გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26-დად 26 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
თ. ლალიაშვილი,
მ. გოგელია.
განიხილა ნ. მ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის 2001 წლის 17 ივლისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ნ. ა-ძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ნ. ა-ძე ექიმებს სახლში გარდაცვლილი დახვდათ. მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, ნ. ა-ძის გარდაცვალებაში ვინმეს ხომ არ მიუძღვოდა ბრალი.
შემოწმების შედეგად პროკურატურამ დადგენილად ცნო შემდეგი: აწ გარდაცვლილი ნ. ა-ძე იყო ე. ს-ძის მეუღლე. ნ. ა-ძე მუშაობდა ¹118 სამარშრუტო ტაქსზე მძღოლად. ბოლო პერიოდში იგი უჩიოდა ტკივილებსა და წვას გულმკერდისა და ბეჭების არეში; აღნიშნულის გამო 2001 წლის 23 ივნისს ე. ს-ძემ მეუღლე მიიყვანა ზემო ფონიჭალაში მდებარე ამბულატორია “ჯანმრთელობაში”. მათ თან ახლდათ მეზობელი ბ. კ-შვილი. ნ. ა-ძე გასინჯა ექიმმა თერაპევტმა ნ. მ-შვილმა, რომელმაც ავადმყოფს გაუკეთა “ანალგინის” ინექცია, უთხრა, რომ ავადმყოფის მდგომარეობა ორ-სამ დღეში გამოსწორდებოდა. სახლში მისვლის შემდეგ, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, ნ. ა-ძე გარდაიცვალა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლო-სამდიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ნ. ა-ძის გარდაცვალების მიზეზად დადგინდა მიოკარდიუმის ინფარქტი, განვითარებული გულის იშემიური დაავადების გამწვავების ფონზე, ასევე, ე. ს-ძისათვის, ბ. კ-შვილისათვის, ნ. ს-ძისათვის, ნ. ჭ-იასათვის, ნ. მ-შვილისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებათა, აგრეთვე, ამბულატორია “ჯანმრთელობიდან” აღებული ცნობის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ ნ. ა-ძის გარდაცვალებაში ბრალი არავის მიუძღვის; ეს უკანასკნელი გარდაიცვალა ბიოლოგიური სიკვდილით _ მიოკარდიის ინფარქტით.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა პროკურატურამ ნ. ა-ძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.
აღნიშნული დადგენილება კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა გარდაცვლილის მეუღლემ ე. ს-ძემ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ ამავე რაიონული პროკურატურის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, გააუქმა და მასალები სისხლის სამართლის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ პროკურატურას იმ საფუძვლით, რომ არ შემოწმებულა საკითხი, რამდენად სწორად ჩაუტარდა მკურნალობა პაციენტს; სწორი მკურნალობის შემთხვევაში აცდენილი იქნებოდა თუ არა დამდგარი შედეგი; ექიმის მიერ გაკეთებულ ნემსს შეეძლო თუ არა გამოეწვია პაციენტის სიკვდილი.
რაიონულმა სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხთა გასარკვევად უნდა დანიშნულიყო კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ნ. მ-შვილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ ე. ს-ძის მოსაზრების საფუძველზე არასწორი დასკვნები გააკეთა იმის თაობაზე, თითქოს ექიმის არაკომპეტენტურობამ, კერძოდ, არასწორად დასმულმა დიაგნოზმა და მკურნალობამ გამოიწვია პაციენტის სიკვდილი.
კასატორის განმარტებით, ავადმყოფი გარდაიცვალა მასთან ვიზიტიდან 9 საათის შემდეგ. კასატორის მითითებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არსებული ქრონიკული დაავადებების ფონზე და გარდაცვლილის ცხოვრების წესის გათვალისწინებით ამ ვადაში დასაშვებია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება. მისივე განმარტებით, შეიძლებოდა მიოკარდიუმის ინფარქტი ამ ვადაში ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს.
სასამართლო სხდომაზე ნ. მ-შვილმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
ნ. მ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ-ნმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
ე. ს-ძემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
პროკურორმა ზ. ქ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა ნ. მ-შვილს, ადვოკატ ნ. გ-ს, ე. ს-ძეს პროკურორ ზ. ქ-ს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, აწ გარდაცვლილი ნ. ა-ძე შეუძლოდ ყოფნის გამო 23 ივნისს, 13 საათსა და 30 წუთზე, მივიდა ზემო ფონიჭალაში მდებარე ამბულატორია “ჯანმრთელობაში” მეუღლე ე. ს-ძესთან და მეზობელ ზ. კ-შვილთან ერთად. ექიმმა ნ. მ-შვილმა გასინჯა ავადმყოფი. ექიმმა, მისივე განმარტების თანახმად, სიცხის დასაწევად გაუკეთა ანალგინის ინექცია, დაუნიშნა წამლები და უთხრა, რომ სახლში დაწოლილიყო. მან ავადმყოფს ასევე განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდებოდა.
გარდაცვლილის მეუღლის განმარტებით ექიმმა ნ. მ-შვილმა მის მეუღლეს გასინჯვის შემდეგ გაუკეთა დამაწყნარებელი პრეპარატი _ “ფენაზეპამის” ინექცია, ვინაიდან მიიჩნია, რომ მის მეუღლეს ჰქონდა ნევროზი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ნ. ა-ძე გარდაიცვალა გულის მწვავე ინფარქტით, განვითარებული გულის იშემური დაავადების გამწვავების ფონზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და ჩათვალა, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმებისას ზუსტად ვერ იქნა გარკვეული, ხომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ექიმ ნ. მ-შვილის მიერ პაციენტისათვის ჩატარებულ მკურნალობასა და დამდგარ შედეგს შორის. რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ უნდა დადგინდეს, რამდენად სწორი მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს; ექიმის მიერ გაკეთებული ინექცია, შეესაბამება თუ არა იმ ანამნეზს, რაც მან ავადმყოფს დაუდგინა. სწორი მკურნალობის შემთხვევაში აცდენილი იქნებოდა თუ არა დამდგარი შედეგი. როგორც საქმის მასალებით დგინდება პაციენტის სიკვდილი დადგა მისი ექიმთან მისვლიდან 9 საათის გასვლის შემდეგ, პაციენტს ამ 9 საათის მანძილზე ინტენსიური მკურნალობა, რომ ჩატარებოდა შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. მ-შვილის ადვოკატმა წარმოადგინა კომისიის აქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის 2001 წლის 21 სექტემბრის ბრძანებისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მ. სონღულაშვილის ბრძანების თანახმად კომისიამ გააკეთა დასკვნა. ზემოაღნიშნული ბრძანებები და კომისიის დასკვნა საქმის მასალებში არ მოიპოვება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემოწმებისას გამოკვლეულ უნდა იქნეს ეს საკითხებიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილება ამავე რაიონული პროკურატურის 2001 წლის 17 ივლისის დადგენილებაზე ნ. ა-ძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ეA მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს ნ. მ-შილის კერძო საკასაციო საჩივარი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის 2001 წლის 17 ივლისის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ნ. ა-ძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, დარჩეს უცვლელი.