№ბს-650(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ინდმეწარმე რ. გ-ას მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 244 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება და ინდმეწარმე „რ. გ-ას“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ...ის ქ. №24 (ს/კ ...) გამოთხოვა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა - ინდმეწარმე „რ. გ-ას“ უკანონო მფლობელობიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ...ის ქ. №24 (ს/კ ...), გამოთხოვის შესახებ (სარჩელის ცნობის გამო) დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა - ინდმეწარმე „რ. გ-ასათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 244 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრების შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაერთო შ. გ-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ფოთი, ...ის ქ. №24 (ს/კ ...), საკუთრების უფლებით 2015 წლის 8 ივნისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ფოთის სერვის ცენტრის 2018 წლის 3 აგვისტოს №13261/34/02 წერილის თანახმად, რომლის ადრესატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის ცენტრის მომსახურების უფროსი, უძრავი ქონების (ს/კ ...) აბონენტად არავინ არ ფიქსირდება, ხოლო მომიჯნავე ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია ..., 2012 წლის ოქტომბრიდან აბონენტად ფიქსირდება შ. გ-ა.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში, ...ის ქ. №24-ში მდებარე ექსპერტიზაზე წარდგენილი უძრავი ქონების (ს/კ ...) ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება ამჟამინდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 244 ლარს.
სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2018 წლის 11 ოქტომბრის №12/56582, ამავე წლის 18 ოქტომბრის №12/58335 და 30 ოქტომბრის №12/60360 წერილებით რ. გ-ას ეთხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის 8 ივნისიდან თვეში 244 ლარის ოდენობით.
ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის 2000 წლის 25 იანვრის №6 წერილის თანახმად, დადგენილია, რომ ადრესატ ვ. მ-ას, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ....) მესაკუთრე შ. გ-ას ყოფილ მეუღლეს, მცხოვრებს: ქ. ფოთი, ...ის ქ. №24-ში, 1999 წლის 24 დეკემბრის №512 განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა საკუთრებაში არსებულ რესტორან „...ს" მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ, ქ. ფოთი, ...ის ქ. №24-ში, საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო „...ს“ შორის ტერიტორიის ნაწილის კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობის ნებართვას, ეცნობა, რომ ქ. ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიაჩნია მისი ზემოაღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილება და ნება დართო ამ ტერიტორიის დროებით კეთილმოწყობასა და მოვლა-პატრონობაზე შესაბამისი პირობების დაცვით, მათ შორის, იმ პირობის დაცვითაც, რომ მოცემულ ტერიტორიას კეთილმოაწყობდა ნარგავებითა და დეკორატიული მცენარეებით (ლანდშაფტის განყოფილებასთან შეთანხმებით), ხოლო რომელიმე ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, პირველი მოთხოვნისთანავე დროებითი ნებართვა ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის უბნის ოფიცერთა სამმართველოს 2019 წლის 19 სექტემბრის №21/11/101098 წერილით, რომლის ადრესატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, დადგენილია, რომ ქ. ფოთი, ...ის ქ. №24-ში, 2019 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით სამეწარმეო საქმიანობა არ ხორციელდება.
სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2019 წლის 4 სექტემბრის №12/52439 წერილით, რომლის ადრესატია სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი, ირკვევა, რომ ამ უკანასკნელის 2018 წლის 3 სექტემბრის №21-11/112459 წერილის პასუხად რ. გ-ას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით (დოკუმენტი თან ერთვის) ვერ დგინდება ქ. ფოთი, ...ის ქ. №24-ში მდებარე უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდი. მოთხოვნილია დამატებით მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მოსარგებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის შესახებ.
2016 წლის 7 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ფოთი, ...ის ქ. №24-ში ს/კ ... 01/501, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული 1222 კვ.მ., შენობა-ნაგებობები №1,2 მესაკუთრეა შ. გ-ა.
შპს აუდიტორული ფირმა „...ის“ 2019 წლის 2 სექტემბრის №3/2 დასკვნის თანახმად, ქ. ფოთი, ...ის ქ. №24-ში ს/კ ... აქტიური საიჯარო საწყის ღირებულებად შეიძლება მიღებულ იქნას 50 ლარი.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა შ. გ-ას კაფის თანამშრომლებმა - ი. ღ-ამ და ქ. თ-ამ კატეგორიულად უარყვეს მომიჯნავე ტერიტორიის სამეწარმეო საქმიანობისათის გამოყენება. სურათზე აღბეჭდილი კადრი, სადაც თავად არიან მითითებულნი, განმარტეს, რომ ნახევრად ამოშენებული ადგილი არ არის დახლი, იქ არასოდეს არ იყო სალარო აპარატი, არ მზადდებოდა ყავა-ჩაი, იქიდან კაფეს მომხმარებლებზე არანაირი სასმელი, წყალი, ყავა, ჩაი, საჭმელი არ გაიცემოდა. ამ ტერიტორიას იყენებდნენ, როგორც დამხმარე ძველი ჭურჭლების ან ბოთლების დასადებად, ამ ადგილიდან სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც კეთილმოწყობილი იყო დასასვენებლად, არანაირი სასმელი ან მზა პროდუქტი არ გაიცემოდა. მათ არასდროს არ უთქვამთ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს სამეწარმეოდ იყენებდა შ. გ-ა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე რ. გ-ამ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ...ის ქ. №24 (ს/კ ...), გამოთხოვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2018 წლის 24 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, თუ ვის მიერ იყო დაკავებული სახლმიწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 135 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, სახელდობრ შესაბამისი გრაფა შეუვსებელია და მასში გასმულია მხოლოდ ხაზი, ხოლო ამავე დათვალიერების ოქმის 2.1 პუნქტში განხორციელებულია მითითება რკინის კონსტრუქციების შესახებ, მე-4 პუნქტში კი მითითებაა დამატებითი ინფორმაციის ველზე. დამატებითი ინფორმაციის (მე-6 პუნქტი) მიხედვით „კაფეში მომუშავე პერსონალის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სამეწარმეოდ იყენებს შ. გ-ა“.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია რკინის კონსტრუქციები, არ არის გადაღებული ადგილზე დათვალიერების დღეს - 2018 წლის 24 აგვისტოს, რაც უტყუარად დგინდებოდა მასზე არსებული თარიღით, 2017 წლის 24 აგვისტოთი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ფოტოსურათები ვერ მიიჩნია ადგილზე დათვალიერების დღეს შექმნილ მტკიცებულებად. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მიუხედავად ფოტოსურათების თარიღისა, მაინც არ დგინდებოდა 2017 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით მოცემულ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ინდმეწარმე რ. გ-ას მიერ განხორციელების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ინდმეწარმე რ. გ-ას მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობის ფაქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უთხრა აპელანტს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც სააგენტო ითხოვდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 244 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ინდმეწარმე „რ. გ-ას“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ...ის ქ. №24 (ს/კ ...) გამოთხოვის თაობაზე, რაც სადავოდ არ გაუხდია არც მოპასუხეს და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ამდენად, კასატორის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდმეწარმე რ. გ-ა სადავო უძრავ ქონებას ფლობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მას არ გააჩნდა ქონების მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ არ დააკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ინდმეწარმე რ. გ-ას მიერ 2015 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო მიზნებისათვის არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი კუმულატიური გარემოების არსებობის შემთხვევაში -სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ადგილზე დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებითა და მოწვეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა ი/მ რ. გ-ას მიერ შესაბამისი ქონების კომერციული მიზნებით გამოყენების ფაქტი. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული.
რაც შეეხება, კასატორის მითითებას სასამართლოს მხრიდან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგის დაყენების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ი/მ რ. გ-ამ ცნო სარჩელი სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში, მაგრამ აღნიშნული ავტომატურად არ ქმნის სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან, როგორც საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე განიმარტა, ამ ნაწილში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავალდებულოა ორი გარემოების თანაარსებობა - ქონების არამართლზომიერი სარგებლობა და მისი კომერციული მიზნებით გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში ი/მ რ. გ-ამ მართალია დაადასტურა ქონებით სარგებლობის ფაქტი, თუმცა ის გარემობა რომ მოპასუხე ამ ქონებას კომერციული მიზნებისათვის იყენებდა არც მოპასუხის მხრიდან და არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (21.02.19წ. №ბს-1449(კ-18); 16.04.19წ. №ბს-41(კ-19)).
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი