Facebook Twitter

ბს-232(2კს-21) 10 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. დ-ი, მ. ო-ე

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2020წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. დ-იმა და მ. ო-ემ 14.01.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალგორის რწმუნებულის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.12.2014წ. N2865, N2866 ბრძანებების, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. N609 დასკვნის, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 03.12.2013წ. N143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ვ. დ-ისა და მ. ო-ესთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.12.2014წ. N2865, N2866 ბრძანებები, ახალგორის მუნიციპალიტეტში 208 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. N609 დასკვნა, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 03.12.2013წ. N143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2015წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. დ-ისა და მ. ო-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-იმა და მ. ო-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინებით ვ. დ-ისა და მ. ო-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილება.

ვ. დ-იმა და მ. ო-ემ 22.09.2020წ. განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებლებმა მიუთითეს მათ 14.01.2015წ. სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო წარმოების შედეგებზე და აღნიშნეს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მათ მიერ წარედგინა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 30.06.2020წ. N21 დასკვნა, რომლის თანახმად, ვ. დ-ი ნამდვილად ცხოვრობდა დაბა ახალგორში, ასევე ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელსაც ამუშავებდა, ამჟამად მუდმივად ცხოვრობს ...ის ...თა დასახლებაში მისთვის გადაცემულ საცხოვრებელ კოტეჯში. ხსენებული დასკვნა სააგენტომ არ მიიღო ახლად გამოვლენილ გარემოებად და თავის 14.09.2020წ. წერილში სრულიად დაუსაბუთებლად აღნიშნა, რომ არ არსებობდა სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წარმოების განახლების საფუძვლები. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ბიუროკრატი სახელმწიფო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობისათვის არაკეთილსინდისიერი მიდგომის გამო შეუძლებელი იყო იმ დოკუმენტის მიღება. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ახალგორში განმცხადებლების მუდმივად ცხოვრების ფაქტს, მიღებული იქნა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 14.09.2020წ. წერილის ბათილად ცნობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2020წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ვ. დ-იმა და მ. ო-ემ 18.11.2020წ. განცხადება წარადგინეს სააპელაციო პალატაში და მიუთითეს, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდიდან მოძიებულ იქნა ინფორმაცია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 10.02.2015წ. N-2პ-07 ბრძანების შესახებ, რომლითაც ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ... ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მ. ჩ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან. განმცხადებლებმა განცხადებას დაურთეს აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (Nბს-1896-1849(კ-10)) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან დაკავშირებით. განმცხადებლებმა მიუთითეს გადასახადის გადახდის, მათ შორის კომუნალური გადახდის დამადასტურებელ ქვითრებზეც, რომლებიც მათი მითითებით მოძიებულ იქნა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რადგან ობიექტური მიზეზებით აღნიშნული დოკუმენტების გამოტანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ მოხერხდა, ქვითრები თანდართული იყო აგრეთვე საკასაციო საჩივარზე. განმცხადებლებმა წარმოადგინეს იმ მოწმეთა ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ 2008 წლამდე მათ მუდმივ ცხოვრებას ... ...ში და ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ სიაში მითითებული ორი პირი ფიგურირებს აგრეთვე კომისიის 10.06.2014წ. დასკვნაში.

ვ. დ-იმა და მ. ო-ემ 19.11.2020წ. განცხადება წარადგინეს სააპელაციო პალატაში და აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2015წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.12.2014წ. N2865, N2866 ბრძანებები, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. N609 დასკვნა, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 03.12.2013წ. N143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ახალგორის რწმუნებულს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ, შესაბამისად, მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე, ვ. დ-ისა და მ. ო-ეისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებები დაფუძნებული იყო სწორედ ბათილად ცნობილ 20.06.2014წ. დასკვნაზე და 03.12.2013წ. N143 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე. განმცხადებელთა მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებაც უნდა იქნეს მიჩნეულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად.

სააპელაციო პალატაში განცხადების განხილვისას დაზუსტდა ვ. დ-ისა და მ. ო-ეის მოთხოვნა, განმცხადებლებმა მოითხოვეს: ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 30.07.2020წ. N21 დასკვნის, გადასახადის გადახდის ქვითრებისა და სხვა მასალების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პაალტის 01.06.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2020წ. განჩინებით ვ. დ-ისა და მ. ო-ეის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა მოტივით, რის დასასაბუთებლადაც წარმოდგენილი აქვს ... ...ში, ...ის ქ.12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კომუნალური და სხვა სახის გადასახდელის გადახდის ქვითრები (წარდგენილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში - ტ. 1, ს.ფ.353-361), ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.07.2020 წ. N21 დასკვნა და ... ...იდან დევნილთა ერთობლივი განცხადება მათი ცხოვრების ფაქტის შესახებ. მხარის მითითებით, ამ უკანასკნელ დოკუმენტში მათი ... ...ში ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ ის პირებიც (ო. გ-ი, ნ.მ-ი), რომელთა მონაწილეობით შედგენილი კომისიის დასკვნა გახდა დევნილის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. პალატამ მიუთითა, რომ ზოგადად ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი და არც შეიძლება ცნობილიყო განმცხადებლისათვის ან სასამართლოსათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა. საყურადღებოა ისიც, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები განსხვავდება იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტებისაგან, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შესაბამისად ამ სახის გარემოებები შეიძლება გახდეს არა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების, არამედ ახალი საფუძვლით სარჩელის სასამართლოში შეტანის წინაპირობა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოტანის მომენტში არსებულ ფაქტებს და შემდგომში წარმოშობილმა ფაქტებმა არ შეიძლება დაადასტუროს გადაწყვეტილების უკანონობა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წ. N2/8/765 გადაწყვეტილებაზე (საქმე „დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომელშიც განმარტებულია, რომ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27.05.2010 წ. განჩინებაში (საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“) მიუთითა, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ („ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ“, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თანხის გადახდის ქვითრები, კომისიის წევრების მიერ განსხვავებული განმარტებების მიცემა და სხვ.) მხარისათვის სამართლებრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის მაღალ ალბათობას ქმნის და აღნიშნული გარემოებები სადავო გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ არ შესწავლილა. აღსანიშნავია, რომ მათი სარწმუნოობისა და შინაარსობრივი მხარის შემოწმება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის გზითაა შესაძლებელი (საჭიროა კომისიის წევრების მოწმის სახით დაკითხვა და სხვ.), შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2020წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილება მიღებული იყო საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ახალგორის მუნიციპალიტეტის 03.12.2013წ. წერილით, მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. დასკვნით, ანდერძით, 2005 წლის აუქციონის შედეგების ოქმით, პრივატიზაციის ხელშეკრულებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.02.2015წ. წერილით,შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 18.02.2015წ. წერილით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდებოდა, რომ ვ. დ-ი პერიოდულად და არა მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის 04.12.2020წ. გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია დასაბუთებას. მხარეს არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, რამაც დააბრკოლა დავის არსებითი განხილვისას ამჟამად წარდგენილი მტკიცებულებების წარდგენა. განმცხადებლებს კომუნალური ქვითრების წარდგენა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც შეეძლოთ, თუმცა მათი სასამართლოსათვის წარდგენა მოხდა მხოლოდ 2020 წელს. რაც შეეხება მოწმეთა ხელწერილს, ერთი მხრივ არ დასტურება მათი ვინაობა და სტატუსი, ხოლო მეორე მხრივ არ დგინდება აღნიშნული მტკიცებულების არსებითი განხილვისას წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთანავე, აღნიშნული მტკიცებულებების დაშვების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდება იმ მტკიცებულებების გაქარწყლება, რომელთაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა საქმის არსებითი განხილვისას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას. განცხადებაზე თანდართულ, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 30.07.2020წ. დასკვნასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ აღნიშნული სახის დასკვნის გაცემა სცდება საკრებულოს ბიუროს კომპეტენციას, რის შესახებაც ბიურო თავადვე უთითებს დასკვნაში. ამასთანავე, დასკვნის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დასკვნა არ მოიცავს რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომელიც განმცხადებელთა სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევს, რადგან დასკვნაში არ ხდება მითითება ... ...ში მოსარჩელის ცხოვრების კონკრეტულ პერიოდზე. ის გარემოება, რომ ... ...ში მოსარჩელეს საკუთრებაში ჰქონდა სახლი, სააგენტოს სადავო არ გაუხდია. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. N26 დადგენილებით დამტკიცებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომლის მე-19 მუხლი ადგენს საკრებულოს ბიუროს შემადგენლობასა და უფლებამოსილებებს, მსგავსი შინაარსის ცნობის გაცემის უფლებამოსილება არ შედის ბიუროს კომპეტენციაში. ამდენად, სასამართლომ ახლად გამოვლენილ მტკიცებულებად მიიჩნია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ განცხადებას ერთვის აგრეთვე საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ვ. დ-ი 1951-1985 წლებში ნამდვილად ცხოვრობდა ... ლენინგორში, თუმცა მითითებული ცნობა არ არის კავშირში განსახილველ საკითხთან. კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში თავადვე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება საქმის ხელახლა მოსმენისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უმაღლესი ინსტანციების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად. განსახილველ შემთხვევაში წარმოების განახლების შესახებ განცხადებას თან ერთვის საქმესთან კავშირის არმქონე დოკუმენტები, ამასთანავე, განცხადება არ შეიცავს დასაბუთებას აღნიშნული დოკუმენტების დავის არსებითი განხილვისას წარდგენის შეუძლებლობის, მათი დავის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ წარდგენის წინაპირობების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორმა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნა, რომ სადავო განჩინება დაუსაბუთებელია, დაუშვებელი იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებად არაუფლებამოსილი ორგანოს - ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 30.07.2020წ. დასკვნის მიჩნევა, მსგავსი შინაარსის ცნობის გაცემა სცდება საკრებულოს ბიუროს კომპეტენციას. ამასთანავე, დასკვნაში მითითებულია, რომ ვ. დ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ... ...ში, თუმცა არ ხდება მითითება მუდმივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხოლო ის, რომ ვ. დ-ის ჰქონდა საცხოვრებელი სახლი ...ში, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სადავოდ არ გაუხდია. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დავაზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ განმცხადებლები ... ...ში მუდმივად არ ცხოვრობდნენ. ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. დასკვნა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ... ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 03.12.2013წ. წერილი მიღებულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად და უთითებენ ... ...ში განმცხადებელთა პერიოდული და არა მუდმივი ცხოვრების ფაქტზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, ვ. დ-იმა და მ. ო-ემ 14.01.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალგორის რწმუნებულის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.12.2014წ. N2865, N2866 ბრძანებების, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. N609 დასკვნის, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 03.12.2013წ. N143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ვ. დ-ისა და მ. ო-ესთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2016წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით მ. დ-ისა და მ. ო-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დადგენილად იქნა მიჩნეული ... ...ში მოსარჩელეთა მხოლოდ პერიოდული და არა მუდმივი ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მართლზომიერად ჩაითვალა მათთვის დევნილის სტატუსის გაუქმების შესახებ მიღებული სადავო აქტები.

22.09.2020წ., 18.11.2020წ. და 19.11.2020წ. ვ. დ-იმა და მ. ო-ემ განცხადებები წარადგინეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო პალატის 01.06.2016წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებლები საქმის წარმოების განახლებას ითხოვდნენ რამდენიმე საფუძვლით. განმცხადებლებს ახლად აღმოჩენილ გარემოებად/მტკიცებულებად მიაჩნიათ: ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 30.06.2021წ. N21 დასკვნა, ასევე ის გარემოება, რომ ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მიიღეს ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მ. ჩ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისა და კორუმპირებულობის გამო, რის დამადასტურებლადაც წარმოადგენენ სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდიდან მოძიებულ ინფორმაციას; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან დაკავშირებით (საქმე Nბს-1896-1849(კ-10); გადასახადის გადახდის, მათ შორის კომუნალური გადახდის ქვითრები; მოწმეთა ხელმოწერილი განცხადება ვ. დ-ისა და მ. ო-ეის ... ...ში მუდმივად ცხოვრების შესახებ, ამასთანავე, მოწმეთაგან ორი პირი იყო მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 10.06.2014წ. დასკვნაზე ხელმომწერი სუბიექტი. განმცხადებლები ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევენ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ არსებით დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ყველა სადავო აქტი, სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ახალგორს რწმუნებულს, შესაბამისად, მათ აქტებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, ხოლო დევნილის სტატუსის გაუქმება ეფუძნებოდა სწორედ აღნიშნულ აქტებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 04.12.2020წ. განჩინებით ვ. დ-ისა და მ. ო-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა ისე, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ უმსჯელია კონკრეტულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობის, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება ნორმათა ციტირებისგან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ზოგად წინაპირობებზე თეორიული მსჯელობისგან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული განმარტების ციტირებისაგან, თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას ციტირებული განმარტებების, ნორმებისა თუ თეორიული მსჯელობის განსახილველ განცხადებაში ასახულ გარემოებებთან შემხებლობისა და მისადაგების შესახებ. აღნიშნულ ზოგად განმარტებებს უშუალოდ მოჰყვება დასკვნა საქმის განახლების საჭიროებასთან დაკავშირებით ისე, რომ არ ხდება წარდგენილი მტკიცებულებებისა და განცხადებაში ასახული არგუმენატაციის კონკრეტულად შეფასება.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებაზე, რომლის თანახმად კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ, ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად, საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით („ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, 27.05.2010წ., N8156/05, 53-ე პ.), აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ სრულად უგულებელყო ხსენებული განმარტება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-19, 25-ე პ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების არსებობისას. საქმის წარმოება შესაძლებელია განახლდეს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 421.1 მუხ.). საქმის განახლების მიზნებისათვის ახალ აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევა ისეთი გარემოება, რომელიც მართალია არსებობდა საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა მხარისთვის არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა, რომ ცნობილი ყოფილიყო. იმისათვის, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობამ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმება გამოიწვიოს, ახლად აღმოჩენილი გარემოება უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის, დავაზე დამდგარ შედეგზე გავლენის მომხდენი. სწორედ ასეთი გარემოებების გამო ხდება დაუშვებელი სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, რაც გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იწვევს. ისეთი განცხადება, რომელიც ვერ ასაბუთებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობას და მხოლოდ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების უსწორობაზე უთითებს, არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების მიზნით საზედამხედველო წარმოების ჩატარების შესაძლებლობას.

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს, კერძოდ, სსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ-ის მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. დადასტურებას საჭიროებს ასევე ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის დროს, ანუ იმ შემთხვევაში, უკეთუ განმცხადებელი უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც წარმოიშვა დავაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რადგან გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოტანის მომენტისთვის არსებულ ფაქტებს.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ისე დააკმაყოფილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადება, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შეფასებას განმცხადებელთა მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებებისა და მტკიცებულებების ახლად აღმოჩენილად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით.

ერთი-ერთი მთავარი გარემოება, რასაც განმცხადებლები საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევენ არის ის, რომ ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მიიღეს ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მ. ჩ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, რის დამადასტურებლადაც წარმოადგინეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდიდან მოძიებული ინფორმაცია და მიუთითეს, რომ მ. ჩ-ი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული და სასჯელსაც იხდიდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებაზე თანდართული ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდიდან წარმოდგენილი ინფორმაციის (ტ.2, ს.ფ.58) მიხედვით, მ. ჩ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც იმ დროს (10.02.2015წ.) მოქმედი მოწესრიგების მიხედვით მართლაც გულისხმობდა საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებას სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ გამოკვლეულა მ. ჩ-ის გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლები. სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო პირის გათავისუფლება იმთავითვე არ გულისხმობს მის მიერ მიღებული ყველა აქტისა თუ განხორციელებული ქმედების არამართლზომიერებას. მხოლოდ მ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი არ ქმნის მის მიერ მოსარჩელეებთან დაკავშირებით გაცემული ცნობის უსწორობის საკმარის დასაბუთებას. სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია მ. ჩ-ის გათავისუფლების კავშირი მოსარჩელეებზე გაცემულ ცნობასთან. ახლადაღმოჩენილ გარემოებად მხოლოდ იმ ფაქტის მიჩნევა, რომ ცნობის გამცემი მოხელე სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული, საფუძველსაა მოკლებული და საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცილდება საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლები ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევენ ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მ. ჩ-ის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფაქტს. სააპელაციო პალატას განჩინებაში საწინააღმდეგო აზრი არ დაუფიქსირებია, ამასთანავე წარდგენილი განცხადება დაკმაყოფილდა და განმცხადებელთა პრეტენზიები მიჩნეულ იქნა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად ისე, რომ საქმეში მ. ჩ-ის მიმართ დამდგარი განაჩენი წარმოდგენილი არ ყოფილა. სისხლის სამართლის საქმეზე მ. ჩ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქმეში არარსებობის პირობებში შეუძლებელია არა მხოლოდ იმის დადგენა, თუ რის გამო მიეცა იგი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, არამედ იმის გარკვევაც - რეალურად დადგა თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. განაჩენით მ. ჩ-ის დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, შესწავლას საჭიროებს ქმედება, რომელიც მას დანაშაულად შეერაცხა. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია მ. ჩ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ამ დანაშაულის მოსარჩელეებთან შემხებლობა. მ. ჩ-ის მიერ სხვა პირების მიმართ გაცემული ცნობების უსწორობის განაჩენით დადასტურების შემთხვევაშიც, იმთავითვე არ საბუთდება მოსარჩელეებთან დაკავშირებით გაცემული ცნობის უკანონობა. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს მ. ჩ-ის მიმართ განაჩენის დადგომის ფაქტი, დანაშაულად მიჩნეული ქმედება და მისი შემხებლობა მოსარჩელეთა ინტერესებთან. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ დავის არსებითად განხილვისას წარდგენილი სარჩელი უკვე შეიცავდა მითითებას მ. ჩ-ის ნასამართლობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. სწორედ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ინიციატორმა მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (სსკ-ის 423.3 მუხ.). განმცხადებელთა მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ ამ თვალსაზრისითაც არ შეფასებულა.

საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად განმცხადებლები უთითებენ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ 30.07.2020წ. გაცემულ N21 დასკვნაზე (ტ.2, ს.ფ. 7), რომლის თანახმად: მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სცილდება საკრებულოს ბიუროს კომპეტენციას, ბიუროს დამსწრე ყველა წევრმა აღნიშნა, რომ ვ. დ-ის ... ...ში ნამდვილად ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, ის ნამდვილად ცხოვრობდა ... ...ში, ფლობდა მიწის ნაკვეთს და ამუშავებდა მას. სააპელაციო პალატას არ შეუფასებია საკრებულოს ბიუროს მიერ მსგავსი ცნობის გაცემის უფლებამოსილების საკითხი. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. N26 დადგენილებით დამტკიცებული ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს ბიურო იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით (19.1 მუხ.), მის ფუნქციებს შეადგენს: საკრებულოს სამუშაო გეგმის და მის საფუძველზე საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის პროექტების შედგენა, საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტის შედგენა, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია, საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში (მერიაში) დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება (19.2 მუხ.). სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია საკრებულოს ბიუროს მიერ პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადგენის უფლებამოსილების საკითხი. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპის (სზაკ-ის მე-5 მუხ.) გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა (სზაკ-ის 5.3 მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ ბიურო 30.07.2020წ. გაცემულ დასკვნაში თავადვე უთითებს, რომ მის კომპეტენციას სცილდება მსგავს საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის ცნობის გაცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული დასკვნის (ცნობის) საფუძველზე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმება მოკლებულია დასაბუთებას. პალატას არ შეუფასებია აგრეთვე დასკვნის შინაარსი, რომლის თანახმად ვ. დ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ... ...ში, სადაც ჰქონდა სახლი და მიწის ნაკვეთი, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასკვნა არ შეიცავს მითითებას ... ...ში ვ. დ-ის ცხოვრების კონკრეტულ პერიოდზე ან მუდმივად ცხოვრების ფაქტზე. სსკ-ის 423.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა დასაშვებია ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით, რომელთა არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინება გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი შედეგის დადგომას. ვ. დ-ისა და მ. ო-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ... ...ში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მათი მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ამასთანავე, ახალგორში მოსარჩელეთა პერიოდულად ცხოვრება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების არსებობა სადავო არ გამხდარა. დევნილის სტატუსის მინიჭებისა თუ გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად განმსაზღვრელია სწორედ დევნილის სტატუსის მაძიებლის მუდმივი და არა პერიოდული საცხოვრებელი ადგილი („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“კანონის 6.1 მუხ.), დევნილის სტატუსის მინიჭების საკმარის საფუძველს არ ქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების ქონა, აღნიშნული შესაძლებელია იყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი და თვითკმარი მტკიცებულება. ამდენად, გაურკვეველია სააპელაციო პალატის მიერ საკრებულოს ბიუროს დასკვნის ახლად აღმოჩენილ გარემოებად (მტკიცებულებად) მიჩნევის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები.

საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად განმცხადებლები უთითებენ აგრეთვე გადასახადის გადახდის, მათ შორის კომუნალური გადახდის ქვითრებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებაზე დართულია ქვითრები სულ 11 გვერდად, აქედან 2005 წელს გაცემულია 2 ქვითარი - იანვარსა და აგვისტოში, 2006 წელს გაცემულია ერთი ქვითარი - ივლისში, 2007 წელს გაცემულია ერთი ქვითარი, ხოლო 2008 წელს გაცემულია ერთი ქვითარი - აგვისტოში. ამდენად, 4 წლის განმავლობაში გაცემულია 5 ქვითარი. სააპელაციო პალატას არა თუ არ დაუდგენია აღნიშნული მტკიცებულებების არსებითი დავის განხილვისას წარდგენის დამაბრკოლებელი, მხარისაგან დამოუკიდებელი საფუძვლების არსებობა, არამედ არ დაუსაბუთებია აგრეთვე ამ მტკიცებულებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეთა სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გადახდის ქვითრები მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის მაღალ ალბათობას ქმნის, არ ასაბუთებს საქმის წარმოების განახლების კანონიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი მტკიცებულებების არსებობის საფუძვლით საქმის წარმოების განახლებაზე მსჯელობისას სასამართლომ ახლად წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა შეაფასოს არა მხოლოდ დამოუკიდებლად, არამედ დავის არსებითი განხილვისას საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რის შემდეგაც უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებითი განხილვისას ამ ახალ მტკიცებულებათა გათვალისწინების შემთხვევაში სასამართლო მივიდოდა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგამდე. როგორც აღინიშნა, ვ. დ-ისა და მ. ო-ეის სარჩელის განხილვისას სადავო არ გამხდარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელეთა პერიოდულად ცხოვრების ფაქტი, სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ... ახალგორში მუდმივად ცხოვრების გარემოება. გაურკვეველია როგორ შეძლებდნენ ისინი აღნიშნული ფაქტის დადასტურებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გაცემული მხოლოდ 5 კომუნალური გადახდის ქვითრით. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულებით არ გაუთვალისწინებია ის მტკიცებულებები, რომელთაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერ ძალაში მყოფი 01.06.2016წ. გადაწყვეტილების მიღებისას. 01.06.2016წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა ქ. თბილისში და არა ... ...ში, რა დროსაც დაეყრდნო: ახალგორის მუნიციპალიტეტის 03.12.2013წ. N143 წერილს, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 20.06.2014წ. N509 დასკვნას, სასამართლო პროცესზე ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებებს, ვ. დ-ის დედის - ქ. ტ-ეის მიერ გაცემულ ანდერძს, 13.12.2005წ. აუქციონის შედეგების N5 ოქმს, ... ...ში, ტ-ეის N10-ში მდებარე ყოფილი „...ოს“ ...ის საქვაბის ვ. დ-ის სახელზე პრივატიზაციის ხელშეკრულებას, ... ...ში 2004 წელს ჩატარებული აღწერის თაობაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 11.02.2015წ. წერილით მიღებულ ინფორმაციას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს 13.08.2009წ. ბარათის მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 18.02.2015წ. წერილს. აღნიშნულ მტკიცებულებებში ასახული მონაცემების ეჭვქვეშ დაყენების, განმცხადებლების მიერ წარდგენილი ქვითრების გათვალისწინების შემთხვევაში მოსარჩელეთა სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების თეორიული შესაძლებლობაც კი სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების ღირებულება სწორედ საქმეში უკვე დაცულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. დაუშვებელია მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, სათანადო მტკიცებულებითი ღირებულების არმქონე დოკუმენტების საფუძველზე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმება. სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევა, კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გაუქმება მომეტებულ დასაბუთებას საჭიროებს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი ამ კუთხით მსჯელობას საერთოდ არ შეიცავს.

ასევე არ არის დასაბუთებული განცხადებაზე თანდართული იმ სიის ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა, რომელიც განმცხადებელთა მითითებით არის ახალგორში მათი მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი განმარტების მიმცემ პირთა სია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში შეაფასა მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ისე მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ახლად წარდგენილ სიაში იმ ორი პირის მითითება, რომლებიც შესაძლოა ხელს აწერენ ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 10.06.2014წ. დასკვნას, უნდა შეფასდეს იმის გათვალისწინებით, რომ 10.06.2014წ. დასკვნა მიღებულია კოლეგიური ორგანოს - კომისიის მიერ. ზოგადი წესის თანახმად (სზაკ-ის 105-ე მუხ.), კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა, ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განსახილველ შემთხვევაში კომისიის 10.06.2014წ. დასკვნას ხელს აწერს 12 პირი. სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია 12 ხელმომწერი სუბიექტიდან 2 მათგანის განსხვავებული აზრის ქონის შემთხვევაში, დასკვნის უკანონოდ მიჩნევის და ამდენად, კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 423.3 მუხლის თანახმად, საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამასთანავე, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა (სსკ-ის 426-ე მუხ. 1-ლი, მე-2 ნაწ.). განმცხადებელთა მიერ მითითებულ არც ერთ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატას არ უმსჯელია აღნიშნული ნორმების მოთხოვნების დაცულობის საკითხზე.

რაც შეეხება ვ. დ-ისა და მ. ო-ეის განცხადებაზე თანდართულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას, რომელიც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნების დეფინიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას შეიცავს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განახლებისა და კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის არსებითი დავის განმხილველი სასამართლოს მიერ ნორმის კონკრეტული სახით განმარტება. სასამართლოს განმარტებას დინამიური ხასიათი აქვს და აღნიშნული არ ქმნის კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების და წარმოების განახლების საფუძველს. დივერგენცია არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) წარდგენილი საკასაციო საჩივრის დაშვების და არა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებია და არა არსებული ფაქტების კონკრეტული სამართლებრივი შეფასება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, საკასაციო პალატამ იმსჯელა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასკ-ის 34.3 მუხლით გათვალისწინებული, დაშვების რომელიმე საფუძველი, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი განჩინება 09.06.2011წ. არის მიღებული, შესაბამისად მასში ასახული მსჯელობა გათვალისწინებულ იქნა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას. ამასთანავე, განმცხადებლების მიერ მითითებული სუს 09.06.2011წ. Nბს-1896-1849(კ-10) განჩინება არ შეიცავს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებისაგან განსხვავებულ განმარტებებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან დაკავშირებით. მითითებულ განჩინებაში პალატა ადასტურებს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. Nბს-1896-1849(კ-10) განჩინების მიხედვით, მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. რ. დ-ისა და მ. ო-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ იმ საფუძვლით ეთქვათ, რომ არ დასტურდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, გაურკვეველია განმცხადებლების მიერ სუს 09.06.2011წ. Nბს-1896-1849(კ-10) განჩინებაზე მითითების საფუძვლები.

სამართლებრივი შეფასების საკითხს შეადგენს ასევე განმცხადებელთა მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2015წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარმდგენ სუბიექტებზე მითითება, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ ვ. დ-ი და მ. ო-ე არ იყვნენ შეზღუდული აღნიშნული პრეტენზია განეცხადებინათ დავის არსებითი განხილვისას, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, მით უფრო, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეებს წარდგენილი ჰქონდათ სააპელაციო შესაგებელი, ასევე - საკასაციო საჩივარი, რომლებიც მითითებულ მოსაზრებას არ შეიცავდნენ. ამასთანავე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით მხოლოდ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასაჩივრება, დავის საგნის გათვალისწინებით, არ ქმნიდა ყველა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა აგრეთვე ის გარემოება, რომ ვ. დ-ისა და მ. ო-ეის განცხადებაზე თანდართული რიგი დოკუმენტები, როგორებიცაა, დაბადების მოწმობა, სარეგისტრაციიო მოწმობა, აუქციონის შედეგების ოქმი, სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, ახალგორის რაიონის გამგეობის 28.09.2001წ. განკარგულება, ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ 13.05.2009წ. და 05.08.2011წ. გაცემული ცნობები, რუსულ ენაზე შესრულებული ცნობები და სხვ. წარდგენილი იყო დავის არსებითი განხილვისას და მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცა სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში მყოფ 01.06.2016წ. გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება საარქივო ცნობას, რომელიც 1951-1985 წლების საკარმიდამო წიგნების ჩანაწერებზე უთითებს, არსებითი დავის საგნის გათვალისწინებით, გაურკვეველია აღნიშნული ცნობის წარდგენის მიზანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს კერძო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის მიერ ვ. დ-ისა და მ. ო-ეის განცხადებებზე ხელახლა მსჯელობის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი