Facebook Twitter

№ბს-738(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.2) - ქ. რ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 6 ივნისს ო. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება - ქ. რ-ი.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №... გადაწყვეტილების („რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილების („რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 მაისის №... გადაწყვეტილების („ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი აქტის - ო. მ-ეის საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისამართზე: ქ. თბილისი (ყოფილი ...ის რაიონი) ...ის ქუჩა №...-ზე ახალი ცნობა-დახასიათების გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. მ-ეის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - ქ. რ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ო. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მომზადებული ცნობა-დახასიათებები შეესაბამებოდა ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეალურად არსებულ №... სააღრიცხვო ბარათის მონაცემებს და ასახავდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე არსებულ ინფორმაციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საარქივო ჩანაწერი - ,,დახურულია, 1978" გამოხატავს ტ. რ-ის უფლებრივ მდგომარეობას უძრავ ნივთზე.

მას შემდეგ რაც, ტ. რ-ი გარდაიცვალა (1968 წ.), ხოლო მისი ოჯახი 1974 წელს სრულად გადასახლდა მუდმივ მაცხოვრებლად სხვაგან, შეწყდა რ-იებისთვის მიწით სარგებლობის უფლება. ბარათს დაეწერა "დახურულია", ხოლო გაუგებრობას იწვევს ტ. რ-ის სააღრიცხვო მასალაში 1986 წლით დათარიღებული აღრიცხვა, რადგან ის სრულად ეწინააღმდეგება ამ დროისთვის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ...ის ქ. ...-ში არსებული მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლი დაინგრა, რის გამოც ამ სახლში მაცხოვრებელ რ-იების, 16 სულიან ოჯახს აღმასკომმა გამოუყო სამი ახალი ბინა. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადასახლებისთანავე რ-იების სახლი უნდა დანგრეულიყო. რ-იების ოჯახმა, გასახლების შემდგომ, დაკარგა მიწით სარგებლობის უფლებაც.

ტ. რ-ისა და შ. მ-ეის, ეზოები ერთმანეთის მომიჯნავე იყო, მას შემდეგ, რაც რ-იები გადასახლდნენ სხვაგან, მუდმივ მაცხოვრებლად მათი უფლება მიწით სარგებლობაზე მოისპო, ტ. რ-ის სახელზე ადრე რიცხული 470 კვ. მეტრიდან შ. მ-ეის, სარგებლობაში ტექბიურომ აღრიცხა 106 კვ. მ. საზღვრების გაზრდა დადასტურებულია სააღრიცხვო მასალაში შესული შესწორებებითა და გეგმა-ნახაზებით 1976 წელს. ამასთანავე, არქივის მასალითაც დასტურდება, რომ 1976 წლიდან შ. მ-ეე იხდიდა დაზღვევის გადასახადებს 450 კვ.მ–ზე (ნაცვლად 344 კვ. მეტრისა 1997 წლამდე). გარდა აღნიშნულისა, ტ. რ-ის სააღრიცხვო ბარათზე 1986 წელს აღწერილია სახლი, რომელიც სინამდვილეში დანგრეული იყო.

კასატორი მიუთითებს საქმეში დაცულ სხვადასხვა მტკიცებულებაზე და აღნიშნავს, რომ ტ. რ-ის ცნობა-დახასიათებაში არსებული მცდარი ინფორმაცია ლახავს ო. მ-ეის კანონიერ ინტერესს, ვინაიდან, მის კანონიერ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრი უფლებადამდგენ დოკუმენტს გასცემს სხვა პირზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით (მოსამართლე - მაია ვაჩაძე), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძემ განაცხადა თვითაცილება.

2021 წლის 17 თებერვალს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცემული ცნობა-დახასიათების, „რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადდა ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათება, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, აღნიშნული ცნობა-დახასიათების თანახმად: უძრავი ნივთის მისამართია - ...ის ქუჩა №...; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 470 კვ.მეტრი; დოკუმენტი: №..., სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1961 წელს; მესაკუთრე - ტა. რ-ი, ფართობი - 470 კვ.მეტრი; შენობა-ნაგებობა: ლიტერი ა (საცხოვრებელი), სართული - 1, სხვა ფართი 34 კვ.მეტრი.

2013 წლის 30 აგვისტოს ე. ბ-ომ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (ან ...ს №...) მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ცნობა-დახასიათების გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება „რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“ და მომზადდა ცნობა-დახასიათება.

2019 წლის 15 მარტს ზ. მ-ეემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (მესაკუთრე ტაფ. რ-ი) მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ცნობა-დახასიათების გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება „რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“ და მომზადდა ცნობა-დახასიათება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობით სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ არსებული 347კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა შ. მ-ეეს. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა №...გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 347.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, 2012 წლის 12 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შ. მ-ეის სახელზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ცნობა-დახასიათების გაცემის პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემებით უძრავ ნივთზე აღრიცხული სარგებლობის უფლება ძალადაკარგული იყო, მაშინ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ ინფორმაციის (ცნობა-დახასიათება, სააღრიცხვო გეგმა და სხვა) გაცემისას აღნიშნული უფლება არ მიეთითებოდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია №... სააღრიცხვო ბარათზე ფანქრით განხორციელებულია ჩანაწერი ,,დახურულია 22.VII.1978.", თუმცა, ამავე ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე 1986 წელსაც ფიქსირდება აღრიცხვის ჩანაწერის განხორციელება, რომელიც გაუქმებული (ძალადაკარგული) არ არის. წინამდებარე დავა შეეხება რეესტრის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობას და არა უშუალოდ 1986 წლის ჩანაწერის გაუქმებას, ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაფიქსირებული მონაცემების არსებობის პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა სხვა შინაარსის მქონე ცნობა-დახასიათება.

თუმცა, აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია კასატორის საკუთრების უფლება. აღნიშნული რეგისტრაცია და რეგისტრაციის საფუძვლები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ძალაშია და არ გაუქმებულა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-690 (2კ-19) გადაწყვეტილება). აღნიშნული საქმის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მიერ სიღრმისეულად იქნა შეფასებული და გაზიარებული ო. მ-ეის სასარგებლოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე - როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და გაცემული ცნობა-დახასიათების ძალაში დატოვებას, გავლენა ვერ ექნება უძრავ ქონებაზე ო. მ-ეის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. მ-ეეს საკასაციო საჩივარზე 03/06/2020 წ. საგადახდო დავალება №1-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი -300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. ზ. მ-ეეს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03/06/2020 წ. საგადახდო დავალება №1-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი