ბს-817(კ-20) 10 თებერვალი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ემ 13.06.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და ქ. ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის 07.10.2011წ., 30.03.2012წ., 19.02.2018წ. და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.05.2018წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე 383 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 21.03.2012წ. ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის ნაწილში ბათილად ცნობა და 20.11.2017წ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება.
ნ. კ-ემ 07.11.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და ქ. ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერის 13.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობა და 383 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის დავალდებულება, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 19.02.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2019წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ მოთხოვნის ნაწილში შეწყდა, სარჩელის ამ ნაწილში უარის თქმის საფუძვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, დავალდებულდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, მოსთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, სოფ. ...ში მდებარე მუნიციპალიტეტის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის საკადასტრო კოდი: ...) საზღვრებში ცვლილების (კორექტირების) შეტანა, ნ. კ-ეის მიერ საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად, 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე 383 კვ.მ.-ზე არსებული გადაფარვის მოხსნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2020წ. განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.12.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში 20.11.2017წ. ნ. კ-ემ წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში მდებარე 2700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ... ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 26.12.2017წ. №75 ბრძანების თანახმად, დადგინდა კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის და ნ. კ-ეის მიერ 20.11.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 03.01.2018წ. №...-10 გადაწყვეტილებით, ნ. კ-ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 03.01.2018წ. №1974 წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით, ხოლო ნ. კ-ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №25/2865 (13.02.2018) მიმართვის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის კორექტირებასთან დაკავშირებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო თანახმა, რომ რაიმე სახის ცვლილება შეეტანა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სადავო რეგისტრაციის გადაწყვეტილების დროს მოქმედ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონის (გაუქმებულია 05.02.2014წ. ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით), 47-ე მუხლით განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრება მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. დადგენილია, რომ ... ...ში მდებარე 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი, 383 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელე ნ. კ-ეის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელიც დღემდე არის ნ. კ-ეის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეული იმ შემთხვევაში მიიჩნეოდა ქ. ბათუმში, ... ...ში მდებარე 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის (383 კვ.მ.) კანონიერ მესაკუთრედ, თუ დადგინდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა სხვა პირის, ამ შემთხვევაში ნ. კ-ეის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონშესაბამისია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე. აღნიშნული პროცედურის დაცვით განხორციელდა ქ. ბათუმში, ... ...ში მდებარე 1205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) თვითმმართვეული ერთეულისათვის გადაცემა, რომლის თაობაზე ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო რეესტრს ეთხოვა თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღერიცხა სადავო ქონება. რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მერია არ გეგმავს რაიმე სახის ცვლილების შეტანას აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში დაცული ხელვაჩაურის არქივის 01.12.2017წ. წერილის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სადაბო საკრებულოს დოკუმენტებით, სოფ. ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ თ. კ-ე (მოსარჩელის მეუღლე) არის კომლის უფროსი, ნ. კ-ე წარმოადგენს ამავე კომლის წევრს, კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის ოდენობა 1986-2006 წლების მონაცემებით შეადგენს 0,27ჰა-ს და კომლს ერიცხება 1961 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ნ. კ-ემ 20.11.2017წ. №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ხელვაჩაურში, სოფ. ...ში მდებარე 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (საკადასტრო კოდი ...). ... ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 26.12.2017წ. ბრანებით დადგინდა ხელვაჩაურის არქივის მიერ 01.12.2017წ. გაცემული წერილით თ. კ-ეის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის და ნ. კ-ეის მიერ 20.11.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (შემდგენი: შპს „...“, თარიღი: 07.11.2017წ.) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 14.29 მუხლის თანახმად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნავეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 03.01.2018წ. წერილით მიმართა თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვის მოთხოვნით. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 13.02.2018წ. წერილის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ...ში არსებული 1205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეეტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ გეგმავს რაიმე სახის ცვლილება შეიტანოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის 19.02.2018წ. გადაწყვეტილებით განმაცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამავე სამსახურის 23.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. ამდენად, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ უძრავ ნივთზე ნ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას შეადგენდა ზედდების არსებობა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.
თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის (ძალადაკარგულია 2014წ. ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 05.02.2014წ. N1958 ორგანული კანონით) 47.1 მუხლის „ა“ და „გ.თ.“ ქვეპუნქტების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერებით ნ. კ-ეის კომლს აწერია 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ბრძანებით დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო არ გაუხდია, ასევე საქმეში დაცული მასალებით ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ბრძანება) არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ძალაშია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... ...ში მდებარე 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 383 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელის - ნ. კ-ეის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს. კასატორმა ვერ უზრუნველყო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გაქარწყლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი