გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 25-აპ 7 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების _ მ. მ-ძისა და თ. გ-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, სსკ-ის 119-ე მუხლით _ 7 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მის მიმართ სსკ-ის 119-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე;
გ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ტყიბულის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტს წინ დაემატა წინადადება: “განსასჯელ გ. ჩ-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებზე”. გარდა ამისა, მსჯავრდებულ მ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ თ. გ-ძეს შეფარდებული სასჯელი _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 1 წლით და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ გ. ჩ-ძეს შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით მ. მ-ძეს, თ. გ-ძესა და გ. ჩ-ძეს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2000 წლის 5 ივლისს მ. მ-ძე, თ. გ-ძე და გ. ჩ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განიზრახეს უკანონოდ შეეღწიათ ქ.ტყიბულში, ... მცხოვრებ ვ. გ-ძის ბინაში მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების ფარულად დასაუფლებლად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ. მ-ძე, თ. გ-ძე და გ. ჩ-ძე იმავე დღეს, 5 ივლისს, დაახლოებით 00 საათსა და 15 წუთზე, მივიდნენ ვ. გ-ძის სახლთან. გ. ჩ-ძე სამეთვალყურეოდ დარჩა გარეთ, ხოლო მ. მ-ძემ და თ. გ-ძემ, ნიღბებითა და წელს ზემოთ შიშვლებმა, შეაღწიეს ვ. გ-ძის სახლში და თავს დაესხნენ მას. მ. მ-ძე თანქონებული დანით დაემუქრა ვ. გ-ძეს, დაადო დანა ყელზე, მიაყენა ჭრილობა ვ. გ-ძეს კისრის არეში და თ. გ-ძესთან ერთად მოსთხოვა მას ფული და ოქროულობა. ამასთან, მ.მანაგაძემ და თ. გ-ძემ ფეხებით და ხელებით სცემეს ვ. გ-ძეს, რითაც მიაყენეს სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება. ცემის შემდეგ მ. მ-ძემ და თ. გ-ძემ ვ. გ-ძეს წაართვეს 19 ლარი. მათ, ასევე, სახლის მეორე სართულიდან გაიტაცეს ვ. გ-ძის კუთვნილი იაპონური წარმოების “ფუნაის” ფირმის ფერადი ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, ერთად ღირებული 700 ლარად და “სონის” ფირმის მუსიკალური ცენტრი, ღირებული 1.000 ლარად, რაც წამოიღეს გ. ჩ-ძესთან ერთად და რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულ ვ. გ-ძეს. ეს უკანასკნელი მიყენებული სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად 2000 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.
მსჯავრდებულები _ მ. მ-ძე და თ. გ-ძე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიწვია უმძიმესმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელშიც მათი ოჯახები იმყოფებოდნენ.
დაზარალებული ი. ქ-ძე შესაგებლით ითხოვს, უარი ეთქვათ მსჯავრდებულებს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დაზარალებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე.ხ-ძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი ე.ქ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლის მოტივები, თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. მ-ძისა და თ. გ-ძისათვის განაჩენით შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, აწ გარდაცვლილ ვ. გ-ძის, დაზარალებულ ი. ქ-ძის, მოწმეების _ ა. ბ-შვილის და თ. ჭ-შვილის და ნაწილობრივ თავად მსჯავრდებულთა ჩვენებებით, უდავოდ დადასტურებულია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მსაჯავრდებულები თავიანთ საკასაციო საჩივრებში მათთვის განაჩენით შერაცხულ დანაშაულს სადავოდ არ ხდიან.
რაც შეეხება მ. მ-ძისა და თ. გ-ძისათვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო პალატამ მათთვის სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ თ. გ-ძე ადრე ნასამართლევი არ არის, მ. მ-ძეს შექმნილი აქვს ოჯახი და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, საცხოვრებელი ადგილებიდან ხასიათდებიან დადებითად.
ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულთათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს _ მ. მ-ძესა და თ. გ-ძეს განუსაზღვრა მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელი. ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მ. მ-ძის, თ. გ-ძისა და გ. ჩ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.