Facebook Twitter

№ბს-1202(კ-21) 9 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. ც-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ. ც-ამ 2020 წლის 9 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17292 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დევნილთა მონაცემთა ბაზიდან კ. ც-ას, როგორც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულის, ამორიცხვის დავალება.

2021 წლის 10 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე მხარეც.

კ. ც-ამ 2021 წლის 22 თებერვალს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17292 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ც-ას კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, კ. ც-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. თბილისში, „...ში“. ამავე სასტუმროში ასევე ცხოვრობდნენ მისი მშობლები - ც. და ვენორ ცხაკაიები, თუმცა მათ მინიჭებული ჰქონდათ ცალკე საოჯახო ნომერი. 2004 წელს განხორციელდა „...დან“ იძულებით გადაადგილებულ პირთა გაყვანა. დროის აღნიშნულ პერიოდში კ. ც-ა არ იმყოფებოდა თბილისში, ვინაიდან იგი მუშაობდა ...ში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა მოსარჩელის შესაბამისი ფართით დაკმაყოფილება, მას არც ფულადი კომპენსაცია მიუღია. 2005 წლიდან თბილისის ისანი-სამგორის გამგეობამ კ. ც-ა, როგორც უბინაო, შეასახლა თბილისის №...ში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., სადაც ცხოვრობს დღესაც, თუმცა ამ ფართზე მას არ გადასცემია საკუთრების უფლება. 2020 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მას თითქოს მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია „...ს“ ფართის გამონთავისუფლების სანაცვლოდ. 2020 წლის 9 ნოემბერს მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული №03/17292 აქტით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17292 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კომპენსირებულად მიჩნევის თაობაზე; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ც-ას კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,დ“, ,,ე“, ,,ლ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად ცხოვრების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ, 2004 წლის 5 ნოემბრის სანოტარო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ვენორ ც-ას ოჯახის კომპენსირება მოხდა და „...ში“ №... ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ გადაეცა 7 000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი, 1997 წლის 16 ივნისს სს ,,...ს’’ მიერ გაცემული №468 ცნობის მიხედვით კი დადასტურებულია, რომ კ. ვ.-ს ძე ც-ა, დაბადებული 1963 წელს, როგორც ლტოლვილი-დაზარალებული აფხაზეთიდან გაგრა, ცხოვრობდა „...ში“, №... ოთახში (მოსარჩელის განმარტებით ერთი სართულით ზემოთ).

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის მიხედვით „...ში“ №1125-ში მცხოვრები ოჯახი შედგება 4 წევრისაგან - ც. ც-ა, ვ. ც-ა, კ. ც-ა, გ. ც-ა. კ. ც-ას გრაფაში დაფიქსირებულია ინფორმაცია მისამართის შეცვლასთან დაკავშირებით, თარიღად მითითებულია 26.03.99 წელი; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის მიხედვით, ც. ც-ას და ვ. ც-ას ოჯახის ნომერია №..., ოჯახი ცხოვრობს თბილისში, ...ის ქ. №...-ში, №... სერვისული მომსახურების ცენტრის შენობაში. ოჯახი შედგება 2 წევრისაგან; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის მიხედვით, კ. ც-ას და ს. ც-ას ოჯახის ნომერია .... ოჯახი ცხოვრობს თბილისში, ...ის ქ. №...-ში, კორპუსი 1, ბ. 12. ოჯახი შედგება 2 წევრისაგან; დ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14439 ცნობით დასტურდება, რომ კ. ც-ა, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულია დევნილად, სარეგისტრაციო ნომერზე ..., მისამართი: თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი 1, ბ. 12.

ზემოაღნიშნული ფაქტებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული პირები ერთობლივად არ ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, რაც სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ერთ-ერთ სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს პირების დევნილ ოჯახად მიჩნევისათვის. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული ოჯახების ერთ ოჯახად მიჩნევა. შესაბამისად, 2004 წლის 5 ნოემბერს ვენორ ც-ას მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მიღება ქ. თბილისში, ს/ს „...ში“, მის მიერ დაკავებული №... ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ვერ ჩაითვლება მოსარჩელის კომპენსაციით დაკმაყოფილებად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამინისტრო ხელმძღვანელობდა „...ს“ ადმინისტრაციის მიერ გადაგზავნილი სიით, რომელშიც მითითებული იყო კომპენსირებული პირთა ვინაობა და განმარტა, რომ აღნიშნული ვერ იქნება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კ. ც-ა 2004 წელს ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ის №1-ში მდებარე ს/ს „...ში“ №... ოთახში, ვ. ც-ასთან ერთად.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულებაში ზოგადად არის მითითებული №... ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვან წევრზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ კ. ც-ა იმ დროისთვის ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ის №1-ში მდებარე ს/ს „...ში“, №... ოთახში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს გააბათილებდა;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ. ც-ა თავის ოჯახის წევრებთან ერთად არის კომპენსირებული, 2004 წელს „...ში“ დაკავებული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ მის ოჯახს გადაეცა ფულადი კომპენსაცია, რომლის საფუძველზეც ითვლებიან სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილად. კ. ც-ა თავის მშობლებთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოჯახად საერთო სარეგისტრაციო ნომრით, ხოლო მისამართის და სარეგისტრაციო ნომრის შეცვლა მოხდა 2005 წელს, მას შემდეგ, რაც „...ს“ ადმინისტრაციამ მოსარჩელის ოჯახი დააკმაყოფილა საკომპენსაციო თანხით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2005 წლის 31 მარტის №02-31 დადგენილებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე იყო ერთ-ერთი დევნილი ოჯახი, რომელიც ჩასახლდა მისამართზე: ...ის ქ. №...-ში. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ მიუღია საკომპენსაციო თანხა და აღნიშნულიდან გამომდინარე ცხოვრობდა ...ის ქ. №...-ში.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისი ოჯახით, მშობლებთან - ც. ც-ასა და ვ. ც-ასთან ერთად 1997 წელს №010-0... სარეგისტრაციო ნომრით გადმომისამართდა საბურთალოზე, „...ში“, ხოლო 1998 წელს ოჯახს დაემატა მეოთხე წევრი გ. ც-ა. 2004 წლის 5 ნოემბერს ვ. ც-ასა და სს ,,...ს“ გენერალური დირექტორის წარმომადგენელს - დ. ს-ას შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ. ც-ამ იკისრა ქ. თბილისში, ...ის №1-ში მდებარე სს ,,...ში“ მის მიერ დაკავებული №... ოთახის გამოთავისუფლების ვალდებულება, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებული იყო მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით გაეწია მატერიალური დახმარება 7 000 აშშ დოლარის ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 12 775 ლარი). ამავე ხელშეკრულებით ვ. ც-ამ დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლეოდა გარანტიას, რომ მას მიღებული ჰქონდა №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა მასზედ, რომ მათი სახელით გაეფორმებინა ხელშეკრულება.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია სახელობითი სია, რომლითაც დგინდება, რომ კ. ც-ა, ვ. ც-ასთან, ც. ც-ასა და გ. ც-ასთან ერთად წარმოადგენდა №... ოთახში მცხოვრებ პირს. საკომპენსაციო თანხის მიღების სანაცვლოდ კ. ც-ამ გამოათავისუფლა მის მიერ „...ში“ დაკავებული ოთახი №.... ხელშეკრულების დადების დროს არ არსებობდა არანაირი უკანონო ზეგავლენა, რომელიც მხარეს აიძულებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოეწერა ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე. თანხა გაიცემოდა მთლიანად ოჯახზე და არა ოჯახის რომელიმე ცალკეულ წევრზე, შესაბამისად, მოსარჩელე მართებულადაა შეყვანილი კომპენსირებულთა სიაში, მოქმედი კანონმდებლობა კი გამორიცხავს უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახის ხელმეორედ დახმარებას/უზრუნველყოფას. ხელშეკრულებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობა, ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტების ნების ნამდვილობა დადგენილია ნოტარიუსის მიერ, ხოლო სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამინისტროსათვის გადმოგზავნილი წერილი და მისი დანართი სიები შეადგინა სასტუმროს ადმინისტრაციამ. სამინისტრო ხელმძღვანელობდა სწორედ აღნიშნული სიით და მონაწილეობას არ იღებდა მის შედგენაში. აღნიშნულ სიებში არსებული მონაცემების ნამდვილობის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციასთან რაიმე პრეტენზიები არ გამოთქმულა და კანონით დადგენილი წესით (ვადებში) სადავოდ არ გამხდარა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ. ც-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კ. ც-ას განემარტა, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება“.

კასატორის მოსაზრებით, კ. ც-ას ოჯახის უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით განხორციელებულია 2004 წლის 5 ნოემბერს სს „...სა“ და ვენორ ც-ას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რამდენადაც მოსარჩელე წარმოადგენდა ვ. ც-ას ოჯახის წევრს.

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) არის ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1997 წლის 16 ივნისის სს ,,...ს’’ მიერ გაცემული №468 ცნობის მიხედვით, კ. ვ.-ს ძე ც-ა დაბადებული ... წელს, როგორც ლტოლვილი-დაზარალებული აფხაზეთიდან გაგრა, ცხოვრობს ...ში ნომერ ...-ში.

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის მიხედვით, ოჯახი ნომრით ... ცხოვრობს „...ში“ და შედგება 4 წევრისაგან - ც. ც-ა, ვ. ც-ა, კ. ც-ა, გ. ც-ა. კ. ც-ას გრაფაში გაკეთებულია ჩანაწერია ,,შეეცვალა მისამართი“, თარიღად კი მითითებულია 26.03.99 წ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის მიხედვით, ოჯახი ნომრით ..., ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №...-ში, №... სერვისული მომსახურების ცენტრის შენობაში. ოჯახი შედგება 2 წევრისაგან - ც. ც-ა, ვ. ც-ა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის მიხედვით, ოჯახი ნომრით ..., ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი ქ, ბ. 12. ოჯახი შედგება 2 წევრისაგან - კ. ც-ა და ს. ც-ა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14439 ცნობის თანახმად, კ. ც-ა დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია დევნილად, სარეგისტრაციო ნომერი ..., 2005 წლის ივლისიდან, მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი 1, ბ. 12.

2004 წლის 5 ნოემბრის სანოტარო აქტის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, სს ,,...ს’’ გენერალური დირექტორის წარმომადგენელ დ. ს-ასა და მეორე მხრივ, ვ. ც-ას შორის, რომელიც საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის №1-ში მდებარე ,,...ს’’ №... ოთახში დროებით შესახლებულ ვ. ც-ას ოჯახს. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ვ. ც-ა ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა მასზედ, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ,,მოქალაქე’’ ვ. ც-ა ათავისუფლებს ქ. თბილისში, ...ის №1-ში მდებარე ს/ს ,,...ში’’ მის მიერ დაკავებულ №... ოთახს, ხოლო ,,ადმინისტრაცია’’ კისრულობს ,,მოქალაქის’’ მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ დროს დადგენილი კურსით (ერთი აშშ დოლარის გაცვლილით კურსი იყო 1.82.25 ლარი) შეადგენს 12757,50 (თორმეტი ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტ ლარს და ორმოცდაათ თეთრს) ლარს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის 8 აგვისტოს №05/02-12/8215 წერილის თანახმად ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით წარმოდგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, სახელწოდებით ...“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2019 წლის 16 ივლისის საარქივო ცნობის მიხედვით, ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2005 წლის 31 მარტის №02-31 დადგენილების საფუძველზე ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, „...დან“ გამოსახლებული სამი დევნილი ოჯახის ჩასასახლებლად. ამავე ცნობით დადგენილებას შესახლებულ მოქალაქეთა სიები არ ერთვის.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 მარტის დადგენილებით დამტკიცდა ...ის ქ. №...-ში (№... სმც) მდებარე შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ამავე დადგენილებით რაიონის საქალაქო სამეურნეო სამსახურს დაევალა სარემონტო სამუშაოების წარმოება ...ის ქ. №...-ში მდებარე 80 კვ.მ. ფართს არასაცხოვრებელი საცხოვრებელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, შემდგომ „...დან“ გამოსახლებული დევნილების დროებით განთავსებისთვის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ანკეტით ვ. ც-ას სარეგისტრაციო ნომერი არის ...;

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ანკეტით კ. ც-ას სარეგისტრაციო ნომერი არის ...;

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ „...-ის“ ყოფილი დირექტორის კახა ბარბლიშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით „...-ში“ მუშაობის პერიოდში ცხოვრობდნენ „...დან“ გამოსახლებული ოთხი დევნილი ოჯახი, რომელთა შორისაც იყო კ. ც-ა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადება „...ის“, „...ის“ ქვითრებითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიით ...ის ქუჩაზე მდებარე ...-ში აბონენტად რეგისტრირებულია კ. ც-ა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული პირები არ წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული ოჯახების ერთ ოჯახად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე