საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-33(გ-22) 14 იანვარი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ე. კ-ის საჩივრის განსჯადობის თაობაზე ბოლნისის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
აღწერილობითი ნაწილი:ე. კ-იმა 2021 წლის 6 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოწინააღმდეგე მხარის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ და ამავე დეპარტამენტის 2021 წლის 26 ნოემბრის №გზდ 002764 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით ე. კ-ის საჩივარი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ნოემბრის №გზდ 002764 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილას. შედეგად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილზე და მიუთითა, რომ №გზდ 002764 ოქმი შეეხება დმანისში, სოფელ ...ში ჩადენილ დარღვევას და საქმე უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედმა სასამართლომ. ასეთად მიჩნეულ იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით ე. კ-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 იანვრის განჩინებით საქმე ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ქალაქ თბილისში. ოქმში მითითებულია, რომ ე. კ-იმა 2021 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ღია წვის წესით დაწვა საბურავები. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქალაქი თბილისი და არა დმანისის რაიონი, სოფელი ...ი, როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა თავის დადგენილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღცვევათა კოდექსის მე-261 მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას. შესაბამისად, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. კ-ის საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით ე. კ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თუკი პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები, თუმცა, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის ზოგადი წესებისა, სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტული დავების მიმართ განსაზღვრულია განსჯადობის მომწესრიგებელი სპეციალური წესები. სპეციალური და ზოგადი წესების კოლიზიისას კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სპეციალურ წესს და მის საფუძველზე მოხდეს განსჯადი სასამართლოს დადგენა. განსჯადობის ასეთ, ერთ-ერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესის გამოყენებისთვის, სახელდობრ, დარღვევის ჩადენის ადგილას საქმის განსახილველად მნიშვნელოვანია, რომ სადავო იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ოქმებისა თუ დადგენილებების კანონიერება და ეს საქმისწარმოება არ იყოს დაწყებული ამავე კოდექსის 116-ე–125-ე, 1595–1599 მუხლების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 26 ნოემბერს ე. კ-ის მიმართ შედგენილია №გზდ 002764 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც ე. კ-ის შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ოქმის შედგენის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისში მუნიციპალური ნარჩენის (საბურავების) ღია წესით დაწვის აკრძალვის დარღვევა და ის გამოცემულია ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დასახელებული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და სანქციის შეფარდება განისაზღვრება ნარჩენების მართვის კოდექსითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, სწორედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების კანონიერება, რადგან ზემოაღნიშნული დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთ სახეს. ამასთანავე, ვინაიდან „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსჯადობის სპეციალურ წესს არ ადგენს და ამავე კანონით გათვალისწინებული დარღვევები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიას, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი სამართალდარღვევა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამავე მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო ნორმებში. შესაბამისად, №გზდ 002764 ოქმის საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილას, კერძოდ, თბილისში, რადგან №გზდ 002764 ოქმი შეეხება ქალაქ თბილისში, ასტორიას მიმდებარედ, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩადენილ სავარაუდო სამართალდარღვევას.
რაც შეეხება დასახელებულ ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს დადგენას, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-მე-11 მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით, რაც, თავის მხრივ, ემთხვევა სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს. ამრიგად, სადავო შემთხვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის შეფასებისას, უნდა გავრცელდეს სწორედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ვინაიდან დარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილი თბილისია, საჩივარი უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. კ-ის საჩივარი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ნოემბრის №გზდ 002764 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ე. კ-ის საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე