№ბს-473(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. უ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 ივლისს თ. უ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 მაისის №269 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ამავე კომისიის 2019 წლის 5 ივნისის №383 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ზუგდიდში, ...ში მდებარე 4 940 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე თ. უ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 მაისის №269 საოქმო გადაწყვეტილება (თ. უ-ას ნაწილში) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 ივნისის №383 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, თ. უ-ას მიმართ ზუგდიდში, ...ში მდებარე 4 940 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე თ. უ-ამ 2018 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, ...ში მდებარე 9139 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ვერ იქნა მოპოვებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თ. უ-ას განცხადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
თ. უ-ამ 2018 წლის 30 ნოემბერს განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც წარადგინა კორექტირებული ნახაზი და მოითხოვა ზუგდიდში, ...ში მდებარე 4 940 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. მის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადება. სახელდობრ, თ. უ-ამ განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, მოწმეების: დ. გ-ეის, ნ. კ-ის, ე. უ-ას, ო. შ-ას და თ. ჭ-ას ერთობლივი განცხადება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ (შემადგენლობა: გ. ღ-ა, თ. ლ-ა, ლ. ტ-ა) 2019 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა მიწის დათვალიერების ოქმი. კომისიის წევრების მითითებით, ადგილზე დაათვალიერეს ზუგდიდში, ...ში მდებარე, თ. უ-ას განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთზე შემოვლებულია ღობე, მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზედაც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი, ზუგდიდის რაიონის ...ის კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 მაისის №269 საოქმო გადაწყვეტილებით თ. უ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 ივნისის №383 განკარგულებით, თ. უ-ას მოთხოვნა ზუგდიდში, ...ში მდებარე 4 940 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
კომისიის მიერ 2019 წლის 5 ივნისის №383 განკარგულების მიღების შემდგომ, მარეგისტრირებელმა ორგანომ, 2019 წლის 11 ივნისის თ. უ-ას განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რაიონულ სასამართლოში სხდომაზე წარდგენილ 2000 წლის ორთოფოტოზე, რომელზედაც ფიქსირდება საკუთრების უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა, მესაკუთრედ მითითებულია თ. უ-ას დედა ვ. უ-ა (მოსარჩელის განმარტებით დედის ქორწინებამდე გვარი იყო ბ-ა, ხოლო ქორწინების შემდგომ მიენიჭა გვარი უ-ა, თუმცა ჩანაწერებში გვარი უბ-აც არის მითითებული).
ასევე წარდგენილი იქნა ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებდა რომ მიწის ნაკვეთზე შემოვლებულია მავთულის ღობე, აგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დარგულია ხეები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის რაიონული სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომ იგი უვლის ეზოსა და სახლს, თუმცა საცხოვრებლად არ გადასულა, ვინაიდან მშობლების გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ძმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ემოციურად უჭირს იქ საცხოვრებლად გადასვლა. ის დღის მანძილზე მიემგზავრება ...ში და საქმიანობის შემდგომ ისევ ბრუნდება ზუგდიდში, სადაც საკუთარი სახლი აქვს. მის მშობლებს სხვა მემკვიდრე არა ჰყავთ. ჰყავდათ მხოლოდ ორი შვილი: მოსარჩელე თ. უ-ა და მისი გარდაცვლილი ძმა, რომელსაც მეუღლე და შვილები არ ჰყავდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირების - გ. ლ-ას, მ. მ-ასა და გ. კ-ას განმარტებაზე, რომ ზუგდიდის რაიონის ...ში თ. უ-ას მშობლებს ჰქონდათ ხის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაინგრა და 80-იან წლებში თ. უ-ას მშობლებმა ააშენეს ორსართულიანი სახლი, ღობე აქვს შემოვლებული და იქ საძოვარი არასოდეს არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, საქართველოს სსრ მიწის კოდექსით (1971წ.) და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისათვის, მათ შორის იმისთვის, რომ ჯერ კიდევ 2000 წლის მდგომარეობით მოპოვებულ ორთოფოტოზე აღნიშნულია განმცხადებლის მიერ საკუთრების აღიარებას მოთხოვნილი შენობა-ნაგებობა. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი ფოტოსურათები კი უტყუარად ადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კაპიტალურად აგებული, ორსართულიანი სახლი, რომელზეც შემოვლებულია მავთულბადის ღობე, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, რასაც ასევე ადასტურებს თვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილზე დათვალიერების ოქმიც, რაც ცხადჰყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საძოვრის დანიშნულებით სულ მცირე 2000 წლიდან მაინც არ გამოიყენებოდა და ამდენად, არ არის დადგენილი ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა თუ არა კონკრეტული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლის) კვლავ საძოვრად მიჩნევისა და ასეთად გამოყენების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...ის“ 2019 წლის 30 ოქტომბრის №291 დასკვნაზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ თ. უ-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობები (ს/კ ...) დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს. თ. უ-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ასევე, მიმდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთების კატეგორიის ცვლილება ფიქსირდება 2000 წლის აეროსურათზე, ხოლო თუ გათვალისწინებულ იქნება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდი და მიწის ნაკვეთზე განაშენიანებული ხეხილის ასაკი, ასეთით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება მოხდა უფრო ადრინდელ პერიოდში. ამავე დასკვნის თანახმად, ზუგდიდის რაიონის ...ის კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმა ფაქტობრივად არ ასახავს აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციას, მიწის ნაკვეთების დანიშნულებას და კატეგორიას მინიმუმ 2000 წლიდან. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ტერიტორიაზე საძოვრები ფაქტობრივად არ ფიქსირდება
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, იმ პირობებში როდესაც მოპოვებული მიწათსარგებლობის გეგმა წარდგენილი იყო 1984 წლის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია მიწის რეფორმის შემდგომ (1992 წელი) რომელ კატეგორიას განეკუთვნა სადავო მიწის ნაკვეთი და მიეკუთვნება თუ არა სოფლისათვის შენარჩუნებულ საძოვარს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშულ მიწის ნაკვეთზე ათეული წლებია თ. უ-ას ოჯახს აგებული აქვს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და გაშენებული აქვს მრავწლიანი ნარგავები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისიწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2018 წლის 25 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის სამსახურეობრივი ბარათი, ზუგდიდის რაიონის ...ის კოლმეურნეობის 1987 წლის მიწართსარგებლობის გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის მიწის ფართობს, ხოლო მიწის კატეგორიის გარკვევა არ წარმოადგენს კომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - თ. უ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: 2018 წლის 16 აგვისტოს თ. უ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, ...ში მდებარე 9139 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ვერ იქნა მოპოვებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თ. უ-ას განცხადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
2018 წლის 30 ნოემბერს თ. უ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც წარადგინა კორექტირებული ნახაზი და მოითხოვა ზუგდიდში, ...ში მდებარე 4 940 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. მის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადება. სახელდობრ, თ. უ-ამ განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, მოწმეების: დ. გ-ეის, ნ. კ-ის, ე. უ-ას, ო. შ-ას და თ. ჭ-ას ერთობლივი განცხადება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ (შემადგენლობა: გ. ღ-ა, თ. ლ-ა, ლ. ტ-ა) 2019 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა მიწის დათვალიერების ოქმი. კომისიის წევრების მითითებით, ადგილზე დაათვალიერეს ზუგდიდში, ...ში მდებარე, თ. უ-ას განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთზე შემოვლებულია ღობე, მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზედაც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი, ზუგდიდის რაიონის ...ის კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 მაისის №269 საოქმო გადაწყვეტილებით თ. უ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 ივნისის №383 განკარგულებით, თ. უ-ას მოთხოვნა ზუგდიდში, ...ში მდებარე 4 940 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 201,81 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
კომისიის მიერ 2019 წლის 5 ივნისის №383 განკარგულების მიღების შემდგომ, მარეგისტრირებელმა ორგანომ, 2019 წლის 11 ივნისის თ. უ-ას განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
რაიონულ სასამართლოში სხდომაზე წარდგენილია 2000 წლის ორთოფოტო, რომელზედაც ფიქსირდება საკუთრების უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა, მესაკუთრედ მითითებულია თ. უ-ას დედა ვ. უ-ა (მოსარჩელის განმარტებით დედის ქორწინებამდე გვარი იყო ბ-ა, ხოლო ქორწინების შემდგომ მიენიჭა გვარი უ-ა, თუმცა ჩანაწერებში გვარი უბ-აც არის მითითებული).
