მონაწილე პირებს ძალადური გზით საქართველოს ხელისუფლების დამხობასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში.

შეთანხმებისამებრ, შეთქმულები ვალდებულებას ღებულობდნენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოსულ აფხაზ, ჩეჩენ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან გადმოხვეწილ ბოევიკებს, თითოეულს ყოველდღიურად გადაუხდიდნენ 100-100 აშშ დოლარს, მათვე ნება ეძლეოდათ, საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა-აწიოკება-ძარცვის შედეგად გატაცებული ქონება მიეთვისებინათ და დაუბრკოლებლად გაეტანათ სეპარატისტთა მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გავლით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 1993 წლის 25 ოქტომბერს ვ. ქ-იამ ბანდის წევრებს: ზ. გ-ავას და ხ. ქ-იას დაავალა, ქ. ზუგდიდში მობილიზაცია გაეკეთებინათ სატრანსპორტო საშუალებებისათვის ქ. ოჩამჩირიდან საბრძოლო ტექნიკის, იარაღებისა და მასალების გადმოზიდვისა და დაქირავებული მკვლელობების ჩამოსაყვანად.

იმავე დღეს, დილით, ზ. გ-ავა ბანდის ორ წევრთან ერთად ქ. ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზრის წინ დახვდა ზუგდიდის საექსკურსიო ბიუროს მძღოლს ზ. ბ-იას, რომელიც იქ მასზე განპიროვნებული ავტომანქანა “იკარუსით" პირად საქმეზე იმყოფებოდა.

ზ. გ-ავამ სიცოცხლისათვის საშიში მუქარით ზ. ბ-ია აიძულა მასზე განპიროვნებული ავტომანქანით მისულიყო ქ. ზუგდიდში ბანდფორმირებების შტაბთან, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა.

იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, ზ. გ-ავას დავალებით, ბანდის ორმა წევრმა ქ. ზუგდიდში მცხოვრები მ. ფ-ავა საკუთარ ბინაში სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულეს, მისულიყო ბანდიტთა შტაბში, მასზე განპიროვნებული ზუგდიდის ა/კოლონა ¹2682-ის კუთვნილი “კამაზი-5320" ავტომანქანით, სადაც უკვე მიყვანილი იყო “ლაზის" მარკის კიდევ ორი ავტობუსი.

დაახლოებით 22 საათზე, დასახელებულ ავტომანქანებში ზუგდიდის ¹1 ასკ-ში ჩაასხეს საწვავი, წავიდნენ ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში და გაჩერდნენ მდინარე ენგურის ხიდთან არსებული საგზაო ინსპექციის საგუშაგოსთან, შემდგომი დავალების მიღების მოლოდინში.

1993 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 02 საათზე, დასახელებულ საგუშაგოსთან წითელი ჯვრის კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ვ. ქ-იას მძღოლი ხ. ქ-ია. მისი ბრძანებით ავტომანქანას მოხსნეს სახელმწიფო ნომრები, რის შემდეგაც ხ. ქ-იამ, ზ. ბ-ია, მ. ფ-ავა და გამოძიებით დაუდგენელი მძღოლი, მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანებით მდინარე “ენგურის" ხიდის გავლით წაიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით 03 საათზე ისინი ჩავიდნენ ოჩამჩირეში. ხ. ქ-იას მეშვეობით აფხაზ სეპარატისტა მიერ მოწყობილ პიკეტებზე ავტომანქანების კოლონა გაატარეს შეუფერხებლივ. დილით, დაახლოებით 09 საათზე, ავტომანქანები ოჩამჩირის შტაბში დატვირთეს ტყვია-წამლით. ორივე ავტობუსში ჩასხდნენ შეიარაღებული ჩეჩენი, აფხაზი და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოხვეწილი, დაახლოებით 150 ბოევიკი და გამოემართნენ ქ. ზუგდიდისაკენ. მათ თან წამოიყვანეს ორი საბრძოლო მანქანა “ბმპ", ხოლო წინ ავტომანქანა “ნივით" გამოუძღვათYტყვარჩელის ე.წ. ფრონტის სარდალი მ. ქ-ია.

გალის რაიონის სოფ. აჩიგვარასთან მათ დახვდნენ ზვიად გამსახურდია, გ. ა-ძე, ვ. ქ-ია თანმხლები პირებით, რის შემდეგ ვ. ქ-ია შეუერთდა აფხაზეთიდან მომავალ ბანდიტებს და მ. ქ-სთან ერთად ჩამვიდნენ ქ. ზუგდიდში ბანდიტები განათავსეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

27 ოქტომბერს, დილით, აფხაზი ბოევიკები მათ მიერ ჩამოტანილი ტექნიკით, საბრძოლო მასალებით, სატვირთო და სამგზავრო ავტომანქანებთ, ვ. ქ-იას შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად, ქ. ზუგდიდიდან გაემართნენ ხობისკენ. თავს დაესხნენ და ბრძოლით აიღეს ხობის რაიონი, შემდეგ შეიჭრნენ და დაიკავეს სენაკის რაიონიც.

ასევე, 1993 წლის 2 ნოემბერს, საღამოს, ვ. ქ-იას დავალებით, მძღოლი ო. ბ-ავა მოკვლის მუქარით აიძულეს მასზე გაპიროვნებული “კამაზ-5320" ავტომანქანით მისულიყო და დალოდებოდა სოფ. რუხში არსებულ საგზაო პოლიციის საგუშაგოსთან იმ მიზნით, რომ იქიდან წავიდოდნენ ქ. ოჩამჩირეში საბრძოლო მასალების ჩამოსატანად.

ო. ბ-ავა თავისი ცვლის, მ. ფ-ავასთან ერთად, მათზე გაპიროვნებული ავტომანქანით, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, მივიდა დასახელებულ საგუშაგოსთან.

აქვე მოვიდა გამოძიებით დაუდგენელი “იკარუსის" მარკის ავტობუსი, ვ. ქ-იას შეიარაღებული ფორმირებების წევრებთან ერთად, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანა გაემგზავრა ქ. ოჩამჩირეში. 3 ნოემბერს, დაახლოებით 08 საათზე, ავტომანქანები: “კამაზი" და “იკარუსი" ოჩამჩირის ერთ-ერთ საწყობში დატვირთეს საბრძოლო მასალებით, ავტობუსში ჩასხეს აფხაზი, ჩეჩენი და ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან გადმოხვეწილი ბოევიკები და იმავე დღეს დაბრუნდნენ ქ. ზუგდიდში, რის შემდეგ ბოევიკები შეუერთდნენ ვ. ქ-იას ბანდებს. მათვე გადასცეს დიდი ოდენობით გადმოზიდული საბრძოლო მასალები.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად ვ. ქ-ია და შეთქმულთა ორგანიზებული ბანდები განდევნილ იქნენ, რის შემდეგაც ჩეჩენი და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან გადმოხვეწილი ბოევიკები ვ. ქ-იასთან ერთად გაიქცნენ და თავი შეაფარეს აფხაზეთის ტერიტორიას, საიდანაც შემდგომ ვ. ქ-ია წავიდა ჯერ რუსეთში, ხოლო შემდეგ _ უკრაინის რესპუბლიკაში.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და ზემოთ ჩამოთვლილმა სხვა პირებმა, საქართველოს ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების განზრახვის აღსასრულებლად, ქ. ზუგდიდში დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმები: ჩხოროწყუს, მარტვილის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებზე, ქ სამტრედიასა და ქ. ფოთზე, სახელდობრ:

1992 წლის მაისში ავტომატური იარაღის, მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და სხვა საბრძოლო იარაღების გამოყენებით, ვ. ქ-იას შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოაწყვეს თავდასხმა ჩხოროწყუს რაიონზე ჯ. ბ-ავასა და სხვათა აქტიური მონაწილეობით, დაიკავეს დაბა ჩხოროწყუს სასტუმროს, “საქსოფლტექნიკის", სახანძრო ნაწილის, სოფლების _ მუხურის, ლესიჭინეს და სხვა დაწესებულებათა შენობები და მათში განათავსეს ბანდფორმირებები. ჩხოროწყუს რაიონის კომენდანტებად სხვადასხვა დროს დანიშნეს სხვადასხვა პირი, რომლებიც თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით, ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის ორგანოების და მოსახლეობის მიმართ შანტაჟით, მუქარით, ძალის დემონსტრირებით რაიონის ტერიტორიაზე, გზაჯვარედინებზე შეიარაღებული პიკეტების მოწყობით, ჩხოროწყუს რაიონს განაგებდნენ 1993 წლის 7 ნოემბრამდე. ამ პერიოდში რაიონში აქტიურად მოქმედებდა მათი იდეოლოგიური ორგანიზაციები. ისინი სისტემატურად ატარებდნენ მიტინგებს ვ. ქ-იას და სხვების აქტიური მონაწილეობით, სადაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ჩარიცხულიყვნენ ვ. ქ-იას ბანდებში, შეიარაღებული გზით დაემხოთ საქართველოს ხელისუფლება და ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება. 1993 წლის 16 ივნისს, დილას, შეთქმულთა მითითებით, 200-კაციანი ბანდა თავს დაესხა ქ. მარტვილს და შეიარაღებული ძალის გამოყენებით დაიკავეს ქალაქი და რაიონის ტერიტორია მთლიანად, საიდანაც განდევნეს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, დაიკავეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და შეუდგნენ სახელმწიფო, საზოგადოებრივ დაწესებულებათა დარბევა-განადგურებას, აგრეთვე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ ქონების გატაცებას.

მარტვილის რაიონის დაკავების შემდეგ შეთქმულებმა სხვადასხვა დროს კომენდანტებად დანიშნეს თავისი ბანდფორმირებების სხვადასხვა წევრი, რომლებსაც დაუქვემდებარეს რაიონის გამგეობა და ადმინისტრაციული ორგანოები. თავის მხრივ, ვ. ქ-იას მიერ დანიშნულმა, ე.წ. ერთ-ერთმა კომენდანტმა ორგანიზება გაუკეთა ბანდიტურ თავდასხმას მარტვილის რაიონის პოლიციაზე, მათ დაარბიეს პოლიციის ადმინისტრაციული შენობა, შეურაცხყვეს და განდევნეს პოლიციის მუშაკები, რის შემდეგად გაიტაცეს პოლიციის რაიგანყოფილების კუთვნილი შეიარაღება: “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატები და “მაკაროვის” კონსტრუქციის პისტოლეტები, ჩაკეტეს გზები, ფოსტა-ტელეგრაფი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, საგზაო კომუნიკაციები და დააწესეს ე.წ. თავდაცვის საბჭო, რომლის თავმჯდომარედ ვ. ქ-იამ დანიშნა ერთ-ერთი კომენდანტი, რომელმაც პირველსავე სხდომაზე აიძულა რაიოინის გამგებელი ლ. ჯ-ავა და სხვა სამმართველოს უფროსები, რაიონის აგრობანკის მეშვეობით გადაერიცხათ ფულადი თანხები კოოპერატივ “აისისა" და რაიონის საზკვებისათვის, ბანდიტური ფორმირებების გამოსაკვებად.

მარტვილის ტერიტორიაზე განლაგებული ბანდფორმირებების კვებისა და შენახვის მიზნით 1993 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე, ვ. ქ-იას მოთხოვნით, აგრომრეწვბანკის მეშვეობით, კოლმეურნეობებისა და სახელმწიფო მეურნეობებიდან კოოპერატივ “აისზე" გადარიცხულ იქნა 2337 ლარი, საზკვებაზე _ 2968 ლარი, სულ კი გადარიცხულ და დატაცებულ იქნა 5305 ლარი.

მარტვილის რაიონში შეთქმულთა ბანდების ყოფნის პერიოდში აქტიურად მოქმედებდნენ მათი იდეოლოგიური ორგანიზაციები: საზოგადოება “ჭყონდიდელი", “მრგვალი მაგიდა", “კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება", ქალაქის ცენტრში სისტემატურად მართავდნენ მიტინგებს, სადაც ვ. ქ-ია და სხვები მოუწოდებდნენ მოსახლეობას შეიარაღებული ბრძოლის გზით დაემხოთ რესპუბლიკაში არსებული ხელისუფლება და ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება.

1993 წლის აგვისტოს ბოლოს მარტვილის რაიონის კომენდანტმა იარაღის გამოყენების მუქარით აიძულა რაიონის ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები და გამგეობის თანამშრომლები, ხელი მოეწერათ განცხადებაზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენის შესახებ.

1993 წლის 16 ივნისიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში მარტვილში განლაგებული ვ. ქ-იას ბანდების მიერ, იარაღის გამოყენების მუქარით, სხვადასხვა ჩაის ფაბრიკიდან გატაცებულ იქნა 207697 ლარად ღირებული 91519კგ. ჩაის პროდუქცია და 5 ტ. დიზელის საწვავი.

1993 წლის 12 სექტემბერს მარტვილის რაიონის სოფ. ტალერში, შეთქმულთა ბანდის წევრებმა მოახდინეს თავდასხმა “დიდი ჭყონის" ჩაის ფაბრიკის წარმოების უფროსის ხ. ჩ-იას ოჯახზე. ამ დროს, გარდა თვით ხ. ჩ-იასი, სახლში იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. ბანდიტებმა ოჯახის წევრებისა და ბავშვების თვალწინ ავტომატური იარაღით დაცხრილეს ხ. ჩ-ია და გაიტაცეს 1500000 რუბლი და 400000 კუპონი. მიღებული ჭრილობების შედეგად ხ. ჩ-ია ადგილზე გარდაიცვალა.

1993 წლის 4 ოქტომბერს შეთქმულთა ბანდების მიერ მარტვილის რაიონის ე.წ. ეგეგიეს უბანში, დახვრეტილ იქნენ მათთან შემთხვევით ტყვედჩავარდნილი, ამიერკავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ჯგუფის ¹73947 სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები: ი. პ-ოვი, ა. ბ-ოვი, ს. რ-უ, ა. ბ-კო და ა. ლ-ოვი, ხოლო დაჭრილი მათი მეთაური ო. ზ-უკი, რომელიც შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას, დაატყვევეს და ქ. ზუგდიდში წარუდგინეს ვ. ქ-იას.

ო. ზ-უკი ქ. ზუგდიდში პირადად დაკითხა ვ. ქ-იამ და 8 ოქტომბერს იგი გათავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან.

ვ. ქ-იასა და შეთქმულთა ბანდების თარეშის შედეგად, მარტვილის რაიონში დაინგრა და დაზიანდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენობები. რაიონისათვის მიყენებულმა საერთო ზარალმა შეადგინა 271 189 ლარი.

ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1993 წლის 22 ოქტომბერს ბანდფორმირებები გააძევეს მარტვილის რაიონის ტერიტორიიდან.

1993 წლის ივლისში ვ. ქ-იამ და შეთქმულთა ბანდის წევრებმა დაიკავეს ქ. წალენჯიხის სასტუმრო “წალენჯიხა", სადაც მოაწყვეს ბანაკი. ამავე თვეში ბანდის წევრებმა აიძულეს წალენჯიხის რაიონის საზკვების გაერთიანების ადმინისტრაცია, ბანდფორმირების წევრებისათვის სახელმწიფო ხარჯზე გამოეყოთ საკვები პროდუქტები.

ამ გზით ბანდებმა 1993 წლის ივლის-სექტემბერში წალენჯიხის რაიონში გაიტაცეს 4474 ლარად ღირებული საკვები პროდუქტები.

1993 წლის აპრილ-სექტემბერში წალენჯიხის ¹1 ჩაის ფაბრიკიდან გაიტაცეს 138500 ლარად ღირებული 60 ტონა ჩაის პროდუქცია.

1993 წლის 6 სექტემბერს ვ. ქ-ია და მისი თანამონაწილეები, წინასწარი გეგმის თანახმად, თავს დაესხნენ წალენჯიხის რაიონის გამგეობის შენობას, განდევნეს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, სადაც თარეშობდნენ 1993 წლის 6 ნოემბრამდე.

დადგენილია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ვ. ქ-იამ ჯ. ბ-ავამ და შეთქმულთა ბანდის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს ხობის რაიონზე თავდასხმას. 1993 წლის 28 აგვისტოს შეიარაღებული ბანდის 300-მდე წევრი ვ. ქ-იას მეთაურობით, ტანკების, ბეტეერების, “ბმპ"-ის, ყუმბარმტყორცნების, ავტომატური იარაღებისა და სხვა საბრძოლო საშუალებების გამოყენებით თავს დაესხნენ ხობის რაიონს, დაამხეს ადგილობრივი კანონიერი ხელისუფლება და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. ისინი ხობის რაიონს მართავდნენ ორი თვე და 1993 წლის 27 ოქტომბერს განდევნილ იქნენ რაიონის ტერიტორიიდან.

რაიონის კვლავ ხელში ჩაგდების მიზნით, შეთქმულები ვ. ქ-იას, ზ. გამსახურიდიას და სხვების აქტიური მონაწილეობით, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლ აფხაზ სეპარატისტებს და მათ მიერ გადაცემული მძიმე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საშუალებების გამოყენებით, თავიანთი ბანდებით, რომელთა შემადგენლობაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზი, ჩეჩნები, ადიღელი და სხვა ეროვნების დაქირავებული ბოევიკები, 1993 წლის 28 ოქტომბერს კვლავ დაესხნენ თავს ქ. ხობსა და ხობის რაიონს, სადაც 1993 წლის 4 ნოემბრამდე აგრძელებდნენ უმძიმეს დანაშაულთა ჩადენას. ხობის რაიონზე თავდასხმისა და სამთავრობო ჯარებთან ბრძოლების შედეგად დაზიანდა და დაინგრა 16 საცხოვრებელი სახლი და მოსახლეობაზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 169870 ლარი, 31 წარმოება-დაწესებულება და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს 3032500 ლარის ოდენობის ზარალი. ამასთან ერთად, ბანდის წევრებმა სოფლების: კოლხეთის, შუა ხორგის, საჯიჯაოს, ახალსოფლის, ჭალადიდის, პირველი ხორგის და ბიის მეურნეობებიდან, ხობის მეცხოველეობის საწარმოდან გაიტაცეს 3530 ლარად ღირებული 43 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ვ. ქ-იასა და მისი თანამონაწილეების ბანდებმა ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენით, ხობის რაიონის მცხოვრებთ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სულ მიაყენეს ქონებრივი ზარალი 3205900 ლარის ოდენობით.

1993 წლის 28 ოქტომბერს, დილით, ვ. ქ-იას ბანდა, თავისივე საცხოვრებელ ბინაში, ქ. ხობში, თავს დაესხა ხობის რაიონის მაშველთა კორპუსის წევრს მ. ქ-იას, რომელიც მიუყვანეს ვ. ქ-იას. ხობის რაიონის პოლიციის შენობასთან, სადაც ვ. ქ-იამ მ. ქ-იას ჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი განაწყენებულმა, რომ ეს უკანასკნელი იბრძოდა მისი ბანდების წინააღმდეგ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მ. ქ-იას მამის _ გ. ქ-იას თანდასწრებით, მიუხედავად ამ უკანასკნელის თხოვნისა, არ მოეკლა შვილი, მიაყენა რამდენიმე ჭრილობა მარჯვენა წვივისა და მარცხენა ტერფის არეში.

ვ. ქ-იამ 1993 წლის 28 ოქტომბერს ქ. ხობში, ბანდიტური თავდასხმით, დამამძიმებელ გარემოებებში, დაზარალებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ექვსი პირის: დ. ბ-ძის, ლ. ც-შვილის, პ. გ-შვილის, დ. ბ-შვილის, გ. ო-შვილისა და ბანდის ერთ-ერთ წევრთან თანაამსრულებლობით, რ. დ-შვილის განზრახ მკვლელობა შემდეგ გარემოებებში:

1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ქ. ხობში ვ. ქ-იას ბანდებმა დაატყვევეს სამთავრობო ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ლ. ც-შვილი, მებრძოლები _ დ. ბ-შვილი და რ. დ-შვილი, რომლებიც ქ. ხობში, სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ საავტომობილო ტრასაზე მდებარე გასტრონომის შენობასთან მიუყვანეს ვ. ქ-იას. განაწყენებულმა ვ. ქ-იამ, ზემოხსენებულ პირთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც იმაში გამოიხატა, რომ უკვე განიარაღებული, დანებებული და ნაცემი ტყვეები არავისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ, სახალხოდ, არ შეისმინა რა ტყვეთა მუდარა, არ მოესპო მათთვის სიცოცხლე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალი გასროლით, უშუალოდ ვ. ქ-იამ განზრახ მოკლა-დახვრიტა ლ. ც-შვილი, დ. ბ-შვილი და რ. დ-შვილი. მიღებული ჭრილობებისაგან დ. ბ-შვილი და ლ. ც-შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო რ. დ-შვილი გადაყვანილ იქნა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა 1993 წლის 3 ნოემბერს.

იმავე დღეს, ე.ი. 1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ვ. ქ-იას ბანდის წევრებმა ქ. ხობში დაატყვევეს საქტელერადიოკორპორაციის ჟურნალისტი დ. ბ-ძე და სამთავრობო ჯარების მებრძოლები _ გ. ო-შვილი და პ. გ-შვილი.

ბანდის წევრებმა უიარაღო ტყვეები ქ. ხობში, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო მაგისტრალის ხიდის მახლობლად წარუდგინეს ვ. ქ-იას.

ვ. ქ-იამ, რომელსაც უკვე ჩადენილი ჰქონდა ზემოთ აღნიშნული სამი პირის განზარახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში, დასახელებულ დაზარალებულთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც იმაში გამოიხატა, რომ უიარაღო, შეურაცხყოფილი და ნაცემი ტყვეები, რომლებიც არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ, არ შეისმინა რა დ. ბ-ძის თხოვნა, რომ იყო ჟურნალისტი და არ მოეკლა იგი, ვ. ქ-იამ ჯერ ტყვეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალი გასროლით განზრახ მოკლა _ დახვრიტა დ. ბ-ძე, გ. ო-შვილი და პ. გ-შვილი.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, დანაშაულებრივი ბანდის ორგანიზატორებმა _ ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა და ზემოთ ჩამოთვლილმა სხვა პირებმა, 1993 წლის 28 აგვისტოს ორგანიზება გაუკეთეს სენაკის რაიონზე ბანდიტურ თავდასხმას. მითითებულ დღეს, დაახლოებით 05 საათზე, ვ. ქ-იას ბანდიტურმა ფორმირებებმა იერიში მიიტანეს ქ. სენაკის ცენტრში განლაგებულ სამთავრობო ძალებზე და დაიკავეს ქალაქი.

თავდასხმის დროს ბანდიტური ფორმირებების წევრებმა ქ. სენაკის ცენტრში სროლა აუტეხეს შემთხვევის ადგილზე “ვაზ-2108" მარკის ავტომანქანით მიმავალ პოლიციის მუშაკებს _ ვ. ნ-კის, თ. კ-იას და დ. გ-იას, რის შედეგაც ვ. ნ-კიმ და დ. გ-იამ მიიღეს სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი დაზიანება. ამის შემდეგ ბანდიტური ფორმირების წევრებმა განაიარაღეს მითითებული პირები და გაიტაცეს მათზე განპიროვნებული სამი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, იმავე პერიოდში აღნიშნულ ადგილზე ბანდიტური ჯგუფის წევრებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ქუჩაში მიმავალი მშვიდობიანი მოქალაქე ა. ბ-შვილი.

ქ. სენაკზე თავდასხმის პირველსავე წუთებში ქალაქში შესული ბანდიტური ფორმირებების წევრებმა ავტომატური ცეცლსასროლი იარაღებიდან გასროლით მძიმედ დაჭრეს საკუთარი სახლის აივანზე მდგომი, ქ. სენაკში მცხოვრები თ. თ-ძე.

ქ. სენაკის დაკავებისთანავე ვ. ქ-იამ და მისმა ბანდებმა განაიარაღეს პოლიციის ქვედანაყოფებისა და უშიშროების სამსახური, დაამხეს ადგილობრივი კანონიერი ხელისუფლება, დანიშნეს კომენდანტი და ქალაქს აკონტროლებდნენ 1993 წლის 30 ოქტომბრამდე.

ამავე დროს ქ. ზუგდიდიდან ქ. სენაკში გადმოტანილ იქნა და ფუნქციონირებდა ე.წ. “საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო", ვ. ქ-იას შტაბი და ოპერატიული სამსახური ჯ. ბ-ავას ხელმძღვანელობით.

ბანდიტური ფორმირებების წევრებმა დაიკავეს რა რაიონის ფოსტა-ტელეგრაფისა და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები, ჩაკეტეს საგზაო კომუნიკაციები, შეუდგნენ სახელმწიფო, საზოგადოებრივი დაწესებულებების დარბევა-განადგურებას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გატაცებას.

1993 წლის 4 სექტემბერს ბანდიტური ფორმირებების შეიარაღებული წევრები თავს დაესხნენ პოლიციის სენაკის რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულის ფ. ა-იას საცხოვრებელ სახლს, უკანონოდ ჩაატარეს ჩხრეკა და გაიტაცეს ამ უკანასკნელის ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი _ “მაკაროვის"'სისტემის პისტოლეტი, 8 ცალ საბრძოლო ვაზნასთან ერთად.

იმავე თვის პირველი რიცხვებში მათ გაიტაცეს ადგილობრივი მმართველობის სენაკის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის გ. ა-იასა და მისი პირველი მოადგილის ე. გ-იას სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი, 4416 ლარად ღირებული “გაზ-2410" მარკის ორი მსუბუქი ავტომანქანა.

ვ. ქ-ია და შეთქმულთა ბანდიტური ჯგუფის წევრები ქალაქში ყოფნის პერიოდში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდნენ სენაკის რაიონში განლაგებულ წარმოება-დაწესებულებისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ე.წ. “საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სამმართველოსა" და მისი ცალკეული დანაყოფების ანგარიშზე ჩაერიცხათ ფულადი თანხები და გადაეცათ სხვა მატერიალური ფასეულობანი, რომლებსაც ისინი შემდგომში იტაცებდნენ და ითავისებდნენ. ამ გზით მათ 1993 წლის სექტემბერში გაიტაცეს სხვადასხვა დაწესებულებათა მიერ ჩარიცხული 1951 ლარი.

1993 წლის 22 ოქტომბერს მათ სენაკის ღვინის ქარხნიდან გაიტაცეს 395 ლარად ღირებული ორი ცალი ღვინის ცისტერნა.

ქ. სოხუმზე აფხაზი სეპარატისტების მიერ შეტევითი ოპერაციების განახლების შემდეგ, ვ. ქ-იას ბანდიტურმა ფორმირებებმა ისარგებელეს რა აღნიშნული გარემოებით, იმ მოტივით, რომ თითქოსდა მათი შენაერთები მონაწილეობას მიიღებდნენ ქ. სოხუმის დაცვის პატრიოტულ საქმეში, ქ. სენაკის გამგეობის ინციატივით შექმნილ “აფხაზეთში მებრძოლთა დახმარების კომისიისაგან” გაიტაცეს წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და კერძო პირებისაგან 1993 წლის 16 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე მიღებული შემოწირულობანი: 808 ლარი და ნატურით შემოტანილი 11 დასახელების სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, რაც მათ მოახმარეს არა აფხაზეთის დაცვას, არამედ სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს.

სენაკის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული ბანდიტური ფორმირებების შენახვისა და კვების მიზნით, 1993 წლის 28 აგვისტოდან 1993 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე, ბანდფორმირებებზე “ქალაქვაჭრობის" საზკვების გაერთაინების ანგრიშიდან, რომელსაც ფული ჩაურიცხა 53-მა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებამ, გაიცა და გატაცებულ იქნა 6017 ლარის ღირებულების პროდუქცია.

1993 წლის 27 ოქტომბრის სამთავრობო ჯარებმა დაიბრუნეს ქალაქები: სენაკი და ხობი, მაგრამ მეორე დღეს, ე.ი. 28 ოქტომბერს, ვ. ქ-იას ბანდებმა, ჯ. ბ-ავას და სხვათა ხელმძღვანელობით. ქ. ოჩამჩირედან სპეციალურად ჩამოყვანილი აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბანდიტების დახმარებით კვლავ შეძლეს ხობისა და სენაკის დაკავება. იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათზე, სენაკის რაიონის სოფ. თეკლათში ს. ბ-ავას საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ. ქ-იას ბანდის წევრებმა დახვრიტეს ოთხი მშვიდობინი მოქალაქე, აბაშის რაიონის სოფ. მარანის მცხოვრები _ დ. გ-შვილი, ბ. გ-შვილი, დ. პ-ია და მათთან სტუმრად მყოფი, გორის შინაგანი ჯარის ბატალიონის უფროსის მოადგილე გ. ჭ-შვილი, რომლებიც ქ. ხობის საავადმყოფოში მოთავსებული ავადმყოფი ნათესავის _ თ. გ-შვილის სანახავად მიემგზავრებოდნენ.

1993 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 18 საათზე, ქ. სენაკში მოსკოვისა და ჯორჯიაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან არსებულ პიკეტზე მდგარი შს სამინისტროს აკადემიის კურსანტებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ, თავს დაესხნენ ვ. ქ-იას ბანდიტური ფორმირებების წევრები, რომელთა შორის მ. მ-ძეც იმყოფებოდა. ბანდიტური ფორმირების წევრებს ამ შეტაკების შედეგად ტყვედ ჩაუვარდათ ქვედა კიდურებში დაჭრილი კურსანტები _ ფ. ტ-შვილი და თ. გ-შვილი. მ. მ-ძემ დაინახა რა უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი კურსანტები, ჯერ ფ. ტ-შვილი აიძულა, დამდგარიყო ჯორჯიაშვილის ქუჩის კუთხეში არსებულ ღობესთან და ახლო მანძილიდან, ავტომატის ჯერით, თავის არეში პირდაპირი სროლით განზრახ მოკლა _ დახვრიტა იგი. შემდეგ თ. გ-შვილი მიიყვანა იმავე ადგილზე და გაზნრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც მიიჩნია რა, რომ თ. გ-შვილიც მოკლა, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამ უკანასკნელმა კი მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, მაგრამ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, გადაურჩა სიკვდილს.

აღნიშნული და სხვა სახის მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის მ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა.

1993 წლის 28 აგვისტოდან 1993 წლის 30 ოქტომბრამდე ვ. ქ-იას ბანდების სამთავრობო ძალებზე თავდასხმისა და ბრძოლების შედეგად მოკლულ იქნა სენაკის რაიონის ექვსი მცხოვრები, დაიჭრა 68 პირი, დაინგრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული 2400 საცხოვრებელი სახლი, რითაც მოსახლეობას მიადგა 6349 835 ლარის ქონებრივი ზარალი.

სამთავრობო ძალებზე ბანდიტური თავდასხმისას მძიმე საბრძოლო ტექნიკიდან წარმოებული სროლების შედეგად დაინგრა და დაზიანდა წარმოება-დაწესებულებების 215 შენობა, 345 შიდა სარაიონო მიწის ქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციური ნაგებობა, რითაც სახელმწიფო სექტორისათვის მიყენებულმა ქონებრივმა ზარალმა 2121441 ლარი შეადგინა, სულ კი სენაკის რაიონის მოსახლეობაზე, დაწესებულება-ორგანიზაციებზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 8484863 ლარი. ამასთან ერთად, ბანდფორმირებებმა გაიტაცეს 66 ერთეული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი.

შეთქმულთა ბანდების წევრების დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა 1993 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ისინი სამთავრობო ჯარებმა განდევნეს სენაკის რაიონიდან.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ორგანიზება გაუკეთეს აბაშის რაიონზე თავდასხმას და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 1993 წლის 28 აგვისტოს ვ. ქ-იასა და მისი თანამონაწილეების დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ბანდის ორასამდე წევრი, სამხედრო მძიმე ჯავშანტექნიკით, ყუმბარმტყორცნებით, ნაღმტყორცნებით, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევებით ავტომატური იარაღებით და სხვა საბრძოლო საშუალებებით აღჭურვილნი ქ. სენაკის მხრიდან თავს დაესხნენ აბაშის რაიონს, დაიკავეს ქ. აბაშა, ამავე რაიონის ტერიტორია, ბანდები განალაგეს აბაშისა და სამტრედიის რაიონების საზღვარზე, მდინარე “ცხენისწყლის” მარჯვენა სანაპიროზე, სოფ. მარანში. მითითებული სოფლიდან სოფ. კეთილარამდე მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ბანდების მეშვეობით შექმნეს გამაგრებული პლაცდარმი და გააჩაღეს საბრძოლო მოქმედებები. მათვე აბაშაში დაამხეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, განდევნეს მმართველობის, სამართალდაცვითი და სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელები, ხელში აიღეს ძალაუფლება, რაიონში აქტიურად გააჩაღეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, წარმოებებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები.

ე.წ. “დაუმორჩილებლობის კომიტეტის თავმჯდომარის” ზ. ქ-იას აქტიური მონაწილეობით, ინიციატივითა და რეკომენდაციით საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბ. გ-შვილის 1993 წლის 2 სექტემბრის უკანონო განკარგულებით, აბაშის რაიონის მმართველის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა აბაშის რაიონის პრეფექტის ყოფილი მოადგილე რ. გ-ია, ხოლო მოადგილედ _ ვ. ჯ-ავა. აბაშის შს რაიგანყოფილების უფროსი ა. ბ-ია გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა თ. ა-შვილი. შექმნეს აბაშის კომენდატურა და კომენდანტად დაინიშნა ბანდფორმირებების ერთ-ერთი წევრი. კომენდატურასთან შექმნეს აბაშის ე.წ. გვარდიის შეიარაღებული ასეული 61 პირის შემადგელობით, რომლებიც ვ. ქ-იასთან და მის თანამონაწილეებთან ერთად აკონტროლებდნენ აბაშის რაიონს 1993 წლის 26 აგვისტოდან 24 ოქტომბრამდე.

აბაშის რაიონზე თავდასხმის დროს დაინგრა და დაიწვა, ნაწილობრივ დაზიანდა რაიონის მცხოვრებთა 51 სახლი, რითაც მოსახლეობას მიაყენეს 336004 ლარის ღირებულების ქონებრივი ზარალი.

გარდა ამისა, დაინგრა და დაზიანდა აბაშის რაიონის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 5 შენობა და ზარალმა შეადგინა 1012 ლარი. მათვე, 13 სახელწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მოწყობილი ბანდიტური თავდასხმის დროს გაიტაცეს 19018 ლარის ღირებულების სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება.

მათვე, 1993 წლის 28 აგვისტოდან 24 ოქტომბრამდე აბაშის შს განყოფილებასა და კავშირგაბმულობის განყოფილებაზე თავდასხმის დროს გაიტაცეს პოლიციის განყოფილბის “მაკაროვის"'კონსტრუქციის 20 ცალი პისტოლეტი, 10 ერთეული “კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი, 2131 ლარის ღირებულების ავტომანქანა “უაზი", 4177 ლარის ღირებულების ავტომანქანა ჟიგული “ვაზ-2121" და 7545 ლარის ღირებულების ავტომანქანა ჟიგული “ვაზ-2106", ხოლო აბაშის კავშირგაბმულობის განყოფილებიდან გაიტაცეს 1 ცალი “ტტ"-სა და ერთი ცალი “ნაგანის" სისტემის პისტოლეტები და 25 ლარად ღირებული 4 ცალი მიმღებ-გადამცემი აპარატი.

ამ თავდასხმების დროს წარმოებული სროლების შედეგად, 1993 წლის 26 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე, სხეულის სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები მიიღო აბაშის რაიონის მაცხოვრებელმა 15-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ, მოკლულ იქნა 9 მოქალაქე.

1993 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 10 საათზე, აბაშის რაიონის სოფ. მარანში, მდინარე “ცხენისწყლის" მარჯვენა სანაპიროდან ვ. ქ-იას დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ბანდის წევრებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორ ზ. ნ-შვილის ავტომანქანა “უაზ"-ს, რის შედეგადაც მოკლულ იქნა ზ. ნ-შვილი, მასთან ერთად მყოფი სამხედრო საჰაერო ძალების მაიორი თ. ჟ-ია, სამხედრო მოსამსახურე ა. ლ-ძე და ავტომანქანაში მყოფი ვ. ქ-იას შეიარაღებული ბანდის 2 წევრი _ ი. შ-ია და ბ. ნ-ია.

1993 წლის სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ვ. ქ-იას შეიარაღებული ბანდები განლაგდნენ რა მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე, აბაშის რაიონის ტერიტორიაზე, ქვემეხების, “გრადის” ტიპის სარაკეტო დანადგარებითა და სხვა მძიმე ტექნიკის გამოყენებით, 1993 წლის 17 ოქტომბრამდე, სისტემატურად ბომბავდნენ ქ. სამტრედიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებს, რის შედეგად მათ მიერ მოკლულ იქნა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 18 მოქალაქე, რომლებმაც მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.

ჭურვების აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა მოქალაქეთა კუთვნილი 15 და დაზიანდა 507 საცხოვრებელი სახლი, რითაც მათ მიაყენეს ქონებრივი ზარალი 1780414 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზიანდა კავშირგაბმულობის ობიექტები და ზარალმა შეადგინა 5128 ლარი.

1993 წლის 17 ოქტომბერს ვ. ქ-იას ბანდები თავს დაესხნენ ქ. სამტრედიას ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, ქვემეხების, “გრადის" ტიპის სარაკეტო დანადგარების, ნაღმტყორცნებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დაახლოებით 08 საათზე დაიკავეს ქალაქი, საიდანაც განდევნეს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები და ხელში აიღეს ძალაუფლება.

ქ. სამტრედიის დაკავებისთანავე ვ. ქ-იას, ზ. ძ-რის, ჯ. ბ-ავას, ნ. მ-შვილის ბანდებმა იარაღის ძალით დაიკავეს სამტრედიის რაიონის გამგეობის შენობა, რა დროსაც სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენეს საკუთრების დაცვის პოლიციელს, რომელსაც ასევე წაართვეს სამსახურებრივი “აკმ"-ის სისტემის ავტომატი. ქ. სამტრედიაში აღადგინეს პრეფექტურის სამსახური და პრეფექტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ზ. ძ-რი.

შეთქმულთა ბანდა, ასევე თავს დაესხა პოლიციის რაიგანყოფილებას და დაარბია იგი.

1993 წლის 17-21 ოქტომბერს სამტრედიის პოლიციის რაიგანყოფილებაზე, საცხოვრებელ სახლებსა და ქუჩებში თავდასხმის დროს გაიტაცეს რაიონის პროკურორისა და პოლიციის 27 მუშაკისაგან 11 ერთეული “აკს"-ის, 8 ერთეული “აკმს"-ის კონსტრუქციის ავტომატები, 26 ერთეული “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, “პსმ"-ის კონსტურქციის ერთი ცალი პისტოლეტი, 1 ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერი, 3 ხელყუმბარა, 1 კარაბინი, 5 გადაჭრილი თოფი და საბრძოლო მასალა. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღების გატაცების მიზნით ჩადენილი თავდასხმების დროს პოლიციის 7 მუშაკს მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ერთს _ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

1993 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, შეთქმულთა ბანდა თავს დაესხა აგროსამრეწველო ბანკის სამტრედიის განყოფილებას, განაიარაღეს ინკასატორები და გაიტაცეს 9 ცალი “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, ერთი “აკმ"-ის კონსტრუქციის ავტომატი, საბრძოლო მასალა და ინკასაციის უბნის კუთვნილი ავტომანქანა. 17 და 18 ოქტომბერს კი თავს დაესხნენ სადგურ სამტრედიის რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკის მესამე ათასეულს და გაიტაცეს 11 ერთეული “კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატი, მჭიდებითა და ვაზნებით, 6 ერთეული “მაკაროვის" პისტოლეტი მჭიდებითა და საბრძოლო ვაზნებით.

1993 წლის 17-21 ოქტომბერს, მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური თავდასხმების გზით გაიტაცეს მათი პირადი ავტომანქანები და სხვადასხვა სახის ფასეულობები, ღირებული 2044 ლარად ამავე პერიოდში სამტრედიის რკინიგზის სადგურში სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნი 28982 ლარად ღირებული 600 ტ. სხვადასხვა თხევადი საწვავით დატვირთული 10 ვაგონ-ცისტერნა გაიტაცეს და გადაგზავს ქ. ზუგდიდში, რაც შემდგომში მიითვისეს შეთქმულებაში მონაწილე ზემოაღნიშნულმა ბანდებმა. თავდასხმების შედეგად სარკინიგზო ხიდებისა და ლიანდაგების დაზიანებით, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სალიანდაგო სამსახურს მიაყენეს 61,359,814 ლარის, ელექტრომომარაგების სამსახურს _ 1702945 ლარის, სამგზავრო სამსახურს _ 1173096 ლარის, სატვირთო სამსახურს _ 50882 ლარის და ვაგონებიდან ტვირთების დატაცებით 231343 ლარის ზარალი.

სულ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სამტრედიის ტერიტორიულ სამმართველოს მიაყენეს 4518078 ლარის მატერიალური ზარალი.

1993 წლის 13 სექტემბერს ვ. ქ-იას ბრძანებით, შეიარაღებული ბანდის ორასამდე წევრი, სამხედრო მძიმე ჯავშანტექნიკით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საბრძოლო საშუალებებით აღჭურვილნი, თავს დაესხა ლანჩხუთის რაიონის სოფლებს _ ხიდმაღალას, ჯაპანას, სუფსას, გრიგოლეთს, ხოლო 19 ოქტომბერს დაიკავეს ქ. ლანჩხუთიც, სადაც დაამხეს ადგილობრივი ხელისუფლება და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება.

1993 წლის 13 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ქ. ლანჩხუთსა და სოფლებში ქ-იას ბანდები თარეშობდნენ და არბევდნენ მოსახლეობას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ამ პერიოდში დაარბიეს და დააზიანეს სოფლების: ჯაპანას, სუფსის, ხიდმაღალას, გრიგოლეთის მცხოვრებთა პირადი საკუთრების ხუთი სახლი, რითაც მოქალაქეებს მიაყენეს 197533 ლარის, სახელმწიფო ორგანიზაციებს, _ 19850, ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს _ 940 ლარის ზარალი.

გარდა აღნიშნულისა, მითითებული სოფლების მაცხოვრებლებს დაუზიანეს როგორც საოჯახო ნივთები, ასევე ოჯახებიდან გაიტაცეს სულ _ 52115 ლარის ღირებულების სხვადასხვა ფასეულებანი.

ბანდიტური თავდასხმებით ლანჩხუთის რაიონის სახელმწიფო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს სულ მიაყენეს 270438 ლარის ღირებულების მატერიალური ზარალი.

1993 წლის 22 ოქტომბერს შეთქმულთა შეიარაღებული ბანდები თავს დაესხნენ ოზურგეთის რაიონს, დაიკავეს ქ. ოზურგეთი, დაამხეს ადგილობრივი მმართველობისა და ხელისუფლების ორგანოები და ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება.

ხელისუფლების ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად თავდამსხმელები იმავე დღეს განდევნეს ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების ტერიტორიებიდან.

შეთქმულთა ბანდების მიერ ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიის დაკავებისათვის განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი, კერძოდ: 1993 წლის 13 სექტემბერს მოაწყვეს თავდასხმა ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჯაპანაზე და 15 სექტემბერს, დილით, დაეუფლნენ სოფელს, რა დროსაც მოკლეს სამთავრობო ჯარების შემადგენლობაში მებრძოლი “მხედრიონის” ოთხი წევრი და დაატყვევეს 12 მებრძოლი.

ამავე პერიოდში ლანჩხუთის რაიონის სოფ. სუფსის, გრიგოლეთის, ხიდმაღალას მოსახლეობაზე თავდასხმების შედეგად დააზიანეს და გაიტაცეს პირადი საკუთრების ნივთები და საოჯახო ქონება, ღირებული 168875 ლარად. გაიტაცეს 25040 ლარად ღირებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სხვადასხვა დასახელების ქონება და სოფ. წყალწმინდის ტერიტორიაზე არსებული 400 მ3 ტევადობის რეზერვუარში მოთავსებულ 400 ტ. ნავთობის დაბომბვით გამოწვეული ხანძრით სახელმწიფოს მიაყენეს 2636 ლარის ღირებულების ზარალი.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ზემოთ ჩამოთვლილმა შეთქმულებმა თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად გახადეს ქ. ფოთზე თავდასხმის ორგანიზება და მისი ხელში ჩაგდება. ამ დროისათვის აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად ქ. ფოთი, ფაქტობრივად, განეკუთვნებოდა ფრონტისპირა ქალაქს, საიდანაც აფხაზეთის რეგიონში იგზავნებოდა ცოცხალი ძალა და ტექნიკა, კვების პროდუქტები, აფხაზეთიდან კი ორგანიზებულად გადმოჰყავდათ ლტოლვილები. ამავე დროს ფოთი ეკონომიკის თვალსაზრისით, წარმოადგენდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს, ვინაიდან არსებული მძლავრი სატრანსპორტო კომუნიკაციების მეშვეობით სისტემატურად იღებდა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების _ სომხეთის და აზერბაიჯანის კუთვნილ კვებისა და სხვა სახის ტვირთების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის _ სატრანზიტო ტვირთებს.

ვ. ქ-ია და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი შეთქმულები საგრძნობი ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის ქ. ფოთის მისადგომებთან თავმოყრის შემდეგ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გატაცების მიზნით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი, დაახლოებით 2000-კაციანი, ტყვიამფრქვევებით და ავტომატებით შეიარღებული ბანდით, მძიმე ტექნიკის, ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე არტილერიის გამოყენებით 1993 წლის 2 ოქტომბერს, დილის 5 საათზე, ხობის რაიონის ტერიტორიიდან თავს დაესხნენ ქ. ფოთს და დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე აიღეს ქალაქი.

საბრძოლო მოქმედებისას ქ. ფოთში, ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლის შედეგად მოკლულ იქნა 14 და დაიჭრა 98 პირი. 17 ოქტომბერს შეთქმულთა ბანდფორმირებების წევრებმა თავის საცხოვრებელ სახლში განზრახ მოკლეს ... მცხოვრები ბ. ხ-შვილი.

ქ. ფოთზე თავდასხმისას საარტილერიო ჭურვების დაცემისა და აფეთქების შედეგად დაინგრა 6 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი, რითაც მათ მიაყენეს 464248 ლარის ქონებრივი ზარალი.

ქალაქის დაკავებისთანავე ვ. ქ-იასა და შეთქმულთა დაქვემდებარებაში მყოფმა ბანდიტურმა ფორმირებებმა ქალაქიდან განდევნეს ხელისუფლების ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელები, კერძოდ: 1993 წლის 2 ოქტომბერს, დატყვევებისა და მოკვლის მუქარით განდევნეს ქალაქის მერი რ. მ-ია, ასევე დატოვეს სამსახური ქალაქის მერის მოადგილეებმა: ი. მ-იამ და გ. დ-იამ, მერიის სხვა თანამშრომლებმა. მოგვიანებით, 8 ოქტომბერს, ბანდფორმირებების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისა და უკანონო მითითების გამო, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსი, ვ. გ-ძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური და ქალაქი. შეთქმულებმა 2 ოქტომბერსვე შექმნეს ე.წ. ფოთის საგანგებო შტაბი, რომლის თავმჯდომარეობა ქალაქში შემოსულმა რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააკისრა შეთქმულთა ერთ-ერთ აქტიურ წევრს თ. ვ-ძეს. ქალაქის პრეფექტად დაინიშნა თ. ბ-ძე, მის მოადგილედ _ გ. ბ-ძე. ქალაქის სამხედრო კომენდანტობა სხვადასხვა დროს დააკისრეს გ. ა-იასა და გ. ჭ-ავას.

იმავე დღეს, ე.ი. 2 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, ბანდფორმირებების წევრებმა ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უშიშროების სამსახურიდან ბანდიტური თავდასხმის გზით გაიტაცეს 10 ცალი ავტომატი, 16 ცალი “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და 2 ცალი “ნაგანის" სისტემის რევოლვერი. იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე, მძიმე ტექნიკის, ერთი ჯავშანტრანსპორტიორისა და ორი ტანკის გამოყენებით, ალყაში მოაქციეს საქალაქო და მუნიციპალური პოლიციის შენობა, ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულები შევარდნენ შენობაში და განაიარაღეს იქ მყოფი პოლიციელები. ცალკეულ პოლიციელთა განიარაღება გრძელდებოდა მომდევნო დღეებში, სულ კი 1993 წლის 2-დან 26 ოქტომბრამდე ბანდის წევრებმა გაიტაცეს პოლიციის კუთვნილი 33 ცალი ავტომატი, 13 ცალი “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 2 ცალი ტყვიამფრქვევი “დშკ" და ერთი ყუმბარმტყორცნი 8 ჭურვით. იმავე დღეს მათ მიერ განიარაღებულ იქნა სამთავრობო ჯარების მე-8 ბატალიონი, საიდანაც გაიტაცეს 17 ერთეული ავტომატი.

ამდენად, ვ. ქ-იასა და სხვა შეთქმულთა დაქვემდებარებაში მყოფმა ბანდფორმირებებმა, სამხედრო ძალის გამოყენებით, ქ. ფოთში ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, რის შემდეგაც დაიკავეს ქალაქის სასიცოცხლო ობიექტები, სადაც ინახებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ფასეულობანი და შეუდგენენ მათ მასობრივ გატაცებას.

კერძოდ, საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უშიშროების სამსხურის განიარაღების შემდეგ, შეიარაღებული ბანდის წევრებმა ნავსადგურის შესასვლელში დააყენეს ტანკი, შეიარაღებული პირების მეშვეობით დაიკავეს ნავსადგურის ტერიტორია, პირველი და მეორე საწარმოო რაიონის სასაწყობო მეურნეობები, დატვირთულ ვაგონებთან მისასვლელები, ნავთობპროდუქტების ტერმინალი, დაშინებითა და მოკვლის მუქარით ბლოკირება გაუკეთეს ფოთის სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობას, აუკრძალეს მათ ნავსადგურის ტერიტორიაზე შესვლის უფლებაც კი და ამით შეიქმნეს ხელსაყრელი პირობები ტვირთების დატაცებისათვის. ამგვარად, 1993 წლის 2 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე, თითქმის ყოველდღე, ძირითადად უნომრო და სახელმწიფო ნომრიანი სატვირთო ავტომანქანებით, მათ შორის ბენზინმზიდებით, გაიტაცეს საქართველოს კუთვნილი 414,3ტ. შაქრის ფხვნილი, 800,5ტ. პურის ფქვილი, 65,0ტ. ხორბალი, 429ტ. ნავთობროდუქტები, სომხეთის რესპუბლიკის კუთვნილი 109,3 ტ. ბრინჯი, 167,1ტ. პურის ფქვილი. ტვირთების დიდი ნაწილი გაიტანეს ქ. ზუგდიდში და მათ მიერ დაკავებულ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში და მიითვისეს.

გარდა ამისა, 1993 წლის 4 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე, შეთქმულებმა, მათდამი დაქვემდებარებული ბანდფორმირებების წევრთა აქტიური ხელშეწყობით, ზღვაოსნობის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევითა და სათანადო დოკუმენტაციის გაუფორმებლად, ორგანიზება გაუკეთეს საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურიდან სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების კუთვნილი შავი ლითონის გატაცებას და თურქეთის რესპუბლიკაში გატანას. სახელდობრ, 1993 წლის 10 ოქტომბერს ნავსადგურის მეორე საწარმოო რაიონიდან, თურქეთის თბომავლით “სალიჰ უნდე”-თი გაიტაცეს ქ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის კუთვნილი 1239ტ. შავი ლითონი. იმავე დღეს თურქეთის თბომავალ “აქსელ-1-ით" გაიტაცეს ქ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის 888ტ. და ფირმა “მამულის" კუთვნილი 50ტ., საქართველოს რესპუბლიკის თბომავალ “სტ-5"-ით რუსთავის მეტალურგიული კომბინატის კუთვნილი 487ტ. 1993 წლის 13 ოქტომბერს თურქეთის თბომავალ “აქსელ-1-ით რუსთავის მეტალურგიული კომბინატის კუთვნილი 1000ტ., იმავე დღეს, თურქეთის თბომავალ “სელიმ ოღლით" ფირმა “დაგიმექსის" კუთვნილი 750ტ. და ფირმა “მამულის" 160ტ. შავი ლითონი. 14 ოქტომბერს თურქეთის თბომავალ “მუზაფერ შანკაია"-თი გაიტაცეს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის 1200ტ., 16 ოქტომბერს თურქეთის თბომავალ “სალიპ უნდე"-თი ფირმა “დაგიმექსის" 1100ტ. შავი ლითონი. იმავე დღეს გაიტაცეს, აგრეთვე, თურქეთის თბომავალ “ომარ ბეით", ფირმის “კოლხეთის 1” კუთვნილი 7000ტ. და ფირმა “საქკურორტის" კუთვნილი 250ტ. შავი ლითონი.

1993 წლის 2 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე ქ. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურიდან სულ გატაცებულია 8890423 ლარის ღირებულების ქონება.

ამავე პერიოდში მათ მიერ ქ. ფოთის ჩაის კომბინატის საწყობიდან ყაჩაღური თავდასხმის გზით გატაცებულ იქნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფონდის პასუხისგების ქვეშ შენახული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანია “იუანდას" კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონიაკი, არაყი, ლუდი, ხორცისა და თევზის კონსერვები, მცენარეული ზეთი და კვების სხვა პროდუქტები, რითაც ფონდმა განიცადა ზარალი 1096993 ლარის ოდენობით.

ვ. ქ-იასა და სხვა შეთქმულთა დაქვემდებარებაში მყოფი ბანდის წევრებმა ამავე პერიოდში გაიტაცეს ქარხანა “ფოთიელექტროაპარატიდან" 843 ლარის ღირებულების საქონელი, ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნიდან _ 850 ლარის ღირებულების კაბელი და სხვა მატერიალური ფასეულობა. პურკომბინატიდან 300 ლარის ღირებულების პური, საწარმო გაერთიანება “საქთევზმრეწვიდან" _ 396162 ლარის ღირებულების ფასეულობა, ჩაის კომბინატიდან _ 5210 ლარის ღირებულების ჩაის ნედლეული და მზა პროდუქცია, კოლხეთის ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველოდან _ 105517 ლარის ღირებულების სატვირთო ავტომანქანები და სხვა, “საქგეოლოგის" მცირე საწარმო “მალთაყვის" სასტუმრო მეურნეობიდან _ 5526 ლარის ღირებულების ინვენტარი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, კოლხეთის სატყეო მეურნეობიდან _ ავტომანქანებისა და ტრაქტორების სათადარიგო ნაწილები. ბანდიტური თავდასხმისას დააზიანეს შენობა-ნაგებობები, რითაც ორგანიზაციებს მიაყენეს ზარალი 9595 ლარის ოდენობით. ტორფის მოპოვების ფოთის სეპცგაერთიანებიდან გაიტაცეს საწვავ-საცხები მასალები, დააზიანეს ძირითადი საშუალებები, რითაც გაერთიანებას მიაყენეს ზარალი _ 1364 ლარის ოდენობით. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის სამმართველოს ფოთის გაერთიანებიდან გაიტაცეს სატვირთო ავტომანქანა, ინვენტარი და სხვა. დააზიანეს ძირითადი საშუალებები, რის შედეგადაც გაერთიანებას მიაყენეს ზარალი 2002 ლარის ოდენობით. სულ კი ფოთში ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედებებით შეთქმულებმა და მათმა ბანდებმა სახელმწიფო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს მიაყენეს 10979023 ლარის ზარალი.

1993 წლის 23 ოქტომბრიდან შეთქმულებმა და მათი ბანდების ნაწილმა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დაიწყეს გასვლა ქ. ფოთიდან, მთლიანად კი ისინი სამთავრობო ჯარებმა ქალაქიდან განდევნეს იქნენ 26 ოქტომბერს.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაგეგმეს ხონის რაიონზე თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 1993 წლის 3 ოქტომბერს, დილის 05 საათზე, 200-კაციანი შეიარაღებული ბანდა ზ. ძ-ურის ხელმძღვანელობით, ავტომატების, ტყვიამფრქვევებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, მარტვილის რაიონის მხრიდან მოულოდნელად თავს დაესხა მარტვილი-ხონის საზღვარზე, მდინარე ცხენისწყალზე განლაგებულ შინაგანი ჯარის ხონის ბატალიონის მებრძოლებს, განაიარაღეს ისინი, გაიტაცეს 29 ავტომატი, რის შემდეგ დაიკავეს ქალაქის ცენტრი, განდევნეს ადგილობრივი ხელისუფლება და შექმნეს პრეფექტურის სამსახური.

რაიონის ცენტრის დაკავების შემდეგ ბანდიტურმა ჯგუფებმა დაიკავეს კავშირგაბმულობის, პოლიციის, პურკომბინატის შენობები, თავდაცვის სამინისტროს ხონის ბატალიონის შენობა, რასაც თან ახლდა რაიონის პოლიციის მუშაკთა ხუთი ერთეული ტაბელური “მაკაროვის" სისტემის იარაღების, უშიშროების სამსახურის უფროსის ტაბელური იარაღის _ “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის გატაცება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ხონის ბატალიონიდან გაიტაცეს 114 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, “ბრდმ"-ის მარკის ერთი ცალი საბრძოლო მანქანა და დიდი ოდენობით ტყვია-წამალი. ბანდებმა დააზიანეს მოქალაქეთა პირადი საკუთრების 166 ნაგებობა, რითაც მათ მიადგა 1989785 ლარის ღირებულების ქონებრივი ზარალი. ხელისუფლების შეიარაღებული ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად ბანდები 1993 წლის 4 ოქტომბერს განდევნეს ხონის რაიონის ტერიტორიიდან. ბანდებმა უკან დაიხიეს მარტვილის რაიონის მიმართულებით.

1993 წლის 4 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე ბანდიტური ფორმირებები, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ მარტვილი-ხონის საზღვარზე, მდინარე ცხენისწყლის გასწვრივ, რა დროსაც გამოსროლილი ჭურვების შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობინი მოქალაქე, ხოლო ორმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

1993 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 16 საათზე, ვ. ქ-იას უშუალო ხელმძღვანელობით 1500-კაციანი შეირაღებული ბანდა მარტვილის რაიონიდან განმეორებით თავს დაესხა ხონის რაიონს, რა დროსაც სოფ. მათხოჯში დანგრეულ იქნა სამი საცხოვრებელი სახლი, ერთი დამხმარე ნაგებობა და მოქალაქეებს მიაყენეს 260688 ლარის ზარალი. ბრძოლების დროს მოკლულ იქნა სამთავრობო ჯარების ერთი მებროლი.

ხონის რაიონის ტერიტორიის დაკავების შემდეგ კვლავ აღადგინეს პრეფექტურის სამსახური, იმავდროულად ბანდიტური ფორმირებების წევრები კვლავ აგრძელებდნენ საბრძოლო მოქმედებებს ქ. ქუთაისის მიმართულებით, მდინარე გუბისწყალზე, რა დროსაც მათ მიერ მოკლულ იქნა ქუთაისის შს სამმართველოს 5 თანამშრომელი.

ხონის რაიონის დაკავების დროს, 1993 წლის 17-21 ოქტომბრამდე, შეთქმულთა ბანდიტური ჯგუფების მიერ წარმოება-დაწესებულებებიდან გატაცებულ იქნა 70ტ. პურის ფქვილი, ღირებული 5213 ლარად, 490 ტომარა შაქრის ფხვნილი და 243 ათასი ცალი ხუფი, ღირებული 11600 ლარად, პოლიციის სამი მუშაკისაგან ძალადობის გამოყენებით გაიტაცეს 3 ერთეული “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, რაიონის მცხოვრებთა 30 ოჯახიდან ყაჩაღური თავდასხმის გზით გაიტაცეს მოქალაქეთა პირადი ქონება, საკონსერვო და “პოლიმერკონტეინერის" ქარხნიდან, ძაფსაღები და ჩაის გადამწონი ფაბრიკიდან და კერძო პირებიდან გაიტაცეს 8 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, იარაღის გატაცების მიზნით თავს დაესხნენ ხონის პოლიციის მუშაკს ვ. ჯ-იანს და ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

ამრიგად, შეთქმულებმა და მისმა ბანდებმა სახელმწიფო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და კერძო პირებს მიაყენეს 2267266 ლარის მატერიალური ზარალი.

1993 წლის 21 ოქტომბერს სამთავრობო სამხედრო ნაწილებმა ხონის ტერიტორია გაათავისუფლეს.

ვ. ქ-იამ, ჯ. ბ-ავამ, ზ. ძ-ურმა, ნ. მ-შვილმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, დაგეგმეს ქ. წყალტუბოს ზონაზე ბანდიტური თავდასხმა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 1993 წლის 20 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, 200-კაციანი შეიარაღებული ბანდა ხონის რაიონიდან მოულოდნელად თავს დაესხა წყალტუბოს ზონის სოფ. გვიშტიბს. ავტომატების, ტყვიამფრქვევებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით და მსხვილყალიბიანი ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლის შედეგად დაანგრიეს და დააზიანეს 13 საცხოვრებელი სახლი და სხვა ქონება, რითაც მოსახლეობას მიაყენეს 522682 ლარის ქონებრივი ზარალი. მათვე ცეცხლსასროლი იარაღებიდან დაჭრეს და სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს სოფ. გვიშტიბში მცხოვრებ ორ მოქალაქეს.

სოფ. გვიშტიბის დაკავების შემდეგ, დაახლოებით 15 საათისათვის, ბანდიტური ფორმირებების ერთ-ერთ რაზმი უშუალოდ მიადგა წყალტუბოს და დააპირა სასტუმრო “ინტურისტის" მხრიდან ქალაქში შეჭრა, მაგრამ წააწყდა რა საავტომობილო გზაზე დისლოცირებული შინაგანი ჯარის წყალტუბოს ასეულის მებრძოლებს, გაუხსნა მათ ცეცხლი, რა დროსაც მოკლულ იქნა ასეულის მეთაური მ. ბ-ძე.

ქ. ქუთაისიდან გაგზავნილი, დამატებითი სამთავრობო სამხედრო ნაწილების დროული და აქტიური მოქმედების შედეგად, ბანდიტები იმავე დღეს, ე.ი. 20 ოქტომბერს, 17 საათზე, გამოდევნეს წყალტუბოს რაიონის ტერიტორიიდან.

ვ. ქ-იას, ჯ. ბ-ავას, ზ. ძ-ურის, ნ. მ-შვილისა და მათი თანამონაწილეების ორგანიზებული შეთქმულება და შეიარაღებული ავანტურა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, მიუხედავად მათ მიერ გაწეული გააფთრებული წინააღმდეგობისა, 1993 წლის 6 ნოემბერს მარცხით დამთავრდა, რის შემდეგაც ისინი მიიმალნენ.

შეთქმულებაში მონაწილე პირებთან ერთად აფხაზ სეპარატისტებთან ალიანსში მყოფი ვ. ქ-ია, სეპარატისტების ხელის შეწყობით, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, გაიქცა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო შემდეგ _ უკრაინის რესპუბლიკაში.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაძებნილი და დაპატიმრებულ იქნენ: ვ. ქ-ია _ 1994 წლის 6 ივლისს ქ. კიევში, ჯ. ბ-ავა _ 1994 წლის 3 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, ნ. მ-შვლი _ 1995 წლის 17 მაისს ქ. თბილისში. ზ. ძ-ურმა, იმყოფებოდა რა მიმალვაში, ბანდის წევრებთან: კ. ძ-ურთან, ვ. წ-ელთან, ზ. დ-იასთან და გ. ყ-შვილთან ერთად გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა.

ზ. ძ-ურმა ბანდის წევრებთან ერთად ჩაიდინა დივერსიის მცდელობა, ე.ი. საქართველოს შესუსტების მიზნით ნაგებობების, მიმოსვლის გზათა და საშუალებათა აფეთქების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა კ. ძ-ურს, ვ. წ-ელს, ზ. დ-იას, გ. ყ-შვილს და წინასწარ შეთანხმდნენ დივერსიის ჩადენაში. ამ მიზნით ბანდის წევრებმა უკანონოდ შეიძინეს და გადაზიდეს ქ. თბილისში, ... ბინაში ფეთქებადი ნივთიერება _ 1 კგ. და 600 გრ. ტროტილის მასა, საბრძოლო მასალა “ფ-1" ტიპის სამი ცალი ხელყუმბარა და ოთხი დეტონატორი, “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ¹ირ-533 ორი ცალი მჭიდით და 16 ცალი საბრძოლო ვაზნა, რასაც უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ.

ზ. ძ-ურმა და ზემოაღნიშნულმა პირებმა რესპუბლიკაში, განსკუთრებით კი თბილისის მოსახლეობის, უკმაყოფილებისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით, განიზრახეს, დაგეგმეს და შეეცადნენ აეფეთქებინათ ქ. თბილისში, მდინარე მტკვარზე, დიდუბისა და საბურთალოს რაიონების შემაერთებელი ვახუშტის სახელობის ხიდი. შეთანხმებისამებრ, ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა დაედოთ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხიდის დასაწყისში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1995 წლის 26 ივნისს, საღამოს, ვ. წ-ლის მიერ ნაქირავებ ბინაში ქ. თბილისში ზ. ძ-ურმა, ზემოთ აღნიშნული ბანდის წევრებთან ერთად დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობა, კერძოდ, ექვსი ცალი 200-გრამიანი და ერთი ცალი 400-გრამიანი ტროტილის მასა, შეაერთა სპეციალურად მომზადებული წებოთი და ქსოვილის ნაჭრით, ტროტილის მასაში მოათავსა ერთი ცალი ელექტროდეტონატორი, რომლის ელექტროსადენების დაბოლოება მოამზადა ელექტროკვების შესაერთებლად. დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა სპეციალურად შეძენილ ნიჩაბთან ერთად მოათავსა ხელჩანთაში და 1995 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 02 საათზე, ბანდის წევრებთან ერთად განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ. წ-ლის ნაქირავები ბინიდან წავიდა ვახუშტის სახელობის ხიდის მიმართულებით, რა დროსაც ისინი დაკავებულ იქნენ პოლიციის მუშაკების მიერ და ჩამოერთვათ ასაფეთქებელი მოწყობილობა 1კგ.600გრ. ტროტილის მასა, დეტონატორი, ელექტროსადენი, ელექტრომკვებავი, ცეცხლსასროლი იარაღი “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ¹ირ-533, ორი მჭიდით, თექვსმეტი საბრძოლო ვაზნით და დანაშაულის ჩადენის საშუალება _ ნიჩაბი.

საკასაციო პალატის სხდომაზე ვ. ქ-იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. უ-ძემ იშუამდგომლა განაჩენიდან ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებისა და იმ პირთა ბრალეულ ქმედებებზე მითითების ამოღება, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლო კოლეგიის განსასჯელნი არ იყვნენ. გარდა ამისა, იშუამდგომლა ვ. ქ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სამშობლოს ღალატისა და ბანდიტიზმის ბრალდების ნაწილში საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ბ" პუნქტის საფუძველზე. ვ. ქ-იას მიერ ექვსი ადამიანის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მოკვლის ბრალდების ნაწილში ითხოვა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდებშიA_ განაჩენის უცვლელად დატოვება.

ადვოკატმა ო. ფ-შვილმა მხარი დაუჭირა ადვოკატ ს. უ-ძის მოთხოვნებს.

მსჯავრდებულმა ვ. ქ-იამ მხარი დაუჭირა მისი ადვოკატების მოთხოვნებს.

დაზარალებულებმა _ ლ. ბ-ძე-ი-ანმა, ლ. ბ-შვილმა და ს. ო-შვილმა ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

დაზარალებულმა თ. დ-შვილმა აღნიშნა, რომ ვ. ქ-იას მიერ დაჭრილი მისი შვილი ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა მისთვის გაუგებარ ვითარებაში და კონკრეტული დამნაშავე პირი დღემდე დადგენილი არ არის. ამდენად, ამ ეპიზოდში ვ. ქ-იას ქმედების სამართლებრივ შეფასებას ანდობს სასამართლო პალატას.

პროკურორმა მ. ჯ-ძემ მხარი დაუჭირა განაჩენიდან პოლიტიკური შეფასებების ამორიცხვას და დ-შვილის მკვლელობის ნაწილში ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას _ მკვლელობის მცდელობით; სხვა ნაწილში ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილებები:

პალატა ეთანხმება ადვოკატთა იმ მოსაზრებას, რომ განაჩენი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკური დოკუმენტის ხასიათს და იგი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებებისაგან. საპროცესო კანონმდებლობის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ვ. ქ-იასა და სხვათა მიმართ დადგენილი განაჩენი დატვირთულია ისეთი პოლიტიკური შეფასებებით, როგორიცაა: “საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ზ. გამსახურდიამ, უზენაესმა საბჭომ და მთავრობამ თავი ვერ გაართვეს მათ წინაშე მდგომ ამოცანებს. ამას შედეგად მოჰყვა სახელმწიფოსა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში შეიქმნა დაუსჯელობისა და არეულობის ვითარება. განსაკუთრებით უარყოფითი შედეგი გამოიწვია 1991 წლის აპრილის ბრძანებულებით გამოცხადებულმა “მრგვალი მაგიდის" ინიციატივამ საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ. ამ უკანონო ბრძანებულებამ რესპუბლიკაში სარკინიგზო ტრანსპორტისა და მსხვილი საწარმოების მუშაობის შეწყვეტა განაპირობა, რამაც მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა საქართველოს რესპუბლიკის მეურნეობას".

“მრგვალი მაგიდის" (მმართველი პარტია) წევრები განზრახ აღვივებდნენ შუღლსა და მტრობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელთა შორის, საჯაროდ მოუწოდებდნენ ურთიერთდაპირისპირებისა და შეიარაღებული თავდასხმებისაკენ. ყველა, ვინც გამოდიოდა ხელისუფლების კრიტიკით, იმსახურებდა სამშობლოს მოღალატისა და უცხო სახელმწიფოს აგენტის იარლიყს".

“1991 წლის 19 აგვისტოს ზ. გამსახურდიამ მოსკოვში ჩამოყალიბებული უკანონო განსაკუთრებული მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის წინადადებით, საქართველოს კონსტიტუციის 104-ე და 1214-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად მოახდინა საქართველოს ეროვნული გვარდიის რეორგანიზაცია, რამაც განაპირობა ეროვნული გვარდიის ნაწილების დაუმორჩილებლობა, რესპუბლიკაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დესტაბილიზაცია.

“უზენაესი საბჭოს დეპუტატების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა რა ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამო, მათ რიგ შემთხვევებში უზენაესი საბჭოს სხდომებზე არ უშვებდნენ. ამ მიზნით სპეციალურად დაიქირავეს და გაწვრთნეს პროვოკატორები, ე.წ. “კარვის ქალები", რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დეპუტატებს". ანალოგიური ფრაზები და შეფასებები, რომლებიც მრავლად გვხვდება, მთლიანად უნდა ამოირიცხოს განაჩენიდან.

პალატა ასევე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ განაჩენს არ უნდა მოეხდინა იმ პირთა ქმედებების დანაშაულის რანგში შეფასება, რომლებიც სასამართლოს განსჯის სუბიექტები არ იყვნენ და არც ძალაში შესული სხვა განაჩენით იყვნენ ცნობილი დამნაშავედ.

მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგიამ საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთა ქმედებებს მაინც მისცა დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი შეფასება. მაგალითად, განაჩენი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ: “ქ. გროზნოში გაქცევის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ" საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ორგანიზება გაუკეთა, დაგეგმა და განახორციელა განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულებანი. მან ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად შევიდნენ ვ. ქ-ია, ჯ. ბ-ავა, ზ. ძ-ური და ნ. მ-შვილი, რომლებმაც თანამზრახველებთან ერთად დაიწყეს აქტიური ბრძოლა. ზ. გამსახურდიას განკარგულებით აღნიშნულმა პირებმა და მათმა თანამზრახველებმა 1992 წლის იანვარში ჩამოაყალიბეს დანაშუალებრივი ორგანიზაცია _ ე.წ. “დაუმორჩილებლობის კომიტეტი" ვ. შ-იას თავმჯდომარეობით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედებების ჩადენის გზით ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნა".

“ქ. გროზნოში მყოფი ზ. გამსახურდიას უშუალო განკარგულებით, 1992 წლის 24 ივნისს ვ. შ-იას მეთაურობით, შეიარაღებული პირები ქ. თბილისში ერთდროულად თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოპერატიულ პოლკს, განაიარაღეს დაცვა და გაიტაცეს 241 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვა საბრძოლო მასალები და სატრანსპორტო საშუალებები. ავტომატური იარაღით დაცხრილეს ფუნიკულიორის პლატოზე მდებარე ტელეანძა, დაჭრეს ანძის შენობის დამცველი პოლიციელი, განახორციელეს ბანდიტური თავდასხმა და დაიკავეს “საქტელერადიოდეპარტამენტის" შენობა, საიდანაც 1992 წლის 24 ივნისს, დილის 6-დან 8-საათამდე, გავიდნენ ეთერში და აწარმოებდნენ ზ. გამსახურდიას მიმართვის ტექსტის გადაცემას".

“დაუმორჩილებლობის კომიტეტის" ძირითადი ფუნქცია იყო ქ. გროზნოდან ზ. გამსახურდიასაგან მიღებული მითითებების პრაქტიკულად განხორციელება, კერძოდ, საქართველოში ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კრახის მიღწევით ძალაუფლების ხელში ჩაგდება".

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული და განაჩენში არსებული სხვა ანალოგიური შეფასებები, რომლებიც გაკეთებულია იმ პირთა მიმართ, რომლებიც სასამართლოს მოცემული კოლეგიის განსჯის საუბიექტებს არ წარმოადგენდნენ, მთლიანად უნდა ამოირიცხოს განაჩენიდან.

პალატის შეხედულებით, განაჩენში საკმაოდ დასაბუთებული არ არის ის ფაქტი, რომ 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე პერიოდში წარმოებული ბრძოლისას ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ მსჯავრდებულების _ ვ. ქ-იას, ჯ. ბ-ავას, ზ. ძ-ურისა და ნ. მ-შვილის ბრალით დაინგრა და დაიწვა უზენაესი საბჭოსა და მთავრობის სახლი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე პირველი საშუალო სკოლა, მხატვრის სახლი, სასტუმრო “თბილისი", კავშირგაბმულობის სამინისტროს და სხვა უწყებათა შენობები, მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და მათი ქონება, ისტორიისა და კულტურის ძეგლები და სხვა საგანძურები, დაიღუპა და დაიჭრა ასეული მოქალაქე. ამასთან, დაუზუსტებელია სამოქალაქო სარჩელის ოდენობა. გამომდინარე აქედან, ვ. ქ-იასა და სხვა სამ მსჯავრდებულზე ერთობლივად 38846051 ლარის დაკისრება არარეალურია და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ სამოქალაქო სარჩელის ამ ნაწილში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს ვ. ქ-იასა და სხვა მსჯავრდებულებზე ერთობლივად 38846051 ლარის გადასახდელად დაკისრება. ეს საკითხი შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს სარჩელის რაოდენობისა და მოპასუხეთა დაზუსტების შემდეგ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

პალატა იზიარებს პროკურორისა და დაცვის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ვ. ქ-იას ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს რ. დ-შვილის დასრულებული განზრახ მკვლელობა და შეერაცხოს ამ უკანასკნელის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობა, თუმცა ეს გარემოება რაიმე გავლენას არ ახდენს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაზე და შეფარდებული სასჯელის ღონისძიებაზე.

პალატა ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივრისა და ადვოკატთა იმ მოსაზრებას, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურად ცნობამდე ხელისუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლა და ამ მიზნით თუნდაც შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება, ცალკე აღებული, არ შეიძლება განხილულ და შეფასებულ იქნეს როგორც სამშობლოს ღალატი და ბანდიტური ჯგუფების ჩამოყალიბება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ღალატისა და ბანდიტიზმის შეფასება მას შეიძლება მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებულ ფორმირებათა მოქმედება მიმართულია ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ გარეშე მტრების სასარგებლოდ და მათთან კონტაქტში, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევის, ადამიანთა კანონიერი უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, მოქალაქეთა, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ქონების უკანონო გატაცების მიზნით და სხვა კრიმინალურ დანაშაულთა ჩასადენად. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ როცა ვ. ქ-იას ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული რაზმები წინ აღუდგნენ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში მიმავალ სამთავრობო ჯარებს, გაიტაცეს მათგან საბრძოლო მასალები, სამხედრო საჭურველი და პროდუქტები, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიყვანეს სხვა სახელმწიფოთა და სეპარატისტთა შეიარაღებული დაქირავებული “ბოევიკები", როცა დაარბიეს და დაანგრიეს მშვიდობიანი მოსახლეობის ათასობით საცხოვრებელი სახლი, საწარმო-დაწესებულებათა შენობა- ნაგებობები, გაიტაცეს მილიონობით ლარის ღირებულების ქონება, გაძარცვეს და მიითვისეს სარკინიგზო შემადგენლობები, ჯანმრთელობა დაუზიანეს და სიცოცხლე მოუსპეს რამდენიმე ასეულ მოქალაქესა და სამხედრო ტყვეს, ჩაიდინეს სხვა მრავალი მძიმე კრიმინალური დანაშაული, რაც უდავოდ არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით, მათი ქმედება გადაიზარდა ქვეყნის ღალატსა და ბანდიტიზმში. ყოველივე ამისათვის, გარდა პირადად ჩადენილი დანაშაულობებისა, უშუალო აღმსრულებლებთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება შეიარაღებული რაზმის, ანუ ბანდიტური დაჯგუფებების ხელმძღვანელებსაც.

ამდენად, პალატა არ იზიარებს დაცვის პოზიციას ვ. ქ-იას მიმართ სამშობლოს (ქვეყნის) ღალატისა და ბანდიტიზმის ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს პირადად ვ. ქ-იას მიერ დამამძიმებელ გარემოებებში დ. ბ-ძის, ლ. ც-შვილის, პ. გ-შვილის, დ. ბ-შვილისა და გ. ო-შვილის განზრახ მოკვლის ფაქტს, რის გამოც არ იზიარებს ბრალდების ამ ნაწილში საკასაციო საჩივარს და დაცვის მოსაზრებას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ. დაცვის მოსაზრება, რომ თითქოს მოწმეთა ჩვენებები ვ. ქ-იას მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობების ნაწილში არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგოა, პალატის შეხედულებით, უსაფუძვლოა. სასამართლო კოლეგიამ ბრალდების ამ ნაწილში სრულყოფილად გააანალიზა შეკრებილი მტკიცებულებები და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატა თვლის, რომ, განაჩენის დადგენის შემდეგ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების გამო, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულთა ქონების კონფისკაციაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ" პუნქტით, 562-ე მუხლის “ბ"'პუნქტით, 564-ე მუხლის “ა" და “ბ" პუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და 571-ე მუხლის პირველი ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ვ. ქ-იასა და სხვათა მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განაჩენიდან ამოირიცხოს მასში აღნიშნული ყველა პოლიტიკური შეფასება;

2. განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა დანაშაულებრივ საქმიანობაზე მითითება, რომლებიც მსჯავრდებული არ ყოფილან ამ ან სხვა განაჩენით.

3. განაჩენიდან ამოირიცხოს მსჯავრდებულ ვ. ქ-იასა და სხვა მსჯავრდებულებზე სოლიდარულად 38846051 ლარის გადახდის დაკისრება.

დაზარალებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება დარჩეთ, დაზუსტებული ზარალის ანაზღაურება ეძიონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;

4. განაჩენიდან ამოირიცხოს მსჯავრდებულ ვ. ქ-იასა და სხვა მსჯავრდებულთა პირადი ქონების კონფისკაცია;

5. დაზუსტდეს განაჩენი და ჩაითვალოს, რომ მსჯავრდებულმა ვ. ქ-იამ სამშობლოს ღალატი ჩაიდინა იმ მომენტიდან, როდესაც მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა შეიარაღებულმა რაზმებმა ხელი შეუშალეს სამთავრობო ჯარებს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში და მათგან გაიტაცეს საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა და პროდუქტები, ხოლო ბანდიტური ქმედება _ მას შემდეგ, რაც იმავე რაზმებმა დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელყვეს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, გაიტაცეს მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონება დიდი ოდენობით;

6. ჩაითვალოს, რომ ვ. ქ-იამ ჩაიდინა რ. დ-შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში და არა დასრულებული მკვლელობა, რაც გავლენას არ ახდენს მსჯავრდებულზე სსკ-ის 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით შერაცხულ ბრალდებაზე;

7. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში იმ ცვლილებებით, რაც სასჯელთან დაკავშირებით განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით, დარჩეს უცვლელად.