ასევე, სხდომაზე წარდგენილი ფოტოსურათებით, დასტურდება რომ მიწის ნაკვეთზე შემოვლებულია მავთულის ღობე, აგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დარგულია ხეები.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირების - გ. ლ-ას, მ. მ-ასა და გ. კ-ას განმარტების თანახმად, ზუგდიდის რაიონის ...ში თ. უ-ას მშობლებს ჰქონდათ ხის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაინგრა და 80-იან წლებში თ. უ-ას მშობლებმა ააშენეს ორსართულიანი სახლი, ღობე აქვს შემოვლებული და იქ საძოვარი არასოდეს არ ყოფილა.
საქმეში დაცული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...ის“ 2019 წლის 30 ოქტომბრის №291 დასკვნის თანახმად, თ. უ-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობები (ს/კ ...) დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს. თ. უ-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ასევე, მიმდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთების კატეგორიის ცვლილება ფიქსირდება 2000 წლის აეროსურათზე, ხოლო თუ გათვალისწინებული იქნება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდი და მიწის ნაკვეთზე განაშენიანებული ხეხილის ასაკი, ასეთით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება მოხდა უფრო ადრინდელ პერიოდში. ამავე დასკვნის თანახმად, ზუგდიდის რაიონის ...ის კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმა ფაქტობრივად არ ასახავს აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციას, მიწის ნაკვეთების დანიშნულებას და კატეგორიას მინიმუმ 2000 წლიდან. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ტერიტორიაზე საძოვრები ფაქტობრივად არ ფიქსირდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსრ მიწის კოდექსის (1971 წ.) მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მთელი მიწა წარმოადგენს ერთიან სახელმწიფო მიწის ფონდს, რომელსაც მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიეკუთვნება: 1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც სარგებლობისთვის მიცემული აქვთ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მიწათმოსარგებლეებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; 2) დასახლებული პუნქტების (ქალაქები, ქალაქის ტიპის დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების) მიწები; 3) მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; 4) სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები; 5) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები; 6) სახელმწიფო მარაგის მიწები. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკაში მიწა სარგებლობაში მიეცემა კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, სსრ კავშირის მოქალაქეებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, კოლმეურნეობების წესდების შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლს პირუტყვისათვის გამოუყოფენ საძოვარს, სათიბად და სხვა საჭიროებისათვის.
1992 წელს საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა და ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის მიწის გადაცემა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავის დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. მიწის რეფორმის ფონდზე შესაძლებელია მოეწყოს ყველა ფორმის მეურნეობები მათზე მიწების საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემით. აღნიშნული მიწები გადაეცემა სოფლის მფლობელობაში, საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი წესით, ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. მითითებულ დადგენილებაში 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მე-3 პუნქტით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა, რომ თითოეულ სოფელს შეუნარჩუნდეს პირუტყვის გასარეკები, საერთო სარგებლობის სათიბ-საძოვრები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმა ვერ ასახავდა შემდგომში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, სწორედ მიწის რეფორმის შემდგომ განისაზღვრა მიწის ნაკვეთების ახალი დანიშნულებები და ახალი კატეგორიები. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფიქსირდება უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მიმდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთების კატეგორიის ცვლილება, ხოლო სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...ის“ 2019 წლის 30 ოქტომბრის №291 დასკვნის თანახმად, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი თავისი ბუნებით მინიმუმ 2000 წლიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის მიწის ნაკვეთს წამოადგენს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებული არის საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მისი მხრიდან დამატებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შეუძლებლობის შესახებ (მათ შორის, მიწის კატეგორიის დადგენის თვალსაზრისით) და განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო საკითხის განხილვისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი